კიტოვანს ჯერ არ დაუკარგავს შამპანურით თრობის იმედი

კიტოვანს ჯერ არ დაუკარგავს შამპანურით თრობის იმედი


       საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და დეკემბერ-იანვრის მოვლენათა მთავარი ორგანიზატორის, თენგიზ კიტოვანის სასამართლო პროცესზე დაიწყო მოწმეების დაკითხვა, რაც იმის უეჭველი ნიშანია, რომ პროცესი მთავრდება; უახლოეს მომავალში სიტყვებს წარმოთქვამენ სასამართლო მხარეები და გამოცხადდება განაჩენი.
    როგორც ცნობილია, კიტოვანთან ერთად ასამართლებენ ვინმე ფისუნს, რომელიც აშკარად რუსეთის სპეც-სამსახურის აგენტია. ეს უკანასკნელი გაფაციცებით ცდილობს, როგორმე «გააჯანჯლოს» პროცესი და ათასგვარი «პროტესტითა» და «შუამდგომლობით» მიმართავს მოსამართლეს. როგორც ჩანს, იგი საქართველოსა და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის დავის დასრულებას ელის, მაგრამ ამაოდ. რაც შეეხება თენგიზ კიტოვანს, იგი შევარდნაძეს ლანძღვა-გინებით იკლებს - აივსო პრესა მისი ინტერვიუებით, რომლებშიც კიტოვანი პრეზიდენტს ათასგვარ დანაშაულში სდებს ბრალს. უწოდებს «მაფიოზს», «აგენტს», «საქართველოს გამყიდველს» და ასე შემდეგ.
    როგორც ჩანს, კიტოვანს ჰგონია. რომ შევარდნაძე მას უკვე ვერაფერს დააკლებს და მაქსიმუმი, რაც შეიძლება მიუსაჯონ, 6-7 წელია. ამაში გვარდიის ყოფილი სარდალი მწარედ ცდება, იგი ვერ გრძნობს, რომ ცეცხლს ეთამაშება და თავს იღუპავს. ედუარდ შევარდნაძე წყენას და შეურაცხყოფას არავის აპატიებს - ასეთია მისი ცხოვრებისეული პრინციპი. კიტოვანს ტყუილად ჰგონია, რომ 6-7 წლით «გადარჩება» და ამით ამოიწურება მისი სასჯელი.
    კიტოვანის წინააღმდეგ უკვე მზად არის სხვა ბრალდებებიც. მას სულ ადვილად «გაიყვანენ» იმ საქმეებშიც, რომლებიც 1991-95 წლებში, მინისტრთა კაბინეტში კორუფციის გამო არის აღძრული. არც ის დღეა შორს, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება დეკემბერ-იანვრის გადატრიალებას «სამშობლოს ღალატად» გამოაცხადებს და ორგანიზატორთა დასჯას მოითხოვს. ამის სიმპტომები უკვე არის.
    რაც უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის კიტოვანი შევარდნაძეს თავისი განცხადებებითა და ინტერვიუებით, მით უფრო დამძიმდება მისი სასჯელი. პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა სერიოზული უკმაყოფილება იმის გამო, რომ «პრესის ზოგიერთი ორგანო დამნაშავე ელემენტთა რუპორად იქცა».
    როგორც ჩანს, შევარდნაძეს, უპირველეს ყოვლისა, ის გაზეთი ჰქონდა მხედველობაში, რომელშიც პარალელურად იბეჭდება ვახტანგ გოგუაძის ვრცელი ინტერვიუც. შევარდნაძემ იქვე აღნიშნა: «არ არის შემთხვევითი, რომ ამ დამნაშავე ელემენტების გვერდით ზოგიერთი წარსულში ცნობილი მოღვაწეც ცდილობდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას».
    გზები, ბოლოს და ბოლოს «იკვეთება». მეორე მხრივ, თენგიზ კიტოვანი, მიუხედავად უდიდესი რისკისა, განუწყვეტელი «პუბლიცისტური აქტიურობით» ახერხებს ერთგვარი «საზოგადოებრივი იმიჯის» შენარჩუნებას - ჯაბა იოსელიანისაგან განსხვავებით, რომელზეც უკვე თითქმის ყველამ «ჩაიქნია ხელი».
    მიუხედავად იმისა, რომ ციხეში იმყოფება, კიტოვანი ქართული პოლიტიკის საკმაოდ მნიშვნელოვან ფიგურად რჩება. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური ძალები ყოველთვის ითვალისწინებენ იმ შესაძლებლობებს, თუ როგორ და რამდენად შეიცვლება პოლიტიკური დისპოზიცია მისი გათვალისწინების შემთხვევაში.
    კიტოვანი (ვიმეორებ) დიდ რისკზე მიდის, მაგრამ, როგორც ამბობენ, «ვინც რისკზე არ მიდის, ის არც შამპანურს სვამს» - «ბატიას» კი შამპანური ყოველთვის ძალიან უყვარდა.

«მერიდიანი», 2 აგვისტო, 1996 წელი.