ოპოზიციურ ძალთა გადაჯგუფებით შევარდნაძე არ შეიცვლება

ოპოზიციურ ძალთა გადაჯგუფებით შევარდნაძე არ შეიცვლება

   

    მომავალი არჩევნების გრგვინვა აღარ არის ისეთი შორეული, როგორც ერთი წლის ან თუნდაც ორი თვის წინ იყო. ბათუმის თავყრილობამ (შემდეგი ოპოზიციური «ყურულთაი» უეჭველად 1999 წლის ზაფხულში ჩატარდება) და «არაასლანისტური» პარტიების ლიდერთა განცხადებებმა საბოლოოდ განსაზღვრა ძალთა განლაგება.
    საეჭვოა, იგი ერთი წლის განმავლობაში შეიცვალოს. ახალი პოლიტიკური ფაქტორი აღარ წარმოიშობა - თუ, რასაკვირველია, ზვიად გამსახურდია არ გაცოცხლდა, კიტოვანი და იოსელიანი ციხიდან არ გამოვიდნენ ან რუსეთის სპეცსამსახურებმა მორიგი ტერორისტული აქტი არ მოაწყვეს შევარდნაძის წინააღმდეგ.
    აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიღწეულია გარკვეული წონასწორობა. პარტიზანებმა მისი დარღვევა სცადეს (რა თქმა უნდა, ხელისუფლების დასტურით), რასაც ცნობილი მოვლენები მოჰყვა. ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობდა, რომ ეს პრეზიდენტისა და «მოქალაქეთა კავშირის» საბოლოო კრახი გახდებოდა; თუმცა, მეორე მხრივ, ერთი წლის განმავლობაში ემოციები დაცხრება, ლტოლვილთა ნაწილი უეჭველად დაბრუნდება გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში, რომელთაც აფსუები მხოლოდ პირობითად აკონტროლებენ და აღდგება 1998 წლის მაისამდე არსებული მდგომარეობა.
    სამაგიეროდ, ხელისუფლება მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდება, ვინაიდან მან საბოლოოდ გამოუშვა «ორთქლი» ადუღებული ქვაბიდან - აფხაზეთის ძალით დაბრუნების, სამშვიდობო ძალთა გაყვანის, ომის განახლების მოთხოვნა (რასაც შარშან ხშირად გაიგონებდით) ჯერჯერობით მოიხსნა დღის წესრიგიდან: ოპოზიციას ეს არგუმენტი აღარ ექნება, ამას კი «ხელისუფლების პარტიისათვის» ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
    ამრიგად, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, მაისის მოვლენებმა შეიძლება განმუხტოს კიდეც დაძაბულობა პოლიტიკურ ლანდშაფტზე - პოლიტიკას ხშირად სჩვევია ასეთი პარადოქსები. «ვითარების განმუხტვაში» ხელისუფლებისათვის ხელსაყრელი განწყობის შექმნას ვგულისხმობთ, თორემ ოპოზიცია, თავისთავად, რა თქმა უნდა, არც დამშვიდდება და არც ბრძოლას შეწყვეტს (თავისი არსიდან გამომდინარე).
    რაც შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, «მემარცხენეთა პროპაგანდა» ბოლოს და ბოლოს დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ სინამდვილეში არანაირი «მემარცხენეები» ისინი არ არიან და მათი უმთავრესი მიზანი (მარტივად თუ ვიტყვით) პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებაა, რაც გულისხმობს უცხოურ საქონელზე აქციზებისა და საბაჟო გადასახადის ზრდას, რათა მოსახლეობა იძულებული გახდეს, ძვირი და უხარისხო «სამამულო წარმოების» პროდუქცია შეიძინოს - უცხოური, იაფი და ხარისხიანი ნაწარმის ნაცვლად.
    აი, ეს არის ქართველი «მემარცხენეების» მთელი ფილოსოფია, რომლებიც სინამდვილეში «მემარცხენეები» კი არ არიან, არამედ «საბჭოთა ინდუსტრიის მესაჭეთა» აწ უკვე «პრივატიზებულ» ინტერესებს გამოხატავენ.
    რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გააქტიურდება პოლიტიკური სპექტრი. ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც არჩევნებში მონაწილე პარტიათა რაოდენობა შეზღუდა მათთვის გარკვეული ცენზის დაწესებით.
    ყველა პარტია ვალდებული იყო დადასტურებულ ხელმოწერათა ათასკაციანი სია წარედგინა იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისათვის. მიუხედავად ამისა, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების ოდენობა ორმოცდაათს მაინც გადააჭარბებს. «ხელისფლების პარტია» მიხვდება შეცდომას და «თვალს დახუჭავს» წვრილ-წვრილი პარტიების ეშმაკობებზე. ისევ დაფუძნდება «დედმამიშვილთა პარტიები» (დაახლოებით ასეთი სახელწოდებით მონაწილეობდა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია წინა არჩევნებში), რომლებიც ჭეშმარიტად ოპოზიციურ ძალებს «გათქვეფენ». ამ უკანასკნელთ ერთადერთი შანსი დარჩებათ - გაერთიანდნენ და შექმნან საარჩევნო ბლოკები.
    მაგრამ აქ ჩვენი პოლიტოკრატია საოცარ სიჯიუტეს ამჟღავნებს: 1990 წლიდან დაწყებული, დანაწევრების ტენდენცია ჭარბობს გაერთიანებისაკენ სწრაფვას.
    ლიდერებმა ვერა და ვერ დაძლიეს ამბიცია, რის გამოც მათი პარტიები ხშირად რჩებოდნენ საარჩევნო კვოტის მიღმა. ეს ტენდენცია 1995 წლის არჩევნებშიც გამოვლინდა. უამრავი პარტია «ხახამშრალი» დარჩა მიუხედავად იმისა, რომ წინა პარლამენტში ერთობ სოლიდურად იყვნენ წარმოდგენილნი.
    მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რა პრინციპით აირჩა 1992 წლის «პარლამენტი». პრეფერენციების სისტემამ საშუალება მისცა ყველას, ვისაც კი ამის სურვილი და ამბიცია ჰქონდა, კანონმდებელი გამხდარიყო. მომავალში ამგვარი რამ აღარ განმეორდება: პოლიტიკური სპექტრი «დაიწმინდა», პარტიათა რეალური შესაძლებლობები გაირკვა, ხელისუფლებამ მდგრადობა შეიძინა; ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ პოლიტიკურ ძალთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოითხოვს საარჩევნო ცენზის შემცირებას 5-დან 3 პროცენტამდე.
    დღევანდელ «მემარცხენე ოპოზიციას» შეიძლება ეს არც აძლევდეს ხელს, ვინაიდან შედეგად პარლამენტში მოხვდებიან არა მარტო «მემარცხენე», არამედ «მემარჯვენე» მიმართულების ჯუჯა-პარტიებიც, ისინი კი პოლიტიკურ სპექტრს «გააწონასწორებენ» და სოციალისტური იდეის მიმდევრებს არ მისცემენ ფსიქოლოგიური დომინანტების ჩამოყალიბების საშუალებას. ამდენად, «მოქალაქეებს» საარჩევნო კვოტის შემცირება შეიძლება ჭკუაშიც დაუჯდეთ.
    ზემოთქმულის გათვალისწინებით, საარჩევნო მარათონის დასაწყისში შემდეგი დისპოზიცია იკვეთება: «მოქალაქეთა კავშირი», როგორც ხელისუფლების პარტია, გააგრძელებს მანევრირებას, შეეცდება ერთმანეთს შეუთავსოს როგორც «მემარცხენე», ასევე «მემარჯვენე» იდეოლოგია - სიტყვით «სოციალისტურ ინტერნაციონალში» გაწევრიანდება, საქმით კი მემარჯვენე-მონეტარისტულ პოლიტიკას გაატარებს; ალბათ, პოლიტიკურ ბლოკს არავისთან შექმნის, თუმცა ზოგიერთი სიმპტომის შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ პარტიის საარჩევნო სიით ისეთმა მოღვაწეებმაც იყარონ კენჭი, რომლებიც დღემდე «მოქალაქეებთან» თითქოს არ ასოცირდებიან. შესაძლოა, ისინი «მემარცხენეებიც» იყვნენ და «მემარჯვენეებიც». ამით «მოქალაქეები» მთლიანად პოლიტიკური ცენტრის დაპყრობაზე განაცხადებენ პრეტენზიას. «მემარცხენე ცენტრისტული» პოზიცია აზრს დაკარგავს, ამიტომ რჩეულიშვილის «სოციალისტური პარტია» იძულებული გახდება, უფრო მკვეთრი და აქტიური პოზიცია დაიკავოს.
    მისი ალიანსი «აღორძინებასთან» და ასლან აბაშიძესთან მაინც ნაკლებ სავარაუდოა იმ მიზეზთა გამო, რომელსაც დამკვირვებელთა უმრავლესობა ვერ ამჩნევს, ვინაიდან არ იცის, როგორ ვითარდებოდა ურთიერთობა ვახტანგ რჩეულიშვილსა და ასლან აბაშიძეს შორის. 1992-1995 წლებში თვით «აღორძინების» ბლოკი, მთლიანობაში, მაინც «მემარცხენე» შეფერილობის იქნება, ვინაიდან სწორედ აქეთ იხრება მისი ელექტორატი.
    პანტელეიმონ გიორგაძესთან და შალვა ნათელაშვილთან ალიანსი ასლან აბაშიძისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აკაკი ასათიანთან, ვინაიდან ამ უკანასკნელს ფაქტობრივად ელექტორატი აღარ გააჩნია. «ზვიადისტები» ან საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ან მანანა არჩვაძეს დაუჭერენ მხარს; ვახტანგ ბოჭორიშვილის «კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება» საპირისპირო მიმართულების (საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილ) ამომრჩეველს დააფრთხობს; საბოლოოდ ეს ბლოკი (აღორძინება ლეიბორისტები-ტრადიციონალისტები-კომუნისტები) საკუთრივ აჭარის ამომრჩევლის ამარა დარჩება, რომელიც აღარ არის ისეთი მონოლითური, როგორიც უწინ. ყოველ შემთხვევაში, «მოქალაქეებს» ედვარდ სურმანიძის მეშვეობით სავსებით ძალუძთ ასლან აბაშიძეს სულ მცირე, ხმების ერთი მესამედი მაინც წაართვან. სხვა რეგიონებში კი (ქართული ეთნოფსიქოლოგიის გათვალისწინებით) ამ ბლოკის შანსები არცთუ ისე დიდი და მნიშვნელოვანი იქნება; «სახალხოელთა» ალიანსი მათთან მაინც შეუძლებელი ჩანს, ვინაიდან «ეს უკვე მეტისმეტია»; ხოლო თუ ასლან აბაშიძე პანტელეიმონ გიორგაძესთან კავშირზე უარს იტყვის «მემარჯვენეთა» მოსაზიდად, «მემარცხენეთა ელექტორატის» ხმებს დაკარგავს.
    რაც შეეხება «მარჯვენა ფრთას», ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ედეპე ყველაფერს გააკეთებს ამ ნიშის საბოლოოდ დასაკავებლად. სხვა სერიოზული «მემარჯვენე» ძალა ჯერ-ჯერობით არ ჩანს. თუმცა, განურჩევლად ოპოზიციის «ორმხრივი» აქტიურობისა, საეჭვოა, მან რაიმე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს, ვინაიდან საქართველოში ელექტორატი (ანუ იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც შეგნებული, გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება შეუძლია) ათ პროცენტს არ აღემატება. დანარჩენი 90 პროცენტი ელექტორატი არ არის. ამდენად, მისი დამოკიდებულება წინასწარ განსაზღვრულია,
    ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტად სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდება და პოლიტიკური პარტიები სოციალურ ძალებს არ დაეყრდნობიან. ჯერჯერობით კი არჩევნები მაინც «სიმპათია-ანტიპათიის» არჩევნებად რჩება და არა ინტერესთა გამოვლინებად.

მერიდიანი, 20 ივლისი, 1998 წ.