კოტე გაბაშვილი - მივიწყებული ფიგურა

კოტე გაბაშვილი - მივიწყებული ფიგურა

 

    დღევანდელ «დიპლომატიურ კორპუსში» ვაჟა ლორთქიფანიძის გარდა, საქართველოს ელჩი გერმანიაში ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც პოლიტიკური მნიშვნელობა და «წონა» გააჩნია.
    ამას კოტე გაბაშვილის წარსული საქმიანობაც განაპირობებს. იგი «პედაგოგიური ასპარეზიდან» მოვიდა პოლიტიკაშიც და დიპლომატიაშიც. ეს ასპარეზი კი «საბჭოთა საქართველოს» სინამდვილეში განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, უმოწყალო დაპირისპირების არენა იყო.
    1987 წელს, «ცკ»-ს იდეოლოგიური კურატორი - გურამ ენუქიძე ჯუმბერ პატიაშვილის ბრძანებით განათლების მინისტრად დანიშნეს, რის შემდეგაც სამინისტროს მეტი პრივილეგია მიენიჭა. კოტე გაბაშვილი იმ დროს ე.წ. «გერმანული სკოლის» დირექტორი იყო და გააფთრებით ებრძოდა «ცრურეფორმატორ» შალვა ამონაშვილს.
    გვიან კომუნისტურ ხანაში «ეროვნული იდეოლოგემები» პოპულარული გახდა, ამდენად, კოტე გაბაშვილიც ჩაერთო «ეროვნული სკოლის კონცეფციის» შემუშავებაში.
    ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე გახდა, შემდეგ კი - მინისტრი, თუმცა ეს უკვე იმ ხანას განეკუთვნება, როდესაც 9 აპრილის გამო ხელისუფლება მთლიანად დისკრედიტირებულია და «მინისტრობასაც» აღარ აქვს ძველებური წონა და გავლენა.
    28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოპოზიციურ მიტინგებზეც «მოუხშირა» და საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე «ანტიზვიადისტი» გახდა. ახალმა ხელისუფლებამ დაუფასა კიდეც. სამხედრო საბჭომ სწორედ იგი დანიშნა განათლების მინისტრად. მაგრამ იმ დროს უკვე იმდენად გაძლიერდა რომ არც ეს აკმარეს და თბილისის მერადაც დანიშნეს. ეს კი სერიოზული «ტრამპლინი» იყო, რომლის მეშვეობით გაბაშვილი ბოლოს გერმანიაში ელჩად დაინიშნა.
    თბილისის პოსტკომუნისტურ ბიუროკრატიას დიდად არ ეპიტნავა «ახალი კაცის» შემოჭრა მის სამფლობელოში, ამდენად, შევარდნაძე (იგი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თბილისური ელიტის აზრს) იძულებული გახდა, გაბაშვილი «დიპლომატიურ გადასახლებაში» გაეგზავნა.
    იყო მომენტი, როდესაც კოტე გაბაშვილმაც კი აღიარა იმ კრიმინალური ხროვის უმწეობა ნამდვილ მტერთან ბრძოლაში, რომელმაც სამხედრო გადატრიალება მოახდინა ქვეყანაში. კერძოდ, სოხუმში ყოფნისას განცვიფრებით წარმოთქვა: «ზოგჯერ ის ხალხიც კი გარბის კურდღელივით სოხუმიდან, ვინც მეომარი და ვაჟკაცი მეგონა».
    არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ სოხუმის დაცემის შემდეგ «გაამწესეს» გაბაშვილი გერმანიაში: მისი აქტიური ნატურის გათვალისწინებით ეს ფიგურა შემდგომი მოვლენებისას შეიძლებოდა გარკვეულწილად საშიშიც კი გამხდარიყო. თუმცა არის იმის სიმპტომები, რომ გაბაშვილის «გადასახლება» სულ მალე დამთავრდება და იგი თბილისში დაბრუნდება. ოღონდ, რასაკვირველია, არა გერმანული სკოლის დირექტორად.

მერიდიანი, 28 თებერვალი, 1997 წ.