საქართველო მსოფლიო საბაზრო სისტემაში

საქართველო მსოფლიო საბაზრო სისტემაში

        WTO-ში «კონტრაბანდა» უცენზურო სიტყვად ითვლება

        გუშინ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შედეგთა თაობაზე. თავის დროზე WTO-ში შესვლას ისეთივე მნიშვნელობა ენიჭებოდა, როგორც გაეროსა და ევროსაბჭოს წევრობას. ეს გარკვეულწილად შეცდომა იყო, ვინაიდან სინამდვილეში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მონაწილეობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხსენებული ორი აბსოლუტურად უმაქნისი და ფორმალური ორგანიზაციის წევრობა. WTO-ში ქვეყნის მიღება იმას ნიშნავს, რომ მან ინსტიტუციური (არა მხოლოდ ეკონომიკური - ეს გაცილებით ფართო ცნებაა) განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია. WTO-ში ბევრად უფრო მკაცრი სუბორდინაცია და წესდება მოქმედებს, ვიდრე, ვთქვათ, გაეროში. ყველაზე პატარა სახელმწიფოსაც კი, თუ იგი «საბაზრო თამაშის წესებს» მიიღებს, შეუძლია თავისი ეკონომიკური ინტერესები მტკიცედ დაიცვას და საკუთარი ადგილიც მოიპოვოს «მზისქვეშეთში», ოღონდ განვითარების ურყევი პირობით: «მსოფლიო სავაჭრო ორგანგიზაცია» არის დასავლური ცივილიზაციის უშუალო პროდუქტი, მისი თვისებრივი ინსტიტუტი. WTO-სხვა არაფერია, თუ არა პლანეტარულოი «marketplace»-ი, ანუ სავაჭრო ადგილი, რომელიც ნებისმიერი ევროპული ქალაქის ცენტრს წარმოადგენდა. ბუნებრივია, იგი მოქმედებს საბაზრო კანონებით: ეფუძნება თავისუფალ კონკურენციას, მომხმარებლის (და არა მწარმოებლის) ინტერესთა პრიმატს და ყოველგვარი პროტექციონიზმ-პანტერნალიზმის შეზღუდვას.
        უხეშად თუ ვიტყვით, საქართველოს WTO-ში გაწევრიანების შემდეგ დასავლურ ქვეყანათა ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისთვის. სხვა საქმეა, რომ, ჯერჯერობით, ამას სერიოზული ზეგავლენა საქართველოს სავაჭრო სალდოზე არ მოუხდენია. იგი კვლავ უარყოფითად რჩება – თითქმის 300 მილიონი დოლარით. ჩვენი ქვეყნის მთელს ექსპორტში იმ პროდუქტის ნაწილი, რომელიც WTO-ს ბაზარზე იყიდება, შეიძლება ითქვას, მიზერულია და სტრუქტურაზე სერიოზულ ზეგავლენას ვერ ახდენს. მაგრამ ეს არ არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ბრალი. ისევე, როგორც ბაზრის ბრალი არ არის, თუ არაფერი გაქვს (არაფერი გიწარმოებია) იქ გასაყიდი.
        WTO-ს კონცეფცია ეფუძნება «კონკურენციით განვითარების» პრინციპს, რაც გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება საქართველოში. ჩვენთან კონკრეტული (კერძო) ინტერესი ამ შემთხვევაში კვლავ დომინირებს, ხოლო საზოგადოების დიდ (და მნიშვნელოვან) ნაწილს არ სურს შეიგნოს, რომ «სამამულო მწარმოებლის» მხარდაჭერა შეიძლება კიდეც ქმნის სამუშაო ადგილს და «ეროვნული ეკონომიკის» დაცვის ილუზიას, მაგრამ გრძელვადიანი ანგარიშით, ხელს უშლის ქვეყნის დამკვიდრებას მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში და აფერხებს ეკონომიკის განვითარებას.
        აქვე უნდა ითქვას, რომ სრულიად ფუჭი და უსაგნო აღმოჩნდა ისტერიკა, თითქოს «მსო»-ში გაწევრიანება დაანგრევდა საქართვველოს ბაზარს და მეურნეობის ტრადიციულ დარგებს (მეღვინეობას, მეხილეობას და ასე შემდეგ). ჯერ ერთი, საქართველოს შიდა ბაზარი ისედაც დანგრეულია კონტრაბანდით – ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ დედამიწის ზურგზე, სადაც კონტრაბანდა, კანონმდებლობით საერთოდ არ ისჯება. გარდა ამისა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდება (და საქართველოს გაწევრიანების პირობები) ითვალისწინებს 5-წლიან გარდამავალ პერიოდს სწორედ «ეროვნული მეურნეობის» ტრადიციულ დარგთა დასაცავად.
        სხვა საქმეა, რამდენად ქმედითად გამოვიყენებთ ამ პერიოდს. «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის» წესდების მიღება არაფრის მომცემია, თუ თვით საქართველოს ეკონომიკა კვლავინდებურად იხრჩობა კორუფციასა და საკანონმდებლო უძლურებაში.
        WTO-ში უკვე გაწევრიანდა ჩინეთი. რუსეთიც აქტიურად იბრძვის იმავე სტატუსისთვის და მას აუცილებლად დასჭირდება საქართველოსთან (ისევე, როგორც სხვა წევრებთან) მოლაპარაკების გამართვა. ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთის გაწევრიანება ძალზე ხელსაყრელია, რადგან ამ ფორმით, გვექნება შესაძლებლობა გადავწყვიტოთ (ანუ, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო ასპარეზზე გავიტანოთ) ცხინვალის რეგიონის პრობლემა, საიდანაც რუსეთი, კონტრაბანდის მეშვეობით, დამანგრეველ ეკონომიკურ დივერსიას აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. WTO-ში კი «კონტრაბანდა» უცენზურო სიტყვად ითვლება.

დილის გაზეთი, 10 იანვარი, 2002 წელი