რუსული დოპინგი

რუსული დოპინგი

 

უახლოეს დღეებში, მსოფლიოს სპორტულმა თანამეგობრობამ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა რუსეთი მონაწილეობას რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში. უფრო ზუსტად, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს  მსოფლიოს სპორტულმა ადმინისტრაციამ, ანუ სპორტულმა ბიუროკრატიამ.

ამ თემაზე საქართველოში თითქმის არაფერი იციან, არადა ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივი საკითხია, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს, მაგალითად, «ვიზალიბერალიზაციასთან» და უამრავ სხვა ქეისთან, როდესაც რუსეთი წარმატებით ახერხებს საერთაშორისო ბიუროკრატიაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების ლობირებასა და გატანას.

«ოლიმპიური ქეისის» არსი კი შემდეგია:  მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები და სპორტული გაერთიანებები საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩიოდნენ, რომ რუსი სპორტსმენები აქტიურად იყენებენ დოპინგს; თანაც რუსეთის ხელისუფლებისა და სპორტული ადმინისტრაციის მხარადჭერით. და რომ სწორედ ამითაა განპირობებული რუსეთის ნაკრების საოცარი «სპურტი» იმავე სოჭის ოლიმპიადის ბოლო დღეებში, როცა საშინაო ოლიმპიადაზე რუსეთმა მოულოდნელად პირველი ადგილი მოიპოვა: რუსეთის ტერიტორიაზე ხომ, დოპინგ–კონტროლი, მთლიანად ადგილობრივ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული?!

ეჭვები – ეჭვებად, მაგრამ რაკი საქმე რუსეთს ეხებოდა და არა პატარა საქართველოს ან ესტონეთს, მსოფლიო სპორტული ადმინისტრაცია, იგივე «საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი», ფრთხილობდნენ და. როგორც ჩვევიათ ხოლმე, დუმილს ინარჩუნებდნენ, ან «უფრო მეტ მტკიცებულებას» მოითხოვდნენ.

არადა, საქათველო რომ ყოფილიყო ამგვარ სკანდალში გახვეული და ჩვენი სპორტსმენების მიმართ არსებულიყო ამის მეასედი ეჭვი,  შეუდარებლად კატეგორიულნი, ოპერატიულნი,  ქმედითნი და უკომპრომისონი იქნებოდნენ. თუმცა «დიდ რუსეთს» ვერაფერს უბედავენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ შემდეგ მოხდა გაუგონარი რამ: რუსეთის «ანტიდოპინგური ლაბორატორიის» (РУСАДА) ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგორი რადჩენკო გაიქცა ამერიკაში, დასახლდა კალიფორნიაში და მთლიანად «დაფქვა» რაც იცოდა: მისი თქმით, «დოპინგის საქმეს» რუსეთში   სპეცსამსახურები აკონტროლებენ; ამ სპეცსასახურთა დავალებით, იგი პირადად ცვლიდა «დოპინგ–ტესტებს»: ნაცვლად არსებული ბიოლოგიური მასალებისა, ღამ–ღამობით საცავებში დებდა სხვა მასალებს და ა.შ და ა.შ.  ფალსიფიკაციას პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო.

გაირკვა, რომ რამდენიმე ოლიმპიურმა ჩემპიონმა სწორედ დოპინგის შედეგად მიაღწია წარმატებას. არა მხოლოდ სოჭში, არამედ პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადებზეც. გაყალბებაში ჩართულია  რუსეთის მთელი სახელმწიფო მანქანა:  დაწყებული დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე საელჩოებით, დამთავრებული სპორტის, ჯანდაცვისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის სამინისტროებით, რადგან რუსული არმია ბიოლოგიური მეცნიერების უახლეს მიღწევებს ფლობს და ეს მიღწევები აქტიურად გამოიყენებოდა სპორტში «წარმატებებისთვის».

პუტინის რუსეთისთვის სპორტული წარმატებები სახელმწიფო  პრესტიჟის საქმეა. ხოლო როდესაც ესა თუ ისე სპორტსმენი, უკვე ოლიმპიადის შემდეგ, იმხილებოდა დოპინგის მიღებაში, მას  რუსული მედია არ ასახელებდა, ამის შესახებ ტელემაყურებელს არაფერს ეუბნებოდა. ანუ, მთავარია  ოლიმპიადის მოგება, რუსული ჰიმნის აჟღერება, ხოლო შემდეგ სპორტსმენის დისკვალიფიკაციას უკვე ყურადღებას აღარავინ აქცევდა.

საერთაშორისო სპორტული ბიუროკრატიაც  თვალს ხუჭავდა:  კმაყოფილდებოდა ფორმალური გადაწყვეტილებით, რომ ესა თუ ის არაკეთილსინდისიერი სპორტსმენი დისკვალიფიცირებულია, თუმცა ახალ ოლიმპიადზე რომ იგივე მეორდებოდა უკვე სხვა სპორტსმენების მონაწილეობით, ამისთვის როგორ ეპასუხათ, არ იცოდნენ: რუსები ისევ და ისევ ადიოდნენ კვარცხლბეკებზე, იღებდნენ მედლებს, შემდეგ ირკვეოდა მათი ფლიდობა, ართმევდნენ ტიტულებს, თუმცა იმ ოლიმპიადაზე რუსეთის არაოფიციუალური გუნდური ადგილი  «საფიარო თემად» და ისტორიულ ფაქტად რჩებოდა, მორიგ  ოლიმპიადაზე კი ყველაფერი ახლიდან იწყებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

«ჩაკეტილი წრე» თითქმის გაარღია გერმანულმა არხმა  ARD დოკუმენტური სერიალით «Showdown for Russia» (რუსეთის პიკის საათი), აგრეთვე New York Times–ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ.

უტყუარ, აბსოლუტურად წყალგაუვალ დოკუმენტებზე და ფაქტებზე დაყრდნობით, არაპოლიტკორექტულმა, ესე იგი პატიოსანმა ჟურნალისტებმა დაამტკიცეს, რომ სპორტული თაღლითობა და დოპინგი არა ცალკეული  რუსი ჩინოსნების ინიციატივა, არამედ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაა!  

ამის შემდეგ, სპორტულმა ბიუროკრატიამ ჩვეულად დაიწყო «გამოძრომის» მცდელობა.  სულ არაფერი გაეკეთებინათ, აღარ გამოვიდოდა, რადგან ოლიმპიური და სპორტული მოძრაობა ინგრეოდა: სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები პროტესტს გამოთქვამდნენ. ისევე, როგორც ეროვნული ფედერაციები. ამიტომ რუსეთის რამდენიმე სპორტული ფედერაცია (მათ შორის მსუბუქი ათლეტიკა) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ან  გარიცხეს, ან წევრობა შეუჩერეს.

ბუნებრივად დაისვა საკითხი: შეიძლება თუ არა ასეთმა ქვეყანამ (რომელიც სახელმწიფო დონეზე უჭერს მხარს დოპინგს) მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში?! მაშინვე ამუშავდა რუსეთის სახელმწიფო მანქანა და საერთაშორისო ბიუროკრატიამაც გამოამჟღავნა თავი: ალაპარაკდნენ რუსეთის ლობისტები, მოითხოვეს ოლიმპიური კომიტეტისგან გამოიჩინოს რეალიზმი, პრაგმატიზმი, ანგარიში გაუწიოს რუსეთს, არ დააზიანოს სპორტული მოძრაობა (?!) არ მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება, განაგრძოს თანამშრომლობა და ა.შ.

გაირკვა  მექანიზმიც, თუ როგორ აღწევს მუდამ მოსკოვი  მისთვის სასურველ  გადაწყვეტილებას,  – იქნება ეს ევროკავშირის (ე.წ. «ტალიავინის») დასკვნა «ხუთდღიანი ომის» მიზეზებზე, «ვიზალიბერალიზაცია»,  ევროსაბჭოში ანტირუსული რეზოლუციის დაბლოკვა თუ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვა ინგლისის ნაცვლად რუსეთში: რა თქმა უნდა,  მოსყიდული ლობისტების მეშვეობით!

 ათეულობით მილიონი დოლარი და ევრო იხარჯება კონკრეტული პირების მოსასყიდად, რუსული სპეცსამსახურები აგროვებენ ინფორმაციას, თუ ვის აქვს ფინანსური პრობლემები, ვინ შეიძლება «გაიყიდოს» ამა თუ იმ ფორმით და ასე შემდეგ. შემთხვევითი არ არის, რომ FIFA–ს დღევანდელ, სრულიად გახრწნილ  ადმინისტრაციას, რომელმაც ყველაფერი გაყიდა, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, სწორედ რუსეთის ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი და, ნაწილობრივ, მიაღწია კიდეც საქმის «ჩაფარცხვას».

იქმნება პარადოქსული სიტუაცია, ანუ სისტემური პრობლემა, როდესაც ზენაციონალური ორგანოების ჩამოყალიბება,  პოლიეთნიკურობა და სახელმწიფოთა მხრიდან უშუალო კონტროლის არარსებობა იწვევს მათ სულ უფრო მეტ თავაშვებულობასა და კორუმპირებულობას; ხოლო  რუსეთს უადვილებს საკუთარი ინტერესების გატანას.   სხვა სახელმწიფოებს, ვინც ამგვარ  მეთოდებს არ იყენებენ, ესპობათ პატიოსანი თამაშით  წარმატების მიღწევის შანსი.

რუსეთის საწინააღმდეგოდ საპასუხო ზომების მიღების წინადადებას  კი  იგივე კორუმპირებული საერთაშორისო ბიუროკრატია ბლოკავს.

გამოდის, ერთადერთი გამოსავალია, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა, სადაც წარმოუდგენელია სახელმწიფომ დოპინგს მხარი დაუჭიროს, პროტესტის ნიშნად თავად უნდა თქვან უარი ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რაკი «საერთაშორისო ოლიმპიური  კომიტეტი» მოსყიდული კორუფციონერებისგან შედგება და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

მოხერხდება თუ არა ამ «ჩაკეტილი წრის» გარღვევა, უახლოეს დღეებში გამოჩნდება იმის მიხედვით, როგორ და რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას რუსეთი რიოს ოლიმპიურ თამაშებში.

და ეს გადაწყვეტილება ძალიან ჭკუისსასწავლებელი უნდა იყოს საქართველოსთვის  იმ სფეროებში, რომელთაც, თითქოს, არავითარი კავშირი არა აქვთ სპორტთან, სამაგიეროდ პირდაპირი კავშირი აქვთ თამაშის იმ «წესებთან», რომლებიც პუტინის რუსეთმა წარმატებით დაამკვიდრა საერთაშორისო ასპარეზზე – კორუმპირებული საერთაშორისო ბიუროკრატიისა და დემოკრატიულ სახელმწიფოებში  მის მიერ მოსყიდულ «გავლენის აგენტთა» მეშვეობით.

2016