თავისუფლების სიმბოლო
        კანონი «ცეცხლსასროლი იარაღის» შესახებ კვლავ საპარლამენტო ვნებათაღელვის საგანია.
   

    ჩემი აზრით, ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებასთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკანასკნელი მონაცემებით, 200 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღია რეგისტრირებული მოსახლეობაში (არმიისა და პოლიციის შეიარაღების გარდა). ყოველ წუთნახევარში ამ ქვეყანაში ერთი მკვლელობა ხდება. მიუხედავად ამისა, საზოგადოების, კონგრესმენთა თუ პოლიციის ყველა მცდელობა, როგორმე იძულებული გაეხადა სენატი, შეეტანა შესაბამისი ცვლილება კონსტიტუციაში, რომელიც აკრძალავდა იარაღის თუნდაც ტარებას, - ყოვლად უშედეგოდ დამთავრდა.
    ამერიკაში არსებობს «მსროლელთა ასოციაცია», რომელსაც უძლიერესი ლობი ჰყავს კონგრესში. ლობისტთა უმთავრესი არგუმენტი შემდეგში მდგომარეობს: მკვლელობათა აბსოლუტური უმრავლესობა ხდება არარეგისტრირებული იარაღით, ამიტომ, თუ სახელმწიფო აუკრძალავს მოქალაქეს იარაღის ტარებას, მათ ფაქტობრივად ჩამოერთმევათ თავდაცვის უფლება - კრიმინალური ელემენტი ხომ მაინც იშოვის იარაღს.
    გარდა ამისა, ამერიკაში იარაღის ტარების უფლება ეროვნული მსოფლმხედველობის საფუძველია. ამერიკა ხომ ის ქვეყანაა, რომელიც ძლიერმა პიროვნებებმა შექმნეს, აი, ისეთებმა, როგორებიც უკვდავყოფილნი არიან ჩვენი თაობისათვის დაუვიწყარ ფილმში «შესანიშნავი შვიდეული»:
    რათა გადარჩენილიყავი და «მზის ქვეშეთში» შენი ადგილი მოგეპოვებინა, უნდა გებრძოლა და გაგემარჯვა კიდეც ამ ბრძოლაში. ამიტომ, იარაღი ამერიკელისათვის ყველაზე ძვირფასის - პიროვნული თავისუფლების სიმბოლოა. ამგვარი სიმბოლო ქართველებსაც გვქონდა. ხანჯალი ხომ საუკუნეთა მანძილზე ქართველისათვის, კავკასიელისათვის იგივე იყო, რაც «კოლტი» - ამერიკელისათვის.
    არსებობს ასეთი გამონათქვამი: «ღმერთმა შექმნა ადამიანი, ხოლო კოლტმა გაათანაბრა ისინი». იარაღი ცივილიზებულ საზოგადოებაში მართლაც შეიძლება იქცეს ერთგვარი «თვითრეგულირების» საშუალებად. მაგრამ საქართველოს სინამდვილეზე დასავლური რეალობების პროეცირებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასავლურ საზოგადოებას უმძლავრესი სახელმწიფოებრივი სტრუქტურებიც გააჩნია, რომლებიც მკაცრად აკონტროლებენ იარაღთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ, იგი დესტაბილიზაციის, ანტისაზოგადოებრივი მოქმედების ფაქტორად იქცეს.
    საქართველოში, ასეთი მძლავრი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ქვეყანაში, ფაქტობრივად, ანარქიის მდგომარეობაა, მოშლილია კანონის შეუვალობის განცდა, ამიტომ «თვითრეგულირების» ფუნქციას იარაღი ვერ შეასრულებს.
    გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ იარაღის ფლობას უდიდესი პიროვნული კულტურა სჭირდება, ჩვენში კი უმრავლესობას ასეთი კულტურა არ გააჩნია. გარდა ამისა, საქართველო «კლანური» ქვეყანაა, ამიტომ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დაკანონება უეჭველად გამოიწვევს პატარ-პატარა «არმიების» ჩამოყალიბებას, რომლებიც დაიწყებენ ბრძოლას გავლენის სფეროთა ხელში ჩასაგდებად და ამ ბრძოლას უეჭველად გადაჰყვება ქართული სახელმწიფო, რომელიც ჯერ ფეხზე ვერც დამდგარა რიგიანად.
    არ არის სწორი, თითქოს ამერიკაში მხოლოდ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა და ტარება იყოს დაკანონებული. იქ არა თუ რევოლვერის, პისტოლეტის, ავტომატის, არამედ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის შეძენაც შეუძლია ნებისმიერ ჯანმრთელ მოქალაქეს, რომელიც ნასამართლევი არ ყოფილა.
    ერთმა ტეხასელმა ფერმერმა კი საკუთარი ტანკით გაისეირნა დალასის ქუჩებში, მაგრამ პოლიციამ დააჯარიმა. . . საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის.
    ამგვარი თავისუფლება იოტისოდენ საფრთხესაც არ უქმნის ამერიკის სახელმწიფოს, რადგან ამ უკანასკნელს ყოველთვის შესწევს იმის ძალა, უნარი, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი «შეიარაღებული» კლანი ერთი დარტყმით დაშალოს და ძალას ასგზის მეტი ძალა დაუპირისპიროს.
    შესწევს თუ არა ასეთივე უნარი ქართულ სახელმწიფოს? თუ გულწრფელნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ,- ჯერჯერობით არა. ჩვენში არც კერძო საკუთრების ინსტიტუტია ჩამოყალიბებული, რათა ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება სახელმწიფოს ურყევობისა და ძალმოსილების გარანტად იქცეს.
    როდესაც საქართველოში ნამდვილად სამოქალაქო საზოგადოება წარმოიშობა, როდესაც ჩვენშიც გაჩნდება ფსიქოლოგია «ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა», როდესაც თითოეული ქართველი შეისისხლხორცებს როგორც აუცილებელ ჭეშმარიტებას, როგორც ქცევის ნორმას, რომ «ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება». და რაც მთავარია, როდესაც ჩვენ შევძლებთ მყარი, არაკორუმპირებული ძალისმიერი სტრუქტურების ჩამოყალიბებას, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საზოგადოებამ დააკანონოს იარაღი, როგორც პიროვნული ღირსებისა და ხელშეუხებლობის გარანტი, - როგორც თავისუფლების სიმბოლო.

«ივერია ექსპრესი». 1993 წლის 11 ივნისი.

მთელ გვერდზე