წყლის ნაყვა არც აფხაზებს ბეზრდებათ და არც ქართველებს

წყლის ნაყვა არც აფხაზებს ბეზრდებათ და არც ქართველებს

  

    ვაჟა ლორთქიფანიძის მორიგი ვოიაჟი სოხუმში (ოღონდ, ამჯერად სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებით), როგორც მოსალოდნელი იყო, სრულიად უშედეგოდ დასრულდა.
    არც ერთ საკითხში, რომელიც «საკოორდინაციო საბჭოზე» განიხილეს, პროგრესი მიღწეული არ ყოფილა. სეპარატისტები კვლავინდებურად ერთი ნაბიჯით არ იხევენ უკან ფუნდამენტურ პრობლემათა განხილვისას: აფხაზეთის სტატუსი, ლტოლვილთა დაბრუნება, ეკონომიკური თანამშრომლობა, რუსეთის სამშვიდობო ძალთა ფუნქცია;
    აფხაზთა პრემიერ-მინისტრის, სერგეი ბაღაფშის თქმით, ჯერ აუცილებელია ეკონომიკის აღდგენა და მხოლოდ შემდეგ, - სახელმწიფოთაშორისი კავშირების გაფორმება.
    მართლა იდიოტებისაგან უნდა შედგებოდეს საქართველოს ხელისუფლება, რათა ამ სქემას დათანხმდეს. ნებისმიერი «ეკონომიკური დახმარება» აფხაზეთის მიმართ თვით აფხაზეთში აღქმული იქნება, როგორც რეპარაცია და კონტრიბუცია, ანუ საქართველოს მხრიდან «ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება».
    ოღონდ სეპარატისტთა ლიდერები ისეთი გაიძვერები არიან, ამ პროცესს «ევრაზიული ხიდის მშენებლობაში» მონაწილეობის ფორმა უნდათ მისცენ. სინამდვილეში მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთადერთი: ფსოუზე საზღვრის გახსნა და რკინიგზის ამოქმედება.
    სხვა ყველაფერი მათთვის მეორე და მეასეხარისხოვანია. თუ როგორმე მოახერხეს ქართული მხარის დაყოლიება (კიდევ ერთხელ მოტყუება), ხომ კარგი, თუ არა და, მხოლოდ ეკონომიკური ბლოკადის გამო ისინი პოლიტიკურ დათმობებზე არ წავლენ.
    სხვათა შორის, ამ ბლოკადას მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთში საქართველოს ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. მართალია, იგი ვერ აიძულებს სეპარატისტებს რეალურ დათმობებზე წამოსვლას, მაგრამ ნამდვილად შეასუსტებს თვითმარქვია «რესპუბლიკის» თავდაცვისუნარიანობას. სწორედ ეს არის ბლოკადის აზრი და არა პოლიტიკური კომპრომისის მიღწევა, რაც პრინციპში შეუძლებელია, - არძინბამ, შამბამ, ბაღაფშმა, მთლიანად სეპარატისტულმა ხროვამ იმისთვის ხომ არ იომა, რომ ახლა ადვილად წავიდეს დათმობაზე.
    ფაქტობრივად, კომპრომისის შესაძლებლობა მთლიანად ამოწურულია. საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ «სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე». შესაბამისი ფორმისა და შთაბეჭდილების შექმნას სეპარატისტები ოსტატურად ახერხებენ. სანამ ლორთქიფანიძე მხოლოდ ელჩი იყო, მასთან მოლაპარაკებებს აფხაზეთის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელი, ქეცბა აწარმოებდა, - როგორც კი ლორთქიფანიძე «სახელმწიფო მინისტრი» გახდა, არძინბამაც «აამაღლა» დელეგაციის რანგი და პრემიერ-მინისტრი ბაღაფში დანიშნა საკოორდინაციო საბჭოში აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელად. თვითონ კი გამოჩენაც არ იკადრა, - ვაჟა ლორთქიფანიძე «რეზიდენციაში» მიიწვია და ერთი-ერთზე შეხვდა.
    თუმცა, შედეგი არც იქ შეხვედრას მოჰყოლია;
    რა თქმა უნდა, «საკოორდინაციო საბჭოს» სხდომები სეპარატისტებს მხოლოდ თავიანთი საერთაშორისო სამართალსუბიექტურობის დასადასტურებლად ესაჭიროებათ. მითუმეტეს, რომ მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობენ რუსეთისა და დასავლეთის დიპლომატები.
    არძინბა კარგად ამჩნევს: მაისის მოვლენებმა გალში ვერ აიძულა ოფიციალური თბილისი, წასულიყო რაიმე სახის კომპრომისზე «ბლოკადის» საკითხში - გალში ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ. ამიტომ «საკოორდინაციო საბჭოსთან» დაკავშირებით არც მას გააჩნია ილუზიები, თუმცა ამგვარ შეხვედრებზე აფხაზური მხარე უარს არასდროს იტყვის, ვინაიდან ამით (ვიმეორებ) თუ აფხაზეთის საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა არა, ყოველ შემთხვევაში, მხარეთა «თანასწორსუბიექტურობა» მაინც ფიქსირდება.
    სხვათა შორის, დავაკვირდეთ იმ გარემოებას, რომ ესოდენი აქტიურობით მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სეპარატისტებთან. მითუმეტეს, საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩართვით. მოლდოვა კი, მაგალითად, დნესტრისპირეთთან ძალიან იშვიათად აწარმოებს საჯარო, პირდაპირ დიალოგს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ არის. არა მგონია, დასავლეთის ქვეყნები «მოლდოვას მეგობრობაზე» უარს იტყოდნენ და არ ჩაერთვებოდნენ მოლაპარაკებაში, მაგრამ კიშინიოვი ამაზეც უარს აცხადებს. აზერბაიჯანელებს ყარაბაღელებთან ერთ მაგიდაზე დაჯდომას ვერც გააგონებ, - ჰეიდარ ალიევი მხოლოდ სომხეთის წარმომადგენლებს შეხვდა (მოსკოვში), ყარაბაღის ხელმძღვანელობასთან «პირდაპირ დიალოგზე» კი (მითუმეტეს, რუსეთის შუამავლობით, დასავლეთის მონაწილეობით) კატეგორიულ უარს აცხადებს.
    თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთი რომ რუსეთია, 1996 წლის შემდეგ ჩეჩნეთთან ყოველგვარი ოფიციალური მოლაპარაკება შეწყვიტა. მიზეზი გასაგებია: ნებისმიერი მოლაპარაკება სეპარატისტებთან მანამ, სანამ არ არის აღდგენილი სახელმწიფოს იურისდიქცია ამ ტერიტორიაზე, უეჭველად სეპარატისტთა წისქვილზე ასხამს წყალს, ვინაიდან აფიქსირებს და აკანონებს «სტატუს ქვოს».

    ნუთუ ამდენს ვერ ხვდება საქართველოს ხელისუფლება? ალბათ, ხვდება! მაგრამ ისევ ოპოზიციის და იმის შიშით (განსხვავებით რუსების, მოლდოველებისა და აზერბაიჯანელებისგან), რომ თუ საქართველოს ხელისუფლება სეპარატისტებთან მოლაპარაკებას არ გამართავდა, მაშინ საზოგადოებაში უეჭველად ჩამოყალიბდებოდა პრიმიტიული სტერეოტიპი: "წარმოგიდგენიათ, არძინბა დიალოგს სთავაზობს, ეს კი არ თანხმდება, ყველაფერი «ამის» უკომპრომისობის ბრალია, თორემ დიალოგის შემთხვევაში აფხაზეთი უკვე შემორიგებული გვეყოლებოდა".
    არაფერი მსგავსი არ შეიძლება ჩამოყალიბდეს აზერბაიჯანულ, მოლდოვურ ან (მითუმეტეს) რუსულ საზოგადოებაში. ამდენად, ხელისუფლება და ოპოზიცია, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში ვერ თანხმდებიან, ნებსით თუ უნებლიედ მტრის წისქვილზე ასხავენ წყალს.

«7 დღე», 4 სექტემბერი, 1998 წ.