რეპლიკა რესპუბლიკელი ქალბატონის  კვალიფიკაციის თაობაზე

    ტელეკომპანია «რუსთავი-2»-ის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, რესპუბლიკელთა ლიდერმა ერთგვარი საყვედურით განაცხადა (სასამართლო პროცესთა გაშუქების თემაზე საუბრისას): მე ძალიან კარგად მახსოვს, თქვენს არხზე, გიორგი სანაიას მკვლელობის სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდაო.
    ეს განცხადება ძალზე ნიშანდობლივია. საქმე ის კი არ არის მხოლოდ, რომ ქალბატონმა არ იცის (ფაქტი): გიორგი სანაიას მკვლელობის სასამართლო «რუსთავი-2»-ის პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა (ტრანსლაცია ხდებოდა I არხზე). ბევრად უარესია, რომ იგი ვერ ხვდება: ეს პროცესი ვერც გადაიცემოდა «რუსთავი-2»-ის პირდაპირ ეთერში. მეტიც: ამ ტელეკომპანიის შემოქმედებითი კოლექტივი სინამდვილეში საერთოდაც კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმ სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემისა ცნობილი სისტემური მიზეზების გამო, რომელთა თაობაზე (ამ ქვეყანაში უკვე დამკვიდრებული ტრადიციისამებრ) «ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ღიად არავინ საუბრობს».
   მაშასადამე, ხსენებული განცხადება არა უბრალოდ მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, არამედ (რაც ბევრად უარესია) მის არაკვალიფიციურობაზე, რაკი პოლიტიკოსმა, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება რაიმე ფაქტი(!) არ იცოდეს ან დაავიწყდეს, მაგრამ დაუშვებელია იგი პროცესებში(!) ვერ ერკვეოდეს.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი პოლიტიკოსი «აზრზე არ არის რა ხდებოდა», იგი ვერც იმის «აზრზე იქნება» ამჟამად რა ხდება და (რაც მთავარია) ვერც იმისა, თავად რა უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის სასარგებლო, თუკი ხელისუფლების სათავეში მოხვდა.