კვირის მიმოხილვა: ჩეჩენი მგელი ქართველი პრეზიდენტის რეზიდენციაში

  კვირის მიმოხილვა: ჩეჩენი მგელი ქართველი პრეზიდენტის რეზიდენციაში

    ჩეჩნეთის «რესპუბლიკა იჩქერიის» ამჟამინდელი ლიდერის, ასლან მასხადოვის ვიზიტი საქართველოს დედაქალაქში რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს მხარეები თითქოს შეთანხმდნენ (განსაკუთრებით თვით ჩეჩნური მხარე აქტიურობდა), რომ შეხვედრა გაიმართებოდა 20 აგვისტოს. ეს შეთანხმება აგვისტოს დასაწყისში იქნა მიღწეული, მაგრამ 14 აგვისტოს ევგენი პრიმაკოვმა თბილისში დიპლომატიური სპექტაკლი დადგა - მოულოდნელად ჩამოიყვანა ვლადისლავ არძინბა და აიძულა საქართველოს პრეზიდენტი, ახალი რეალობებისა და პოლიტიკური სქემებისათვის ანგარიში გაეწია. ამ სქემებში კი არანაირად არ თავსდებოდა (ყოველ შემთხვევაში თავდაპირველად ასე ჩანდა) მასხადოვის მოწვევა, ვინაიდან ასეთ ნაბიჯს შეეძლო გაეღიზიანებინა რუსეთის ხელისუფლება და ჩაეშალა კომპრომისი, რომლისთვისაც შევარდნაძე ფსიქოლოგიურად უკვე მზად იყო.
    მაგრამ არძინბას ვოიაჟთან დაკავშირებულმა უარყოფითმა რეაქციამ (არა მხოლოდ ლტოლვილებში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც) ედუარდ შევარდნაძე აშკარად შეაშფოთა. მან იგრძნო, რომ საზოგადოებრივ განწყობაში დაირღვა ის ბალანსი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში რუდუნებით აგებდა «დაპირისპირებულ არგუმენტთა» ურთიერთთანასწორობის მეთოდით; ამიტომ ლტოლვილთა ყრილობაზე (რაც ნიშანდობლივია) პრეზიდენტმა განაცხადა, რომ «უახლოეს დღეებში მოიწვევდა ჩეჩნეთის ლიდერს საქართველოში». თუმცა, ამ საკითხშიც სრულად იყო დაცული პოლიტიკური და დიპლომატიური ტექნოლოგია: რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა კონსულტაციები თბილისსა და მოსკოვს შორის - მასხადოვის მომავალი ვიზიტის თაობაზე. საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა თავი დაეღწია შესაძლო გართულებისაგან და რაკი ოფიციალურად ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილია, - წინასწარ შეეთანხმებინა ვიზიტი რუსეთის უშიშროების საბჭოსთან.
    ბოლოს და ბოლოს, ოფიციალური თბილისისათვის ნათელი გახდა, რომ მოსკოვში მასხადოვ-შევარდნაძის შეხვედრას დიდი აღფრთოვანებით არ აღიქვამდნენ, მაგრამ არც განსაკუთრებით ნეგატიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. პირიქით - მადლობაც კი შემოუთვალეს შევარდნაძეს იმისთვის, რომ «წინასწარ ჩააყენა საქმის კურსში ფედერალური მთავრობა რუსეთის ფედერაციის სუბიექტთან კონტაქტის თაობაზე». მხოლოდ ამის შემდეგ გახდა მასხადოვის ვიზიტი შესაძლებელი.
    უნდა აღინიშნოს, რომ ჩეჩნეთის ლიდერის სტუმრობა საქართველოში ორდინალური მოვლენა ნამდვილად არ არის. საქართველოსა და ჩეჩნეთს ამ დონეზე კონტაქტი საერთოდ არ ჰქონიათ, თუ არ ჩავთვლით დევნილ პრეზიდენტ გამსახურდიას დასახლებას გროზნოში, 1993 წელს შევარდნაძისა და დუდაევის მოულოდნელ შეხვედრას ბაქოში და XIX საუკუნის ერთ საინტერესო ეპიზოდს: სხვათა შორის, კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა ჩეჩნეთის პრეზიდენტს წინანდალში უმასპინძლა, - სწორედ იმ მამულში, საიდანაც დაღესტან-ჩეჩნეთის იმამ შამილმა საუკუნენახევრის წინ ჭავჭავაძეთა გვარის რამდენიმე მზეთუნახავი მოიტაცა – იმ სახლის წარმომადგენელთა სამარცხვინოდ.
    საქართველოში ამ ვიზიტს (როგორც საერთოდ გვჩვევია) ერთგვარი რომანტიკული ილუზიებით ელოდნენ - ჩეჩენი ხალხის უდავო ვაჟკაცობა და გმირობა ქართველებსაც იმედით აღავსებს, - მით უმეტეს, რომ ჩეჩნები საქართველოსათვის თბილ სიტყვებს არ იშურებენ და დღენიადაგ საუბრობენ «სტრატეგიულ თანამშრომლობაზე». მაგრამ სინამდვილეში, აქ უფრო რთულად არის საქმე. ჩეჩენი მებრძოლები მართლაც რომანტიკოსები არიან - იმ აზრით, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვიან თავისუფლებისათვის და მათი დამმარცხებელი რუსეთის არმიაც კი არ აღმოჩნდა. მაგრამ ჩეჩენი პოლიტიკოსები ყოველთვის (ამჟამადაც) პრაგმატიკოსები იყვნენ. ისინი ცივი გონებით, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური «გამორჩენის» თვალსაზრისით იხილავენ ნებისმიერ პოლიტიკურ პრობლემას.
    არსებობს აგრეთვე ისტორიული ტრადიცია, რომელსაც ჩეჩნური პოლიტიკა არასდროს უღალატებს. თუ მაგალითად, ვინმეს საქართველოში იმედი აქვს, რომ ჩეჩნები ოდესმე მხარს დაუჭერენ საქართველოს - აფხაზეთის პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტაში, ძალიან ცდება. ჩეჩნები აფხაზებს აღიქვამენ, როგორც მონათესავე და მოძმე ხალხს; გარდა ამისა, წარმოუდგენელია ჩეჩნებმა თავად შექმნან «მცირე კავკასიელი ხალხის დაჩაგვრის პრეცედენტი» - თავადაც ხომ მცირე ერი არიან და «მთიელთა სოლიდარობას» (მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელებმა ქმედითი დახმარება არ აღმოუჩინეს ომის დროს), უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე საქართველოსთან მეგობრობას. თუმცა, რასაკვირველია, არც იმის წინააღმდეგნი იქნებიან, საქართველოსთანაც იმეგობრონ და აფხაზებიც არ გაანაწყენონ.
    მასხადოვის მიზანიც ეს იყო: საქართველოში ვიზიტი მას თურქეთისა და (ზოგადად) მსოფლიოსაკენ ფანჯრის გასაჭრელად ესაჭიროება, მაგრამ ცდილობს აფხაზთა თვალშიც არ «დაკარგოს ქულები». პირველივე დღეს, ჩეჩნეთს მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ერთობლივი კომუნიკედან ამოიღეს პუნქტი, რომელშიც ნათქვამი იყო: «საქართველოს ხელისუფლება ემადლიერება ჩეჩნეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის». ჩეჩნებმა ეს იმით ახსნეს, აქაოდა «ამ შემთხვევაში ნეიტრალური მომრიგებლის როლს ვერ შევასრულებთო». უფრო მეტიც: კომუნიკედან საერთოდ ამოღებულია აფხაზეთის ხსენება, რაკი იმ აბზაცში ნათქვამი იყო: «მხარეები აღნიშნავენ, რომ ბოლოდროინდელი სამწუხარო მოვლენების შედეგად გაჩნდა ბზარი ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობებში, მაგრამ შეხვედრის მონაწილენი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა ეს «შავი ფურცელი» ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობებში გადაიშალოს».
    კრწანისის რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მასხადოვმა განაცხადა, რომ მას სულაც არ აინტერესებს როგორ შეაფასებენ მის ვიზიტს მოსკოვში, ვინაიდან «ჩეჩნეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.»
    რაც შეეხება აფხაზეთს, მისი თქმით, «აფხაზეთი კავკასიის პრობლემაა» და საერთო კავკასიური სახლის კონტექსტში უნდა გადაწყდეს. Абхазия должна определится сама. ეს სიტყვები ძალიან ეშმაკური და ჭკვიანური ქვეტექსტით ითქვა: ქართველებს ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდათ, თითქოს მასხადოვი გულისხმობდა აფხაზების არჩევანს კავკასიის სასარგებლოდ - რუსეთთან თანამშრომლობის უარყოფის პირობით, ხოლო აფხაზები გაიგებდნენ ისე, თითქოს მასხადოვი საუბრობდა მათ თვითგამორკვევაზე. ორივე შემთხვევაში მასხადოვი მიაღწევდა მიზანს - არც ქართველებს აწყენინებდა და აფხაზებსაც შთაუნერგავდა ჩეჩნების მომავალი მხარდაჭერის იმედს. თანაც, არცთუ უსაფუძვლოდ.
    ასლან მასხადოვის საქართველოში სტუმრობის მეორე დღეს, ჩეჩენი სტუმრები მასპინძლებმა პანკისის ხეობაში მიიპატიჟეს, სადაც კომპაქტურად სახლობენ ქისტები. ადგილობრივმა მოსახლეობამ ხეობაში ნამდვილი ზეიმი გამართა. ჩეჩნეთის პრეზიდენტს მგლის ლეკვი აჩუქეს; მასხადოვმა ამ მომენტში ერთადერთხელ გაიღიმა ადამიანურად - ჩეჩნებისათვის მგელი ლამის «ღვთაებრივი ცხოველია», რომელიც (მათი აზრით) საუკეთესო ადამიანურ თვისებებს განასახიერებს: სიმამაცეს, შეუპოვრობას და ... (მიაქციეთ ყურადღება) მომავლის რწმენას».
    მგლის ლეკვი მასხადოვის დაცვამ ჩაიბარა. მათი თქმით, იგი იჩქერიის პრეზიდენტის რეზიდენციაში დაიდებს ბინას. შეიძლება ითქვას, ეს ვიზიტის ერთადერთი ხელშესახები შედეგია, - სხვა მხრივ, მასხადოვმა თბილისსა და წინანდალში გამართულ მოლაპარაკებებზე ბევრს ვერაფერს მიაღწია - მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: «მთები დავამდაბლოდ, ან გავბურღოთ და ჩვენი ხალხები ასე დავაახლოვოთო», მაგრამ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მხოლოდ რუსეთის მთავრობის წინასწარი თანხმობით შეიძლება დაიწყოს. ჩეჩნებმა ესეც საკუთარ თავს (ან აფხაზებს) უნდა დააბრალონ.

აფხაზი მოჰაჯირები სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებიან?

    გასულ კვირას ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ძალზე საინტერესო ცნობა, რომელსაც საქართველოში ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება. ამ ინფორმაციის თანახმად აფხაზეთის სეპარატისტულ პარლამენტში მზადდება კანონპროექტი «დეპორტაციის აქტის» თაობაზე. იგი ეხება XIX საუკუნის 60-70-იან წლებში აფხაზეთიდან რუსეთის მიერ გასახლებულ აფხაზთა ბედს. თურქეთში გადახვეწილ აფხაზებს (ისევე, როგორც ყველა დევნილ კავკასიელს) «მოჰაჯირები» ეწოდებათ, ხოლო თვით დეპორტაციის აქტს - «მოჰაჯირობა». ანუ, სოკრატ ჯინჯოლიას პარლამენტი აპირებს მიიღოს კანონი «მოჰაჯირობის შესახებ».
    წინასწარი მონაცემებით, კანონი მოაწესრიგებს აფხაზეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას დეპორტირებულ აფხაზთა შთამომავლებთან, განსაზღვრავს მათ უფლებებს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში (მიწის ნაკვეთები, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილი და ასე შემდეგ) და, მთლიანობაში, შექმნის იურიდიულ ბაზას ასოცი წლის წინ წარმოშობილი პრობლემის გადასაწყვეტად.
    რა თქმა უნდა, აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფალნი (ისევე, როგორც მათი ჩეჩენი კოლეგები) ცივი რაციონალისტები არიან და კარგად ესმით: მოჰაჯირობა ისტორიულად შეუქცევადი ფაქტია და მისი შედეგების გამოსწორება შეუძლებელია: თურქეთში გასახლებულ აფხაზთაგან უდიდესი ნაწილი «გათურქდა» - იმ აზრით, რომ ისინი დღეს თურქეთის ერთგული მოქალაქეები არიან და, საეჭვოა, სამუდამოდ აფხაზეთში დასახლება ინდომონ. ბევრ მათგანს ენაც დავიწყებული აქვს და ეროვნული ფესვებიც; სამაგიეროდ, ის მცირე ნაწილი, რომელიც მაინც მოინდომებს აფხაზეთში დაბრუნებას, უეჭველად იქცევა მნიშვნელოვან არგუმენტად თურქეთის მხარდაჭერის მიღებისა და ქართველი ლტოლვილების პრობლემათა ნიველირებისათვის.
    აფხაზები ჯერჯერობით არ საუბრობენ ამაზე (რათა რუსეთი არ განარისხონ უნებლიედ - ავტ.), მაგრამ მათი არგუმენტაცია ძნელი განსაჭვრეტი არ არის: აფხაზი მოჰაჯირის შთამომავალიც ლტოლვილია, - იგი რუსეთმა გააძევა თავისი მიწა-წყლიდან XIX საუკუნეში, ამიტომ აქვს უფლება სამშობლოში დაბრუნდეს.
    არძინბა და მისი ხროვა, რომელიც რეალურ ძალაუფლებას ფლობს დღევანდელ აფხაზეთში, საკუთარი სურვილისა და შეხედულებისამებრ დააწესებს «საიმიგრაციო კვოტებს» - ეს აფხაზური სეპარატიზმის საბოლოო მიზანია: არავინ დაიჯეროს, თითქოს მათთან რაიმე კომპრომისის მიღწევა შეიძლებოდა 1989 ან 1992 წელს - აფხაზები თავს დაკმაყოფილებულად იგრძნობდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიას გაწმენდენ ქართველებისაგან და შექმნიდნენ პირობებს «თურქეთში გასახლებული ძმების» დასაბრუნებლად.
    მაგრამ ამ პროცესმა შეიძლება აფხაზების საწინააღმდეგოდაც იმუშაოს, ვინაიდან ნამდვილად გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას. თურქეთში ხომ არა მხოლოდ აფხაზი მოჰაჯირები ცხოვრობენ - ჩრდილოეთ კავკასიიდან დევნილთა მილიონამდე შთამომავალი (ადიღეველები, ყაბარდოელები, დაღესტნელები, ჩეჩნები) ელის რუსეთის საბოლოო გაძევებას, რათა «წინაპართა სამშობლო» აითვისოს.
    გარდა ამისა, აფხაზეთში მოჰაჯირთა დაბრუნება ქმნის რუსეთისათვის უსიამოვნო პრეცედენტს, - როდესაც მის გეოპოლიტიკურ არეალში მასობრივად აღწევს (და მკვიდრდება) სრულიად უცხო სოციალური ელემენტი.
    თავად განსაჯეთ: ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფაქტობრივად არ არსებობს რამდენადმე მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფი, რომელმაც (ვთქვათ) რუსული ენა არ იცოდეს მასობრივად და რუსეთის «ერთიან ცნობიერ არეალში» არ იყოს ნაწრთობი.
    რუსეთისთვის ეს კატასტროფა, რასაკვირველია, არ იქნება, მაგრამ მაინც ძალზე უსიამოვნო ფაქტია. არძინბამ ეს იცის, ამიტომაც არაფერს ამბობდა «მოჰაჯირებზე» ბოლო დრომდე. თუ გახსოვთ, სოხუმში პირველი სატელევიზიო ინტერვიუს დროსაც «სიტყვა ბანზე აუგდო» ქართველ ჟურნალისტებს, როდესაც მათ «მოჰაჯირობის თაობაზე» ჰკითხეს. მიუხედავად ამისა, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უეჭველად იმის მანიშნებელია, რომ აფხაზური სეპარატიზმი სულ უფრო იმტკიცებს პოზიციებს და აშკარად ემზადება საუკუნოვანი ოცნების აღსასრულებლად.

ოსები დამოუკიდებლობის იუბილესათვის ემზადებიან

    შევარდნაძე-არძინბას შეხვედრამ შესაძლოა კიდევ ერთი პრეცედენტი შექმნას: ცხინვალელ ოსთა ლიდერი, ლუდვიგ ჩიბიროვი «გულმხურვალედ მიესალმა» უმაღლესი დონეზე დიალოგს საქართველოსა და აფხაზეთის პრეზიდენტებს შორის» და სურვილი გამოთქვა თავადაც შეხვედროდა ედუარდ შევარდნაძეს. მაგრამ როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა კონკრეტულ თარიღსა და ადგილზე დაიწყო საუბარი, მისმა ოსმა «კოლეგამ» უმალვე იუკადრისა: ჯერ ერთი, თუ შევხვდები ვლადიკავკაზში შევხვდები; გარდა ამისა, ახლა არ მცალია - «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» 7 წლისთავი (!) უნდა ვიზეიმოთო.
    ძალზე ნიშანდობლივი და ჭკუის სასწავლებელი ფაქტია: 7 წლის წინ (1990 წლის 20 სექტემბერს) სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ გამოცახადა «სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაფუძნება» - საქართველოს სსრ შემადგენლობაში. სხვათა შორის, ეს მოხდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე, ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია. დღეს კი ოსები ზეიმობენ არა «ავტონომიური რესპუბლიკის» იუბილეს, არამედ «რესპუბლიკის» გამოცხადების 7 წლისთავს. ამ რესპუბლიკას კი (ჩიბიროვის აზრით) ჯერჯერობით საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ მომავალში უნდა მოილაპარაკონ «სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე» უმაღლესი დონის შეხვედრის დროს - ვლადიკავკაზში.

დილის გაზეთი, 2 სექტემბერი, 1997 წ.