აჭარა საპრეზიდენტო რესპუბლიკად იქცევა

აჭარა საპრეზიდენტო რესპუბლიკად იქცევა

      რამდენიმე დღის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო ძალზე უცნაური გადაწყვეტილება: აჭარის კონსტიტუციაში შეტანილია პუნქტი, რომლის თანახმად 4 წლის შემდეგ აჭარის მთელი მოსახლეობა პარლამენტის თავმჯდომარეს პირდაპირი, ფარული კენჭისყრით აირჩევს
    ერთი შეხედვით, თითქოს «ჩვეულებრივ» საპრეზიდენტო რესპუბლიკასთან და პრეზიდენტის ინსტიტუტთან გვაქვს საქმე, ანუ გაჩნდა იმის ალბათობა, რომ საქართველოში მეოთხე პრეზიდენტი აირჩიეს. მაგრამ ეს შთაბეჭდილება ზედაპირული, ემოციური დამოკიდებულების შედეგია. სინამდვილეში ავტონომიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს (თუნდაც იგი საყოველთაო კენჭისყრით იყოს არჩეული) პრეზიდენტის უფლებამოსილება ვერ ექნება. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის (ფაქტობრივად და იურიდიულად სპიკერის) არჩევა საყოველთაო კენჭისყრით აბსურდია; თუმცა ამგვარი აბსურდის პრეცედენტი ნამდვილად არსებობს: 1992 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ თითქმის ერთხმად აირჩია პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც შემდგომ თვით ამ პარლამენტმა მიაკუთვნა საგანგებო უფლებამოსილება და «სახელმწიფოს მეთაურის» წოდება მიანიჭა.
    ამ შემთხვევაში სახელწოდებას რეალურად მნიშვნელობა არცა აქვს. იურიდიული თვალსაზრისით, ისევე, როგორც (აქედან გამომდინარე) პოლიტიკურად, თუ აჭარის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევს მთელი მოსახლეობა, მაშინ იგი მათი მანდატით იქნება აღჭურვილი და მის გადაწყვეტილებებს უკვე სულ სხვა ძალა მიენიჭება სწორედ რომ პოლიტიკური თვალსაზრისით.
    აქვე უნდა ითქვას, რომ მიღებული გადაწყვეტილება აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მართალია, ქვეყნის ძირითად კანონში თითქმის არაფერია ნათქვამი ავტონომიათა არსის, კონკრეტულად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ, მაგრამ არსებობს სხვა ფუძემდებლური პრინციპი - ხელისუფლების გაყოფისა. საკანონმდებლო ორგანოს ლიდერის საყოველთაო კენჭისყრით არჩევა არღვევს ხელისუფლებათა შეკავება-შეწონასწორების პრინციპს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ეფუძნება. გარდა იმ არგუმენტისა, რომ «1992 წელს შევარდნაძე ხომ ასევე აირჩა», არსებობს კიდევ ერთი მომენტი: აჭარის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის გარდა მოქმედებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელშიც ცვლილებების შეტანას იურიდიულად ხელს არაფერი უშლის. კომუნისტები საბჭოთა ავტონომიების კონსტიტუციებს ისეთნაირად წერდნენ, რომ ნებისმიერი ცვლილების შეტანა შესაძლებელი ყოფილიყო. რაკი საქართველოს კონსტიტუცია დუმს და არ განსაზღვრავს ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობას, მაშასადამე რეალურად მოქმედ აჭარის კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანას წინ არაფერი უდგას. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» სტატუსის განსაზღვრა არ უნდა გახდეს კონსტიტუციის შევსებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი. წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარასთან მიმართებაში გაუთვალისწინებელი იურიდიული სირთულენი იქნება.
    რაც შეეხება კონკრეტულად ასლან აბაშიძის ინტერესს, იგი, რა თქმა უნდა, მისდამი აჭარის მოსახლეობის მხარდაჭერის დაფიქსირებას გულისხმობს; თუმცა მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პირდაპირი არჩევნები მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, ანუ 2001 წელს გაიმართება, როცა უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ჩატარდება.
    მაშასადამე, მხოლოდ არჩევის წესში არ არის საქმე. აქ სხვა რეალობის დაფიქსირებაც ხდება. ასლან აბაშიძე უფლებას იტოვებს, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, აპელირება მოახდინოს «ხალხის ნებაზე». გარდა ამისა, პოლიტიკური დაპირისპირების პერსონიფიცირება ყოველთვის ხელსაყრელია იმ პოლიტიკოსისათვის, რომელმაც ავად თუ კარგად გარკვეული ქარიზმა მოიპოვა. ქარიზმა «პრაქტიკულ საფუძველზე დამყარებული არჩევნების» დროსაც გამოიყენება, მაგრამ შედარებით ნაკლები ეფექტით. არ არის გამორიცხული, ეს სენსაციური გადაწყვეტილება აჭარის დღევანდელ ლიდერს სჭირდებოდეს არა მხოლოდ საკუთარი პოზიციების შემდგომი განმტკიცებისათვის, არამედ იმაზე მისანიშნებლად, რომ იმავე უმაღლეს საბჭოს იმავე კონსტიტუციაში სხვა ცვლილებათა შეტანაც შეუძლია.

მერიდიანი, 2 თებერვალი, 1998 წ.