ქართული საბაჟო, როგორც კორუფციის სარკე

ქართული საბაჟო, როგორც კორუფციის სარკე

      

        სტატისტიკის დეპარტამენტმა ფინანსთა სამინისტრომ და საგადასაზადო შემოსავლების სამინისტრომ საბოლოოდ შეაჯამეს პირველი კვარტალის შედეგები. სხვადასხვა ცნობით, «გარღვევამ» ბიუჯეტში 10 ან 40 მილიონ ლარამდე შეადგინა. თავისთავად, ასეთი სხვაობა სერიოზულ გაუგებრობას იწვევს, ვინაიდან 10-სა და 40 მილიონს შორის ძლაიან დიდი განსხვავებაა.
        მით უმეტეს, საქართველოს გაძვალტყავებული ბიუჯეტისთვის. სხვადასხვა ფიგურა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში სხვადასხვა ციფრს ასახელებს - საკუთარი მოტივაციის შესაბამისად.
        ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ დაძაბულობა ხელისუფლებაში კვლავინდებურად აღარც ხარისხს ინარჩუნებს და აქ მხოლოდ პოზიცია-ოპოზიციაში არ არის საქმე.
        რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ყველა მართალი და ყველა ზუსტ ციფრს ასახელებს, ოღონდ სხვადასხვა თვალთახედვით - ისევ და ისევ მოტივაციის შესაბამისად.
        საქმე ის არის, რომ საბიუჯეტო შემოსავლები და საგადასახადო შემოსავლები ერთი და იგივე არ არის. საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო არ აგებს პასუხს, მაგალითად, პრივატიზების თანხის ბიუჯეტში შეუსვლელობაზე.
        საკუთრივ, საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ წინასწარ დაგეგმილი პარამეტრები 90 პროცენტით შეასრულა. აქედან, საგადასახადო დეპარტამენტმა - 100 პროცენტით. მაშასადამე, ამ დეპარტამენტისთვის «სამამულო სიგარეტის» წარმოებას პრობლემა არ შეუქმნია და რაღაც მეტაფიზიკის სფეროს უფრო განეკუთვნება სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მოთხოვნა «საგადასახადოს « ხელმძღვანელის - მიშა ჩიკვილაძის გადაყენების შესახებ მაშინ, როდესაც ეს დეპარტამენტი, ასე თუ ისე, გეგმას ასრულებს.
        მართალია, ბიუჯეტი სეკვესტრირებულია, მართალია (ძველი გამოცდილებით), გეგმას ბევრად არ უნდა გადააჭარბო, თორემ გეტყვიან «შეგძლებიათო» - მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, «საგადასახადო დეპარტამენტი» გეგმას ასრულებს, სამაგიეროდ, «სამამულო სიგარეტმა» სრეიოზული პრობლემები შეუქმნა «საბაჟო დეპარტამენტს», თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია გაჩეჩილაძე, ჯერ კიდევ დეკემბერში მოითხოვდა გეგმის კორექტირებას იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზი შემცირდებოდა.
        ბუნებრივია, იმპორტიორები, ერთი მხრივ, სიფრთხილეს ამჟღავნებენ, მეორე მხრივ კი, შურს იძიებენ მათი ინტერესების ხელყოფისთვის. ფაქტია, დაგეგმილ პარამეტრს სწორედ ეს 11 მილიონი ლარი დააკლდა. თავის მხრივ, მინისტრი მაჭავარიანი იმ რეზერვების გამოყენებას მოითხოვდა, რაც ქართულ საბაჟოზე ობიექტურად არსებობს, მაგრამ ამ რეზერვების ამოქმედების მცდელობას მოჰყვა მკვლელობა წითელ ხიდთან და «ეთნიკური შეფერილობის» თავპირისმტვრევა ლილოში.
        იმ ვითარებაში, რომელშიც იმყოფება საქართველოს საბაჟო, როდესაც საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან (თურქეთის გარდა) ათიათასობით (!) გადმოსასვლელია შიდა რეგიონებში, ხოლო აფხაზეთიდან შემოსულ კონტარბანდასთან შედარებით, ერგნეთის ბაზრობაც კი პატარა ჯიხურად მოგეჩვენებათ ისიც საოცრებაა, თუ გეგმა ამ უწყებამ 86 პროცენტით შეასრულა.
        და საერთოდ, კომიკურია ბრიტანულ კომპანიასთან დაკავშირებული ამბავი. რასაკვირველია, ამ უკანასკნელმა პირობა ვერ შეასრულა, ვინაიდან ელემენტარულად ვერ გათვალა სად მოდიოდა, მაგრამ ესეც ხომ «თელასი» ან «თბილსრესი» არ არის, რომ ინვესტორს რაიმე ქონებას ვაძლევთ? ბრიტანული კომპანია ყიდულობდა მენეჯმენტის უფლებას და არა რაიმე მატერიალურ ფასეულობას.
        მიუხედავად ამისა, ბრიტანელების კონტროლის სეგმენტი არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასე რომ, საბაჟოს პრობლემა საქართველოს სახელმწიფოს პრობლემაა და მისი არსი საბაჟოს თანაშმრომელთა ცუდი მუშაობით, ან თუნდაც კორუფციით არ ამოიწურება.
        საქართველოს საბაჟოს არაფერი ეშველება და მუდმივად იქნება პარამეტრის «სეკვესტრირებისა» და «სეკვესტრირებულის სეკვესტრირების» პრობლემა, სანამ საქართველოს არ ექნება ნამდვილი საზღვარი და ნამდვილი კანონმდებლობა კონტრაბანდის წინააღმდეგ. კონტრაბანდით საქართველოში ათასობით (იქნებ ათიათასობით) ვილა აშენდა. ეს ვილები შეიძლება, ვეღარ დაინგრეს, მაგრამ უნდა დაინგრეს პირამიდა «წვრილი კონტრაბანდიდან» - «ბობოლა კონტრაბანდისტებამდე».
        არ არის გამორიცხული, ამჟამინდელი საბიუჯეტო-საბაჟო კრიზისი, ამ თვალსაზრისით, სერიოზული პროცესების ინიცირების სტიმულატორი გახდეს.

დილის გაზეთი, 6 აპრილი, 2001 წელი