ირინა სარიშვილის პრეს-კონფერენცია ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ

ირინა სარიშვილის პრეს-კონფერენცია ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ

ირინა სარიშვილის განცხადებით, სენატის კომისიაში მისი გამოსვლის შემდეგ, ამერიკამ შესაძლოა შეუწყვიტოს რუსეთს დახმარების გაწევა.

    გუშინ, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც პარტიის დელეგაციის «ამერიკულ ვიზიტს» მიეძღვნა. როგორც ცნობილია, დელეგაციის წევრები იყვნენ ირინა სარიშვილი, გურამ ჩახვაძე და დავით მელიქიშვილი.
    ვიზიტის უმთავრესი მიზანი იყო, გაერკვიათ - რა დონეზეა შესაძლებელი ამ ქვეყანასთან საქართველოს ურთიერთობა. შედგა საინტერესო შეხვედრები, რომლებზეც საუბარი იყო როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პრობლემებზე. სახელმწიფო დეპარტამენტში დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა აპარატის ხელმძღვანელობასთან. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრები ძირითადად რესპუბლიკელებთან გაიმართა, რომელთა პოზიციები, მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებისა, კვლავინდებურად ძალზე ძლიერია. რაც შეეხება დემოკრატ კლინტონს - ასეთი არაპოპულარული პრეზიდენტი ამერიკას ჯერ არ ჰყოლია. ამის უმთავრესი მიზეზია მისი მეტისმეტად ლოიალური პოზიცია რუსეთის მიმართ.
    ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში დასავლეთის - რუსეთთან დამოკიდებულებას უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს. დასავლეთისაგან საქართველომ მეტი დახმარება უნდა მოითხოვოს, თუმცა ამ ბოლო დროს ასეთ დახმარებას ეჭვის თვალით უყურებენ ამერიკაში, რადგან ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი დანიშნულებისამებრ ვერ აღწევს - მას ყაჩაღური ფორმირებები იტაცებენ. ამის შესახებ კი ამერიკელებმა ყველაფერი იციან.
    ქალბატონ სარიშვილს შესაძლებლობა მიეცა, გამოსულიყო სენატის კომისიაში. მის განკარგულებაში ოცდაათი წუთი იყო, მაგრამ «მოულოდნელობის ეფექტისათვის» მან მხოლოდ ხუთწუთიანი განცხადება გააკეთა, შემდეგ საათნახევრის განმავლობაში პასუხობდა შეკითხვებს. საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პრობლემებს, რუსეთის ფაქტორს, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს.
    არც ერთი სიტყვა არ ითქვა ისეთი, რომელიც ანტირუსული კონტექსტის შემცველი იქნებოდა, რადგან ამას უარყოფითად აღიქვამენ დასავლეთში, მაგრამ გამომსვლელმა სხვა სიტყვებითა და სხვა ფორმით მიანიშნა ამერიკელ სენატორებს იმ საშიშროებაზე, რომელიც ახალი რუსული ექსპანსიონიზმიდან გამომდინარეობს დასავლეთისათვის.
    ითქვა, რომ სოჭის შეთანხმება არის მიუღებელი საქართველოსათვის, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯია, რაზეც საქართველო დათანხმდა რუსეთის ზეწოლის შედეგად.
    ამერიკელებზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კითხვამ: «თუ პრეზიდენტი ელცინი დღეს ვერ აკონტროლებს თავის არმიას აფხაზეთში, მაშინ სად არის გარანტია, რომ იგი გააკონტროლებს ხვალ «ატომურ ღილაკს»?.
    საკითხის ამგვარმა დასმამ თურმე იმდენად შეაძრწუნა მასპინძლები, რომ მომავალ კვირას სენატში განიხილავენ რუსეთისათვის დახმარების შეწყვეტის კანონპროექტს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც იქნა მიღებული, ამაში ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა წვლილიც იქნება.
    პრესკონფერენციაზე დიდი ადგილი დაეთმო «შევარდნაძის ფაქტორზე» საუბარს. ითქვა, რომ ამერიკაში გაფაციცებით ადევნებენ თვალს, რამდენად მყარია შევარდნაძის პოზიციები საქართველოში და რამდენად უჭერს მას მხარს მოსახლეობა.
    «დღეს რუსეთის ტელევიზია ეწევა შევარდნაძის ოპოზიციის რეკლამირებას, რადგან მას არ სურს ამ ძლიერი პოლიტიკური ფიგურის ყოფნა საქართველოს სათავეში. სამწუხაროდ, ჩვენში ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ეს ან არ ესმის, ან შეგნებულად მოქმედებს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.»
    ამერიკაში ქართველებმა ბევრი საყვედური მოისმინეს ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ცნობებს საქართველოს შესახებ ამერიკაში კვლავინდებურად, ძირითადად, რუსეთის არხებით იღებენ.
    ედპ-ს დელეგაციას საინტერესო შეხვედრები ჰქონდა ამერიკელ კონსერვატორთა ინტელექტუალურ ცენტრშიც, რომელსაც «ჰერითიჯ ფაუნდეიშენი» ეწოდება. ამ ცენტრში დამუშავდა «რეიგანის დოქტრინა», რომლის განხორციელებასაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა. დღეს ამერიკელ კონსერვატორთა ეს «ტვინი» ჩრდილში იმყოფება, მაგრამ როდესაც ამერიკელები კვლავ რესპუბლიკელებს აირჩევენ, კონსერვატორთა პროგრამები ისევ ამუშავდება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამერიკელი კონსერვატორები მხურვალედ უჭერენ მხარს შევარდნაძეს და იგი საქართველოში შეუცვლელად მიაჩნიათ.
    გურამ ჩახვაძემ ისაუბრა ეკონომიკური ხასიათის შეხვედრების შესახებ. ასეთი რამდენიმე შეხვედრა გაიმართა - მათ შორის ისეთ სოლიდურ კომპანიასთანაც, როგორიცაა «ჯენერალ მოტორსი». ჩახვაძის ინფორმაციით, ამერიკელ ექსპერტებს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სრულიად უპერსპექტივოდ მიაჩნიათ.
    დავით მელიქიშვილს კი, მისი მოღვაწეობის პროფილიდან გამომდინარე, ამერიკაში უფრო იურიდიული თანამშრომლობის ფორმების ძიება აინტერესებდა. აქაც დაისახა გარკვეული პერსპექტივები.
    შემდეგ დელეგაციის წევრებმა უპასუხეს შეკითხვებს. ირინა სარიშვილის აზრით, დასავლეთს რა თქმა უნდა დღესაც ეშინია რუსეთის განაწყენების, მაგრამ იმის უფრო მეტად უნდა ეშინოდეს, თუ რა მოთხოვნებს წაუყენებს მას ხვალ გაძლიერებული და წელში გამართული რუსეთი.
    რაც შეეხება მთავრობის გადადგომას, ქალბატონმა ირინამ კატეგორიულად განაცხადა, რომ სიგუას კაბინეტის გაჩერება აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო ყოვლად დაუშვებელი. «უკეთეს შემთხვევაში მათ არ იცოდნენ რა უნდოდათ, ხოლო უარეს შემთხვევაში ის არ სურდათ, რაც საქართველოს სჭირდებოდა».
    ედპ-ს ლიდერებმა გამოთქვეს თავიანთ აღშფოთება და პროტესტი გუშინწინ ამერიკის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობის გამო.
    «ვიმედოვნებ, ეს შემთხვევით მოხდა და არ არის პოლიტიკური მოტივებით ჩადენილი დანაშაული. თუმცა ფაქტი ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ურთიერთობის გართულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან» - განაცხადა სარიშვილმა.
    პრესკონფერენციაზე დაისვა კითხვა პარტიის სამომავლო გეგმების შესახებაც მთავრობის გადადგომის შემდეგ. ქალბატონმა სარიშვილმა განმარტა, რომ ედპ-ს მიზანი არასოდეს ყოფილა პორტფელის დაუფლება: «ოქტომბერში შემომთავაზეს თანამდებობა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან იმ კაბინეტში ასეთ თანამდებობაზე მუშაობა შეუძლებლად მიმაჩნდა. ამჯერადაც მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდებით, თუ მომავალი მთავრობის მიზნებსა და შეხედულებებს გავიზიარებ».
    რაც შეეხება სოჭის ხელშეკრულებას, ირინა სარიშვილის აზრით, ასეთი შეთანხმება ჯერ კიდევ არ ნიშნავს საქართველოს ფედერალიზაციას. რუსეთმა საწადელს მიაღწია და მეტი მას ნამდვილად არ სურს, რადგან ეს მისთვისაც არასასურველი პრეცედენტი იქნებოდა. აფხაზეთში უნდა შევიყვანოთ სამშვიდობო ძალები. ოღონდ ამ ძალების ბირთვი რუსეთის სამხედრო ნაწილები არ უნდა იყონ.

«ივერია-ექსპრესი», 10 აგვისტო, 1993 წ.