ბალკანეთის კრიზისი და ქართველ რუსეთუმეთა სავარაუდო ფერისცვალება

        ქართული მასმედია გასაოცარ ინერტულობას იჩენს იუგოსლავიისა და საერთოდ ბალკანეთის კრიზისის მიმართ; თითქოს საქმე ეხება მარსზე მომხდარ ამბავს და არა მოვლენას, რომელიც მალე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზეც.
        ეს ზემოქმედება მხოლოდ ზედაპირული არ იქნება და აუცილებლად დაასვამს დაღს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სულ ცოტა რამდენიმე წელს მაინც.
        ესოდენ თამამი განცხადების საფუძველს გვაძლევს ერთი მარტივი გარემოება: ნატოს დარტყმები ძირეულად ცვლის მსოფლიოში დღეს არსებულ პოლიტიკურ წესრიგს და უპირველეს ყოვლისა, მასში რუსეთის როლს თუ ადგილს. თავის მხრივ რუსეთის მდგომარეობის შეცვლა (მისი საერთაშორისო პოზიციების მკვეთრად შესუსტება) ზეგავლენას მოახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
        დიპლომატიაში შემთხვევით არაფერი ხდება და არც ის მომენტი შეირჩა შემთხვევით, როდესაც ნატომ განახორციელა თავისი დარტყმები. რუსეთის პრემიერ-მინისტრი მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, მისი თვითმფრინავი ვაშინგტონში დაეშვებოდა თუ არა. პირველ შემთხვევაში მოხდებოდა იმის დემონსტრირება, რომ რუსეთი ფინანსურად მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთზე და ძალაუნებურად «ყლაპავს» იმას, რასაც ნატო უშვრება მის მოკავშირე სერბეთს, ხოლო უკან დაბრუნება იმას ნიშნავდა, რომ რუსეთს ამ ჟესტის გარდა სხვა არაფერი ძალუძს.
        პრიმაკოვის ჟესტმა, მთელი მისი ეფექტურობის მიუხედავად, მთელ მსოფლიოს დაანახვა რუსეთის ჭეშმარიტი სახე; ძველი დიდების მანიით შეპყრობილი სახელმწიფო, არათუ ზესახელმწიფოდ აღარ განიხილება, არამედ მას ევროპის საქმეებშიც კი აღარაფერს ეკითხებიან.
        რუსეთის ასეთ სამარცხვინო მდგომარეობას, რასაკვირველია, თავისი ობიექტური საფუძვლები აქვს. პოლიტიკური მეცნიერებიდან ცნობილია, რომ სახელმწიფოს ძლიერებას (ანუ იმას, თუ რამდენად უწევენ ანგარიშს მას საერთაშორისო ასპარეზზე) განაპირობებს ობიექტური პარამეტრები, რომელთა მიხედვით კი, რუსეთი რამდენიმეჯერ, ხოლო ზოგი მაჩვენებლით ათეულჯერ და ასეულჯერაც კი ჩამორჩება ნატოს წამყვან სახელმწიფოებს. მაგალითად, აშშ-ს საერთო ეროვნული შემოსავალი 45-ჯერ (!) აღემატება რუსეთისას, ხოლო აშშ-ს მარტო თავდაცვის ბიუჯეტი 15-ჯერ აღემატება რუსეთის მთელ ბიუჯეტს.
        ყოველივე ეს რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან კარგად უწყის და ემოციურ მხარეს თუ გამოვრიცხავთ, ჯერ-ჯერობით შეგუებულია ევროპიდან მის განდევნას, მაგრამ ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ ნატო დღევანდელ პრეცედენტს შემდგომ გამოიყენებს იმ სივრცის მიმართ, რომელსაც რუსეთი ჯერაც თავის გავლენის ზონად მიიჩნევს (ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რუსების ეს შიში ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია); ნათელი ხდება, რომ საქმე კოსოვოთი არ შემოიფარგლება და მოაგვარებს თუ არა სიტუაციას ბალკანეთზე, ნატოს აქტიურობა გადმოინაცვლებს მის აღმოსავლეთით ე.ი. კავკასიაში. რუსეთს კი ძალიან შეზღუდული რესურსები გააჩნია, რათა ამგვარ პერსპექტივას წინ აღუდგეს. მისთვის ერთადერთი ხსნა იქნება, როგორმე გახანგრძლივდეს კონფლიქტი ბალკანეთზე.
        რუსეთის ძლიერების შემუსვრა იმდენად თვალსაჩინოა, რომ ის არ შეიძლება მხედველობიდან გამორჩეთ მათ, ვინც აქამდე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე იყო ორიენტირებული. საქართველოში ისინი ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: იდეურ რუსოფილებად, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ არსებობას მხოლოდ რუსეთის გავლენის შენარჩუნებას უკავშირებენ და იმ ნაწილად, ვინც რუსეთს მხოლოდ საკუთარი პოზიციების შენარჩუნების კონტექტსში განიხილავს (მე აქ არ შევეხები რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურას ქართულ პოლიტიკაში, ვინაიდან ეს ცალკე საუბრის თემაა). ამ ორ ჯგუფს შორის არსებითი განსხვავება არც ფიქსირდებოდა, ვიდრე რუსეთის პოზიციები მყარი იყო - ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე რუსეთის მოკავშირეობა პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების წყაროს წარმოადგენდა, მაგრამ ვითარება არსებითად იცვლება.
        ძნელი მისახვედრი არ არის, ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ დაპირისპირებაში. ისიც ცხადია, რომ ეს გეოპოლიტიკური კონფიგურაციის ცვლილებებს გამოიწვევს. ასეთ ვითარებაში კი, ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ცალსახად იდგნენ რუსების მხარეს, იგივე ბედი მოელით, რაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფიგურაციის პირველი რევოლუციური შეცვლისას (მხედველობაში მაქვს ვარშავის ხელშეკრულების დაშლა) დაემართა მათ უფროს ევროპელ კოლეგებს – ჟივკოვ-ჰონეკერს და სხვებს.
        მარტო ის, რაც ამერიკელებმა პრიმაკოვს დამართეს, ადასტურებს, რომ ნატოს ბოლოდროინდელი აქციის ერთ-ერთი ამოცანა მისი დემონსტრაციულობა(!) იყო. დემონსტრაცია კი სხვა არაფერია, თუ არა რაღაცის თვალსაჩინოდ ჩვენება; თავისი მოქმედებით ნატომ მკაფიოდ მიანიშნა პოსტსაბჭოური სივრცის ყველა პოლიტიკოსს, თუ როგორ იმოქმედებს მომავალში და ისიც, რომ «ძალა შესწევს ქადილისაც» და მისი აღსრულებისაც. ახლა ნატოს ისღა დარჩენია ელოდოს, როგორ აღიქვამენ ამას პოსტსაბჭოური სივრცის პოლიტიკოსები.
        ასეთ ვითარებაში საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში შეიძლება მნიშვნელოვან კატაკლიზმებს ველოდოთ. სავარაუდოა, რომ მოხდება პრორუსული პოლიტიკის ორი, ჩვენს მიერ ზემოაღნიშნულ ბანაკში მოხვედრილი ძალების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ის, ვინც მიხვდება, რომ რუსეთის იმედად ყოფნა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მომავალი პოლიტიკური კარიერისათვის, შეეცდება ალიანსში შევიდეს იმ ძალებთან, რომლებსაც დასავლეთი ენდობა.
        დანარჩენებმა შეიძლება უჩვეულო კავშირები შეკრან და ჩამოაყალიბონ სხვადასხვა, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი კოალიციები.
        ერთი სიტყვით, მოხდება დადასტურება ცნობილი ჭეშმარიტებისა სისტემათა ზოგადი თეორიიდან, რომლის ძალითაც რამდენიმე სისტემაწარმომქმნელ ელემენტს შორის მიმართებათა შეცვლა ცვლის მთელი სისტემის შიგნით არსებულ მიმართებათა ხასიათსაც. ამიტომ საქართველოში არჩევნებამდე კიდევ არაერთ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

მერიდიანი, 29 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე