ლარი უფრო «მაგარი» ყოფილა, ვიდრე ზოგიერთს ეგონა

ლარი უფრო «მაგარი» ყოფილა, ვიდრე ზოგიერთს ეგონა

   

    საქართველოს საფინანსო ბაზარზე უცნაური რამ ხდება. ლარის დევალვაციის (ლიბერალიზაციის) შემდეგ ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ მისი კურსი კატასტროფულად დაეცემოდა და დოლარის ყიდვა 5-7 ლარად იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად, დაიწყებოდა პანიკა ბანკებში, მოსახლეობა დაიტაცებდა ანაბრებს, განმეორდებოდა იგივე, რაც მოხდა რუსეთში და ა.შ. ჯერჯერობით, ასე არ ხდება.
    ლარი დღითიდღე მტკიცდება, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება, სპეკულანტებმა გვარიანად მოითბეს ხელი ლიბერალიზაციის პირველ დღეებში, როცა პანიკას აყოლილი მოსახლეობა 100 დოლარს 220 ლარად ყიდულობდა. ახლა 100 დოლარის ყიდვა 180 ლარადაც შეიძლება, თანაც (ყველაფერში უცნაური უნდა იყოს საქართველო) ოფიციალური კურსი «გარე ბაზარზე» არსებულ კურსზე ნაკლებია.
    სწორედ ესაა სინდრომი იმისა, რომ ფინანსურ სფეროში ძალიან საეჭვო პროცესები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. დღეს ბევრს საუბრობენ ლარის დევალვაციის სუბიექტურ მიზეზებზე, ამასობაში კი ბევრი «ცნობილი» ბანკირი მამა აბრამის ბატკანივით ნაბავს თვალებს.
    არადა, ის რაც ხდება, თითქოს ყოველგვარ ეკონომიკურ ლოგიკას ეწინააღმდეგება: ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უარყოფითმა სავაჭრო სალდომ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტის 3/4 შეადგინა. მოთხოვნა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე კომერციული ბანკების მხრიდან, სექტემბერ-დეკემბრამდე დღითი-დღე იზრდებოდა. ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი 65 მილიონ დოლარამდე შემცირდა, პანიკური განწყობილება ფინანსურ ბაზარზე (ერთი შეხედვით) თითქოს დაუძლეველი ხდებოდა . . . . მაგრამ ჰოი, საოცრებავ - დევალვაციის შემდეგ ეს განწყობა რეალურად არაფერში გამოვლინდა. არც ბანკები დაინგრა და ის ხალხიც საშინლად გამწარდა, ვინც დოლარი ძვირად იყიდა. ახლა კი მოსთქვამენ (ხუმრობაა, ყოველ ას დოლარზე 30 ლარის დაკარგვა?!), მაგრამ გვიან არის.
    ლარმა, შეიძლება ითქვას, დოლარი «ნოკდაუნში» ჩააგდო. ლარის შენახვა უკვე უფრო სარფიანიც კი ხდება, ვიდრე დოლარისა, ვინაიდან თუ დევალვაცია განხორციელდა 40-45 პუნქტით, თავდაპირველად ფასებიც რამდენიმე პროცენტით გაიზარდა, მაგრამ რაკი «საქონელი ჩაუწვათ», გამყიდველები იძულებული გახდნენ ფასები შეემცირებინათ; აქედან გამომდინარე, სასაქონლო ბაზარზე ინფლაცია ნაკლები გამოდგა ფინანსურზე - სწორედ ამ მომენტმა გაზარდა ნდობა ლარისადმი.
    შეიქმნა საოცარი, მართლაც განსაცვიფრებელი, ერთი შეხედვით პარადოქსული ვითარება: 100 დოლარის მყიდველუნარიანობა (ფინანსურ და სასაქონლო ბაზარზე არსებულ ინფლაციურ სხვაობის გამო) ნაკლებია, ვიდრე დევალვაციამდე მისი ექვივალენტისა. აქედან გამომდინარე, ლარზე ვაჭრობაც უფრო სარფიანი გახდა და ლარის შენახვაც.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები რამდენიმე თვის განმავლობაში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას საქართველოს საფინანსო სისტემაში და ბოლოს, როგორც ჩანს, ცოტა არ იყოს, დაეჭვდნენ კიდეც - ამაზე მეტყველებს ფონდის წარმომადგენლის, ჰანტერ მონროს ზოგიერთი ქარაგმა.
    ფორმალურად, ანუ არსებული (ოფიციალური) გათვლების შესაბამისად, იმპორტის მოცულობას აუცილებლად უნდა დაეჯაბნა ლარი (ბენზინი, სიგარეტი, ფქვილი და ა.შ.) ვინაიდან, ადამიანმა შეიძლება ყავა არ დალიოს, საღეჭი რეზინი არ დაღეჭოს, მაგრამ პური აუცილებლად უნდა ჭამოს. საქართველო ვერ ასცდება ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის იმპორტს ანუ დოლარები ყველა შემთხვევაში გაედინება ქვეყნიდან. ეს გარემოება კი აუცილებლად უნდა აძვირებდეს დოლარს.
    აქედან უეჭველად გამომდინარეობს დასკვნა: რაკი ლარის პოზიცია უფრო მყარია, ვიდრე ზოგიერთი ვარაუდობდა, მაშასადამე, უარყოფითი სავაჭრო სალდო ყალბია და არ შეესაბამება რეალობას, ანუ, სინამდვილეში, ექსპორტი საქართველოდან ფიქსირებულზე გაცილებით მეტია.
    სხვაგვარი ახსნა არ არსებობს, მაგრამ თუ ასეა, რით აიხსნება ის უცნაური გარემოება, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციათა შეწყვეტამდე მოთხოვნა დოლარზე დღითი დღე იზრდებოდა? მრავალი დამკვირვებლის აზრით, სინამდვილეში ეს იყო ბანკების მიერ წარმოებული სპეკულაციური თამაშის შედეგი. სხვაობა ოფიციალურ კურსსა და «გარე ბაზრის» კურსს შორის მაშინ დოლარის სასარგებლოდ იყო და არა ლარისა, ანუ დოლარის ყიდვა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე უფრო იაფად შეიძლებოდა, ვიდრე «გარე ბაზარზე»; - ამით უეჭველად სარგებლობდნენ ბანკირები, რომლებიც შედარებით იაფად ყიდულობდნენ დოლარს ეროვნული ბანკის რეზერვებიდან, შემდეგ კი იმდენად ძვირად ყიდდნენ «შავ ბაზარზე», რომ სხვაობა საშუალებას აძლევდათ, მეტი დოლარი ეყიდათ ბანკთა შორის სავალუტო ბირჟის შემდგომ ვაჭრობაზე; არადა, ეროვნული ბანკი (ლარის კატასტროფული დევალვაციის შიშით) იძულებული იყო განეხორციელებინა დიდძალი ინტერვენცია ბირჟაზე.
    გადავხედოთ იმდროინდელ (სექტემბერ-დეკემბრის) გაზეთებს. იშვიათია შემთხვევა, როცა ბირჟაზე 1 მილიონ დოლარზე ნაკლები იყიდებოდა; განსაკუთრებით ნოემბერში; ყოველი ასეთი ვაჭრობა ბევრ ბანკს (ბანკი საქართველოში ხშირ შემთხვევაში 3-4 კაცია) ათეულობით ათასი დოლარის მოგებას უტოვებდა. «ეროვნული» კი გადააქციეს «მეწველ ძროხად» და გვარიანადაც გაძღნენ.
    ბუნებრივია, სავალუტო ფონდმა ეს ბოლოს და ბოლოს შენიშნა - სწორედ ამიტომ ინტერვენციების შეწყვეტა მოითხოვა.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღმაშფოთებელია ზოგიერთი ბანკირის «კრუსუნი» - აქაოდა, რა გვეშველება, დევალვაციამ დიდი ზარალი მოგვაყენაო - ისინი თვითონ «თამაშობდნენ» ლარის დევალვაციაზე, მაგრამ სავალუტო ფონდმა ჭკვიანური რეკომენდაციით (მათ არაფერი ეშლებათ) მსუქანი ლუკმა გამოეგლიჯათ ხელიდან.

მერიდიანი, 16 დეკემბერი, 1998 წ.