ირინა სარიშვილი იმუნიტეტს იხსნის

ირინა სარიშვილი იმუნიტეტს იხსნის

   

    ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, როგორც ჩანს, არ აპირებს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ბრძოლის შენელებას, მით უმეტეს ფარ-ხმალის დაყრას, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ მისი ბრალდება უსაფუძვლოდ ცნო და ცნობილ აუდიოკასეტებშიც ვერაფერი აღმოაჩინა კახა თარგამაძის მექრთამეობის ან მაფიასთან კავშირის დამადასტურებელი. ბუნებრივია, უმალვე გაჩნდა კითხვა: თუ პროკურატურამ სარიშვილის ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნია, მაშინ თარგამაძის სარჩელის საფუძველზე რატომ არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს ედპ-ს ლიდერის წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით? თვით პროკურატურის თანამშრომლები თავს იმით იმართლებენ, რომ ირინა სარიშვილი დეპუტატია და იმუნიტეტი, ანუ «სადეპუტატო ხელშეუხებლობა» იცავს. როგორც ჩანს, თავად ქალბატონ სარიშვილს ამგვარი ვითარება არ აკმაყოფილებს - მას არ სურს ვინმეს «მადლიერი» იყოს და საზოგადოებაში იქმნებოდეს აზრი, თითქოს მხოლოდ იმუნიტეტის წყალობით გადაურჩა კახა თარგამაძის რისხვას. ამიტომ, ზოგიერთი ცნობით, ირინა სარიშვილმა გადაწყვიტა საკუთარი ინიციატივით «მოიხსნას» იმუნიტეტი და უკიდურეს შემთხვევაში სასამართლოს წინაშეც წარდგეს, რათა კახა თარგამაძის ბრალეულობა დამტკიცდეს. ეს ძალიან სახიფათო, მაგრამ გაბედული სვლაა, რომელმაც სარიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, შესაძლოა ბევრი რამ შეჰმატოს - ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოების თვალში.
    «იმუნიტეტის მოხსნა» არც ისე ადვილია, როგორც ზოგიერთს ჰგონია. იურისტები ამტკიცებენ, რომ კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული იმუნიტეტის საკუთარი ინიციატივით მოხსნის შესაძლებლობა. საკუთარი ინიციატივით პარლამენტის წევრმა შეიძლება მოიხსნას სადეპუტატო უფლებამოსილება მაგრამ არა იმუნიტეტი, რომელიც ამ უფლებამოსილების განუყოფელი ნაწილია. იმუნიტეტის მოხსნის უფლება და იურიდიული საშუალება აქვს მხოლოდ პარლამენტს. მხოლოდ მას ძალუძს თავისი გადაწყვეტილებით დართოს ნება პროკურატურას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს, აღძრას სისხლის სამართლის საქმე დეპუტატის წინააღმდეგ (მანამდე იგი შეიძლება მოწმის სახით დაიკითხოს, ისიც ნებაყოფლობით) ამრიგად, მიუხედავად ირინა სარიშვილის ზეპირი ან თუნდაც წერილობითი განცხადებისა პროკურატურა პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ შეძლებს მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას, მით უმეტეს, რაიმე აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას. ქალბატონი ირინა ამ თვალსაზრისით წაუგებელ მდგომარეობაშია, თუმცა მისი სურვილი - ხელშეუხებლობაზე ნებაყოფლობით უარის თქმის შესახებ - პოლიტიკურ ფაქტორად რჩება.
    სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირინა სარიშვილი სადეპუტატო იმუნიტეტის წინააღმდეგ ილაშქრებს. ჯერ კიდევ ყოფილ პარლამენტში (ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე - «ძველ პარლამენტში») იგი მოუწოდებდა კოლეგებს, ყველას ერთხმად მოეხსნა იმუნიტეტი, რომ სამართალდამცავ ორგანოებს «მუშაობა გაადვილებოდა». მაშინ მას მიხეილ ნანეიშვილი შეეკამათა: ეს იგივეა, ექიმს რომ ლანცეტი წაგლიჯო და ოპერაციის გაკეთება მის გარეშე უბრძანოო. ირინა სარიშვილმა კი უპასუხა: გააჩნია, ექიმი ლანცეტს რისთვის იყენებს - თუ პაციენტის მოსაკლავად სჭირდება, მაშინ ნამდვილად უნდა წაართვაო.
    რაც შეეხება აუდიოკასეტებს, სარიშვილმა შესანიშნავად იცის, რომ აქაც ვერ მოუგებენ. მართალია, ამ კასეტებზე ვერ იქნება პირდაპირი სამხილი კახა თარგამაძის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენისა, მაგრამ ედპ-ს ლიდერს ამ შემთხვევაში მათი გამოქვეყნება და მათ გარშემო აჟიოტაჟის ატეხვა სურს, რათა დაადასტუროს შინაგან საქმეთა მინისტრის არაფორმალური ურთიერთობის ფაქტი გარკვეულ პიროვნებებთან, რომლებიც თავის მხრივ, სიგარეტის ბიზნესთან არიან დაკავშირებულნი. ამ ფაქტის დადასტურება (ვიმეორებ: იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასში კრიმინალური არაფერია) საკმარისი იქნება საზოგადოებაში შესაბამისი განწყობის შესაქმნელად.

მერიდიანი, 24 ნოემბერი, 1997 წ.