«პლეხანოვური» საფრთხე მოსკოვიდან ანუ რა განსხვავებაა «ძველბიჭობასა» და პოლიტიკას შორის

«პლეხანოვური» საფრთხე მოსკოვიდან ანუ რა განსხვავებაა «ძველბიჭობასა» და პოლიტიკას შორის

     

        მესამე დღეა, ბორის ბერეზოვსკის «მედია იმპერია» გააფთრებით ბომბავს რუსეთის პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატს - ევგენი პრიმაკოვს. ამ ბოლო დროს უმთავრეს ბრალდებად ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტები იქცა.
        ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ ოდომის განცხადება ამ ტერორისტულ აქტებში პრიმაკოვის მონაწილეობის თაობაზე, რუსეთში უფრო დიდ სენსაციად იქცა, ვიდრე საქართველოში. იმ მარტივი მიზეზით, რომ არაფერი «გასაკვირი» ან «მოულოდნელი» ამ ცნობაში ჩვენთვის არ არის.
        იმთავითვე, ჯერ კიდევ 1995 წელსვე ცხადი იყო: რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის უფროსის გარეშე იგორ გიორგაძე ვერ მოეწყობოდა «კომფორტულად» ლიბანში რუსეთის საელჩოს შენობაში, სადაც მას სპეციალური აპარტამენტები გამოუყვეს;
        აქ სადავოც არაფერია – გიორგაძის მფარველი პლეხანოველი «ჟენკა» იყო. მისი სახელი კვლავ ამოტივტივდა 1999 წლის მაისში, როდესაც ქართული სპეცსამსახურები სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას იკვლევდნენ.
        როგორც აღმოჩნდა, იგორ გიორგაძე (მისი მტკიცებით) რამდენჯერმე შეხვდა კიდეც პრიმაკოვს მოსკოვსა და მინსკში, - საქართველოს უშიშროების ყოფილმა «შეფმა» სრული მხარდაჭერა მიიღო, რის თაობაზე ატყობინებდა კიდეც თანამზრახველებს თბილისში სატელეფონო კონტაქტებისას.
        მამა-შვილი გიორგაძეების სატელეფონო საუბრებში, როგორც ჩანს, აგრეთვე ჟღერს პრიმაკოვის გვარი. ბუნებრივია, ამ მონაცემებს საქართველოს სპეცსამსახური უეჭველად გადასცემდა ამერიკელ კოლეგებს. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს შორის საკმაოდ მყარი ურთიერთობა აიგო 1995 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც განხორციელდა პირველი ტერაქტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ.
        გენერალი უილიამ ოდომი დაზვერვაში «პიონერი» არ არის. აქედან გამომდინარე, მისი განცხადება წინასწარ დაგეგმილი და კარგად გათვლილი «გაჟონვაა» პრიმაკოვის საწინააღმდეგოდ, რომლის არჩევა არა მხოლოდ ბერეზოვსკისა და მისი ოჯახის, არა მხოლოდ ელცინისა და პუტინის, არამედ ვაშინგტონისა და ევროპული დედაქალაქებისთვისაც ახალი «ცივი ომის» მომასწავებელი იქნება.
        აქ თითქოს ყველაფერი გარკვეულია. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რაღაც უცნაური ბედუკუღმართობით, რუსეთის ბედი კვლავ თბილისურ აურას გადაეხლართა, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა ისტორიაში - თავად იაშვილის, ქართველი გენერლების, მენშევიკებისა და ბოლშევიკების, რაღა თქმა უნდა, იოსებ ჯუღაშვილის შემდეგ.
        პრიმაკოვი, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მენტალიტეტით ნამდვილი პლეხანოველია - მას თბილისური ფენომენი სრულად აქვს ათვისებული და შესისხლხორცებული: «ძველბიჭობიდან» - «ქართულ სუფრამდე» და «ქალაქელობამდე» წმინდად თბილისური გაგებით.
        იმავდროულად, ამ ფენომენის განუყოფელი ნაწილია ფსევდოგანათლებულობა, ფსევდოელიტარულობა და ფსევდოინტელიგენტურობა.
        ჭეშმარიტი ინტელიგენტი არასდროს იკადრებდა ისეთ ხუმრობას, როგორიც პრიმაკოვმა «გამოაქვეყნა» (როცა პრემიერობისათვის ემზადებოდა): «ეს ნაღმსატყორცნი ჯავშნიან «მერსედესს» რა შემთხვევაში გახვრეტს?»
        ვერც რუსული საზოგადოება და ვერც თვით რუსული ისტებლიშმენტი ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად «ჭეშმარიტი თბილისელი» აღიარეს.

        გარწმუნებთ, პრიმაკოვისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან უცხოვრია და მოსკოვშიც შუა ხნის ასაკში დასახლდა, მაინც ყველაზე მთავარი და განმსაზღვრელი ჭაბუკობის წლები იყო, რომელიც თბილისში გაატარა; სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მისი პიროვნება.
        ამ თვალსაზრისით, ევგენი პრიმაკოვი (ვთქვათ) გენადი ზიუგანოვისგან აბსოლუტურად განსხვავებული ტიპია. ზიუგანოვი სულ სხვა მენტალიტეტის პიროვნებაა. მაგალითად, იგი თავად ყვებოდა, რომ ყოველი ახალი კოსტიუმის შეძენისას «საოჯახო საბჭოს» აწყობენ - ღირს თუ არა ესოდენ ძვირადღირებული კოსტუმის შეძენა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ შეიძლება ძველის დაკერება.
        პრიმაკოვის მენტალიტეტისათვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია და გაუგებარი - იგი «თბილისელია», - იმ კასტას განეკუთვნება, რომლისთვისაც მატერიალური პრობლემა საერთოდ არ არსებობდა; უკიდურეს შემთხვევაში, მოიპარავდა ან სხვას წაართმევდა.
        უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი პიროვნების აღმოჩენა რუსეთის სახელმწიფოს სათავეში ყველაზე მეტად საშიშია საქართველოსათვის, ვინაიდან ზიუგანოვისაგან, ლუჟკოვისაგან ან თუნდაც იავლინსკისგან (მით უმეტეს, ლებედისგან) განსხვავებით მას «თბილისური» მენტალიტეტი აქვს.
        ედუარდ შევარდნაძე და ჟენია პრიმაკოვი უკვე ვეღარასოდეს შერიგდებიან; რაც, რა თქმა უნდა, ძალზე სამწუხაროა პლეხანოველი «ძველი ბიჭის» თბილისელი ძმაკაცებისათვის, რომელთაც დღესაც არ ივიწყებს (არც ოდესმე დაივიწყებს), მოსკოვში სახლში პატიჟებს, უყვარს მათთან ერთად კონიაკის სმა, თბილისური გაგებით «ქეიფი», სუფრაზე დროსტარება.
        თბილისურ სალონებში ახლაც მოისმენთ: ერთი თვის წინ მოსკოვში პრიმაკოვს შევხვდი, ძალიან თბილად მიმიღო - «მაგარი ტიპია».
        ერთი სიტყვით, ქართული ელიტა კვლავ ძველი ფანტომებითა და ილუზიებით ცხოვრობს, - ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ჭკუა და ალღო კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი თითქმის ერთადერთია ამ ელიტაში, ვინც ჯერ კიდევ 10 წლის წინ მიხვდა: პლეხანოვზე და სუფრაზე ბევრი რამის ჩაწყობა შეიძლებოდა, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესებისა.

7 დღე, 25 ოქტომბერი, 1999 წელი