ვერ დაიჭირონ ოქრუაშვილი

    ირაკლი ოქრუაშვილის «მომავალ პარტიასთან» დაკავშირებული აჟიოტაჟი გარეგნულად სულ უფრო უცნაურ სახეს იძენს.
    შესანიშნავად მესმის, რომ წინასწარი აჟიოტაჟისა და მოლოდინის შექმნა სავსებით ლეგიტიმური «ფი-არ» მეთოდია პოლიტიკური ტექნოლოგიისა, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენება იუველირულ სიზუსტესა და რაფინირებულ ოსტატობას მოითხოვს, რათა არ აღმოჩნდეს გადაჭარბებული, რადგან გადაჭარბების შემთხვევაში პოლიტიკოსი ლახავს იმ მომაკვდინებელ ზღვარს, რის შემდეგაც ეს ყოველივე უკვე კომიკური ხდება.
    ხოლო არაფერია პოლიტიკოსისთვის იმაზე საშიში და საზარელი, ვიდრე ხსენებული ზღვარის გადალახვაა.
    მაგრამ ოქრუაშვილთან დაკავშირებულ ამ ფართო დისკურსში ესეც კი არ არის ყველაზე საინტერესო. ბევრად საგულისხმოა, თუ საერთოდ რა სურს ოქრუაშვილს და რა არის მისი მოტივი?
    ირაკლი ოქრუაშვილს ჟურნალისტებიც და პოლიტიკოსებიც მოიხსენიებენ, როგორც «ყოფილ თავდაცვის მინისტრს». თავად მას კი ყოველთვის ახსოვს, არც ერთი წამით არ ავიწყდება, რომ არის არა მხოლოდ და არა იმდენად «ყოფილი თავდაცვის მინისტრი», არამედ (რამდენადაც) «ყოფილი გენერალური პროკურორი!».
    ოქრუაშვილს ძალიან კარგად ახსოვს, რას აკეთებდა გენერალური პროკურორობისას, რამდენი და ვინ დააპატიმრა, ციხეში ჩააგდო, ქონება ჩამოართვა, წილები დაათმობინა, რა მეთოდებით, რა ხერხებით, რამდენად სამართლებრივად გამართული იყო მტკიცებულებანი, რომლითაც პროკურატურა ოპერირებდა მისი ბრძანებით და ასე შემდეგ.
    რაც კიდევ უფრო საგულისხმოა, იმ ადამიანებისთვისაც, ვის ცხოვრებაზეც ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ორი-სამი წლის წინ უდიდესი ზეგავლენა იქონია (ეს რბილად თუ ვიტყვით) - იგი უპირველეს ყოვლისა «ყოფილი გენერალური პროკურორია» და არა «ყოფილი თავდაცვის მინისტრი».
    ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ირაკლი ოქრუაშვილმა, გადადგომის დღიდანვე, შესანიშნავად უწყის ის, რასაც არ აქცევენ ყურადღებას ექსპერტები, პოლიტიკოსები და თვით მისი უშუალო გარემოცვის წევრები: რომ ჰყავს არა თუ არაკეთილმოსურნენი, არამედ ფანატიკური მტრები, რომლებიც არასდროს არაფერს დაივიწყებენ (ეს საქართველოა!) და თუ დასცალდათ, თუ საშუალება მიეცათ, მის სისხლს დალევენ!
    აქედან გამომდინარე, ირაკლი ოქრუაშვილს ისიც მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი, რა ელის, თუ ციხეში მოხვდა.
    ბუნებრივია კითხვა: მაშ რატომღა აქტიურობს, რატომ ეთამაშება ცეცხლს, რატომღა ქმნის პარტიას, რატომღა აღიზიანებს ხელისუფლებას და ატარებს პოლიტიკურ კონსულტაციებს?
    საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ მისი მხრიდან, როგორც ჩანს, ეს იძულებითი ნაბიჯია, - მან უბრალოდ «ჩათრევას – ჩაყოლა არჩია».
    შეგახსენებთ ერთ უცნაურ ეპიზოდს: ოპოზიციონერმა ქალბატონმა არც თუ დიდი ხნის წინ განაცხადა, ოქრუაშვილი პარტიის შექმნას აპირებსო, მას კი «უცნობმა პირმა» დაურეკა და ამგვარი საუბრების შეწყვეტა მოსთხოვა.
    მთავარი აქ ისაა, რომ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში იმდენად დიდი იყო პოლიტიკურ სცენაზე ძლიერი ალტერნატიული ფიგურის გამოჩენის მოლოდინი-სურვილი, რომ ამ ალუზიის წინააღმდეგ ბრძოლას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა.
    ირაკლი ოქრუაშვილს რამდენიც არ უნდა ეძახა პარტიის შექმნას არ ვაპირებო - ზემოთხსენებული პოტენციური შესაძლებლობა(!) და მოლოდინი უკვე თავისთავად იძენდა პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობას და უმტკიცებდა ხელისუფლებას რწმენას, რომ ადრე თუ გვიან ამ პოტენციური შესაძლებლობის რეალიზება უეჭველად მოხდებოდა.
    შედეგმაც არ დააყოვნა – პრესაში გაჟონა ინფორმაციამ თავდაცვის სამინისტროში ასეულობით მილიონი ლარის გაფლანგვის შესახებ. თანაც არა ჭორების, არამედ კონტროლის პალატის მასალების სახით.
    ამ ვითარებაში ირაკლი ოქრუაშვილს ერთადერთი გამოსავალი დარჩა: რაკი მას აღარ ჰქონდა გარანტია, რომ პარტიის «არშექმნის» შემთხვევაში მაინც არ დაიჭერდნენ «ყოველი შემთხვევისთვის» (ხსენებული ალუზიის და განწყობის ზემოქმედებით) - ახლა ის მაინც ექნება სათქმელი: «საცაა რადიკალურად ოპოზიციური პარტია უნდა შემექმნა და პოლიტიკური მოღვაწეობის გამო დამიჭირესო».
    მისი მხრიდან ეს ერთგვარი თავდაცვის სასოწარკვეთილი საშუალებაა და მხოლოდ ამით თუ შეიძლება აიხსნას ის უცნაური «ფეხის თრევა», უცნაური ყოყმანი, კონსულტაციათა გაუგებარი «მრავალმხრივობა» და «დამალობანა», რაც მთელს ამ საკმაოდ ბნელ ისტორიას სდევს თან.

მთელ გვერდზე