ვალერი კვარაცხელია პოლიტიკურ დევნილად იქცევა

ვალერი კვარაცხელია პოლიტიკურ დევნილად იქცევა

    ცნობილი ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია უკვე მეორედ არის დაბარებული პროკურატურაში ჩვენების მისაცემად ცნობილი ინციდენტის თაობაზე, როცა იგი დაუპატიჟებლად შევიდა სტუდიაში, სადაც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა დიალოგი ნანა ჯაფარიძესა და გენერალურ პროკურორ ჯამლეთ ბაბილაშვილს შორის.
    ეს ფაქტი პროკურორმა «ბოროტ ხულიგნობად» შერაცხა, თუმცა კვარაცხელია აცხადებს, რომ უკანასკნელ მომენტში ჟურნალისტმა იგი მაინც მიიწვია. გარდა ამისა, ჰქონდა უფლება, რამდენიმე კითხვა მიეცა გენერალური პროკურორისათვის. კერძოდ, თუ რატომ არის დაბარებული პროკურატურაში ჩვენების მისაცემად.
    შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ვალერი კვარაცხელიას იბარებს, რათა დაკითხოს იგორ გიორგაძის ცნობილი ინტერვიუს თაობაზე. კვარაცხელია პირველი ქართველი ჟურნალისტია, ვინც იგორ გიორგაძეს პირადად შეხვდა (რა თქმა უნდა, მოსკოვში) და ინტერვიუც ჩამოართვა.
    დაკვირვებული თვალი უეჭველად შენიშნავდა, რომ ეს ინტერვიუ გაცილებით «მოზომილი» და «რბილია» გიორგაძის სხვა ინტერვიუებთან შედარებით, რაც თითქმის ყოველ კვირას იბეჭდება რუსულ პრესაში. გარდა ამისა, კვარაცხელიას განსაკუთრებული სიმპათია არც გამოუჩენია რესპოდენტის მიმართ, უბრალოდ ჟურნალისტური ფუნქცია შეასრულა.
    თუმცა, უკვე აშკარად იგრძნობა, რომ ვალერი კვარაცხელიას მაინცდამაინც არ სჯერა საქართველოში 1994-95 წლებში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებში იგორის «მთავარი ორგანიზატორობისა».
    საკუთრივ «კომანდორისათვის» ეს დიდი შეღავათი არ არის. «მთავარი ორგანიზატორია» იგი თუ მხოლოდ «საქმის კურსში იყო» (საერთოდ არაფერი იცოდა და «ტყემალზე იჯდაო», ალბათ, ვერავინ იტყვის, რადგან აშკარა სისულელეა) - პროკურატურას მაინც საკმაო საფუძველი აქვს მის წინააღმდეგ.
    აბა რა დასაჯერებელია, რომ «მხედრიონი» და მთელი «უშიშროება» (როგორც პროკურატურა ამტკიცებს) მონაწილეობდა გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის, გია გულუას მკვლელობაში, ხოლო უშიშროების მინისტრმა არაფერი უწყოდა?!
    ბუნებრივია, ჭკუათმყოფელი კაცი ამას არ დაიჯერებს, მაგრამ რა შუაშია აქ ვალერი კვარაცხელია? იგი ჟურნალისტია და ჟურნალისტური მოვალეობა შეასრულა. ჟურნალისტური პროფესია დიახაც ითვალისწინებს პრინციპს: თუ ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით მოახერხე ინფორმაციის მოპოვება, - ღმერთმა გაგიმარჯოს! აინტერესებდა თუ არა მკითხველს ეს ინფორმაცია? წაიკითხავს თუ არა იგი ინტერვიუს? რა თქმა უნდა იგი ყველამ წაიკითხა, მაშასადამე, ვალერი კვარაცხელიამ წარმატებას მიაღწია. ხოლო ის, რომ იგორ გიორგაძეს ზუსტად მოსკოვში შეხვდა, - ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანისათვის ცხადია. აბა სხვაგან სად შეიძლებოდა შეხვედროდა?
    როგორც ჩანს, პროკურორს სურს ვალერი კვარაცხელიას დოკუმენტურად დაადასტურებინოს: დიახ, იგორ გიორგაძეს მოსკოვში შევხვდიო. მაგრამ ეს ხომ ისედაც ნათელია? რა უშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო განცხადება გააკეთოს, - რუსეთი ამტკიცებს იგორ გიორგაძე ჩემს ტერიტორიაზე არ იმყოფებაო.
    არა მგონია, კვარაცხელიამ ამ განცხადების დეზავუირება მოახდინოს და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი მტკიცებით, - «იგორ გიორგაძეს მოსკოვში არ შევხვედრივარო». იგი არც დაადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს ამ ფაქტს.
    მაშასადამე, ნებისმიერ შემთხვევაში, ვალერი კვარაცხელიამ (ობიექტურად) ხელისუფლებას ძალზე სერიოზული არგუმენტი მისცა რუსეთის საწინააღმდეგოდ. ამდენად, მას დევნა კი არა, მადლობა ეკუთვნის. მით უმეტეს, თუ ელემენტარულ ჭეშმარიტებას გავიხსენებთ: ჟურნალისტთა დევნით ვერც ერთი ხელისუფლება ვერაფერს მოიგებს. პირიქით, - პროკურორის ქმედება სწორედ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდება მიმართული, ვინაიდან ვალერი კვარაცხელიას მაინც ვერაფერს დააკლებენ.

მერიდიანი, 4 სექტემბერი, 1998 წ.