თბილისის ხელისუფლებას ოსი კონტრაბანდისტები აშანტაჟებენ

თბილისის ხელისუფლებას ოსი კონტრაბანდისტები აშანტაჟებენ

        ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო სამსახურებმა, ოთხი თვის განმავლობაში გადაჭარბებით შეასრულეს.
        გადაჭარბება მინიმალურია – 2-3 პროცენტი. ესეც უეჭველად საბჭოთა ტრადიციაა, რომელიც სკრუპულოზურად სრულდება. საბჭოთა ეპოქაში რიგითი პიონერიც კი გეტყოდათ, რომ ჯართის შეგროვების გეგმა მეტისმეტი გადაჭარბებით არ უნდა შეასრულო, თორემ გეგმას უეჭველად გაგიზრდიან. მადლობის მისაღებად კი 2-3 პროცენტიანი გადაჭარბებაც საკმარისია.
        საგადასახადო-საბაჟო სამსახურთა «გმირობის» ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, ლარის დევალვაცია, სააქციზო მარკების შემოღება და ის ფაქტია, რომ, როგორც იქნა, დაიგეგმა რეალური ბიუჯეტი. შესაბამისად, გააქტიურდა საბაჟო სამსახური, რომელიც ცდილობს გადაკეტოს კონტრაბანდული არხები საქართველოში.
        მისმა მცდელობამ ე.წ. «სამხრეთ ოსეთში» დიდი მღელვარება და მძვინვარება გამოიწვია. რუსულ პრესაში გამოჩნდა «გობოზოვებისა და ძმათა მისთა» ალარმისტული სტატიები, რომლითაც ისინი გულაჩუყებულნი ამცნობენ რუსულ საზოგადოებრიობასა და რუსეთის ხელისუფლებას, რომ საქართველომ განაახლა «ფაშისტური ზეწოლა» სამხრეთ ოსეთის ხალხზე. მერედა, რაში გამოიხატება ამჯერად ეს «ფაშისტური აგრესია»? - იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გადაკეტოს კონტრაბანდული არხი და არ დაუშვას ქვეყანაში იაფფასიანი (დაუბეგრავი) ბენზინის შემოტანა!
        17 აგვისტოს რუსეთში აფეთქებული ფინანსური კრიზისი, რომელმაც ამ ქვეყნის ისედაც დაცემული ეკონომიკა საბოლოოდ დაანგრია – ნამდვილი «მისწრება» აღმოჩნდა «სამხრეთ ოსეთისათვის», ვინაიდან ფანტასტიკურად გაიაფებული საქონელი (უპირველესად საწვავი) სამხრეთ რუსეთიდან _ საქართველოსკენ დაიძრა. როკის გვირაბთან ოსი მებაჟეები შესანიშნავად «ბეგრავენ» ამ საქონელს თავიანთი «რესპუბლიკის» სასარგებლოდ, შემდგომ კი, ცხინვალიდან ათეულობით არხით მოდის საქართველოს შიდა რეგიონებისკენ, რომელთა გადაკეტვა და გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია: «სახელმწიფო საზღვარი» სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შორის, რა თქმა უნდა, არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს. მიუხედავად ამისა, ოსები ძლიერ შეაშფოთა თბილისის გადაწყვეტილებამ, შეეჩერებინა კონტრაბანდული ბენზინის ნაკადი და შეესრულებინა ბიუჯეტი.
        ჯერჯერობით ორივე მხარე მალავს, მაგრამ საქმე ხშირად შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მიდის. განსაკუთრებით ცხინვალის მისადგომებთან, სადაც ქართველი მებაჟეები, პოლიციელები და ოსი «ბოევიკები» პირისპირ დადგნენ იარაღით ხელში.
        «სამხრეთ ოსეთის» ლიდერებმა რამდენჯერმე პროტესტით მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას. პარალელურად (ვიმეორებ) მათ რუსულ პრესაში ატეხეს განგაში და ზოგადად სეპარატისტებისათვის დამახასიათებელ გაიძვერულ დემაგოგიას მიმართეს, აქაოდა, საქართველოს ხელისუფლებაც ხომ უცხადებდა პროტესტს რუსეთს, რომელიც კონტრაბანდულ სპირტს არ უშვებდა თავის ტერიტორიაზე, მაშ ამჟამად თავად რატომ ცდილობს «სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე» გამავალი ტრანზიტის შეჩერებასო? თითქოს «სამხრეთ ოსეთი» უკვე საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს ან საქართველო კრძალავდეს როკის გვირაბის გავლით ნავთობის შემოტანას (დაბეგვრის შემთხვევაში).
        საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი ოსი «პუბლიცისტი» პირდაპირ იმუქრება: თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს მცდელობას, აღკვეთოს ნავთობის იმპორტი (მაშასადამე, ოსების შიშით გორშიც ვერ გვიმოქმედია ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესები მოითხოვს – ავტ.), «სამხრეთ ოსეთი» მიიღებს საპასუხო ზომებს _ არ არის გამორიცხული მძევლების აყვანა ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე დაკავების შემთხვევაში!!!
        ხედავთ? ესე იგი, თუ ვთქვათ, საქართველოს პოლიცია დააკავებს გორის, ქარელის, მცხეთის რაიონების ტერიტორიაზე (თვით «სამხრეთ ოსეთზე» ხომ ლაპარაკი ზედმეტია) კონტრაბანდულ ნავთობს, რომელიც როკის გვირაბიდან შემოდის – ოსები საპასუხოდ მძევლებს აიყვანენ «სამხრეთ ოსეთში» - ცხინვალში, თამარაშენსა და ქურთაში. ოსეთიდან ცხინვალში შემოტანილი, შემდგომ კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრანსპორტირებული ბენზინი მათი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 2/3-ია.
        არის, რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალიც – დაიბეგროს ბენზინი როკის გვირაბთან საქართველოს საბაჟოს მიერ შეღავათიანი ტარიფით (მოლაპარაკება შეიძლება), შემდგომ კი გაიყოს ორივე მხარის სასარგებლოდ.
        მაგრამ ოსები ამას არასდროს დაეთანხმებიან, ვინაიდან ეს საქართველოს იურისდიქციის აღიარებას ნიშნავს. გაცილებით მიზანშეწონილად მიაჩნიათ შანტაჟი და მუქარა _ ქართველის დაჩაგვრასა და დაშინებას რა უნდა?
        გარდა ამისა, შესანიშნავად იციან ოსმა სეპარატისტებმა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული შიდა ქართლში ვითარების დესტაბილიზაციით. მით უმეტეს, სამაჩაბლოში ომის განახლებით, ვინაიდან ახლოვდება არჩევნები, ხოლო ამ რეგიონში სიტუაციის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დღემდე ხელისუფლების კოზირი იყო.
        საქართველოს ხელისუფლება უკვე იმდენადაა დაშინებული ოსი სეპარატისტების მუქარით, რომ ვერ გაბედა (თავად თქვა უარი) საკმაოდ მახვილგონივრულ გადაწყვეტილებაზე: საკმარისია აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ეთილირებული ბენზინის გაყიდვა, რომ «ოსეთის საბაჟო» ფუნქციას დაკარგავს, ვინაიდან როკის გვირაბის გავლით, რუსეთიდან სწორედ ეთილირებული ბენზინი შემოდის. თუ ვეღარ გაყიდიან «ქართველი ბიზნესმენები» (ჭეშმარიტად პატრიოტიზმისა და სამშობლოსადმი გულმხურვალე სიყვარულის «მაგალითნი») «ოსურ ბენზინს» საქართველოში, მაშინ აღარც მიმართავენ ოს კოლეგებს თხოვნით: «თქვენს საბაჟოზე, თქვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ ყველაფერს გადავიხდით, ოღონდ საქართველოში დაუბეგრავად ბენზინი შეგვატანინეთო».
        ყველაზე საოცარი ის გახლავთ, რომ ეს წინადადება (ეთილირებული ბენზინის გაყიდვის აკრძალვის შესახებ) ორჯერ მაინც განიხილეს «ფართო შემადგენლობით», - პრეზიდენტის თანდასწრებით, ყველამ მოიწონა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს ზემოთხსენებული მიზეზის გამო _ ოსი სეპარატისტების შიშით, ვაითუ, განგვირისხდნენ და სიტუაცია გაამწვავონო.
        არადა, ამ ხერხით (გარკვეული ხარისხისა და შემადგენლობის საქონლის გაყიდვის აკრძალვით) არა მხოლოდ ბენზინის პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, არამედ ნებისმიერი სხვა კონტრაბანდული საქონლისა, რომელიც დაუბეგრავად შემოდის როკის გვირაბით.
        მაგალითად, იმავე ხორბლის – სულ ერთია, მაინც არ იბეგრება და ბაზარს «ანგრევს».
        ზემოთ აღწერილი ვითარება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რა დღეშია დღეს საქართველო, რამდენად გვიჭირს საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა მხოლოდ იმიტომ, რომ «მცირე ხალხის დაჩაგვრა» არ დაგვაბრალონ.
        არადა, ისინი, ვინც ამას მაშინ (9 წლის წინ) გვაბრალებდა, დღეს ყოველნაირად უჭერენ მხარს სერბებს კოსოვოელი ალბანელების განადგურებაში.
        მაგალითად, ელენა ბონერ-ალიხანოვა კმარა.
        ეს დედაკაცი ამჟამად მოითხოვს კოსოვოს გაყოფას: მცირე ნაწილი – ალბანელებს, უდიდესი (ისტორიული მეტოხია) – სერბებს. მისი აზრით, მხოლოდ ასე იქნება საკითხის გადაწყვეტა სამართლიანი. საინტერესოა, ელენე ბონერ-ალიხანოვა ე.წ. «სამხრეთ ოსეთში» კონფლიქტის დროს რატომ არ მოითხოვდა ჯავის ჩრდილოეთით მდებარე ვიწრო ზოლის გადაცემას ოსებისათვის (საიდანაც ჩამოვიდნენ ცხინვალში), ხოლო ისტორიული შიდა ქართლის უდიდესი ნაწილისა, _ საქართველოსთვის?! მაშინ რატომ არ მიაჩნდა ეს სამართლიანად?!
        საქართველოს ხელისუფლება კი ჩიბიროვ-ძასოხოვის დუდუკზე ცეკვავს და სრულებითაც არ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ნამდვილად აქვს როკის გვირაბის ჩასაკეტად.
        მაგალითად, რატომ არ შეიძლება რუსეთს მოვთხოვოთ «ჩრდილო-ოსეთის» მხრიდან ჩაკეტოს როკის გვირაბი, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დავემუქროთ თბილისი-გროზნოს ავტომაგისტრალის ამოქმედებით?

7 დღე, 10 მაისი, 1999 წელი