უკრაინის ომი, საქართველო და ახალი მსოფლიო წესრიგი

უკრაინის ომი, საქართველო და ახალი მსოფლიო წესრიგი

გუშინ პაატა ჩეკურიშვილს ველაპარაკებოდი და მან თქვა (ვეთანხმები): `მრჩება შთაბეჭდილება, რომ საერთოდ აზრზე არ არის ჩვენი საზოგადოება, მსოფლიო ისტორიის რამდენად საკვანძო მომენტუმში ვცხოვრობთო`

პაატა ნიჭიერი, ჭკვიანი და პატრიოტი ადამიანია. `ვიზიონერი` ამ ცნების საუკეთესო გაგებით.

არადა, რომ დავაკვირდეთ, მართლა ასეა:

ამგვარი `გარდამტეხი ჟამი` ჩვენი თაობის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო, - 1988-1991 წლებში, როცა ნაწილობრივ (!) დაიშალა მოსკოვური იმპერია, ხოლო მალტის შეთანხმებამ `დაალაგა` ახალი ევროპული და მსოფლიო წესრიგი.

`მალტის წესრიგის` სიმბოლური გამოხატულება გახდა ე.წ. `დსთ` - მოსკოვური იმპერიის ერზაცი, რომელიც კრემლში ესმოდათ, როგორც იმპერიული სივრცის შენარჩუნება, ხოლო ყოფილ `რესპუბლიკებში`, - როგორც ცივილიზებული და უმტკივნეულო `გაყრის` შანსი.

უკრაინის ომმა დაადასტურა, რომ მეორე აღქმა უფრო რელევანტური იყო.

ხოლო კაცობრიობის ისტორიაში ამ მნიშვნელობის `ტეხილი` სულ რამდენიმე იყო, - როცა `ევროპული` და/ანუ მსოფლიოს `ახალი წესრიგი` ისტორიული მოლაპარაკებებითა და შეთანხმებით დასრულდა:

ა) რელიგიური წარმომავლობის `სამოქალაქო ომი` `გერმანელი ერის წმიდა რომის იმპერიაში` 1618-1648 წლებში (ე.წ. `ოცდაათწლიანი ომი`), რომელიც დასრულდა `ვესტფალის შეთანხმებით` - იგივე `ვესტფალის ზავით`, იგივე `ვესტფალის მშვიდობით`

ბ) ნაპოლეონის ომები (1796-2014) და `ვენის კონგრესი` ესე იგი `ვენის შეთანხმება` `ახალ წესრიგზე`

გ) დიდი ომი XX საუკუნეში, რომელიც დაიწყო 1914 წელს და დასრულდა 1945 წელს `იალტა-პოტსდამის` შეთანხმებით - ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ.

სინამდვილეში, ეს ერთი ომი იყო: 20 წლიანი `ცეცხლის შეწყვეტით`, როგორც საფრანგეთის დიდმა მარშალმა ფოშმა თქვა 1918 წელს, კამპიენის შემდეგ.

- - - - - - - - - - - - - - -

ახლაც, უკრაინის ომი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქმნის სწორედ ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ისტორიულ ტეხილს და მე ვეთანხმები პაატას, რომ გამორიცხულია ეს ომი არ დასრულდეს `ახალი მსოფლიო წესრიგის` დაფუძნებით, რომელიც შეეხება ყველას: ევროატლანტიკურ სივრცესაც და გლობალურ სივრცესაც - ჩინეთის, როგორც გლობალური აქტორის ისტორიული გაძლიერების გათვალისწინებით.

მთავარი მიზეზი კი რუსეთის ფაქტორია.

რუსეთი ჩვენს თვალწინ იქცა `მსოფლიოს ავადმყოფად`, როგორც ოდესღაც `ოსმალთა იმპერიას` უწოდებენ: `ევროპის ავადმყოფს`.

მაშასადამე, `რუსული იმპერიალიზმის` საკითხის ასე თუ ისე გადაწყვეტის გარეშე, - რაღაც ახალი ისტორიული `ვესტფალის`, `ვენას` თუ `იალტა-პოტსდამის` გარეშე, ევროპაში მშვიდობა უკვე ვეღარ იქნება!

- - - - - - - - - - - - - - -

აქ დროული იმის თქმა კი არაა `ღმერთმა ნუ ქნას რუსეთმა გაიმარჯვოსო`. ეს გამორიცხულია, რადგან თუ ევროატლანტიკურმა ცივილიზაციამ ასეთი რამ დაუშვა, ანუ დაუშვა პუტინის არმია პოლონეთს გაუმეზობლდეს ხოლო კიევის პეჩორის ლავრაში პატრიარქმა კირილემ წირვა აღავლინოს, ეს დასავლური ცივილიზაციის `ჩასვენება` იქნება შპენგლერის ტერმინოლოგიით.

მჯერა, ის დიადი ცივილიზაცია ამას უბრალოდ არ დაუშვებს: NATO მთელი მისი ძალით ჩაერთვება ომში, როგორც კი პუტინი ამ მიზანს (პოლონეთის საზღვარს) მიუახლოვდება. ამაში ეჭვიც არ მეპარება

ანუ ახლა მსჯელობა იმაზეა, რა უნდა იგულისხმონ `პუტინის დამარცხებაში`.

- - - - - - - - - - - - - - -

აი აქ გვაქვს პირველი უთანხმოება მე და პაატას.

პაატა თვლის, რომ დასავლეთის მიზანია (და მიღწევადი მიზანიც მისი აზრით) პუტინის იმგვარად დამარცხება, რომ წარმოიშვას `ახალი რუსეთი` - პირობითად `კრემლის გარეშე` და აქ სწორედაც საქართველოს უჩნდება შანსი, აღმოჩნდეს იმ `მოლაპარაკების მაგიდაზე`, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგს `დაალაგებს` - `ახალი რუსეთისთვის` მისი ადგილის მიჩენით ამ წესრიგში.

შესაბამისად, ჩვენს ქვეყანასაც გაუჩნდება შანსი, დაკარგული ტერიტორიები შედარებით უმტკივნეულოდ დაიბრუნოს.

ჩემი აზრით კი, რასაც მე ვხედავ, ვუყურებ და ვაანალიზებ, დასავლეთის მიზანი უფრო მოკრძალებულია: პუტინის `დამუხრუჭება` ისეთნაირად, მისი მარცხი ისტორიული კი იყოს, თუმცა არ შექმნას ბირთვული ომის საფრთხე და არც რუსეთი დაიშალოს საბოლოოდ - დარჩეს `დერჟავად` და ევრაზიულ აქტორად.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, გააჩნია რას ვგულისხმობთ `პუტინის დამარცხებაში`:

ა) თუ იგულისხმება, რომ რუსეთი იძულებული გახდება გაიყვანოს ჯარები 2022 წლის 23 თებერვლის ხაზზე, ეს პუტინის სერიოზული მარცხი იქნება, ოღონდ არა ისეთი, ამის გამო რუსეთში რეჟიმი შეიცვალოს.

ბ) მაგრამ თუ იგულისხმება, რომ პუტინი იძულებული გახდეს დათმოს უკრაინის ტერიტორიები 1991 წლის საზღვრებში, ესე იგი დათმოს ყირიმი და დონბასი, თან აუცილებლად მიიღოს მილიონობით რუსი ლტოლვილი....... აი ეს კი აუცილებლად გამოიწვევს `რეჟიმ ჩეინჯს`!

ოღონდ დასავლეთში აშკარად უფრთხიან იმას, თუ რამდენად შეძლებენ ამ პროცესის `მართვას` ბირთვულ სახელმწიფოში, რომელსაც ათასობით მუხტი აქვს და აქვს უნარი რამოდენიმეჯერ მოსპოს მთელი მსოფლიო.

პირველ რიგში ევროპა აქციოს რადიოაქტიურ უდაბნოდ.

- - - - - - - - - - - - - - -

ახლა მთავარი კითხვა: საქართველო როგორ უნდა მოიქცეს, რათა ისევ და ისევ ამ პროცესში `თამაშგარე` არ აღმოჩნდეს?!

პაატასთან იმაში ვერ ვთანხმდებით, რომ სხვადასხვაგვარად ვაფასებთ ამ პროცესში `შესვლის` რისკებს.

`შესვლის` მეთქი, რადგან ამ დიდი თამაშის დამთავრების მერე ახალი` ვესტფალისა` და `იალტას` `მაგიდასთან` აღარავინ მიგვიშვებს - ჩვენ აქტორი არ ვიქნებით, ანუ...... თამაშში მსვლელობისას უნდა შეხვიდე, რომ მერე მოითხოვო: `პენალტი დამარტყმევინეო`.

ეს კი, დიახ, მაგრამ....რისკებს რამდენად სწორად `ვწონით` მეთქი ამ პროცესში?

მე კატეგორიულად არ ვეთანხმები აზრს, რომ თითქოს `მოსკოვს არ შეუძლია` (!) საქართველოს ეგზისტენციური პრობლემები შეუქმნას თუნდაც ახლა - უკრაინის ომის მსვლელობისას.

შეუძლია სამწუხაროდ.

როგორ?

როგორ და....... აი ის ცოფიანი ქოფაკი, რომელიც ცხინვალში ჰყავს დაბმული მოკლე საბელით (და ვისაც რეფერენდუმი არ ჩაატარებინა თუ გახსოვთ-დ.), როგორც კი `აუშვებს` იმ საბელიდან, უმალვე დუჟმორეული გაიწევს თრუსოს ხეობის, ყაზბეგის და გუდაურისკენ, რასაც არც მალავენ, ბევრჯერ უთქვამთ და კონკრეტული გეგმებიც აქვთ.

მე კი იმას ვშიშობ და ის მაფიქრებს, ამ პროცესში დასავლეთი რას იზამს?

ხომ არ გვეტყვის: `თამაში ჯერ არ დამთავრებულა უკრაინაში და თქვენღა, თქვენი პრობლემები(ღა) გვაკლია ახლაო?!`.

და კვლავ იმ ნამუსგარეცხილ დედაკაცს გამოუშვებს ასპარეზზე (ზედმეტი `თავის ტკივილის` ასაცილებლად), რომელიც ისევ იმავეს დაწერს `დასკვნაში`: ``აბა 1918-20 წლებში რომ ამ მცირერიცხოვან ერებს გენოციდი მოუწყვეთ, როგორ გეგონათო``

არ წაგიკითხავთ?

გვაქვს გარანტია, რომ ისევ ასე არ იქნება?

მე, პირადად ვერ ვხედავ ამგვარ გარანტიას!

ღმერთმა ქნას ვცდებოდე

უფრო პირიქით: იმას ვხედავ, რომ ზოგიერთი ამერიკული მედია-რესურსი, რომელიც 100%-ით სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, ერთობ ლოიალურია აფხაზური და ოსური სეპარატიზმის თუ მათი ანტიქართული ნარატივის მიმართ.

ჩემს გარდა ამას ვითომ ვერავინ ამჩნევს უკვე 10 წელია? და ვერ ხვდება, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ეს შემთხვევითი იყოს?

ეჭვი მეპარება რაღაც, რაკი სულაც არ მიმაჩნია თავი სხვებზე ჭკვიანად თუ გამჭრიახად.

ოღონდ......ძალიან კარგად მესმის, როცა პაატა მეუბნება, რომ `უმოქმედობის რისკის` ფასიც მეტისმეტად დიდია, ანუ იმ რისკის ფასი, რომ საქართველო საერთოდ `ამოვარდეს` ამ გლობალური გადანაწილების კონტექსტიდან, შესაბამისად ახალი მსოფლიოს `დალაგების` შედეგად ვეღარ მიიღოს ის სახელმწიფოებრივი, გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების და ეკონომიკური `ბონუსები`, რაც პროცესში დროულ `შესვლას` მოაქვს.

რომელი რისკი უფრო მეტია - ეს კითხვაა `რაცაა`.

- - - - - - - - - - - - - - -

და რაც მთავარია: `საქართველოს საკითხზე` მეტად ახლა დასავლეთს კვლავ ის ძირეული თემა აღელვებს: `შესაძლებელია თუ არა, პრინციპში, რუსეთმა იარსებოს `კრემლის` ანუ იმპერიული ინტენციის გარეშე?

სხვაგვარად რომ ვთქვათ: რუსეთმა იარსებობს `დერჟავული იდეის` გარეშე?

აი ამ ისტორიოსოფიის გათვალისწინებით, რაც კარენ შახნაზაროვმა გადმოსცა 1988 წელს დაუვიწყარ ფილმში Город зеро.........ვდებ აქვე.

მსოფლიოს ისტორიული უბედურება ისაა, რომ რუსეთი არ არის გერმანია და რუსები არ არიან გერმანელები!

დათო