თეთრო ზღვაო, შავო სანატორია

    ისევ და ისევ ტრიალებს ქართულ ტელეარხებზე მშვენიერი კლიპი, - დიდი გალაკტიონის პატარა შედევრის მოტივებზე შექმნილი. . . . ვერაფერს იტყვი, თვით კლიპიც ნიჭიერადაა გადაღებული და სიმღერაც ისმინება.
    ავტორებმა შეძლეს (შესაძლოა მათდაუნებურად) საკმაოდ ოსტატურად გადმოეცათ ის ატმოსფერო, რომელიც თბილისში სუფევდა, ვთქვათ, სადღაც 1982 წლის ზაფხულში, როდესაც ქართული ბომონდი საყვარელ, მშობლიურად მიჩნეულ გაგრასა და განთიადს მიაშურებდა, რათა კარგა ხნით მისცემოდა განცხრომას.
    მიდიოდა სწორედ ასეთი უზრუნველი, უდარდელი, თავისუფალი სულისკვეთებით – იმ სამყაროში, რომელიც საკუთრად და ბუნებრივად მახლობლად მიაჩნდა.
    რასაკვირველია, კლიპის ბევრ მონაწილესა და მაყურებელს ეს სულისკვეთება თავად არ ახსოვს, რაკი პატარა იყო მაშინ ან სულაც ვერ მოესწრო, რადგან ახლა იწყებს ცხოვრებას, მაგრამ ამ სულისკვეთებას ამ განწყობას მათ უფროსი თაობა გადასცემს, ვისაც ახსოვს ის ტკბილი, უზრუნველი, უდარდელი ატმოსფერო . . . .
    ოღონდაც, ეს ყოველივე ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ იმ ფენომენის დადასტურებაა, რომ ქართველებს (ისევ და ისევ ჩვენი მენტალური და ცნობიერი მიდრეკილებებიდან გამომდინარე) ტკბილი სიზმარი, ლამაზი ილუზია და ოცნება გვირჩევნია მწარე, შემაძრწუნებელ რეალობას.
    ალბათ ეს ერის ფსიქოლოგიური თავდაცვის საშუალებაცაა, რადგან რეალობა, სინამდვილე, იმდენად მტანჯველი, იმდენად გამანადგურებელია, რომ ბანგივით მაშველი, მალბუნი, დამამშვიდებელი ხდება ილუზია და ოცნება.
    თუმცაღა, «აფხაზეთის დაბრუნების» თვალსაზრისით, კაცმა რომ თქვას მავნეცაა, რადგან ბრძოლის ნაცვლად იმ განწყობასა და ჰალუცინაციას ნერგავს, რომ შეიძლება დაიძინო, ტკბილი სიზმარი ნახო, გაიღვიძო და ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც იყო ოდესღაც . . . ამ აზრით ეს კლიპი აფხაზეთთან მისალმება კი არა, სინამდვილეში მასთან გამოთხოვებაა – სამუდამო გამოთხოვება, როგორც ტკბილ, ლამაზ მაგრამ წარსულ მოგონებასთან, როგორც საყვარელ მიცვალებულთან.
    მაგრამ კლიპის ავტორებს ვერ დაადანაშაულებ, თუკი ნამდვილად არსებულ განწყობასა და სულისკვეთებას ეხმაურებიან. თანაც საკმაოდ ნიჭიერად: დღეს ხომ საქართველო მიხეილ ჯავახიშვილის ერთი შესანიშნავი მოთხრობის გმირს (არა უბრალოდ პერსონაჟს, არამედ გმირს) ჰგავს, რომელიც საზარელ სიმართლეს თვალს ვერ უსწორებს და შვებისმომგვრელი, სინამდვილეში კი ტკბილი საწამლავივით მომაკვდინებელი ილუზია ურჩევნია.
    _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _
    სოხუმის დაცემის შემდეგ ერთი მეომარი მიყვებოდა: 27 სექტემბერს, როცა სოხუმიდან მომავალ გემზე აბობღებას ვცდილობდი, ზღვას დავხედე და მომეჩვენა, თითქოს სულ გათეთრებულიყო – ალბათ სისხლთან და გვამებთან შერევა თუ ქმნიდაო ამგვარ ფერთშეხამებას.

     და ბოლოს. არასდროს დამავიწყდება, 1998 წელს, ახალ ათონში შეხვედრისას, ერთი აფხაზი ჟურნალისტი მეუბნებოდა: თქვენთვის, ქართველებისთვის აფხაზეთი დასასვენებელი და საბანაო ადგილია; წელიწადში ორი კვირით; ჩემთვის კი სამშობლოაო. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ კლიპს ნახავს (არადა უეჭველად ნახავს) ეს მცდარი შეხედულება კიდევ უფრო განუმტკიცდება.

 

 

მთელ გვერდზე