აფსუა სეპარატისტები სამშვიდობო ძალების გაყვანით გვემუქრებიან

აფსუა სეპარატისტები სამშვიდობო ძალების გაყვანით გვემუქრებიან

      სეპარატისტთა «პარლამენტმა», რომელსაც არძინბას გადაწყვეტილებით «სახალხო კრება» დაერქვა, უკანასკნელ სესიაზე მიიღო დადგენილება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანის თაობაზე(?!) თურმე, ისინი «ცუდად ასრულებენ მესაზღვრეთა ფუნქციას და არ იბრძვიან ქართული პარტიზანული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ზუგდიდის რაიონიდან შედიან აფხაზეთის ტერიტორიაზე».
    როგორც ჩანს, პარტიზანებმა აფსუა ფაშისტებს ისე გაუმწარეს სიცოცხლე, რომ მათ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს ან იძულებულნი გახდნენ, ასე მოქცეულიყვნენ, რაკი სხვა გზა და გამოსავალი არ დარჩათ.
    თუ აფხაზური მხარე მოითხოვს სამშვიდობო ძალების გაყვანას, რუსებმა ენგურის აუზი უნდა დატოვონ. სწორედ ამას ითვალისწინებს სამმხრივი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც «ცისფერჩაფხუტიანები» კონფლიქტის ზონაში შემოვიდნენ.
    დღემდე არძინბას რეჟიმი ყოველთვის თავს არიდებდა რუსეთის წინააღმდეგ დემარშებს, ვინაიდან ეს «აგულიანებდა» ქართულ მხარეს, განსაკუთრებით კი - ქართველ პარტიზანებს. მათ შეიძლებოდა ეფიქრათ, რომ «რუსები არც ისე აქტიურად უჭერენ მხარს არძინბას რეჟიმს» და მათ მოქმედების გააქტიურების საშუალება ეძლეოდათ (უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით). მაგალითად, როდესაც შარშან მდინარე ფსოუს გადალახვისას რუსმა მესაზღვრეებმა რამდენიმე აფსუა მოკლეს, არძინბას რეჟიმმა ეს ფაქტი დამალა, რათა არ დაფიქსირებულიყო დაპირისპირება «რუსეთსა და აფხაზეთს» შორის, რაც «ფრთებს შეასხავდა» პარტიზანებს და საერთოდ, ქართულ მხარეს იმედს ჩაუნერგავდა;
    მაგრამ დღეს არძინბა რუსეთის გაღიზიანებასაც აღარ ერიდება. ეს უეჭველად იმაზე მიუთითებს, რომ მისი საქმე ძალიან ცუდად არის. რამდენიმე დღის წინ სოხუმში ჩატარდა «მთიელთა რესპუბლიკის» 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი, რაც ნამდვილად არ ეპიტნავებოდა მოსკოვს, ვინაიდან «მთიელთა რესპუბლიკა» რუსებს სეპარატისტულ წარმონაქმნად მიაჩნდათ და მიაჩნიათ. ამასთან, სამშვიდობო ძალების გაყვანა სერიოზულად ლახავს რუსეთის პრესტიჟს; თანაც ინიციატორია არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ აფსუა რეჟიმი. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კრემლმა «პოსტსაბჭოურ სეპარატისტთა» ნდობაც დაკარგოს - მისთვის ესეც ძალზე არასასურველია სწორედ სტრატეგიული თვალსაზრისით.
    ოღონდ აქ ერთი სერიოზული საფრთხეც არსებობს. რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ყურად იღონ სეპარატისტთა თხოვნა და წამოიწყონ «ერთობლივი ოპერაციები» პარტიზანთა წინააღმდეგ. მით უმეტეს, ერთ-ერთი დოკუმენტი მათ ამის საშუალებას აძლევს. ამიტომ «ტყის ძმებსა» და «თეთრ ლეგიონს» სიფრთხილე მართებს - თავად არ უნდა დაესხან თავს მშვიდობისმყოფელებს, მაგრამ შეტევის შემთხვევაში რაც შეიძლება მტკიცედ უნდა დაუდგნენ, რათა საქართველოს ხელისუფლებას საშუალება მისცენ - რუსეთს ბრალი დასდოს «გალის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომაშსტაბიანი ომის გაჩაღებაში».

მერიდიანი, 18 მაისი, 1998 წ.