საერთაშორისო მიმოხილვა. 21 დეკემბერი. 2021 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 დეკემბერი. 2021 წელი

აფხაზეთის ე.წ. `შინაგან საქმეთა მინისტრი`ვალტერ ბუტბა იმუქრება, რომ თუ სოხუმში უახლოეს დღეებში ჩატარდება `არასანქცირებული მიტინგი`პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით, აფხაზეთის მილიცია ძალას გამოიყენებს `არასანქცირებული მიტინგის` წინააღმდეგ.

მიტინგს გეგმავენ აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაციები (ლაპარაკია საქართველოსთან ომის ვეტერანებზე), რომლებიც ამ გზით აპროტესტებენ `პრეზიდენტ ბჟანიას` იმ სკანდალურ განცხადებას, რომ `აფხაზეთმა საკუთარი სუვერენიტეტი უნდა გაუყოს რუსეთს`, ანუ პირველ ეტაპზე რუსეთის სამხედრო ბაზებს დაუკანონოს ის მიწები, რაზეც ეს ბაზები დგას გუდაუთაში, გალის რაიონში და სოხუმთან.

`მინისტრ` ბუტბას განცხადება გამოწვეულია ინფორმაციით, რომ მიტინგის ორგანიზატორები გეგმავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევარდნას, პრეზიდენტ ბჟანიას დამხობას და აფხაზეთში მორიგი (უკვე მერამდენე) გადატრიალების მოწყობას.

ამიტომაც იმუქრება შინაგან საქმეთა მინისტრი ბუტბა.

მაგრამ მისი მუქარა ბლეფია: აფხაზეთში უკვე ჩამოყალიბებული `ისტორიული ტრადიციით`, თუ (!) პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მართლა შეიკრიბება თუნდაც  1 000 ადამიანი (მეტი არაა საჭირო, ზოგჯერ ამაზე ნაკლებიც იყო ხოლმე), ეს მიტინგი აუცილებლად მთავრდება შენობაში `შევარდნით` და პრეზიდენტის გაქცევით რუსეთის სამხედრო ბაზაზე.

ხოლო აფხაზი `მილიციელები` ძალის გამოყენებას ვერასდროს გაბედავენ, რადგან აფხაზეთში ყველა-ყველას ნათესავია, ყველა-ყველას დეიდაშვილ-მამიდაშვილია......ყველა ვიღაცის მოგვარეა, არსებობს `სისხლის აღების `ტრადიცია, ``ვაიმე, მიწიდან ამომიღებენ`` სინდრომი  და ა.შ.

სხვათა შორის ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აფხაზები სახელმწიფოს აშენებას ვერასდროს შეძლებენ, რაც არ უნდა იბაქიბუქონ ამაზე.

ასე დაამხო დღევანდელმა `პრეზიდენტმა ბჟანიამ` მისი წინამორბედი `პრეზიდენტი ჰაჯიმბა`, ხოლო ჰაჯიმბამ, მისი წინამორბედი `პრეზიდენტი ანქვაბი`.

უნდა ითქვას, რომ ამ გადატრიალება-გადმოტრიალებებს უეჭველად ხელს უწყობს რუსეთიც მისი სპეცსამსახურების მეშვეობით. ამით მოსკოვი აფხაზურ ელიტებს ეუბნება, რომ სანამ ისინი არ დაეთანხმებიან რუსეთის მოთხოვნას ბინების რუსებზე თავისუფალი მიყიდვის შესახებ (ქართველი ლტოლვილების ბინებზე და სახლებზეა ლაპარაკი, რომელიც აფხაზეთის ხელისუფლებებს თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის უნდათ), მანამ აფხაზეთში არ იქნება სიმშვიდე, არ იქნება სტაბილურობა, ფინანსურ დახამრებასაც შეუმცირებენ და ა.შ.

აქვე უნდა ითქვას: სინამდვილეში, მუდმივი დუღილის და ხელისუფლებებით უკმაყოფილების სიღრმისეული მიზეზი სწორედაც რუსული ფინანსური დახმარების შემცირებაა. ოღონდ ამაზე აფხაზებს ლაპარაკი რცხვენიათ. ღიად არასდროს ამბობენ

აფხაზეთის ბოლო სამი `პრეზიდენტობა` სახელმწიფო გადატრიალების შედეგია, თუმცა არც ერთი წინა `გადატრიალება` სერიოზულ შეიარაღებულ (!) დაპირისპირებამდე ანუ  `სროლამდე` არ მისულა.  იოლად გაიქცნენ ის `აფხაზი პრეზიდენტები` და იმიტომ.  

ახლა როგორ იქნება, ძნელი სათქმელია. შეიძლება სისხლიც დაიღვაროს და აი მაშინ.....აფხაზეთში დაიწყება სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი. დაიწყება მასობრივი სისხლის აღება, რუსეთი კი უბრალოდ მიიერთებს ამ ტერიტორიას.

სწორედ ეს უნდათ მოსკოვში, თორემ აფხაზეთი საქართველოსთვის კი არ ემეტებათ, როცა იქ `წყალს ამღვრევენ` თავისი პროვოკაციებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის `საგარეო საქმეთა მინისტრ`ინალ არძინბასთან და `სამხრეთ ოსეთის` `საგარეო საქმეთა მინისტრ` დიმიტრი მედოევთან ერთად განიხილა 3+3 ფორმატში (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) აფხაზეთისა და `სამხრეთ ოსეთის `მონაწილეობის საკითხი საქართველოს ნაცვლად.

როგორც ცნობილია საქართველო ამ ფორმატში არ მონაწილეობს და ალბათ არც არასდროს მიიღებს მონაწილეობას. ვერც ერთი ქართული ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს პირველ რიგში რუსეთის ფაქტორის და ახალი `გავრილოვის ღამის` შიშით.

თუმცა არის მეორე ფაქტორიც: ირანი!

ამერიკა არასდროს არ გვაპატიებს, რომ მისი მოკავშირე და ასე თუ ისე მფარველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა ირანთან რაიმე ერთიან გეოპოლიტიკურ ფორმატში გაწევრიანდა. ეს ამერიკასთან ყოველგვარი არსებითი ურთიერთობის გაწყვეტა იქნებოდა.

მაშინ სოხუმმა და ცხინვალმა შესთავაზეს მოსკოვს (ირიბად კი ანკარასაც): `საქართველოს ნაცვლად ჩვენ მიგვიღეთო`, რაც რასაკვირველია სრული ბლეფი, სეპარატისტთა მორიგი მატრაკვეცობა  და ზღაპარია, რადგან არც თურქეთი, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი.......სხვათა შორის არც თეირანი მიზეზთა გამო ........ ამას `ხელს არ მოაწერენ`.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლახანს დადგინდა, რომ ამერიკაში გავრცელებული კოვიდის ანუ SARS CoV-2 ვირუსის უკვე 73,2% `სამხრეთ აფრიკული` ესე იგი Omikron შტამია.

ვაქცინები მას ნამდვილად ერევა, თუმცა ამერიკაში(ც) უამრავი ფანატიკოსია, ვისაც აცრის უფრო ეშინია ვიდრე კოვიდის.

პანდემიის დაწყებიდან ამერიკაში 807 000 ადამიანი დაიღუპა!

ეს ბევრად მეტია, ვიდრე ამერიკამ დაკარგა მეორე მსოფლიო ომში (418 000) და ვიეტნამის ომში (60 000) და საერთოდ ყველა ომში 200 წლის მანძილზე, თან ერთად აღებულში!

მძიმე პროგნოზით, გარდაცვლილთა რაოდენობა ამერიკაში, პანდემიის მთლიანად  დასრულებამდე (2023-2024) მილიონ ადამიანს ბევრად გადააჭარბებს.

და გარდაცვლილთა 95-99% აუცრელი იქნება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის `საგარეომ` დააზუსტა, რომ პუტინის ულტიმატუმის ვადა (დაუთმოს რუსეთს პოსტსაბჭოური ქვეყნები, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ა.შ) იწურება 14 იანვარს.

 ამის შემდეგ პუტინი დაიწყებს თავისი მუქარის შესრულებას.

არ არის აუცილებელი ეს უკრაინაში დაუყოვნებლივ შეჭრა იყოს, თუმცა რუს ავტოკრატს და აგრესიულ იმპერიალისტს სხვა `ოფციებიც` აქვს, რათა ევროპას და ნაწილობრივ ამერიკასაც სერიოზული საფრთხის განცდა შეუქმნას.

მაგალითად, პუტინს შეუძლია განალაგოს კალინინგრადში (ყოფილი გერმანული კიონიგსბერგი, კანტის სამშობლო, რომელიც სტალინმა ისტორიულ გერმანიას წაჰგლიჯა 1945 წელს) არა მხოლოდ `ისკანდერის` რაკეტები, საიდანაც ისინი ბერლინს მისწვდებიან, არამედ ზეახალი, ზებგერითი `ცირკონის` და სხვა, მათ შორის საშუალო სიშორის (5  000კმ-მდე) რაკეტები, რომლებიც უკვე არა მხოლოდ ბერლინს, არამედ პარიზსაც მისწვდებიან ისევე, როგორც მადრიდს და საერთოდ, ნებისმიერ წერტილს ევროპის კონტინენტზე.

ბელორუსშიც იგეგმება ამ რაკეტების გადაადგილება. კუთხეში მომწყვდეულმა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ თანხმობა განაცხადა.

გარდა ამისა, რუსეთის წყალქვეშა ფლოტს უკვე აქვს თანამედროვე ატომური წყალქვეშა ნავები. მათზე განლაგებულია როგორც რაკეტები `ბულავა` და `კალიბრ` ასევე ზებგერითი რაკეტები და რუსეთს შეუძლია ისინი პროვოკაციულად მიიყვანოს ატლანტიის ოკეანის ნეიტრალურ წყლებში (!) ნიუ იორკთან, ისევე როგორც წყნარი ოკეანის ნეიტრალურ წყლებში სან-ფარნცისკოსთან და ლოს-ანჟელესთან სადაც.......იმ დროს კალათბურთის (NBA) ჩემპიონატის მორიგი მატჩი იქნება გენიალური სტივ კარრის და მსოფლიო ბასკეთბოლოს სხვა ტიტანთა მონაწილეობით.

და ამით დაემუქროს ამერიკელთა მშვიდ, უზრუნველ ცხოვრების წესს მაშინ, როცა საზარელი `კოვიდ-პანდემიის` მიწურულს ამერიკელები ძველ, მშვიდ, ლაღ, უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებობენ, ამიტომაც მიაწყდნენ სპორტულ არენებს, საკონცერტო დარბაზებს....ამ დროს კი `რუსული დათვი`....... წყალქვეშა ნავი.......ბირთვული რაკეტები იქვე, ახლოს.......

რასაკვირველია, ამერიკის მრისხანე, ზემძლავრი სამხედრო-საზღვაო  ფლოტი მაშინვე მოახდენს ამ რუსული წყალქვეშა ნავების ბლოკირებას. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.  მაგრამ ეს ხომ ახალი `ცივი ომია`, ეს ხომ ახალი `კარიბის კრიზისია` 1962 წლის მსგავსად, როცა კინაღამ ბირთვული ომი დაიწყო.

სხვათა შორის, დასავლეთში ბევრმა მიაქცია ყურადღება ერთ ძააააააალიან უცნაურ დამთხვევას, თუკი ეს მართლა `დამთხვევა` იყო: პუტინის თავხედური, ისტორიულად უპრეცედენტო ულტიმატუმის გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსკოვს ეწვია CIA დირექტორი უილიამ ბერნსი და საიდუმლო მოლაპარაკება გამართა ვლადიმერ პუტინთან.

თან გაუგებარია ვისი ინიციატივით იმყოფებოდა იქ: საკუთარი ან ბაიდენის ინიციატივით თუ პუტინის მოწვევით.

ეს სუბიექტი (William Joseph "Bill" Burns)  წარსულში ამერიკის ელჩი იყო მოსკოვში.

ერთადერთია ამერიკის ელჩებს შორის, ვინც თითქმის საერთოდ არ ხვდებოდა რუსული ოპოზიციის ლიდერებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტ ბუშის ინიციატივას (ბუხარესტის სამიტზე) საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღების შესახებ.

სრულიად ბუნებრივია წარმოიშვას თუნდაც უპასუხო და ვარაუდებისთვის განწირული კითხვები, თუ რატომ მოხდა ასეთი დამთხვევა: პუტინის ულტიმატუმი ბერნსთან საიდუმლო მოლაპარაკების შემდეგ.

ეს რაიმენაირად უკავშირდება დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკების  შინაარსს და პუტინის შთაბეჭდილებას ამ შეხვედრის და საუბრის თუნდაც კონოტაციებზე?!!!

კითხვა ბევრი ძახილის ნიშნით.......

დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია პრეზიდენტმა ბაიდენმა `ხელი მოაწეროს` რუსულ ულტიმატუმს. ეს ამერიკის, როგორც გლობალური ზესახელმწიფოს სახელოვანი ასწლიანი ისტორიის დასასრული იქნებოდა. ამით ამერიკა დაბრუნდებოდა პირველი მსოფლიო ომის წინა მდგომარეობაში, როცა ერთი ჩვეულებრივი მოზრდილი სახელმწიფო იყო სადღაც.......ოკეანის მიღმა.

მაგრამ........ამერიკაშიც არსებობს ე.წ. `Deep State` ანუ `სიღრმისეული სახელმწიფო` ესე იგი უმაღლეს ბიუროკრატიულ ელიტათა, იგივე Decision maker-თა (`გადაწყვეტილების მიმღებთა`)  სრულიად განსაკუთრებული, თუმცაღა ძალიან გავლენიანი ქსელი და......

ნამდვილად სახიფათო ვითარებაა ყოველმხრივ.

ასეთი, ამგვარი, სსრკ დაშლის შემდეგ აღარ ყოფილა.

 

დათო