რუსეთის მესაზღვრეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში რუსეთის საზღვარს იცავენ.

რუსეთის მესაზღვრეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში რუსეთის საზღვარს იცავენ.

 

    აჭარის საზღვაო სანაპიროსთან უკვე მერამდენედ მოხდა ინციდენტი რუსი მესაზღვრეების მონაწილეობით, - მათ დაცხრილეს თურქეთის თევზსაჭერი გემი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
    აღსანიშნავია, რომ ამჯერად რუსეთის სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობას არც კი უცდია საქართველოს ხელისუფლებისთვის წინასწარ შეეტყობინებინა მოსალოდნელი ექსცესის შესახებ. იგი პირდაპირ დაუკავშირდა თურქეთის საკონსულოს ბათუმში და მისგან მიიღო ნებართვა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია იმისა, თუ რა დამოკიდებულება არსებობს რეგიონში თურქეთსა და რუსეთს შორის. საქართველო-თურქეთის საზღვარი რეალურად მიჩნეულია საზღვრად რუსეთსა და თურქეთს შორის.
    რუსი მესაზღვრეები როგორც სამცხე-ჯავახეთში, ასევე აჭარაში «ამაყად» აცხადებენ: ჩვენ ვიცავთ რუსეთის ფედერაციის საზღვარს! ეს მდგომარეობა უცვლელი იქნება და პოლიტიკური რეალობა მართლაც ასე აღიქმება მანამ, სანამ საქართველოს სასაზღვრო ჯარები საკუთარი ძალით ვერ შეძლებენ საზღვრის გაკონტროლებას, რაც დღეს, როგორც ჩანს, შეუძლებელია. ამდენად საქართველო იძულებულია რუსი მესაზღვრეების თავხედობა მოითმინოს, ვინაიდან სხვა გზა არა აქვს.
    ედუარდ შევარდნაძემ ამ სფეროში რუსეთის მოქმედების სწორედ ის ნიუანსი შენიშნა და გამოიტანა სააშკარაოზე, რომელიც ყველაზე ზუსტად მიუთითებს კრემლის პოლიტიკის შინაარსზე საქართველოს მიმართ: სასაზღვრო ჯარები, რომლებიც ესოდენ «პრინციპულად» ირჯებიან აჭარის სანაპიროსთან, არავითარ ყურადღებას არ აქცევენ იმავე თურქეთის გემებს, რომლებიც დაუბრკოლებლად შედიან აფხაზეთში. მხოლოდ ერთხელ მოხდა მცირე ინციდენტი სოხუმის აკვატორიაში, მაგრამ რუსებმა უმალვე უკან დაიხიეს, ხოლო რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდალ ნიკოლაევსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ურთიერთობა სამუდამოდ გაფუჭდა - საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლაევს მის დაუკითხავად არძინბასთან შეხვედრა ვერ აპატია, ხოლო გენერალმა ნიკოლაევმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა იმ «შეურაცხყოფის გამო, რომელიც მიაყენეს ოფიციალურმა პირებმა თბილისში».
    ძნელი სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ყოველივე ამასთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება «საშუალედო» იქნება, ანუ პარლამენტი დააფიქსირებს საქართველოს სურვილს, საკუთარი ძალებით დაიცვას საზღვარი, მაგრამ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას გადადებს 2-3 წლით - სანამ საქართველოს არ ექნება შესაბამისი ძალა მის განსახორციელებლად, ანუ სანამ არ ჩამოყალიბდება საბოლოოდ საქართველოს სასაზღვრო ჯარი.
    ყოველივე ზემოთთქმული იმის მანიშნებელიცაა, რომ ქართული პოლიტიკა დგება ძალზე მძიმე დილემის წინაშე. რუსეთისგან თავის დახსნას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული პრობლემები თურქეთთან დამოკიდებულებაში. ეს დილემა ადრეც არსებობდა, მაგრამ «ეროვნული მოძრაობის» აღზევების ხანაში მასზე საუბარი მიღებული არ იყო, რაც იმის დადასტურებაა, რომ ამ მოძრაობას სერიოზული ინტელექტუალური საფუძველი არ ჰქონდა.
   
   
   

შიმშილობა გრძელდება უვადოდ, ანუ პარლამენტის სხდომამდე

    აფხაზეთიდან არჩეული დეპუტატების შიმშილობა თანდათან კულმინაციას აღწევს - მოშიმშილეები გრძნობენ, რომ მათი აქცია სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს და სერიოზულ პოლიტიკურ არგუმენტად იქცევა. ამავე დროს, შედეგი არ ჩანს - ხელისუფლება ერიდება ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს პოზიცია სამშვიდობო ძალების მიმართ, რადგან ჯერ არა აქვს მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება მათი გაყვანის შესახებ.
    ამავე დროს, მოშიმშილეებიც ერიდებიან აქციას ხელისუფლების საწინააღმდეგო ელფერი მისცენ; ჩამოყალიბდა ერთგვარი ბალანსი, რომლის დარღვევა სცადეს «რადიკალებმა», მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოუვიდათ.
    მოშიმშილეთა აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებისადმი ლოიალურად არის განწყობილი; ამდენად ბორის კაკუბავას მცდელობა, საპროტესტო აქციას უფრო მწვავე ხასიათი მისცეს, უშედეგოდ მთავრდება. ამავე დროს, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი აზრის განწყობაც - საპროტესტო შიმშილობა თანდათან ძაბავს ვითარებას ამ თვალსაზრისით: ხელისუფლება უეჭველად იქნება იძულებული რაიმე იღონოს, რათა მოლოდინი დააკმაყოფილოს. როგორც ჩანს, ამჯერად იგი ვეღარ შეძლებს ილუზიური აქტიურობით ოპონენტთა დაკმაყოფილებას.
    წინა შემთხვევებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოზე მიღებული ფარატინა ქაღალდი იქცეოდა ხოლმე მხსნელ ინდულიგენციად; მაგრამ ამჯერად ეს უკვე ვეღარ გაჭრის - ამიტომ რეალური გადაწყვეტილების დრო მართლაც ახლოვდება. უახლოეს მომავალში უნდა ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, რომელზეც განხილული იქნება აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა. ფრაქცია «აფხაზეთი» რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს, ხოლო «სახალხო ფრაქცია» (შესაძლებელია «ედპ»-ც) მხარს დაუჭერენ ამ მოთხოვნას.
    თუ პარლამენტის საგანგებო სხდომა დსთ-ის სამიტამდე ჩატარდება, ხელისუფლება ვეღარ შეძლებს საკანონმდებლო ორგანოს ფაქტის წინაშე დაყენებას; მეორე მხრივ, დღევანდელ პირობებში ჯარების გაყვანა ენგურის სანაპიროდან უეჭველად ნიშნავს ომისა და სისხლისღვრის განახლებას - საეჭვოა საქართველო დღეს უფრო მეტად იყოს მზად ომისთვის (სამხედრო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით), ვიდრე 1992 წლის აგვისტოში.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ახალ ომს აფხაზეთში იგივე (და უარესი) შედეგი ექნება, მაგრამ დღევანდელი ვითარების უცვლელად შენარჩუნებაც თანდათანობით ტრანსფორმირდება ანტისახელისუფლებო სტერეოტიპებში.
    იქმნება ვითარება, როდესაც ნებისმიერი სვლა წამგებიანია - როგორც ჩანს, პრეზიდენტიც ამჯერად მხოლოდ იმ პირობით გადადგამს რადიკალურ ნაბიჯს, თუ დარწმუნდება, რომ უმოქმედობა უფრო წამგებიანი და საშიშია ხელისუფლებისათვის, ვიდრე თუნდაც ძალიან დიდ რისკზე წასვლა და გაბედული მოქმედება.

მამა-შვილი რჩეულიშვილები სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ

    საქართველოს ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ «ფრთხილი» დამოკიდებულებით, არც ამჟამად უღალატა საკუთარ პრინციპებს და მკაცრად გააკრიტიკა მოშიმშილეთა აქცია. მისი თქმით, დეპუტატი ბორის კაკუბავა «აგენტია», რომელიც ცდილობს «წყლის ამღვრევას» რუსეთის სპეცსამსახურთა დავალებით, რათა საქართველოში მორიგი ქაოსი გამოიწვიოს. თავად ბორის კაკუბავამ დაუყოვნებლივ აღძრა სარჩელი ვახტანგ რჩეულიშვილის წინააღმდეგ მთაწმინდის რაიონის სასამართლოში; თუმცა ეს სარჩელი რჩეულიშვილს სასაცილოდაც არ ეყოფა, ვინაიდან ჯერ ერთი დეპუტატია და იმუნიტეტი იცავს, გარდა ამისა, იგი გაცილებით უფრო «ახლოსაა» თბილისის ელიტასთან, ვიდრე ბორის კაკუბავა, რომელსაც აქ დასაყრდენი არა აქვს; ამდენად «სისხლის სამართლის საქმიდან» ნამდვილად არაფერი გამოვა სკანდალის გარდა. ამავე დროს, სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა ვახტანგ რჩეულიშვილის მამა - ადვოკატი შალვა რჩეულიშვილი.
    ვახტანგ რჩეულიშვილს ნამდვილად გაუჭირდება აუხსნას «სოციალიზმს მოწყურებულ» ქართველ ხალხს, თუ როგორ აპირებს იგი «მშრომელთა» ინტერესების დაცვას. დასავლეთში ამგვარი რამ ბუნებრივი იქნებოდა, - ამერიკაში ან გერმანიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მილიარდერები «უბრალო ხალხს» იცავენ და მათი ინტერესების შესაბამისადაც კი მოქმედებენ ზოგჯერ (რა თქმა უნდა, გარკვეულ ზღვრამდე), მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ კომუნისტური მენტალიტეტია გამეფებული, ამდენად ზემოთხსენებული ინფორმაცია მხოლოდ ერთ რეაქციას გამოიწვევს დაბალ სოციალურ ფენაში: «ძირს ბურჟუები!».
    შინაარსობრივად ეს აღქმა სავსებით სამართლიანიცაა, - ვახტანგ რჩეულიშვილი მართლაც ევროპული ყაიდის სოციალიზმის მომხრეა (სხვა საქმეა, რამდენად შეიძლება განხორციელდეს ამგვარი სოციალიზმი საქართველოში), რომლის მიზანია სიმდიდრის შედარებით  სამართლიანი გადანაწილება სოციალურ ფენებს შორის და ეკონომიკაში პატერნალისტური პოლიტიკის გატარება - საკუთარი მწარმოებლის დაცვა უცხო ქვეყნის ნაწარმისაგან.

დილის გაზეთი, 17 მარტი, 1997 წ.