«მოქალაქეებმა» საწადელს მიაღწიეს

 «მოქალაქეებმა» საწადელს მიაღწიეს

    
              პარლამენტში ბაკურ გულუას კანდიდატურის განხილვა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა. «მოქალაქეთა» კავშირმა ბოლოს მაინც მიაღწია ერთსულოვნებას, - ბაკურ გულუა კი მისივე მჭერმეტყველებამ დაღუპა საბოლოოდ – ისევე, როგორც გამოცდილ ვექილს დაღუპავს ხოლმე ორატორობით გატაცება მაშინ, როცა ბრალდებებზე და ფაქტებზე კონკრეტული პასუხია საჭირო. «ნაფიცი მსაჯულები» კი მსჯელობენ რეალურად არსებული ვითარებით.
        ამ თვალსაზრისით ბაკურ გულუას «საქმეთა საგმირონთა» შედეგად საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ნორმალური გარემო, რაც საშუალებას მოგვცემდა, განვითარების სტიმული შესძენოდა საქართველოს ეროვნული ეკონომიკის საფუძველს – სოფლის მეურნეობას.
        ბაკურ გულუამ დაადასტურა, რომ არ სურს დაეთანხმოს საქართველოს შემდგომი განვითარების საფუძველთა-საფუძველს.: ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, თუ ეს მეურნეობა არ გამოვიდა «საბჭოური ეპოქის» ინერციიდან, როდესაც არსებობდა გრანდიოზული ტოტალიტარული სახელმწიფო ჩაკეტილი საზღვრებით და სახელმწიფო («გოსპლანის») მონოპოლიით.
        იმ ვითარებაში ქართულ ღვინოს ამ უკიდეგანო სივრცეზე კონკურენტი არ ჰყავდა. ბაკურ გულუა ყოველნაირად ცდილობდა შეენარჩუნებინა ძველი ინერცია და იმდროინდელი მეთოდებით დახმარებოდა «ადგილობრივ მწარმოებელს» მაშინ, როდესაც ერთადერთი რეალური გამოსავალი იყო არა «შეღავათიანი კრედიტები» (ორჯერ – 1996 და 1998 წელს), არამედ მწარმოებლის იძულება (დიახ, იძულება – ისევე, როგრც ყველა ქვეყანაში) კეთილი ენება და ეწარმოებინა კონკურენტუნარიანი პროდუქცია.
        ბოლოს და ბოლოს, შევარცხვინე ის «ღვინის მწარმოებელი ქვეყანა», საკუთარ ბაზარს მიანც რომ ვერ მოუგებს უცხოელ კონკურენტს!
        სხვა გზა ქვეყანას არა აქვს – ის, ვინც ამას არ ეთანხმება, ობიექტურად ხელს უშლის რეფორმათა გატარებასა და ეკონომიკის ტრანსფორმაციის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესს. მოტივაციას არა აქვს მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, სრულებითაც არ არის შემთხვევითი, რომ ბაკურ გულუა წინააღმდეგი იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისა, თანაც, ძალზე ნიშანდობლივი არგუმენტით: «მსოფლიოში დიდ აღშფოთებას იწვევს გლობალიზაცია». ეს არის იმ მენტალიტეტის ადამიანის არგუმენტი, რომლისთვისაც «რეფორმა» - «კაპიტალისტური» სიტყვაა, მაშასადამე, თუ სიეტლში რამდენიმე ათეული «მაოისტი», «ტროცკისტი» და სხვადასხვა ჯურის ნაძირალა გამოვიდა «მსო»-ს ფორუმის დროს «წივილ-კივილით» ქალაქის ქუჩებში – ამიტომ თურმე საქართველო არ უნდა გაწევრიანებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და «მცონარა» გლეხების წასახალისებლად უნდა გაცემულიყო ე.წ. «შეღავათიანი კრედიტები», რათა მას დაეცინა მართლა მუყაითი და მშრომელი კახელი გლეხისათვის - «რას იდგამთ წელზე ფეხს მაღალხარისხიანი ყურძნის მოსაყვანად – აგერ, «შეღავათიანი კრედიტიო».
        არადა, ამდენი ქაქანი ამ «ქართულ ღვინოზე» უბრალოდ სასაცილოა, მაშინ, როდესაც მაღალხარისხოვანი ღვინო იწყება მაღალხარისხოვანი ყურძნიდან.
        ბაკურ გულუას სავალალოდ, იგი (ვიმეორებ), სწორედ მჭერმეტყველებამ დაღუპა. სწორედ მჭერმეტყველებამ აქცია ის «ანტირეფორმატორულად ანგაჟირებულ» მინისტრად. არც ერთი სხვა მინისტრი ასე ნიჭიერად, მაღალი ორატორული ხელოვნებით არ იცავდა იმ იდეოლოგიას, რომელიც უცხოა «ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის» საქართველოში.
        ამიტომ, ბაკურ გულუასათვის სჯობდა, არ ყოფილიყო ესოდენ ბრწყინვალე ორატორი, რათა არ ქცეულიყო «ანტირეფორმატორ გოლიათად» და რეფორმატორებსაც არ ექციათ იგი მთავარ სამიზნედ.

7 დღე, 26 მაისი, 2000 წელი