ორიოდე სიტყვა დასავლეთის `გარყვნილება/უზნეობაზე`

ორიოდე სიტყვა დასავლეთის `გარყვნილება/უზნეობაზე`

``დასავლური საზოგადოება არის გარყვნილი საზოგადოება, ხოლო რუსული საზოგადოება არის ზნეობრივი საზოგადოება``..........ისეთი სულელური თეზისია, მასზე მსჯელობაც არ ღირს, საშიში პოლიტიკური კონსტრუქტის სახე რომ არ ჰქონდეს.

სინამდვილეში, დასავლური (ევრო-ამერიკული) საზოგადოების `ბირთვი`, იგივე ე.წ. `საშუალო ფენა`, იგივე ე.წ. `ტრადიციული, ძირძველი ოჯახები` როგორც მორალური, ასევე ეთიკური და ხშირ შემთხვევაში რელიგიური ნორმების მიხედვით ცხოვრობენ. და იქ ეს უმრავლესობაა - ყველაზე მრავალრიცხოვანი შრეა!

და იცით რა არის ამის საფუძველი? კერძო საკუთრება!

აი ის გაყვითლებული პერგამენტი, რომელიც ბელგიაში მცხოვრებ ფლამთა ოჯახს დღემდე უმკვიდრებს XVII საუკუნეში, საფრანგეთის მეფე-მზე ლუი XIV-ს დამტკიცებულ ოთხ ოთახს სახლში, ბრიუსელის `გრანდ-პლაცზე`, სადაც დღეს რესტორანი აქვთ გახსნილი, უფრო ზუსტად, ათწლეულობით გაქირავებული.......ზუსტად ეს უქმნით საფუძველს, არ დაუშვან სოციალური დეგრადაცია!

სწორედაც სოციალურ დეგრადაციად აღიქმება იქ ის, რასაც ჩვენში `დასავლურ უზნეობად` აღიქვამენ.

მე ვლაპარაკობ საზოგადოების, სოციუმის `ბირთვზე`, მის სიღრმისეულ შრეზე და არა ელიტური ეპატაჟის გამოვლინებებზე, ჰოლივუდის ვარსკვლავებზე და მოდურ დიზაინერებზე, რაც უფრო სჩანს და უფრო `ფიარდება`.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

Versus ამისა, ერთი რომ ჩაგახედათ რა ხდება რუსული საზოგადოების სიღრმეებში, რუსულ `გლუბინკაში`, რუსულ პროვინციაში, სადაც ე.წ. `საშუალო ფენაც` კი არ ჩამოყალიბებულა (და ვერც ჩამოყალიბედებოდა სულ 30 წლის განმავლობაში. ევროპაში ეს ფენა 500 წელი ყალიბდებოდა)...........შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ!

რატომ? იმავე მიზეზით: ბოლშევიკებმა რუსეთში მოსპეს ის მაცოცხლებელი, მკვიდრი, საუკუნოვანი ფენომენი, რასაც კერძო საკუთრება ჰქვია! შესაბამისად, დაანგრიეს საძირკველი, გაწყვიტეს `ხიდი`, რომელიც თაობიდან თაობას გადასცემდა ღირებულებებს და მიიღეს სრულიად `დაცარიელებული`, აღვირახსნილი უძირო, უფესვო მასა, რომელიც მთლიანობაში შეუდარებლად უზნეო და ამორალურია, ვიდრე დასავლური საზოგადოება.

მით უმეტეს მას შემდეგ, როდესაც `რკინის ფარდის` ჩამოშლისთანავე, ჩამოიშალა ის ზღუდეები, რაც ამ უძირო, უფესვო, უმემკვიდრეო მასას ხელს უშლიდა დაენახა და გადმოეღო დასავლეთიდან მხოლოდ ის ყველაზე ცუდი, აღვირახსნილი, ეპატაჟური ბინძური `ლექი`, რაც მათ `დასავლეთი` ჰგონიათ.

დაახლოებით იგივე მოხდა ჩვენთანაც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სინამდვილეში, დასავლეთი და დასავლური საზოგადოება ნიუ იორკისა და პარიზის ბინძური კლოაკები კი არ არის. ნამდვილი `დასავლური საზოგადოება` ე.წ `ერთსართულიანი ამერიკაა`, მისი პატიოსანი, მუყაითი, მშვიდი, მეოჯახე ადამიანებით; საფრანგეთის პროვინციაა, მისი ჩაწიკწიკებული სახლ-ვენახებით, სადაც დიდი ოჯახი კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად იკრიბება რიტუალურ სუფრაზე, რომელსაც ოჯახის უფროსი წინამძღოლობს, კედელს პაპის პაპის პაპის სურათი ამშვენებს, ხოლო კარადაში მისივე ჩიბუხი უდევთ, რომელიც ნაპოლეონის არმიაში წაიღო, მერე ბოროდინოს ბრძოლაში დაეცა და თანამებრძოლებმა ჩამოუტანეს `დიდ ბებიას`

ნამდვილი დასავლური საზოგადოება ლონდონის `წითელი აგურის` რაიონებია, მისი ღირსეული, ტრადიციული, მაღალკვალიფიციური `ოქროსხელება`, გენიალური მშრომელებით, თაობიდან თაობას რომ გადასცემდნენ სისხლითა და ოფლით მოპოვებულ, მაღალანაზღაურებად სოციალურ ნიშას და ქუჩიდან რომ შეიხედო, როიალზე გაშლილ ნოტებს დაინახავთ - იქვე წითელი ფრანგული ღვინის ლამაზი ჭიქით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჰოდა......ნუ გამოვათაყვანებინებთ თავს უბადრუკ პროპაგანდას! დასავლეთი ჩვენს ხალხს არ უნახავს - ასჯერაც რომ იყოს ნაფრენი ქუთაისიდან ლოუქოსტერებით.

დათო