საქართველოს კონსტიტუციით ბედისწერის ექსპრესში

საქართველოს კონსტიტუციით ბედისწერის ექსპრესში

    საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ექსპრესი უდიდესი სისწრაფით უახლოვდება მიჯნას, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. მიჯნის მოახლოებას ინსტიქტურად ყველა გრძნობს და ყველა ემზადება გააფთრებული შეჯახებისთვის - მისი გადალახვის შემდეგ. მომავალი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მთავარი მიზეზი, მიზანი და საგანი საქართველოს კონსტიტუცია გახდება.

    მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციის პროექტს ქმნის საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც ეს პროექტი (ერთი ან რამდენიმე) გააქვს პარლამენტის სამსჯავროზე. პარლამენტი ექვსი თვის განმავლობაში იხილავს პროექტს (პროექტებს). ხოლო შემდეგ, ერთი (ან რამდენიმე) მათგანი გამოაქვს საერთო-სახალხო რეფერენდუმზე. საბოლოო სიტყვა თვით საქართველოს ხალხს აქვს მინიჭებული.
    ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა და პროცესი სავსებით ცივილიზებულ კალაპოტში მიმდინარეობს, მაგრამ თუ ამ ფუნდამენტურ პრობლემას უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, შევნიშნავთ უზარმაზარ შეუსაბამობას ქართული პოლიტიკური ელიტის მიერ მის «ინტელექტუალურ ლაბორატორიებში» გამომუშავებულ სქემასა და არსებულ რეალობას შორის.
    კონსტიტუცია არის არა მხოლოდ სახელმწიფოს ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელ უზოგადეს, ფუნდამენტურ კანონთა, მის საფუძველთა შემცველი დოკუმენტი, არამედ უპირველეს ყოვლისა, «დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების» დამადასტურებელი ძეგლი!
    კონსტიტუციის მისაღებად არ არის საკმარისი პოლიტიკური ან, თუნდაც, საზოგადოებრივი ელიტის შეთანხმება უზოგადეს პრინციპებზე - აუცილებელია აგრეთვე ორი უმნიშვნელოვანესი პირობის არსებობა.
    პირველი: კონსტიტუცია შეიძლება მიიღოს და გაითავისოს მხოლოდ ნაციამ მის ერთობლიობაში.
    მეორე: ნაცია მთლიანობაში უნდა იზიარებდეს იმ ძირითად პოსტულატებს, რომელსაც მას კონსტიტუციის შემოქმედი ელიტა სთავაზობს. იგი უნდა ცნობდეს ამ ელიტის ლეგიტიმურობას. საზოგადოება გაჟღენთილი უნდა იყოს ერთიანი მსოფლმხედველობით, ერთიანი სულისკვეთებით იმ პრინციპების მიმართ, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იფუნქციონიროს მომავალმა სახელმწიფომ.
    არც ერთ ამ პირობას საქართველო ამჟამად არ აკმაყოფილებს - საქართველოს მოსახლეობა არ წარმოადგენს ნაციას, ანუ არ არსებობს «საქართველოს ხალხი», როგორც ერთიანი ღირებულებების მაღიარებელი საზოგადოება.
    წარმოუდგენელია საქართველომ მიიღოს კონსტიტუცია ისე, რომ მის ძირითად პრინციპებს არ ეთანხმებოდეს ნაციის მნიშვნელოვანი ნაწილი - ვინაიდან ამ შემთხვევაში იგი დაკარგავს იურიდიულ ძალმოსილებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც მას არ ცნობს და რომლის მოსახლეობასაც რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია.
    რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ «საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მრავალგზის აღიარებაზე», იმავე საერთაშორისო სამართლებრივი ტრადიციისა და პოლიტიკური სამართლის სულისკვეთების თანახმად, თუ საქართველო ყალიბდება, როგორც ერთიანი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მაშინ მან უნდა შეძლოს კონსტიტუციის იმგვარი მოდელის შემუშავება, რომელიც დააკმაყოფილებს ერთიანი ნაციის ყველა შემადგენელ ნაწილს.
    კონსტიტუცია, რომელიც რეფერენდუმით მიიღება ენგურით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე - მხოლოდ იმ ტერიტორიაზე იქნება იურიდიულად ძალმოსილი; ხოლო ნებისმიერი დასავლელი ექსპერტი, ჩვენი პრეტენზიის პასუხად გვეტყვის: თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ აფხაზები წარმოადგენენ საქართველოს ხალხის (ნაციის) ნაწილს, მაშინ ვალდებული ხართ, შეიმუშაოთ იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც დააკმაყოფილებს არა მხოლოდ ნაციის უმრავლესობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართალი, ადრე თუ გვიან იძულებული იქნება, დაიწყოს იმ ფაქტობრივი რეალობის იურიდიულად აღიარების პროცესი, რომ აფხაზები (როგორც თავად აცხადებენ) არ წარმოადგენენ საქართველოს ხალხის ნაწილს, ხოლო აფხაზეთი, როგორც უკვე საკმაოდ მყარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, არ არის საქართველოს ტერიტორია.
    არ არსებობს იურიდიული არგუმენტი, რომელიც რეალურად შეიძლება დაუპირისპირდეს ამ თეზისს გარდა ერთისა: რეფერენდუმი, ახალი კონსტიტუციის მისაღებად, უნდა ჩატარდეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (აფხაზეთის ჩათვლით) - მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძენს იგი იურიდიულ ძალმოსილებას.
  რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ჩავატარებთ რეფერენდუმს ლტოლვილთა შორის - არძინბამ და მისმა ჩრდილოელმა მრჩევლებმა ესეც გაითვალისწინეს: ამჟამად «მიმდინარეობს» გალში ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი. თუ საქართველო ამ ფაქტს აღიარებს, მაშინ იგი ვალდებულია დაელოდოს პროცესის დასრულებას. შემდეგ კი, აფხაზეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ჩაატაროს რეფერენდუმი - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

    დავუბრუნდეთ საწყის პოზიციას. საქართველო ატარებს რეფერენდუმს, მაგრამ რეფერენდუმი არ ტარდება აფხაზეთში. არძინბა უმალვე განაცხადებს: საქართველომ გამართა რეფერენდუმი, მიუხედავად იმისა, რომ პროცესის ლოგიკიდან გამომდინარე, იგი უნდა გამართულიყო მხოლოდ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ - მაშასადამე, საქართველომ თავად გაიტანა აფხაზეთი თავისი სამართლებრივი სისტემიდან - აფხაზეთში ხომ რეფერენდუმი არ გამართულა?
    ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი, არსებული ტემპების გათვალისწინებით, მომავალი წლის ოქტომბრამდე (როდესაც განზრახულია არჩევნებთან ერთად საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარება) ძნელად თუ დასრულდება. ისიც საგულისხმოა, რომ არძინბამ ერთხელ უკვე გამოიყენა ეს ხერხი საქართველოსთან იურიდიული პაექრობისას: როდესაც საქართველოს მმართველმა «სამხედრო საბჭომ» აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია, მან უმალვე განაცხადა: ამიერიდან გაწყდა ყოველგვარი იურიდიული კავშირი საქართველოსა და აფხაზეთს შორის, ვინაიდან იმ კონსტიტუციაში აფხაზეთზე (მით უმეტეს, როგორც სახელმწიფოებრივ წარმონაქმნზე) არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი - იქ საუბარია «სოხუმის ოლქზე».
    არძინბას ღიად არასოდეს უთქვამს, რომ იგი წინააღმდეგია საქართველოსთან ერთად შექმნას ერთიანი სახელმწიფოებრივი სისტემა. პირიქით, იგი აცხადებს: ვინაიდან 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენით დაიმსხვრა ერთიანი იურიდიული სახელმწიფოებრივი სისტემა; ვინაიდან საქართველო აშენებს ახალ სახელმწიფოს, რომლის დაკანონება სურს ახალი კონსტიტუციით, საჭიროა აფხაზეთის მიერ ამ კონსტიტუციის ძალმოსილების აღიარებისთვის რეფერენდუმი გაიმართოს აფხაზეთში, მაგრამ ვინაიდან რეფერენდუმი ვერ გაიმართება ლტოლვილთა დაბრუნებამდე (SIC), ხოლო აფხაზეთს არასდროს უთქვამს უარი ლტოლვილთა მიღებაზე, მაშინ საქართველოს მიერ ახაზეთისაგან განცალკევებით რეფერენდუმის გამართვა ნიშნავს ერთობლივი, იურიდიული სისტემის არარსებობის აღიარებას!
    წყვეტილი კვლავ არსად ჩანს.
    გაეროს გენერალურმა მდივანმა შეიმუშავა აფხაზეთის მომავალი სტატუსის პროექტი, რომლის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ჩათვლით) ერთიანი სახელმწიფოებრივი სისტემა შეიძლება აღდგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაიდება ხელშეკრულება საქართველოსა და აფხაზეთს შორის.
    ამგვარი პროექტის გაჩენა იყო გუდაუთის ხელისუფლების უდიდესი გამარჯვება. უფრო დიდი, ვიდრე სოხუმის აღება. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ფედერაციული ან კონფედერაციული ხელშეკრულების თანახმად შექმნილი ერთიანი სახელმწიფოებრივი სისტემა არ კარგავს ერთიან სამართალსუბიექტურობას, ანუ მაინც აღიქმება ერთიან სახელმწიფოდ, - მიუხედავად ხელშეკრულების არსისა. ამრიგად, საქართველო ფორმალურად კვლავ ჩაითვლება ერთიან სახელმწიფოდ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის სუბიექტებს ერთმანეთთან მხოლოდ სიმბოლური კავშირი ექნებათ. მაგრამ პოლიტიკური რეალობა ხომ სტატიკური არ არის? - იგი იცვლება დროსა და სივრცეში.
    დასკვნა: თუ აფხაზეთი და საქართველო აფორმებენ ხელშეკრულებას, მაშინ საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მოქმედებს ეს ხელშეკრულება, ხოლო ამ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში საზღვარი იურიდიულად (უკვე არა მხოლოდ ფაქტიურად) დაფიქსირდება ენგურზე.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ - აფხაზეთს უჩნდება იურიდიული უფლება, გამართოს რეფერენდუმი ტერიტორიაზე ფსოუდან - ენგურამდე და ამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, საბოლოოდ გაემიჯნოს საქართველოს!
    აღმოვჩნდით «ჩაკეტილ წრეში»: საქართველო ვერ ატარებს რეფერენდუმს კონსტიტუციის თაობაზე, რადგან ამ შემთხვევაში თავად (საკუთარი ნებით) ემიჯნება აფხაზეთს. იქ კი რეფერენდუმი ვერ გაიმართება მანამ, სანამ ეს კონსტიტუცია აფხაზებისთვის მისაღები არ იქნება; კონსტიტუცია აფხაზებისთვის მისაღები არ იქნება მანამ, სანამ ამ კონსტიტუციაში არ დაფიქსირდება სახელშეკრულებო ურთიერთობანი, ხოლო ამგვარ ურთიერთობათა დაფიქსირების შემთხვევაში აფხაზეთი მიიღებს უფლებას, გამართოს სეპარატისტული რეფერენდუმი და ამ გზით იურიდიულად დაადასტუროს ყველაზე მთავარი: არ არსებობს საქართველოს ხალხი, საქართველოს ნაცია, როგორც სუბსტანცია, როგორც ერთიანი საზოგადოება, ერთი, მთლიანი, იურიდიული და ფიზიკური ორგანიზმი.

    ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით, არ შეიძლება აგრეთვე ისიც არ აღინიშნოს, რომ ე.წ «სახელმწიფო საბჭოს» მიერ 1921 წლის კონსტიტუციის ნაუცბადევი და ნაჩქარევი აღდგენა იყო დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რადგან 1978 წლის «საბჭოთა» კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებობდა ერთიანი სამართლებრივი ველი, რომლის გაგლეჯა არძინბას გაცილებით მეტად გაუჭირდებოდა.
    მართალია, ოპონენტმა შეიძლება მიგვითითოს იმ გარემოებაზე, რომ 1978 წლის კონსტიტუცია საბჭოთა კავშირის კონსტიტუციასთან ერთად ქმნიდა საერთო სამართლებრივ ველს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ ამ «დიდი» ველის სივრცეში მოიაზრებოდა, მაგრამ ესეც ხომ ფაქტია: 1992 წლისათვის საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა; საბჭოთა კავშირის კონსტიტუციამ «ბელოვეჟის» შეთანხმებით შეწყვიტა მოქმედება და შეიქმნა უნიკალური, საქართველოსთვის უაღრესად ხელსაყრელი ვითარება, როდესაც ქვეყანა მაინც ინარჩუნებდა ერთიან კონსტიტუციურ ველს მთელს ტერიტორიაზე.
    ჯერ არაფერი მითქვამს მთელს ამ «ლაბირინთში» რუსეთის როლზე. რუსეთს თავად არ აძლევს ხელს აფხაზეთის საქართველოსაგან მთლიანად მოგლეჯა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ ზემოთხსენებულ «ჩაკეტილ წრეს» იგი გაარღვევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დათანხმდება «დიდი სამართლებრივი ველის» აღდგენაზე. ანუ, არძინბა «გატყდება» მხოლოდ მაშინ, როცა (თუკი) საბოლოოდ გატყდება საქართველო.

«7 დღე», 22 ნოემბერი, 1994 წელი.