რუსეთ-საქართველოს გადადებული პარტია ორმხრივი შესაძლებლობებით

რუსეთ-საქართველოს გადადებული პარტია ორმხრივი შესაძლებლობებით

 

          შაბათს თბილისის ცენტრში მდებარე რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბში (ანუ, ფაქტობრივად, რუსეთის კიდევ ერთ ბაზაზე) გაფორმდა «მიღება-ჩაბარების აქტი», რომლითაც ქართულმა მხარემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნა რამდენიმე ასეული უამრავი რაკეტა.
          იარაღის უშუალო დაბრუნება კი განხორციელდა რუსეთ საქარტველოს საზღვრის ჩრდილო ოსეთის მონაკვეთზე - ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან. კომრომისი შესაძლებელი გახდა თავდაცვის მინისტრთა მოლაპარაკების შედეგად. რუსეთმა მოხსნა თავისი მოთხოვნა წართმეული იარაღის მაინც და მაინც «სამხრეთ ოსეთში» დაბრუნების თაობაზე. თუმცა, რასაკვირველია, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ როკის გვირაბის გავლით ეს რაკეტების ისევ არ აღმოჩნდება ცხინვალში და მას სეპარატისტები არ გამოიყენებენ ტანკსაწინააღმდეგო იარაღად. ამისათვის ცხინვალის ქარხანაში დაზადებული სასროლი მოწყობილობაც საკმარისია - უბრალო რკინის მილითა და ორმოცთეთრიანი ბატარეით.
          მაგრამ ამ მოტივით დაბრუნებაზე უარის განცხადება, რბილად თუ ვიტყვით, გულუბრყვილობა იქნებოდა - რაკეტების მეტი რა აქვს რუსეთს?
          გარდა ამისა, პრონციპულობითა და შეურიგებლობით ცნობილი სერგეი ივანოვის მოულოდნელი «უკან დახევა» კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ 7 ივლისის ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურთა პროვოკაცია იყო და მათ თავად ჩააწვეთეს ქართულ მხარეს ინფორმაცია რუსეთიდან თითქმის დაუცველი(!) სამხედრო კოლონის მოძრაობის თაობაზე, რათა ვითარება მწვავე სტადიაში გადაეყვანათ.
          ამჟამად, იარაღის დაბრუნებით, კონფლიქტის ერთ-ერთი კვანძი გაიხსნა და შეიძლება ფრთხილად ვივარაუდოთ, რომ სამხრეთ ოსეთის კრიზისი (თუ უახლოეს დღეებსა და კვირებში რაიმე ექსტრაორდინალური არ მოხდა) აქტიური ფაზიდან კვლავ ლატენტურ მდგომარეობას უბრუნდება.
          ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, მაისამდე არსებული სტატუს-კვო ნაწილობრივ აღდგა. ოღონდ მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან მოპაექრე მხარეები მის ახალ ხარისხზე შეთანხმდნენ.
          «მოპაექრეებში» კი უდავოდ იგულისხმება არა მხოლოდ თბილისი და მოსკოვი (მით უმეტეს თბილისი და ცხინვალი), არამედ მოსკოვი და ვაშინგტონი.
          გასულ კვირას, ამერიკის ადმინისტრაციამ მკაფიო მესიჯი გამოაქვეყნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპოუქსმენის მეშვეობით, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკა დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვიტოს პრობლემა რუსეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებით.
          მანამდე (კონფლიქტის გაღვივების ადრეულ სტადიაზე), ვაშინგტონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ «დაუშვებელია ამ რეგიონში არსებულ სტატუს-კვოსთან მუდმივად შერიგება და სიტუაციის შემდგომი «გაყინვა». მაგალითად, ამგრავი განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ალექსანდრ ვერშბოუმ.
          მას შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა - მხარეთა შესაძლებლობებსა და რეალურ დისპოზოციას ნათელი მოეფინა. ისიც ცხადი გახდა, რომ საომარი მოქმედებები, უკეთეს შემთხვევაში, ხანგრძლივ პარტიზანულ ომს, ხოლო უარეს შემთხვევაში, ქართლის (ცენტრალური საქართველოს) მნიშვნელოვანი ნაწილის აოხრებას და ოკუპაციას გამოიწვევდა.
          ამის შემდეგ, თბილისში შედგა ნიშანდობლივი შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველ სტივენ მანსა და რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩ ლევ მირონოვს შორის, რამაც «დიდ მოთამაშეთა» კომპრომისი საბოლოოდ გააფორმა.
          საბედნიეროდ, მათი კომპრომისი ამჯერად საქართველოს ინტერესებს დაემთხვა, ვინაიდან ყველაფრით ჩანს: ქვეყნის ხელისუფლებას არაფრის დიდებით არ სურდა ვითარების რეალურ ომამდე გამწვავება. მისი მთავარი (და, ამჟამად, ნაწილობრივ მიღწეული) მიზანი დღევანდელ ეტაპზე მხოლოდ გამანადგურებელი კონტრაბანდის შეჩერება იყო.
          ამრიგადმ სტატუს-კვოს ახალი ხარისხი გულისხმობს სამხრეთ ოსეთის გავლით სატრანსპორტო ნაკადის მკაცრ კონტროლს საქართველოს მხრიდან და ამ მიზნით(!) დამატებითი საგუშაგოების განლაგებას კონფლიქტის ზონაში, რასაც 1992 წლის ხელშეკრულება კრძალავს.
          მეტის მიღწევა, დღეს, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. «სამხრეთ ოსეთში» რუსეთ შესაბამისი ზემოქმედებისათვის გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე აჭარაში ჰქონდა.
          რაც შეეხება კონტრაბანდას, რომელიც საქართველოს მთავრობის ყოველგვარ ეკონომიკურ პოლიტიკას ანგრევს და უაზრობად აქცევს (დიახაც, სწორედ ეს სურთ მოსკოვში), ჩვენი მოწინააღმდეგეები არც თუ უსაფუძვლოდ იმედოვნებენ, რომ ამგვარი «ყაიმი» მათთვის უფრო შეიცავს პარტიის სამომავლო «გაგრძელების» პერსპექტივებს, ვინაიდან «ავრალური მეთოდებით» სამხრეთ ოსეთიდან კონტრაბანდული ნიაღვრის მუდმივად შეჩერება ობიექტურად შეუძლებელია.
          რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ვითარება დაწყბარდება და კვლავ ძველებური «თვლემის» მდგომარეობას დაუბრუნდება, კონტრაბანდა ისევ დაიძვრება წვრილ-წვრილი ნაკადებით - საქართველოს სხვა რეგიონებისკენ; ხოლო ამ კონტრაბანდის «ბუდეთა», ანუ ე.წ. «ბაზრობების» აკრძალვა (ან თუნდაც რეორგანიზაციას), საქართველოს ხელისუფლება ვერ ძეძლებს - წვრილ მოვაჭრეთა და წვრილმან კონტრაბანდისტთა მძვინვარე წინააღმდეგობის გამო, რისი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა.
          ზოგიერთს უკვირს კიდეც, რატომ ებღაუჭება რუსეთის გარანდიოზული სახელმწიფო ამ ბინძურ ერგნეთის ბაზრობას. ნუთუ ასე «დაწვრილმანდა» ვეება რუსეთი, რომ სხვა მეთოდები აღარ დარჩა «დერჟავული პოლიტიკის» გასატარებლად?
          არადა, თანამედროვე მსოფლიოში იმპერიული პოლიტიკის საუკეტესო (უსისხლო და უხმაურო) მეთოდი სწორედ ეკონომიკური დივერსიაა, რაც ასუსტებს, ანგრევს და აჩანაგებს დამოუკიდებელი ქვეყნის ეკონომიკურ საფუძველს, არ აძლევს მას საშუალებას, «შედგეს» როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო.
          ამ თვალსაზრისით, ერგნეთის ბაზრობა და მთლიანად, სამხრეთ ოსეთის «შავი ხვრელი» რუსული ნეოიმპერიალიზმის ერთგვარი მოდელი იყო: ერგნეთში, სადაც თავისუფლად, ყოველგვარი კანონისა და სისტემის «მიღმა» ვაჭრობდნენ ოსები, რუსები, სომხები, ქართველები, აზერბაიჯანელები, ხდებოდა იმის თვალსაჩინო დემონსტრირება, რომ სამხრეთ კავკასიაში არც ერთი სხვა სახელმწიფოებრივი სისტემა არ იარსებებს - რუსეთის სახელმწიფო სისტემის გარდა; არსებობს მხოლოდ ერთი სივრცე, ერთი საბაჟო - რუსული და ასე შემდეგ.
          ამ თვალსაზრისით, ერგნეთის ბაზრობა მე-19 საუკუნის «თიფლისის» «რიმეიკი» გახლდათ, როდესაც თბილისი სამხრეთ კავკასიის «დიდი ბაზრობა», რუსეთის ერთ-ერთი განაპირა პროვინციის ცენტრი იყო და არა დამოუკიდებელი სახელმწიფო დედაქალაქი.
          ნუ მოგვეჩვენება გადაჭარბებად დასკვნა, რომ რუსეთს ამგვარი მეთოდებით სურს კვლავ გადააქციოს საქართველო კავკასიის «გამჭოლ ეზოდ», სადაც არ მოქმედებს არავითარი სხვა კანონი, მოსკოვის მიერ დამტკიცებულის გარდა.
          ამიტომაც, ხსენებული ბაზრობა მართლაც არ არის «სასაცილო წვრილმანი» არა მხოლოდ პრაქტიკულ-ეკონომიკური, არამედ სახელმწიფოებრივ-კონცეპტუალური თვალსაზრისით. იგი ერთგვარი «სასინჯი ქვაა» იმის დასადასტურებლად, შეძლებს თუ არა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო სისტემის (მათ შორის ეკონომიკური საზღვრის, როგორც მისი უმთავრესი პირობის) დაფუძნებას.
          «ახალი სტატუს-კვოს» პირობებში მოწინააღმდეგეს იმედი აქვს, რომ - ვერ შეძლებს. ჩვენი ამოცანაა (არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადეობის) დავუმტკიცოთ (არა მარტო რუსებს) რომ ამის უნარი და შნო გვაქვს, ანუ შეგვიძლია თუნდაც ელემენტარული სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტა.
          აქედან გამომდინარე, მომავალი თვეების განმავლობაში, სწორედ «ცხინვალის კონტრაბანდის» წინააღმდეგ ბრძოლის წარმატება-წარუმატებლობა განსაზღვრავს იმას, მოვახერხებთ თუ არა ამ რეგიონში «გადადებული პარტიის» შემოტრიალებას ჩვენს სასარგებლოდ.
          აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: თუ საქართველო ამას მიაღწევს, მაშინ მოსკოვი სულ სხვაგვარად მოეკიდება ჩვენთან საკითხების გადაწყვეტას. ახალ მეთოდიკასაც გამოიმუშავებს (რაკი ძველი არ გაუმართლებს) და, ვთქვათ, მოლაპარაკებები იმავე როკის გვირაბის ერთობლივი გაკონტროლების თაობაზე სულ სხვა რაკურსში, ჩვენთვის ბევრად ხელსაყრელი და პერსპექტიული პირობებით წარიმართება.
          მართლაც, ტრანსკავკასიური მაგისტრალის სრული ჩაკეტვა (სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე), მხოლოდ ოსების «განაწყენების შიშით», რუსეთს სულაც არ ეპიტნავება, - თუ საქარტველი დაამტკიცებს, რომ (ისევ და ისევ) შესწევს უნარი და ფხა, ეს ამოცანა გადაწყვიტოს.
          ასეთ შემტხვევაში (მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში!), ერთგვარი «კონდომინიუმი» როკის სტრატეგიულ პუნქტზე გამორიცხული სულაც არ არის, რაც ახალი, კიდევ უფრო რთული პარტიის დაწყებას მოასწავებს და არა საბოლოო გამარჯვებას.
         
         

რა თქვა პუტინმა?

        რუსული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა პუტინმა ერთობ ბუნდოვანი (წიანსწარგანზრახულად გაბუნდოვანებული) ფრაზა წარმოთქვა «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში» რუსეთის როლის თაობაზე. მისი თქმით, «აზრი იმის შესახებ, თითქოს რუსეთს აქვს მონოპოლია დსთ-ს სივრცეში, თავის მოტყუებაა».
          ამ განცხადებას, საქართველოში მეტისმეტად დიდი რეაქცია და აჟიოტაჟი მოჰყვა. სასიხარულოა, რომ უმაღლესი ხელსიუფლების არც ერთ წარმომადგენელს «ბუკ ნარარა» არ შემოუკრავს. სამაგიეროდ, სწორედ ის ხალხი ჟრიამულობს (ქრიქა, რუსეთი დსთ-ში მონოპოლიაზე უარს ამბობს ანუ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს გვიბრუნებსო), ვინც 12 წლის წინ ამავე ღრმააზროვანი მენტორის ტონით გვმოძღვრავდა: ბორის ელცინს «წითელ-მიხაკისფერები» ებრძვიან, თორემ მას თავად შესანიშნავად ესმის, რომ «დერჟავული პოლიტიკა» უნდა შეცვალოსო.
          არადა, სინამდვილეში რა თქვა პუტინმა? - ერთი წუთით არ მოვდუნდეთ და დსთ-ს წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიულად შემტევი პოლიტიკა არ შევასუსტოთ, თორემ მონოპოლია სულაც არა გვაქვს და ჩვენს დათმობილს სხვები აითვისებენო.
          ამის გათვალისწინებითმ უნდა ველოდოთ, რომ პირიქით, მოსკოვი არათუ რაიმეს დათმობს, არამედ კიდევ უფრო გააძლიერებს აგრესიულ პოლიტიკას, მათ შორის საქართველოს მიმართ.
          ჩვენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტებისა და ენერგეტიკული დამოკიდებულების გათვალისწინებით, რუსეთს სწორედ აქ მიაჩნია შესაძლებლად «გარღვევის» მიღწევა. ამიტომ, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო ბერკეტის ამოქმედებას: უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკულ ზეწოლას: ვალების შეხსენება, გაზის და ელექტროენერგიის მიწოდების შემცირება და ასე შემდეგ.
          რაც უფრო გაძლიერდება რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით (უახლოესი 20 წლის განმავლობაში ენერგოშემცველთა ფასი მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ მოიმატებს), მით უფრო აგრესიული და შეურიგებელი გახდება მისი პოლიტიკა მეზობლების მიმართ.
          თანაც, საამისოდ რუსეთს სულაც არ სჭირდება დსთ-ში რაიმე «ზესახელმწიფოებრივი» თუ «მაკოორდინირებელი» ორგანოების შექმნა, რასაც ელცინი ცდილობდა. საკმარისი იქნება, ერთი მხრივ, დსთ-ს (როგორც რუსეთის შეუვალი გეოპოლიტიკური სივრცის) ფორმალური არსესბობის მუდმივი დადასტურება და, მეორე მხრივ, ურთიერთობების აგება დიქტატის მეთოდიკაზე.
          სექტემბერში, სახელმწიფოს მეთაურთა მორიგ სამიტზე, რუსეთი ამ პოლიტიკას საბოლოოდ გააფორმებს და ძნელი წარმოსადგენი არ არისმ რა წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს უახლოეს წლებში საქართველოს.
         
         

«სააკაშვილის მოდელი» ანუ ქართული ლიბერალური პროექტი

        გასულ კვირას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას და «ადგილობრივი თვითმმართველობის» თაობაზე გამართული თათბილისი დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ მისი (როგორც მინიმუმ) «საშუალოვადიანი პროგრამის» თაობაზე.
          მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი არ დაუშვებდა ქვეყანაში ანარქიას (შეუზღუდავი თავისუფლების მოტივით) და სახელმწიფოს დაშლას (დესტაბილიზაციის ფორმით).
          სხვათა შროის, ზოგიერთი დამკვირვებელი ამგვარ მოდელს «მართვად დემოკრატიას» უწოდებს. სხვები «გარდამავალ დემოკრატიას» და ასე შემდეგ.
          მაგრამ რეალურად, დეფინაციას მნიშვნელობა არა აქვს. მოდელი, რასაც პრეზიდენტი ქვეყანას სთავაზობს, არის ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი პრობლემების გადასაწყვეტად რესურსთა მობილიზების საშუალება.
          აქვე უნდა ითქვას: ის მოთხოვნები, რომლითაც რევოლუციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო დროს გამოდიან, კარდინალურად განსხვავდება სააკაშვილის მთავარი მესიჯისაგან. ჯერ კიდევ ნოემბრის მოვლენებამდე, მიხეილ სააკაშვილი ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ მისი მიზანია შექმნას ქმედითი ხელისუფლება, - ნაცვლად სუსტი, დავრდომილი, უმწეო ხელისუფლებისა.
          ამ მიმართულებით პრეზიდენტი მიზანმიმართულად მოქმედებს და არც მალავს, რომ ფუნდამენტური ამოცანების გადასაწყვეტად (უპირველესად ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად) ელიტისა და ხელისუფლების კონსოლიდირება სჭირდება. განურჩევლად იმისა, ვისთვის მისაღებია ამგვარი კონცეფცია და ვისთვის არა.
          სამწუხაროდ, ქართული სოციუმის მნიშვნელოვან ნაწილს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო «ვარდების რევოლუციაში» და აღფრთოვანებულია შევარდნაძის საწყალობელი ხელისუფლების იოლი დამხობით, არ ესმის, რომ ის, რაც «გასდიოდა» ძველ ხელისუფლებასთან, დღევანდელ ხელისუფლებასთან «არ გავა».
          ბოლო დროს გახშირებული დემაგოგიური არგუმენტი - «ამას შევარდნაძეც კი(!) არ აკეთებდა და ვერ ბედაბდა» - სრულიად უსაგნო და უაზროა: ბოლო წლებში შევარდნაძის ხელისუფლება გაწურული ლიმონივით «ამომშრალებული და გამოფიტული» იყო. ამიტომაც ვერ ბედავდა ემოქმედა გაბედულად და მტკიცედ მაშინაც კი, როცა ამის სრული უფლება ჰქონდა.
          სხვაგვარად თუ ვიტყვით, ნურავის ექნება იმედი, რომ, ვთქვათ, ქუჩის უკანონოდ გადაკეტვის შემთხვევაში არ დაარბევენ და კანონის შესაბამისად არ დასჯიან. ან ექნება სრულიად შეუზღუდავი (როგორც ადრე) ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება, გააკეთოს ის, რაც უნდა და თავად მიაჩნია სასურველად, განურჩევლად ხელისუფლების დამოკიდებულებისა. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. თვით არქიდემოკრატიულშიც. დემოკრატია მხცოლოდ და მხოლოდ ძლიერი მმართველობაა. ჩვენი «ენჯეოების» ერთ ნაწილს კი «გაუგიათ ალია მომკვდარაო».
          იგივე კანონი ადრეც მოქმედებდა. მაგრამ გააჩნია, რამდენად ამოწურულია ხელისუფლების «პოლიტიკური კრედიტი». აქ განმსაზღვრელი სულაც არ არის, რაოდენ «გაბედულია» პიროვნულად დღევანდელი პრეზიდენტი და «გაუბედავი» იყო მისი წინამორბედი.
          საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, დემოკრატიული მშენებლობის მრავალგვარი მეთოდიდან სწორედ იმ მეთოდის ამორჩევა უწევს (მათ შორის აგრესიული გარეშე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად), რომლებიც უეჭველად მოითხოვენ ძალაუფლების კონცენტრაციას და სახელისუფლებო ელიტის კონსოლიდირებას - ლიბერალური შინაარსის სტაბილური სახელმწიფოს დასაფუძნებლად.
          რასაკვირველია, ყურს ჭრის, რომ ესაა «ქმედითი ავტორიტარიზმი», მაგრამ თვალნათელია: წინა ორმა მეთოდმა (ზვიად გამსახურდიას ქარიზმატულ-ისტერიული ეთნონაციონალისტური მონაპარტიზმი და ედუარდ შევარდნაძის დონდლო, ფსევდოდემოკრატიული, პლიურალისტურ-ვირტუალური რეჟიმი) არანაირი შედეგი არ გამოიღო ქვეყნის სტრატეგიულ პრობლემათა გადაწყვეტის თვალსაზრისით.
          ესე იგი, როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, აქვს მორალური და პოლიტიკური უფლება, საზოგადოებას შესთავაზოს და სცადოს მესამე მოდელი, რაც ყველაზე მიზანშეწონილი შეიძლება აღმოჩნდეს საქარტველოს გარემო-პირობათა გათვალისწინებით.

26 ივლისი, ორშაბათი, 2004 წელი
          24 საათი