ომი აფხაზეთში არავის სურს-უსახლკაროდ დარჩენილ ლტოლვილთა გარდა

ომი აფხაზეთში არავის სურს-უსახლკაროდ დარჩენილ ლტოლვილთა გარდა

    ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის უმთავრესი შედეგი ის არის, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით მას არაფერი მოუტანია. აფხაზეთში გაეროს (მით უმეტეს ნატო-ს) ჯარების შემოყვანა ზღაპარია პატარა ბავშვებისთვის. «ფართომაშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციის» იდეა აღარავის ახსოვს, - იგი დეგრადირდა ჟენევის მორიგ «რაუნდამდე», რომელშიც დასავლეთი მხოლოდ ნომინალურად მონაწილეობს, ხოლო «პირველ ვიოლინოს» პარტიას კვლავ რუსეთი ასრულებს.
    რაც შეეხება სამშვიდობო ძალების გაყვანას, ეს არა მხოლოდ ვლადისლავ არძინბას, არამედ ბილ კლინტონსაც არ ეპიტნავება. სხვათა შორის, ქართული საზოგადოება ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ ნავთობსადენი, რომლის საქართველოზე გატარების საკითხში ედუარდ შევარდნაძემ მართლაც მიაღწია თვალსაჩინო პროგრესს, დღეს არათუ ხელს უწყობს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას საქართველოს სასარგებლოდ, არამედ პირიქით: «აკონსერვებს» ამჟამად არსებულ ვითარებას. გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა: ამერიკა არ დაუშვებს ომის განახლებას ამიერკავკასიაში (იგულისხმება აფხაზეთი), სადაც სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენმა უნდა გაიაროს. ამერიკული პოლიტიკა კვლავინდებურად პრაგმატულია ანუ ზემოქმედებს «ნაკლები წინააღმდეგობის პოზიციაზე»: რაკი ვლადისლავ არძინბაზე ზემოქმედება არ შეუძლიათ, ცდილობენ ზემოქმედებას ედუარდ შევარდნაძეზე - ეს გაცილებით ადვილია და მიზანშეწონილიც.
    ამ პოლიტიკურ კონტექსტში ნავთობსადენი გულისხმობს «სტაბილურობას», ხოლო «სტაბილურობა» ნიშნავს არსებული ვითარების შენარჩუნებას, ვინაიდან მის დარღვევას მოჰყვება დესტაბილიზაცია და «საუკუნის პროექტის» ჩაშლა. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი იქნება აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების შეყვანისა (სხვაგვარად კი ამ ტერიტორიის დაბრუნება შეუძლებელია), რადგან ეს გამოიწვევს ომის განახლებას. ამერიკელთათვის «სტაბილურობა კავკასიაში» (საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე) გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა». «სტაბილური კავკასიის კონცეფციაც» სწორედ ასე ესმით: საქართველო უნდა შეურიგდეს აფხაზეთის დაკარგვას; თუ არ შეურიგდება, დაარღვევს სტაბილურობას ანუ ამჟამად არსებულ ბალანსს, ხოლო რაკი რუსეთის სამშვიდობო ძალები ამ სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს, ვაშინგტონი ყოველთვის წინააღმდეგი იქნება მათი გაყვანისა. თუ საქართველო მაინც გაჯიუტდება, ამერიკის რეაქციაც არ დააყოვნებს: «საქართველოს პრეზიდენტი დინების საწინააღმდეგოდ მიდის» და ა.შ.
    ცხადია, ამერიკელებს კვლავინდებურად სურთ, ვითარება კავკასიაში მართონ რუსეთის ხელით, რათა თავად არ გაწიონ რისკი და არ იტვირთონ ისეთი პასუხისმგებლობა, რომლის ზიდვას ვერ შეძლებენ. სავსებით ბუნებრივია, რომ ისინი საქართველოს სთავაზობენ უკვე აპრობირებულ (ბოსნიაში) სქემას: სამშვიდობო ოპერაცია გაეროს ეგიდით, მაგრამ რუსეთის აუცილებელი მონაწილეობით - ამით პასუხისმგებლობა ნაწილდება კრემლზეც და მიიღწევა ინტერესთა ბალანსი. თუ ბოსნიაში რუსეთის მონაწილეობა 10 პროცენტია, ხოლო დასავლეთისა - 90; კავკასიაში (ანუ სხვა გეოპოლიტიკურ გარემოში) შეფარდება საპირისპიროა: დასავლეთი მხოლოდ «ჟენევის შეხვედრაში» მიიღებს მონაწილეობას და ისიც მხოლოდ სიმბოლურად.
    სამაგიეროდ, ამ ფორმულამ საქართველოს ხელისუფლებას «მოულოდნელი» სამსახური გაუწია. გაირკვა, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან საერთაშორისო პოლიტიკის ტექნოლოგიას ეწინააღმდეგება. რომ არ შემოგვეყვანა ეს ჯარები, - სხვა საქმეა, მაგრამ რაკი შემოიყვანე, ახლა მათი გაყვანა ნიშნავს უნდობლობა გამოუცხადო და «თავს ლაფი დაასხა» რუსეთს; ესეც შენი ნებაა, მაგრამ დასავლეთი (ნატო), რომელმაც სულ ახლახანს, პარიზში ხელი მოაწერა «ფუძემდებლურ აქტს» რუსეთთან, ამ საქმეში ვერ ჩაერევა და მხარს არ დაგვიჭერს.
    ზემოთხსენებულ «აქტში» არც აფხაზეთი და არც საქართველო ნახსენები არ არის, მაგრამ პოლიტიკაში არსებობს ცნებები, როგორიცაა «ხელშეკრულების ასო» და «ხელშეკრულების სულისკვეთება». ის, რაც საქართველოს სურდა, ნატო-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ოპერაცია შეუძლებელი გახდა, ვინაიდან რუსეთის გარდა სხვა არც ერთმა ქვეყანამ არ გამოთქვა სურვილი ამ ოპერაციაში მონაწილეობაზე, რაც სრული სიმართლე იქნება.

    ამდენად, პრობლემა კვლავ ჩიხშია. დრო კი ნამდვილად სეპარატისტთა სასარგებლოდ მუშაობს. წლები გადის, სტაბილურობა მყარდება და ამ სტაბილურობის დარღვევა სულ უფრო წარმოუდგენელი და შეუძლებელი ხდება. ახალი ომი აფხაზეთში არა მხოლოდ აფხაზ სეპარატისტებს არ აძლევს ხელს, არამედ თვით ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტასაც. ესეც ბუნებრივია: დღეს ხომ ცოცხალი აღარ არის ზვიად გამსახურდია, რომელსაც შეიძლება შემდგომ ყველაფერი დაბრალდეს; ამიტომ, ქართული ელიტა ამ საკითხში კონსოლიდირებულია, ვინაიდან ესმის: პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრება - ახალი ომის შედეგებისთვის პასუხს აგებს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც და მთელი ისტებლიშმენტიც.
    დავაკვირდეთ, რა მშვიდად შეხვდნენ «ოპოზიციური პარტიები» (მათ შორის პარლამენტს გარე ოპოზიციაც) აფხაზეთში რუსეთის ჯარების დატოვებას: არც მათ სურთ ომი; დღეს სტაბილურობა მათთვისაც უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
    გამოდის, მთელი მსოფლიო, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც კავკასიაში მოქმედებს (ამერიკის ხელისუფლებიდან - ქართულ პოლიტიკურ ნომენკლატურამდე), აფხაზეთში ახალი ომის წინააღმდეგია. ერთადერთი, ვისაც რუსეთის ჯარების გაყვანა (ანუ ომი!-ავტ) სურს, არის ის უბედური ლტოლვილი, ვინც ყველაფერი დაკარგა და ახლა გაჩენის დღეს იწყევლის.
    მაგრამ მას უნდა ახსოვდეს: თუ «სისხლი გაწვება» და არ გსურს, უსამართლო მსოფლიო წესრიგს შეურიგდე, «თეთრი ლეგიონი» ამის საშუალებას გაძლევს. ომით დაკარგულს მხოლოდ ომით დაიბრუნებ.

7 დღე, 25 ივლისი, 1997 წ.