ამერიკაში დაპატიმრებული გიგა მახარაძე საქართველოში ბრუნდება

ამერიკაში დაპატიმრებული გიგა მახარაძე საქართველოში ბრუნდება

        ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრმა (ამერიკაში, ისევე, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, პენიტენციალური სისტემა იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება – მ.გ.). გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება ქართველი დიპლომატის, გიგა მახარაძის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ.
        როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ვაშინგტონის საოლქო სასამართლომ გიგა მახარაძეს მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის.
        უფრო ზუსტად, კოლუმბიის ოლქის სასამართლოს ვერდიქტი იყო: თავისუფლების აღკვეთა 7-დან 20 Oწლამდე, ანუ მინიმუმ 7 წლით». რაც, უეჭველად იმას ნიშნავს, რომ მცირეოდენი დარღვევისათვის, ჩინოვნიკს შეეძლო გიგა მახარაძისათვის კიდევ დაემატებინა სასჯელი.
        აქედან გამომდინარე, მახარაძის საქართველოში გადმოყვანა უკვე იმიტომაცაა მიზანშეწონილი, რათა თავიდან ავიცილოთ ამერიკის იურიდიული სისტემისა და შესაბამისი ბიუროკრატიისაგან მოსალოდნელი «სიურპრიზები».
        თუმცა ამერიკული მხარის ერთ-ერთი პირობა ექსტრადიციაზე თანხმობისას უეჭველად ის იქნებოდა, რომ გიგა მახარაძეს საქართველოში მოეხადა სასჯელის ის ვადა, რაც ამერიკის სასამართლომ მიუსაჯა.
        ოღონდ, ჯერ ერთი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სასჯელის «მაქსიმალურ» და «მინიმალურ» ზღვარს, ამიტომ 7 წელი საქართველოში მხოლოდ 7 წელია და არა – 20.
        გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა მომენტები, რომლებზედაც საუბარი ახლა არ ღირს, რათა ექსტრადიციას ხელი არ შეეშალოს. მკითხველი, ალბათ, მიხვდება რასაც ვგულისხმობ ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.
        აღსანიშნავია, რომ სახელისუფლებო კულუარებში სულაც არ გამორიცხავენ გიგა მახარაძის შემდგომ დაბრუნებას პოლიტიკასა და ხელისუფლებაშიც კი – მას მაღალი დიპლომატიური რანგი და შესანიშნავი გამოცდილება აქვს.
        1997 წელს, როდესაც ცნობილი ტრაგედია დატრიალდა, მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ მახარაძეს სულაც არ ეკრძალება (რა თქმა უნდა, სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ) დიპლომატიური საქმიანობა. ამერიკაში დაბრუნებას თვითონვე არ მოინდომებს, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში მისთვის თანამდებობა მოიძებნება – ან ნებისმიერ სხვა სფეროში.
        ასეა თუ ისე, ხელისუფლება გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი დიპლომატის მიმართ. მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თვით გიგა მახარაძეზე – ამერიკაში იგი, როგრც ჩვენში ამბობენ ხოლმე, «კაცურად იჯდა», თუმცა ამერიკის ციხე (გავრცელებული აზრის მიუხედავად) კომფორტულობით სულაც არ გამოირჩევა.
        ნამდვილად ვერ დავიმშვიდებთ თავს იმით, რომ «გიგა მახარაძის საქმე» მნიშვნელოვან პრეცედენტად იქცა მსოფლიო დიპლომატიაში და ამ პრეცედენტს აუცილებლად მოჰყვება შედეგი – რაც შეეხება იმუნიტეტის მოხსნას, ჩვენში, რატომღაც, ერთმანეთში ურევენ ორ საკითხს: იმუნიტეტის მოხსნა ერთია, ხოლო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება – სხვა.
        გიგა მახარაძის მიერ უნებლიედ ჩადენილი დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით (გაუფრთხილებლობით მკვლელობა, ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას) ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამიტომ ერთადერთი, რისთვისაც საქართველოს შეეძლო მიეღწია (ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭების ფასად), იყო მახარაძის საქართველოში გასამართლება და ქართულ ციხეში მისი განწესება.
        სხვაგვარი ქმედება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა იქნებოდა. მაგრამ ქართულ საზოგადოებას ძალზე უცნაური მენტალიტეტი აქვს - «დიპლომატიური იმუნიტეტის» მოხსნის თაობაზე მსჯელობენ ისე, თითქოს ამით გადაწყდა გიგა მახარაძის ციხეში ჩამსის საკითხი მაშინ, როდესაც ეს ნამდვილად არ არის ასე – თუ დაუმტკიცდებოდა გაუფრთხილებლობით მკვლელობა, ციხე მას, სამწუხაროდ, ნებისმიერ შემთხვევაში ელოდა.
        იმედი ვიქონიოთ, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. ამერიკის «ხელისუფლება» კი (ისევ და ისევ, ჩვენში დამკვიდრებული სტერეოტიპების მიუხედავად) აქ არაფერ შუაშია – აშშ-ს პრეზიდენტს არავინ ჰკითხავს «გიგა მახარაძის საქმეს» ან მისი ექსტრადიციის საკითხს, თუმცა ამერიკულ ისტებლიშმენტში (მმართველ ელიტაში) საქართველოს მიმართ არსებული განწყობა ნამდვილად ასრულებდა გარკვეულ როლს.

მერიდიანი, 15 მაისი, 2000 წელი