დოლარის ბომბი

დოლარის ბომბი

ახლახანს დასრულებული „დავოსის ფორმუმისაგან“ განსხვავებით, „მიუნხენის კონფერენცია“ ტრადიციულად ნაკლებ აჟიოტაჟს იწვევს. ალბათ იმიტომ, რომ PR თვალსაზრისით „დავოსი“ უფრო საინტერესოა: მასში ის პერსონაჟები მონაწილეობენ, ჩვენთან რომ „ცნობად სახეებს“ უწოდებენ ხოლმე. ანუ მომღერლები, რეჟისორები, მსახიობები, დიზაინერები და ა.შ. სხედან პოლიტიკოსების გვერდით და ლაპარაკობენ ათას სისულელეს მრავალმნიშვნელოვანი და ღრმააზროვანი გამომეტყეველებით.
    სამაგიეროდ, ფორუმის ორგანიზატორები წარმატებით ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს მსოფლიოს კულტურულ და ბიზნეს ელიტებს აქვთ საშუალება, ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკურ ელიტებსა და მათ გადაწყვეტილებებზე. არადა, შუამდინარეთის სახელმწიფოებიდან დაწყებული, პოლიტიკას ნება მართავს. ლევ ტოლსტოიმ გენიალურად უპასუხა დოსტოევსკის თეზისს: „სილამაზე გადაარჩენს კაცობრიობას“: „რა სისულელეა, როცა სილამაზეს და სიკეთეს ერთმანეთთან ვაიგივებთო“.
    მიუნხენის კონფერენცია გლობალური უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. ამჯერად მას არც პუტინი დასწრებია და არც მედვედევი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა კვლავ მედიდურად განაცხადა, რომ მოსკოვი არანაირ დათმობაზე არ წავა ევრო-ატლანტიკური ცივილიზაციისათვის სენსიტიურ არც ერთ საკითხში. მათ შორისაა სირია, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება, ირანის ბირთვული პროგრამა და ა.შ. სადღაც ბოლოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ქეისიცაა“, თუმცა მან ჯერ კიდევ 2008 წლის 13 აგვისტოს დაკარგა აქტუალობა და მხოლოდ იშვიათად ემსახურება რიტორიკული ფიგურების ძერწვას საერთაშორისო მოედნებზე.
    ჩვენი პრობლემა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობათა პერიფერიაა. რეალურად მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მოსკოვი აგრძელებს ხისტ ანტიდასავლურ პოლიტიკას, ხოლო დასავლეთს, თითქოსდა, საპასუხო არაფერი აქვს. აგერ, სულ ბოლო, თითქოსდა წვრილმანი ფაქტი: გენადი ონიშჩენკომ ამერიკული ხორცის იმპორტი მთლიანად აკრძალა, ვაშინგტონმა საპასუხოდ ჯერ ხმაც ვერ ამოიღო. თუმცა, წინა სტატიებშიც ვწერდით, რომ სინამდვილეში დასავლეთს აქვს ძალიან ძლიერი არგუმენტი რუსული ელიტების საწინააღმდეგოდ: ესაა „სავიზო ბერკეტი“ რუსი ოლიგარქების, დეპუტატების, მინისტრების და საერთოდ, ყველა იმ ფიგურის წინააღმდეგ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს ან მათ მიღებაში მონაწილეობს.
    ზოგიერთი ცნობით, ამ ბერკეტის ამოქმედება უკვე დაიწყო მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ: რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ვინც „ანტიმაგნიტსკის აქტს“ მისცა ხმა და რუსი ბავშვების ამერიკაში გაშვილება აკრძალა, თვითონ როგორმე გადაიტანს ვიზაზე უარის თქმას, მაგრამ როდესაც, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მის შვილს შეუწყვეტენ ამერიკულ ვიზას და სტენფორდის უნივერსიტეტიდან მშობლიურ „ლომონოსოვში“ გააპანღურებენ - აი ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამერიკის კონგრესში დამტკიცებულ ისტორიულ აქტს კიდევ ერთი შრე აღმოჩნდა. ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე სავიზო საკითხი: საქმე ისაა, რომ იგი ავალდებულებს ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტებს, მკაცრად დასაჯოს ყველა, ვინც შემჩნეულია ანტიამერიკული პოლიტიკის გატარებაში. დასაჯოს დოლარით!
    მაგალითად, რუსი ჩინოსანი ან პუტინის მხარდამჭერი ოლიგარქი საახალწლოდ მიემგზავრება ბოლო დროს მოსკოვური ელიტისთვის ძალზე საყვარელ კამბოჯაში, გემრიელად ივახშმებს ზვიგენის ფარფლებით, შემდეგ ზანტად ამოიღებს ჯიბიდან პლასტიკურ ბართს და გადახდას მოინდომებს. მოულოდნელად, მისი დოლარის ანგარიში რუსულ ბანკში (ხაზს ვუსვამ: რუსულ ბანკში და არა ამერიკულში!) დაბლოკილი აღმოჩნდება. რეკავს მოსკოვში და პასუხობენ, რომ ამერიკულმა ბანკებმა ამ ანგარიშის მფლობელისთვის აკრძალეს ყოველგვარი ტრანზაქციის განხორციელება დოლარში. თუ დოლარის გადარიცხვას მოინდომებს ამასაც ვერ შელებს. ხოლო ბანკომატები, დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა იმყოფებოდეს, დოლარს არ მისცემენ.
    რა თქმა უნდა, ეს სრულიად მოულოდნელი იქნება მისთვის, ვინაიდან დოლარი ჰაერივით „საერთო საკუთრება“ ეგონა. არადა, სულ მალე დადასტურდება, რომ სინამდვილეში იგი დიდი ამერიკული ცივილიზაციის უკანასკნელი, სამაგიეროდ ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელსაც ვაშინგტონი ეფექტურად გამოიყენებს, თუ პუტინი და მისი მხარდამჭერი ელიტები განაგრძობენ ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას.
    რასაკვირველია, ქეშით (ანუ ნაღდი დოლარით) გადახდას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ საქმე ისაა, რომ „ქეშით“ დღევანდელ მსოფლიოში სერიოზული საქმეები არ კეთდება: შეიძლება მხოლოდ იმავე კამპუჩიაში ივახშმო და მეტი არაფერი. ბიზნესის წარმოებაზე ან მსხვილ შენაძენებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
    ბევრისთვის მოულოდნელი და დაუჯერებელიცაა, რომ ამერიკას შეუძლია „გაყინოს“ ავუარები (თუ ისინი დოლარშია) არა მხოლოდ თვით ამერიკაში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს რეალობაა, რომელიც იმ მოცემულობიდან გამომდინარეობს, რომ სინამდვილეში ათეულობით ტრილიონი დოლარიდან, რაც მსოფლიო საფინანსო სისტემაში ბრუნავს, მხოლოდ მცირე ნაწილია ნაღდი ვალუტა, უდიდესი წილი კი ე.წ. „ელექტრონული ფულია“, რომელიც ყველაგან ამერიკულ ბანკებზეა მიბმული.
    შეიძლება დოლარის ნაცვლად ევროზე გადასვლა. მაგრამ ევროკავშირიც რომ აპირებს „მაგნიტსკის აქტის“ მიღებას? რჩება ჩინური იუანი. თუმცა ძალიან საეჭვიოა მან რუს ოლიგაქრებს და ჩინოსნებს დოლარი ან ევრო ჩაუნაცვლოს.
    დასკვნა კი ისაა, რომ როგორც იქნა, დასავლეთმა იპოვა ბერკეტი პუტინისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. იარაღი, რომელიც ატომურ ბომბზე უფრო ძლიერია და მისი სრულად ამოქმედების შემთხვევაში, რუსული ელიტები პუტინის მოკვეთილ თავს ლანგრით მიართმევენ თავიანთ მბრძანებლებს ვაშინგტონში.

2013