ბიუჯეტის განხილვა ვნებათაღელვაში ჩანთქმას ვერ ასცდება
   

    1 თებერვალს, პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად შეიტანა 1999 წლის ბიუჯეტის პროექტი.
    პროექტს თან ახლდა (არაპირდაპირი გაგებით) ედუარდ შევარდნაძის განცხადება, რომლის თანახმადაც, 1999 წლის ბიუჯეტი შეუძლებელია არ იყოს მძიმე, ვინაიდან სხვაგვარად მისი «დაბალანსება» ვერ მოხერხდება, რაც არ მისცემს ქვეყანას საშუალებას დასძლიოს 1998 წლის ეკონომიკური დეპრესიის შედეგები.
    ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ მართლაც, «დაბალანსებული», «მკაცრი», ანუ «წლიური» (საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტერმინოლოგიით) ბიუჯეტი ერთადერთი არაემისიური საშუალებაა ეკონომიკის გარკვეულ დონეზე შესანარჩუნებლად და, ერთდროულად, აუცილებელ საბიუჯეტო ვალდებულებათა შესასრულებლად.
    სხვა გამოსავალია ემისია, მაგრამ ფულის დაბეჭდვა გამოიწვევს ინფლაციურ აფეთქებას და ლარის «მონოპოლიზაციას». საარჩევნო წელს ხელისუფლებამ ორი დიდი უბედურებიდან ნაკლები აირჩია. ამრიგად, ბიუჯეტი მაქსიმალურად «მოწურულია», საერთაშორისო სავალუტო ფონდთან «შეუთანხმებელი» დეფიციტი მხოლოდ 40 მილიონ ლარს შეადგენს, ამ თანხის დაფარვის წყარო მოძიებული ჯერაც არ არის. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ხელისუფლება საქართველოში (თუ იგი ემისიას დაეთანხმება) მაინც იძულებული იქნება პარლამენტს სწორედ ასეთი, «მკაცრი» ბიუჯეტი წარუდგინოს.
    სხვა საკითხია, რა მოხდება პარლამენტში.
    იმთავითვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ როგორი «იდეალური» ბიუჯეტიც არ უნდა შესთავაზოს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს (თუნდაც სამმილიარდიანი, თანაც უდეფიციტო - რაც ზღაპარია), საპარლამენტო ოპოზიცია მას მხარს არ დაუჭერს.
    ოპოზიცია (მემარჯვენე და მემარცხენეც) მაინც წინააღმდეგი იქნება ბიუჯეტის დამტკიცებისა, ოღონდ თვით ბიუჯეტი (ისევე, როგორც ეკონომიკური ვითარება) აქ არაფერ შუაშია.
    გავიხსენოთ, როგორ დასრულდა პარლამენტის საშემოდგომო სესია: 15 ნოემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა პოლიტიკურ სპექტრში თვისებრივად ახალი სიტუაცია შექმნა.
    «მემარჯვენე» პარტიებმა იგრძნეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს აშკარად აგებენ. შესამჩნევად გაძლიერდნენ «მემარცხენეები», მაგრამ ამჟამინდელ პარლამენტში მათ სუსტი წარმომადგენლობა ჰყავთ.
    რა თქმა უნდა, «მემარცხენეები», როგორც პოლიტიკური (ასევე პრინციპული, მსოფლმხედველობრივი) მოტივით «მემარჯვენე ბიუჯეტს» მხარს არ დაუჭერენ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და «სახალხოს» ინტერესები ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა. ჯერ კიდევ ნოემბერში ისინი კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ ბიუჯეტის დამტკიცებისა, ვინაიდან 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ზეგავლენა მოახდინონ საპარლამენტო უმრავლესობისა და პრეზიდენტის პოზიციაზე.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: «მემარჯვენე პარტიები» უეჭველად შეეცდებიან ბიუჯეტის ჩაგდებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის შესაბამისად, ხელისუფლებას მხოლოდ ორი კვირა რჩება ახალი ვარიანტის შესამუშავებლად.
    ხოლო თუ ეს ბიუჯეტი «ჩავარდა», მეორეც «ჩავარდება».
    საქმე ისაა, რომ ძირითადი კანონი ნამდვილად ითვალისწინებდა გარკვეულ ვადას კონსულტაციებისათვის, მაგრამ ვინაიდან ლარის დევალვაციის შედეგად 1 ოქტომბერს წარმოდგენილი ბიუჯეტი მაინც არარეალური იყო, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა იგი მთავრობაში დაებრუნებინა.
    ახლა კი მხოლოდ ორკვირიანი «ლუფტია» შესაძლებელი, რის შემდეგაც, კონსტიტუციის შესაბამისად, ბიუჯეტი წინა წლის პარამეტრების შესაბამისად უნდა ამოქმედდეს.
    იქმნება პარადოქსული ვითარება: წინა წლის რეალური საბიუჯეტო შემოსავალი დაგეგმილს უზარმაზარი თანხით (თითქმის 150 მილიონი ლარით) ჩამორჩება, 1999 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები კი ხშირ შემთხვევაში შარშანდელ რეალურ მოცულობაზე ნაკლებია (მით უფრო, ლარის კურსის ცვალებადობის გათვალისწინებით).
    1998 წლის ბიუჯეტით, მიმდინარე წელს, ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვერ იცხოვრებს. ეს გამოიწვევს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული ყველა შეთანხმების დარღვევას.
    «მემარჯვენე ოპოზიციამ» ყოველივე, რასაკვირველია, შესანიშნავად უწყის, მაგრამ ერთადერთი პირობა, რისი შესრულების შემთხვევაშიც იგი მხარს დაუჭერს წარმოდგენილ ბიუჯეტს - მთავრობის გადადგომა და მემარჯვენე - კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაა.
    ამ პირობით, ისინი დაეხმარებიან «მოქალაქეთა კავშირს» ბიუჯეტის «გატანაში».: ხმების რაოდენობა კი მოქალაქეებს, ეროვნულ-დემოკრატებს, (სახალხოსთან ერთად) არათუ ბიუჯეტის შესახებ კანონის მისაღებად, არამედ თვით კონსტიტუციის შესაცვლელადაც საკმარისი აქვთ - ესეც ძალზე ნიშანდობლივი ფაქტია.
    მეორე მხრივ, მმართველი პარტიისათვის ამგვარი გარიგება კატეგორიულად მიუღებელია. ფაქტობრივად, საქმე ეხება ელექტორატის განაწილებას, ვინაიდან მინისტრთა პორტფელები «მემარჯვენეებს» სწორედ საარჩევნოდ შესაბამისი ბერკეტების მოსაპოვებლად სჭირდებათ. «მოქალაქეთა კავშირს» და მემარჯვენე პარტიებს თითქმის იდენტური ამომრჩეველი ჰყავთ, ამიტომ რაიმე კომპრომისზე საუბარიც კი ზედმეტია.
    «მემარჯვენეები» მსოფლმხედველობრივად (პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში) კიდევ შეიძლება დაყაბულდნენ წარმოდგენილ ბიუჯეტს, მაგრამ მემარცხენეებთან რამე კომპრომისზე საუბარი საერთოდ უადგილოა, - «მემარჯვენე» ბიუჯეტს ისინი ხმას არ მისცემენ.
    ამრიგად, მმართველ პარტიას რჩება მხოლოდ ერთი შესაძლებლობა - მოახდინოს ძალების სრული მობილიზება და შეძლოს საკმარისი ოდენობის ხმათა მოგროვება ბიუჯეტის დასამტკიცებლად.
    ამგვარი ვარიანტი გამორიცხული არ არის, ვინაიდან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა «მოქალაქეთა კავშირს» ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. კანონის მისაღებად საჭიროა 118 ხმა. აქედან გამომდინარე, მომავალი «საბიუჯეტო პროცესი» პარლამენტში წინასწარ განსაზღვრული სქემით წარიმართება: ოპოზიცია ატეხავს ისტერიკას (პირდაპირ იტყვიან, კოალიციური მთავრობის გარდა სხვა გამოსავალი არ არისო); უმრავლესობა მდუმარედ მოისმენს ლანძღვა-გინებას, შემდეგ კი შეეცდება ბიუჯეტი მაინც «გაიტანოს».
    ეს უკანასკნელი ჯებირი საცნაურია, - «მოქალაქეები» თვლიან, რომ მომავალ პარლამენტში მხოლოდ მემარცხენე ოპოზიცია ეყოლებათ.

მერიდიანი, 3 თებერვალი, 1999 წელი

მთელ გვერდზე