ჰილარი კლინტონის მოადგილედ ქართველთმოძულე და რუსთმოყვარე დანიშნეს

        ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ევრაზიის საკითხებში, ყოველმხრივ ჩაფლავებული დენიელ ფრიდის ნაცვლად, ბრუკინგსის ინსტიტუტის პროფესორი, ფილიპ გორდონი დაინიშნა.
        ეს დანიშვნა ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. გორდონი იმ აკადემიური წრეების წარმომადგენელია, რომლებიც აგვისტოს ომის დროს მთელ პასუხისმგებლობას სწორედ საქართველოს აკისრებდნენ და ურჩევდნენ ობამას «საქართველოს გამო არ გაეფუჭებინათ ურთიერთობა რუსეთთან».
        გორდონი ჯერ კიდევ დანიშვნამდე, ანუ იმ დროს, როდესაც საქართველოს ქალაქები უმოწყალოდ იბომბებოდა, აცხადებდა ამერიკული ტელეარხებით, რომ «საქართველო საერთოდ არავის ეხსომებოდა, იქ რომ ნავთობსადენი არ გადიოდეს და ჯონ მაკკეინი რუსეთს მხოლოდ ამიტომ აკრიტიკებს, არადა ამერიკას რუსეთის მიმართ უფრო გაწონასწორებული პოლიტიკის გატარება ურჩევნიაო».
        ჯორჯ ბუშის მხრიდან რუსეთის მოქმედების კრიტიკას კი გორდონი «ისტერიას» უწოდებდა. «ბუშსა და მაკკეინს კი უნდათ სჯეროდეთ, მაგრამ რუსეთის ლანძღვა ამერიკელების თვალში მათ ქულებს არ მოუტანს» - ამბობდა აგვისტოს დღეებში ადამიანი, ვინც ამიერიდან საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის გამომუშავება-გატარების საქმეში მთავარი ფიგურაა.
        გორდონს მთავარ პრობლემად ისლამური ტერორიზმი მიაჩნია და ამ საქმეში რუსეთთან თანამშრომლობას «სასიცოცხლოდ აუცილებელს» უწოდებს.
        სხვათა შორის, ინსტიტუტში მუშაობისას, მან საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ბიოგრაფია დაწერა, მასთან საკმაოდ დაახლოებულ პირად ითვლება, ანუ პოსტსაბჭოური ქვეყნების მიმართ ამერიკა – საფრანგეთ - გერმანიის პოლიტიკის კოორდინაციასაც ხელს შეუწყობს.
        ხოლო  ეს კოორდინაცია რას ნიშნავს – ძნელი მისახვედრი არ არის.
        ყველაზე კომიკურ მდგომარეობაში კი ფრიდის ყოფილი თანაშემწე, მეტიუ ბრაიზა აღმოჩნდება, თუ გორდონი მას საკუთარ ოფისში შეინარჩუნებს.
        თუ პოსტზე დარჩა, ამიერიდან მას უკვე ახალი პატრონის ახალი პოლიტიკის გატარება მოუწევს და საქართველოში ვიზიტების დროსაც სულ სხვა ხმაზე «იმღერებს».
        მთლიანობაში კი, გორდონის სახელმწიფო დეპარტამენტში მოსვლა უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ჰილარი კლინტონი აპირებს ააღორძინოს პრეზიდენტ კლინტონის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, როდესაც ამერიკა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს სცნობდა კრემლის ექსკლუზიური გავლენის ზონად.
        ეს პოლიტიკა პრეზიდენტმა ბუშმა შეცვალა; მაგრამ როცა საქმე – საქმეზე მიდგა, გაჭირვებაში ჩავარდნილ მოკავშირეს ჰუმანიტარული დახმარების სახით ტუალეტის ქაღალდი და პარფიუმერია გამოუგზავნა. სხვა ვერაფერი შეძლო.

მთელ გვერდზე