ბორის კაკუბავა კვლავ შიმშილობს

ბორის კაკუბავა კვლავ შიმშილობს

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა ყოველი «სამიტის» წინ საქართველოს ხელისუფლება განწირულ აქტიურობას ამჟღავნებს.
    მისი მიზანია, როგორმე ლტოლვილები და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი დაარწმუნოს, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტამდე «ერთი ნაბიჯიღა, ერთი ხელის გაწვდენაღა» დარჩა. ამით შთაუნერგოს იმედი გაუბედურებულ ადამიანებს და თავიდან აიცილოს დესტაბილიზაცია.
    პრობლემის არსი კი ის არის, რომ «აფხაზეთის დაბრუნება» საქართველოს ხელისუფლების ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. უფრო მეტიც: იგი აღარც იმ პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რომელსაც ეს ხელისუფლება გაატარებს. კავკასიაში მსოფლიო ძალთა განლაგებამ და პოლიტიკურმა რეალიებმა საქართველოს მთლიანობა ობიექტურ პროცესთა ტალღაზე შეაგდო, - თუ ეს პროცესები საქართველოს სასარგებლოდ «იმუშავებს», აფხაზეთის დაბრუნება (გარკვეული პერიოდის შემდეგ) რეალური გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგულად უნდა მივიჩნიოთ.
    ედუარდ შევარდნაძის ძალისხმევა სწორედ აქეთკენაა მიმართული: დამარცხებული ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობს იმგვარი პოლიტიკა გაატაროს, რომ ზემოხსენებულმა ობიექტურმა პროცესებმა აფხაზური სეპარატიზმი ჩიხში მოაქციოს, რაკი «სხვა გზა არ არის» და რაკი ძალით (ომის განახლებით) საქართველოს აფხაზეთის დაბრუნება, როგორც ჩანს, არ ძალუძს.
    ეს პოლიტიკა ოპტიმალურია. ყოველ შემთხვევაში, გონიერი, დასაბუთებული და არგუმენტირებული ალტერნატივა მას, ჯერჯერობით, არ აქვს. გასულ კვირას «ნეზავისიმაია გაზეტაში» გამოქვეყნებულმა «მოხსენებამ», რომლის ავტორები (ზატულინი და მიგრანიანი) რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ პირდაპირი აგრესია წამოეწყო საქართველოს წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში არაფერი შეცვლილა 1991 და 1993 წლების შემდეგ. ელცინის ხელისუფლება უმძიმეს კრიზისშია; ქვეყანა გაფიცვებმა მოიცვა; ნატოს გაფართოების საკითხში ვერავითარი კომპრომისი ვერ შედგა; რაც მთავარია, თვით რუსულ საზოგადოებაში იჩინა თავი იმედგაცრუებისა და დეპრესიის, სულიერი აპათიის ნიშნებმა - ხდება იმ ფასეულობათა დევალვაცია, რომელთა მეშვეობითაც არათუ მხოლოდ ელცინი, არამედ მთლიანად, მთელი დღევანდელი ისტებლიშმენტი მოვიდა სახელმწიფოს სათავეში. ალექსანდრე სოლჟენიცინმა ზუსტად შენიშნა და უკვე განაცხადა: რუსეთში მწიფდება ვითარება სამოქალაქო ომზე უფრო საზარელი მოვლენისთვის, - «ქვედა ფენების» უმიზნო და უაზრო ამბოხმა (მთლიანად ელიტის წინააღმდეგ) ქვეყანა შეიძლება ისევ დააბრუნოს დიქტატურის ეპოქაში.
    ამ პირობებში «ელცინისა და კამპანიისთვის» ნამდვილი «მისწრება» იქნებოდა ახალი ომი აფხაზეთში, რომლის მეშვეობითაც კვლავ შეძლებენ «არასრულფასოვნების კომპლექსით» დაავადებული, დამცირებული რუსული საზოგადოების ბოღმა, მისი ველური ენერგია მიმართონ საქართველოს წინააღმდეგ და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიაღწიონ წარმატებას: შეამცირონ დაძაბულობა ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩაშალონ «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირების პროექტი და თვალნათლივ დაუმტკიცონ დასავლეთს, რომ კრემლის სპეცსამსახურებს კიდევ ძალუძთ მასშტაბური ოპერაციების განხორციელება ამა თუ იმ რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისთვის.
    ზოგიერთი შეიძლება შემედავოს: ამ გეგმის განსახორციელებლად ხომ საკმარისია რუსეთმა თავად გაიყვანოს სამშვიდობო ძალები ენგურის სანაპიროდან (რაც უეჭველად გამოიწვევს ომის განახლებას)?! მაგრამ ეს მეტისმეტად «გააშიშვლებს» რუსეთის პოლიტიკას და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომლებიც ამის შემდეგ ძნელად თუ ირწმუნებენ რუს «მშვიდობისმყოფელთა» გულწრფელობას.
    სხვა საქმეა, თუ ომი განახლდება მას შემდეგ, რაც «სამშვიდობო ჯარის» გაყვანას თვით საქართველო მოითხოვს და «ჩრდილოელ მეზობელთან» ხანგრძლივი პოლიტიკური კონფლიქტის შემდეგ მიაღწევს კიდეც საწადელს.
    სწორედ ეს არის «აფხაზური კვანძის» სირთულე - ძალისმიერი გზით საქართველო ვერ წავა (ვინაიდან რისკი მეტისმეტად დიდია), ხოლო პოლიტიკური მეთოდებით «კვანძის გახსნა» ვერ მოხერხდება - აფხაზური მხარე ომში გამარჯვებით მოპოვებულს უომრად არ დათმობს. ეს ბუნებრივიცაა: სხვაგვარ პრეცედენტს მსოფლიო ისტორია არ იცნობს და საქართველო (აფხაზეთი) გამონაკლისი ვერ გახდება.
    ობიექტური პოლიტიკური პროცესების დინებამ აფხაზეთის გარშემო მართლაც შეიძლება შექმნას ვითარება, რომლის გამოც ეს ტერიტორია კვლავ აღმოჩნდა საქართველოს შემადგენლობაში 1931 წელს (თურქეთისა და რუსეთის სამსაუკუნოვანი ოკუპაციის შემდეგ).
    საბჭოთა კავშირის შექმნა რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე არ იყო მხოლოდ ოკუპაციისა და ანექსიის შედეგი, - იმავდროულად ეს იყო შედეგი ერთგვარი «ისტორიული კომპრომისისა» სხვადასხვა ეროვნების კომუნისტურ ელიტათა შორის! კომპრომისის საფუძველი გახდა ზემძლავრ სახელმწიფოში იმგვარი «წონასწორობის» შექმნა, რომელიც ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა გარკვეულ ბალანსს ეფუძნებოდა. «ეროვნული მოძრაობის» დასაწყისში არაფრით არ გვსურდა იმის გაგება, რომ აფხაზეთის საქართველოში «დაბრუნება» მართლაც იყო ქართველ კომუნისტთა «დამსახურება», რომელთაც მიაღწიეს კომპრომისს იმდროინდელ მოსკოვურ «ელიტასთან», - ოღონდ კომპრომისის საფუძველი გეოპოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ინტერესები იყო და არა ურთიერთსიმპათია.
    დღეს კავკასიაში «მსოფლიო ძალთა ბალანსმა» შეიძლება კვლავ მოითხოვოს ამგვარი კომპრომისი. «ახალქართული ელიტა» ამაზე უეჭველად წავა. ისევე, როგორც ახალი «მოსკოვური» ელიტა - აფხაზური სეპარატიზმი კი, ამ შემთხვევაში უმოწყალოდ გაისრისება გეოპოლიტიკურ ძალთა გავლენით.
    ვლადისლავ არძინბას ყოველივე ეს შესანიშნავად ესმის. დღემდე მას არც ერთი ტაქტიკური შეცდომა არ დაუშვია. თუმცა, მისი «თვითმარქვია რესპუბლიკის» (და აფხაზი ხალხის) ბედი იმავე ობიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. არძინბა (ისევე, როგორც შევარდნაძე) ფაქტობრივად უმოქმედოდ ელის მოვლენათა განვითარებას, - მან უკვე გააკეთა ყველაფერი საქართველოს ამ ძირძველი კუთხის ჩვენი ქვეყნისაგან მოსაგლეჯად, მაგრამ აფხაზეთის «დამოუკიდებლობა», ისევე, როგორც «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა» ობიექტური ფენომენის შემცველი პრობლემაა და არა სუბიექტურისა.
      

ბორის კაკუბავა კვლავ შიმშილობს

    დსთ-ის მოსკოვის სამიტზე მიღწეული შეთანხმების ფონზე, შიდაპოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში (უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის დედაქალაქში) უეჭველად შემცირდება. 3 აპრილისთვის დანიშნული პარლამენტის საგანგებო სხდომა უსაგნო გახდა, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანო ვერ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას მანამ, სანამ არ გაირკვევა, რამდენად რეალურია «მეთაურთა საბჭოს» სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება.
    მართალია ოპოზიცია მაინც შეეცდება დისკუსია გამართოს, მაგრამ, ჯერ ერთი, თვით ამ ოპოზიციაშიც უკვე აშკარა განხეთქილებაა. გარდა ამისა, «უმრავლესობა» დასაბუთებულად მოითხოვს დებატების გადატანას მაისის პირველი რიცხვებისთვის, ხოლო ნებისმიერი საწინააღმდეგო მოსაზრება წააწყდება კონტრარგუმენტს: «თქვენი რადიკალიზმით შეიძლება ჩაშალოთ ლტოლვილთა დაბრუნება და რუსეთთან კომპრომისის მიღწევა».
    მიუხედავად იმისა, რომ გერმანე ფაცაცია კატეგორიულად უარყოფს ფრაქცია «აფხაზეთში» განხეთქილების არსებობას, სავსებით ნათელია, რომ ამ ფრაქციის ერთ-ერთი წევრი (კერძოდ, ბორის კაკუბავა) უკვე ვეღარ «თავსდება» ფრაქციის «ლიბერალური ნაწილის» წამოწყებულ საპროტესტო აქციაში და ძალუმად მიიწევს ქუჩისკენ.
    პარლამენტართა შიმშილობას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში იმთავითვე ორაზროვანი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ» (ბორის კაკუბავა სწორედ ამ პარტიის ძალზე გავლენიანი წევრია), კერძოდ თამარ ჩხეიძემ თავიდანვე ეჭვი გამოთქვა იმის გამო, რომ შიმშილობის აქცია არ იყო მიმართული ხელისუფლების წინააღმდეგ. ბორის კაკუბავა სწორედ ამ პოზიციის გამომხატველია - მას არასდროს სჯეროდა იმისა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით შესაძლებელი იყო აფხაზეთის დაბრუნება.
    მაგრამ, როგორც ჩანს, მას ბოლო დროს ეჭვი გაუჩნდა: ედუარდ შევარდნაძემ მაინც შეიძლება მიაღწიოს კომპრომისს რუსეთთან (სწორედ რუსეთთან და არა აფხაზებთან); აქ ბორის კაკუბავას შესაძლოა იმის ეშინოდეს, რომ მისთვის ესოდენ საძულველი «აფსუა სეპარატისტები» ამ კომპრომისის უნებლიე მონაწილეებად იქცევიან, ხოლო კაკუბავა მათ თვალში «აფხაზი ერის უპირველესი მტერია».
    კაკუბავას კი უბრალოდ, «აფხაზეთის დაბრუნება» როდი სურს, - მისი მიზანია სასტიკად იძიოს შური, ანუ გამარჯვებული დაბრუნდეს აფხაზეთში. ამ თვალსაზრისით, კაკუბავა «ომის პარტიის» ლიდერია. ეს არის ძალზე უცნაური პარტია, რომელსაც, ფაქტობრივად, მხოლოდ თავმჯდომარე და რიგითი წევრები ჰყავს.
   
   

ირინა სარიშვილის განცხადებამ პოლიტიკური სპექტრი გამოაცოცხლა

    «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» თავმჯდომარის განცხადებამ, რომლითაც მან შოთა კვირაიას რუსეთის საგარეო დაზვერვის «აგენტობაში» დასდო ბრალი, გასულ კვირასაც იწვევდა «რგოლებს» ქართულ პოლიტიკურ მორევში. თქვენ წარმოიდგინეთ, პრეზიდენტის «ბოსტნისკენ» ნასროლმა ქვამ ისეთი ფიგურებიც კი წამოატივტივა, რომლებიც თითქოს საბოლოოდ ჩაითრია ამ მორევმა და გამოცოცხლების არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდათ.
    უკვე სავსებით ნათელია: ამჯერად ირინა სარიშვილი-ჭანტურიას «გასროლა» მიზანს ასცდა: შოთა კვირაია ისეთი იმიჯის მქონე პარტიებმა და ფიგურებმა დაიცვეს, რომლებსაც თავადაც შეუძლიათ პრეტენზიები წამოუყენონ ედპ-ს ლიდერს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განცხადებამ ვერ შექმნა «კონცენტრირებული სტერეოტიპი», რომელიც ამა თუ იმ ფიგურის საბოლოო და სამუდამო დისკრედიტირებისთვისაა საჭირო. უფრო მეტიც, კვირაიას წინააღმდეგ მიმართულმა ბრალდებამ ფრაქცია «აფხაზეთიც» გაანაწყენა და საპროტესტო აქციის სხვა გულშემატკივრებიც - თუ კვირაია «რუსეთის აგენტია», მაშინ გამოდის, ფრაქცია «აფხაზეთის» წევრებს პროვოკაციული აქცია ჩაუტარებიათ და ნებსით თუ უნებლიეთ «იმპერიის წისქვილზე დაუსხამთ» წყალი.
    თავად კვირაიაც საკმაოდ ჭკვიანურად მოიქცა და მაქსიმალურად შეეცადა თავისი მომგებიანი მდგომარეობა პოზიციათა განსამტკიცებლად გამოეყენებინა: საკმარისი იყო მას სარჩელი შეეტანა სასამართლოში ედპ-ს თავმჯდომარის წინააღმდეგ, რომ სკანდალი მისთვის ძალზე არასასურველ ელფერს მიიღებდა - დეპუტატ სარიშვილს იმუნიტეტი იცავს და, ასეც რომ არ იყოს, პრეზიდენტი საზოგადოებრივ ცნობიერებაში არ შექმნის იმ პრეცენდენტს, როდესაც «ეროვნული მოძრაობის» წარმომადგენელი ისჯება უშიშროების სამინისტროს წინააღმდეგ გამოთქმული «კრიტიკული მოსაზრების» გამო.
    გაჩუმებითა და «წყენის გადაყლაპვით» კვირაიამ მეტი მოიგო - თავად შეიძინა «მსხვერპლის» იმიჯი, - რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს.
    გარდა ამისა, ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინა მასობრივი ფსიქოლოგიის კიდევ ერთი თვისება - იგი ვერ იტანს ნეგატიურ სტერეოტიპთა ტირაჟირებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ «ხერხმა» გაჭრა იგორ გიორგაძის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ იქცა უშიშროების ყოფილი შეფი «მთავარ ტერორისტად» (არა პირიქით) - იგივე ხერხი შოთა კვირაიას წინააღმდეგ აღარ გამოდგება: პოლიტიკაში არ შეიძლება ორჯერ შეხვიდე ერთი და იმავე მდინარეში. თუმცა, თვით სარიშვილის იმიჯი იმის საშუალებას კი იძლეოდა, რომ ისტორია, რომელიც ერთხელ განვითარდა როგორც ტრაგედია, მეორედ არ განვითარებულიყო როგორც ფარსი.
    3 დეკემბრის საზარელმა მკვლელობამ «ბეწვზე გადარჩენილი» მსხვერპლის გარშემო განსაკუთრებული ორეოლი შექმნა - ირინა სარიშვილი შეიძლება საბოლოოდ დამარცხდეს, შეიძლება პოლიტიკურად წააგოს, თავადაც «ჩაიძიროს» ქართულ პოლიტიკურ ორომტრიალში, მაგრამ სასაცილო იგი უკვე აღარასდროს იქნება - ეს გამორიცხულია. სამაგიეროდ, სასაცილონი არიან სხვა «მოცურავეები», რომლებიც მორევის თავზე ამოტივტივებას ლამობენ.

ევროპის საბჭო ჯერ არ არის მზად საქართველოს მისაღებად

    საქართველოში ევროსაბჭოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს, როგორც ჩანს, უფრო პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე სიმბოლური. სიმბოლურად საქართველო უკვე გაწევრიანდა ამ ორგანიზაციაში, რომელიც ევროკავშირის გარშემო შექმნილ პირველ, ყველაზე შორეულ წრედ არის მიჩნეული.
    ამჟამად საქართველო სათათბირო ხმის უფლებით ესწრება ევროსაბჭოს სხდომებს, ხოლო ნამდვილი წევრობისთვის აუცილებელი კანონები ჯერ არ არის მიღებული. ესეც ერთგვარი «იურიდიული ბარიერია» - ევროკავშირში გასაწევრიანებლად ათი ათასი კანონის მიღებაა საჭირო და კანონთა გარკვეული ნუსხა ევროსაბჭოსთვისაც არსებობს.
    თუმცა ძირითადი, უმთავრესი მათგანი სულ რამდენიმეა: უპირველეს ყოვლისა, კანონი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. ამ კანონის გარშემო საქართველოში უცნაური ვითარება იქმნება, - თითქოს არავინ დავობს, რომ კანონი მისაღებია და სიკვდილით დასჯა უნდა გაუქმდეს (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამგვარი გადაწყვეტილება მორალურ უპირატესობას შესძენს საქართველოს სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან შედარებით). მაგრამ მიუხედავად საყოველთაო თანხმობისა, გადაწყვეტილების მიღებას ერთგვარი «ფსიქოლოგიური კომპლექსი» აკავებს, - თითქოს სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ «ქვეყანა დაიქცევა» და საქართველოს კვლავ კაციჭამიები დაეპატრონებიან.
    არადა, ევროსაბჭოში გაწევრიანება, მართლაც პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია საქართველოსთვის - ეს ორგანიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება იქცეს იმ ტრიბუნად, რომლიდანაც საქართველო მთელ ევროპას ეტყვის სიმართლეს რუსეთის პოლიტიკის შესახებ. ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრაში მონაწილეობა საშუალებას მოგვცემს სხვა ქვეყნებსაც ვთხოვოთ პოლიტიკური მხარდაჭერა - ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემების გადაწყვეტისას.
    განსხვავებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგრეთ წოდებული «საპარლამენტთაშორისო ასამბლეისაგან», რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესების შესაბამისად შეიქმნა და წელიწადში (ან ორ წელიწადში) ერთხელ იკრიბება, ევროპის საბჭო, ფაქტობრივად, მუდმივმოქმედი ორგანოა, რომლის მეშვეობით სავსებით შესაძლებელია ევროკავშირის ლიდერებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ერთგვარი ზემოქმედების მოხდენაც ევროპის საზოგადოებრივ აზრზე.
    თუ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით «ოფიციალური თბილისის» ორიენტირები შეიცვალა და პრობლემის გადასაწყვეტად სულ სხვა დოქტრინა ამოქმედდა (საშუამავლო მისიის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემით), ევროპის საბჭო შეიძლება იქცეს ტრიბუნად, რომელიც «დამცავი მექანიზმის» როლს შეასრულებს და რუსეთს არ მისცემს საშუალებას საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად იმოქმედოს საქართველოში.
    ამგვარი ტრიბუნის იგნორირება, ან მისი დაკარგვა, დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი იქნება ახლად შობილი სახელმწიფოსთვის! გარდა ამისა, სხვა ევროპული ორგანიზაციებიც იმის მიხედვით ააგებენ თავიანთ ურთიერთობას საქართველოსთან, თუ როგორი წარმატებით ჩააბარებს იგი გამოცდას ევროპული ინტეგრაციის «პირველ კურსზე».

დილის გაზეთი, 31 მარტი, 1997 წ.