სირია: პუტინის პოლიგონი

სირია: პუტინის პოლიგონი

 

ჟურნალმა Forbes წლის ბოლოსათვის გამოაქვეყნა   მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების სია, რომლის მიხედვით  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველ ადგილზეა, ხოლო ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მხოლოდ 48-ზე! სამარცხვინოც კია იმ პოლიტიკოსების ჩამოთვლა, რომლებიც ზესახელმწიფოს პრეზიდენტს უსწრებენ ამ რეიტინგში. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ სწორედ პუტინია პირველი.

კაცმა რომ თქვას, ამერიკის პრეზიდენტი მეორე იქნება თუ 48-ე, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არც აქვს: ამერიკა უდავოდ მსოფლიო ლიდერია ზესახელმწიფოებრიობის მრავალი ნიშან-თვისებით. მათ შორის, სამხედრო ძლევამოსილებით, გლობალური გავლენით, ტექნოლოგიებით, ეკონომიკით და ა.შ. ამიტომ პრეზიდენტ ობამას  48-ე ადგილი თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავს. არადა, სინამდვილეში ძალიან ცუდი სიმპტომია, რადგან მართლაც წარმოუდგენელია თითქოს,  ზესახელმწიფოს პრეზიდენტს 48-ე ადგილი ეკავოს ამ პრესტიჟულ   „რანკინგში“, ხოლო ყოველმხრივ ჩამორჩენილი რუსეთის ლიდერს, უკვე მეოთხე წელია, უცვლელად პირველი!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქ ერთდროულად რამდენიმე ლოგიკური საკითხი წარმოიშობა. ჯერ ერთი, Forbes ნამდვილად არ არის Газпром-ის გამოცემა და მტკნარი სისულელეა ამ რეიტინგის ახსნა რაიმე „მოსყიდვით“, „დაინტერესებით“ და ა.შ. გარდა ამისა, თითქოს პარადოქსულია, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, ვინც აბსოლუტურად ყველა თვალსაზრისით ჩამორჩება ამერიკას (და არა მხოლოდ ამერიკას) ისეთი მონაცემებით, როგორიცაა ეკონომიკა, სოციალური სისტემა, მაღალი ტექნოლოგიები და სხვა, პირველ ადგილს იბევებს. არადა, რეალურად, ეს უცნაურობა სულ იოლად აიხსნება:

პოლიტიკას უცვლელი კანონები აქვს ეგვიპტური პირამიდებიდან და ფარაონ ხეოფსიდან - დღემდე. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ტექნოლოგიებზე, ეკონომიკაზე, დემოკრატიაზე, სოციალურ სტრუქტურებზე, ცხოვრების დონეზე, ინოვაციებზე, საბოლოოდ, გავლენა და „რეალური წონა“ მაინც განისაზღვრება ერთი მარადიული ფენომენით: ძალით და მისი გამოყენების ნებით!

ძალას რაც შეეხება, ამერიკის შეერთებული შტატების არმია, თუ ბირთვულ პოტენციალს არ მივიღებთ მხედველობაში (რომელიც ნებისმიერი შეფასების მიღმაა), დაახლოებით ათჯერ ძლიერია რუსეთის ჯარზე. მერე და, რა ამით? Forbes-ის ექსპერტები აფასებენ არა ზოგად პოტენციალს, არამედ რეალურ გავლენას. პირველ რიგში იქ, სადაც იგი ვლინდება. ანუ, დღეს, სირიაში!

ფაქტია, რომ პუტინი სირიაში აღწევს ყველაფერს, რაც თავიდანვე მიზნად დაისახა, როდესაც პირსისხლიან დიქტატორ ბაშარ ასადს აქტიურად დაუჭირა მხარი. მისი მიზანი არ ყოფილა სირიის მთელ ტერიტორიაზე ასადის კლანის გავლენის აღდგენა. შესანიშნავად იცის, რომ ეს შეუძლებელია. პუტინის მიზანი იყო სირიის აღმოსავლეთისა და  ზღვისპირეთის გაკონტროლება, რათა შეუძლებელი გამხდარიყო ყატარიდან გაზსადენის გაყვანა თურქეთისა და ევროპისაკენ, აგრეთვე ამერიკის „სამსოფლიო დამცირება“.

სამწუხაროდ, ორივე მიზანს მიაღწია სწორედ იმის შედეგად, რომ ამერიკას ჰყავდა სუსტი პრეზიდენტი, ვისაც ეშინოდა მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება. 

მაგალითად, 2 წლის წინ ობამა დაემუქრა ასადს, რომ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება „წითელი ხაზის“ გადაკვეთა იქნებოდა; სულ მალე გადაკვეთა ეს „წითელი ხაზი“ დიქტატორმა ასადმა და . . . . . .  არაფერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბოლო პრეს-კონფერენციაზე ობამამ ამ ყოველივეს შემდეგი, პირდაპირ რომ ვთქვათ, დემაგოგიური ახსნა მოუძებნა: „გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი არა გვაქვს სირიაში და რა ვქნათო“.  ესეც ხომ სისუსტის დადასტურებაა?! განა ამერიკას არა აქვს საბანკო-საფინანსო თუ სხვა ბერკეტები, რათა პუტინს მისი ადგილი მიუჩინოს? თუმცა, ამერიკას ბევრჯერ არ ჰქონია გაეროს  მანდატი, მაგრამ  მაინც უმოქმედია. ნამდვილი მიზეზი უშიშროების საბჭოს მანდატი კი არ არის, არამედ რუსეთის . . . . . „რიდი!“

და ასეთ შემთხვევაში რატომ გვიკვირს,თუკი ზესახელმწიფოს პრეზიდენტი „გავლენის რეიტინგში“ სადღაც მეოთხე ათეულის ბოლოს მიჩანჩალებს?

უკვე კომიკურიც ხდება, რომ ამ ფონზე,  იგივე ობამა, იმავე „შემაჯამებელ“ პრეს-კონფერენციაზე რუსეთს, „სუსტ ქვეყანას“ უწოდებს. კი ბატონო, მაგრამ თუ სუსტია, მაშინ რატომ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი პირველი და შენ-48-ე?! ეს ხომ, რეალურად, ქვეყნის გავლენაა და არა კონკრეტული პიროვნებისა? პუტინის „პირველი ადგილი“ ნიშნავს მისი ქვეყნის გავლენას მსოფლიო პროცესებზე, თორემ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის ძიუდოს ილეთებისა ხომ არავის ეშინია?

და თუ ამერიკა კვლავინდებურად გლობალური ლიდერია ყველა თვალსაზრისით, მაშინ მისი პრეზიდენტი როგორ შეიძლება გავლენით 48-ე იყოს. ეს ხომ, უბრალოდ,  აბსურდია?!

არადა, ბარაქ ჰუსეინ ობამას უნდილმა პოლიტიკამ ამგვარი აბსურდი რეალობად აქცია, რადგან მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, როგორ მარცხდებიან სირიაში ამერიკის მოკავშირეები, ვისაც ვაშინგტონი ღიად, აშკარად, დეკლარირებულად უჭერდა მხარს და როგორ იმარჯვებს „სუსტი რუსეთი“ - იღებს ალეპოს, ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, ფაქტიურად ანაწევრებს სირიას, რაც თავიდანვე მისი მიზანი იყო . . . . . . იმტკიცებს პლაცდარმს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში სამომავლო გავლენებისათვის.

განა შეიძლება ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური „ყოფნა“ ახლო აღმოსავლეთში თუნდაც შევადაროთ რუსეთის იქ „ყოფნას?“. სამხედრო ბაზების რაოდენობით, მოკავშირეთა ოდენობით, ამერიკა ამ მხრივაც ასი თავით აღემატება რუსეთს, რომელსაც ერთადერთი ბაზა აქვს სირიის სანაპიროსთან და მეტი არაფერი. მერედა რა ამით? არც არაფერი - ისევ და ისევ იმიტომ, რომ პოტენციალი ბევრს არაფერს ნიშნავს, როდესაც არ არსებობს პოლიტიკური ნება!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სირიის ტერიტორიაზე დამკვიდრებით, რუსეთი უახლოვდება დასავლეთის სასიცოცხლო „არტერიებს“: გამოდის, უკვე მის ხელთაა  ევროპაში ემიგრაციის მართვის ბერკეტები, რამაც გამოიწვია „ბრექსიტი“, ანუ ეჭვ ქვეშ დააყენა ერთიანი ევროპის პროექტი. მოსკოვს შეუძლია უშუალოდ მართოს აგრეთვე „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ანუ „ფანატიკოსთა არმიასთან“ დაკავშირებული სიტუაცია და არ დაიჯეროთ, თითქოს პუტინს აწყობს ამ ფენომენის სრული განადგურება სირიაში. მოსკოვი არ დაუშვებდა, ISIL-ს ასადის რეჟიმი გაენადგურებინა, თორემ სირიის ნარჩენ ტერიტორიაზე თუ შენარჩუნდება ეს „ფანატიკოსთა არმია“, პუტინი მუდამ შეძლებს ევროპის შანტაჟირებას და სხვაგან, სხვა რეგიონებში დათმობათა გამოთხოვას - პირდაპირი ან ირიბი მუქარით.

და მესამე: პირველად ისტორიაში, რუსეთი უზრუნველყოფს, რომ ე.წ. „ასადის არმიის“ მეშვეობით, ირანი უშუალოდ უმეზობლდება ისრაელს!

სინამდვილეში, ასადის არმიის დიდი ნაწილი ირანის ოფიციალური სამხედრო შენაერთის („ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი“) და ირანის სპეცსამსახურთა მომზადებული ლიბანური „ჰეზბოლას“ მებრძოლებისგან შედგება. სწორედ მათ შეიტანეს გადამწყვეტი წვლილი ალეპოს განადგურებაში. და ორივე მათგანი ისრაელის სამკვდრო-სასიცოცხლო მტერია.

ბუნებრივია, პუტინი ამ გარემოებას კვლავაც ოსტატურად გამოიყენებს საიმისოდ, რათა ისრაელი, ვისაც დასავლურ პოლიტიკაზე უდიდესი გავლენა აქვს, მუდმივ შანტაჟში ამყოფოს, რაკი მხოლოდ მოსკოვს შეეძლება ირანზე ზეგავლენა, - მისი შეკავება, რათა არ დაესხას თავს ისრაელს საერთო საზღვრის გამოყენებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კი, გადავხედოთ ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებს: მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით  კიდევ გვიკვირს, რომ პუტინი პირველია გლობალურ რეიტინგში მიუხედავად  რუსეთის ეკონომიკის დავრდომილობის და ინოვაციური  ჩამორჩენილობისა?

და რაც ყველაზე უარესია, არანაირი პერსპექტივა ამ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლისა ჯერ-ჯერობით არ ჩანს: ამერიკელებმა პრეზიდენტად აირჩიეს არა რონალდ რეიგანის მსგავსი გლობალისტი, ვისაც შესანიშნავად ესმოდა, გლობალური გავლენის მნიშვნელობა და არც ნება აკლდა, არამედ იზოლაციონისტი დონალდ ტრამპი.

ტრამპის პრეზიდენტობისას, ამერიკა,  რასაკვირველია, არ „წავა“ ახლო აღმოსავლეთიდან, მაგრამ რაკი მისი მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთი ხდება, დონალდ  ტრამპი უეჭველად შეეცდება „დაზავდეს“ პუტინთან და შექმნას  „მოდუს ვივენდი“ ახლო აღმოსავლეთში - სირიის გაყოფით გავლენის სფეროებად.

როგორც ჩანს, სირია გაიყოფა ოთხ ნაწილად: ასადის მხარედ, ოპოზიციის კონტროლირებად რეგიონად, ISIL და თურქების სამხედრო გავლენის სფეროდ  - ძირითადად თურქომანებით და ნაწილობრივ ქურთებით დასახლებულ რაიონებში.  მაგრამ სიტუაციის მართვის ყველა ბერკეტი სირიაში (თუ ასე გაგრძელდა) კვლავ პუტინის ხელთ იქნება და ძნელი მისახვედრი არ არის, რას მოითხოვს იგი ტრამპისგან ამ ბერკეტების ამოქმედებაზე უარის თქმის სანაცვლოდ: კარტ-ბლანშს პოსტსაბჭოურ სივრცეზე!

დათანხმდება თუ არა ამგვარ „გეშეფტს“ ბიზნესმენი ტრამპი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, უკვე რიტორიკული კითხვაა.

2016