თენგიზ კიტოვანი - «სახაზინო სახლის» ორდენოსანი ბინადარი

თენგიზ კიტოვანი - «სახაზინო სახლის» ორდენოსანი ბინადარი

 

    13 იანვარს ორი წელის შესრულდა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თენგიზ კიტოვანის მიერ ორგანიზებული «ლაშქრობიდან» (აფხაზეთის მიმართულებით), რასაც ოდესღაც ყოვლისშემძლე სარდლის დაპატიმრება და 8 წლით ციხეში გამწესება მოჰყვა.
    იმთავითვე ნათელი იყო, რომ კიტოვანი სინამდვილეში აფხაზეთში შესვლას არ ისახავდა მიზნად, რადგან ბავშვმაც უწყოდა: რუსეთის სამშვიდობო ძალები ცაიშს იქით «გვარდიას» არ გაუშვებდნენ. რუსეთთან ომს კი თენგიზ კიტოვანი ნამდვილად არ აპირებდა. სინამდვილეში იგი სენაკში დაბანაკებას ცდილობდა რათა (როგორც თავად ამბობდა) დაესწრო ხელისუფლების ბრძანებისათვის «აფხაზეთში ლაშქრობის შესახებ». სხვა არანაირ განკარგულებას (მაგალითად, «განიარაღების» შესახებ) კიტოვანი არ შეასრულებდა. ანუ, ფაქტობრივად, დაუმორჩილებლობას გამოუცხადებდა შევარდნაძის ხელისუფლებას.
    კიტოვანის ლაშქრობა ზესტაფონში იგორ გიორგაძის «სპეცდანიშნულების რაზმმა» აღკვეთა. მომავალში კი ამ რაზმის ბევრი წევრიც «სპეცებში» (სიკვდილმისჯილთა საკნები) აღმოჩნდა. იგორ გიორგაძე სახელმწიფოს მეთაურის დავალებით მოქმედებდა, თუმცა მას არც პირადად ჰქონდა კარგი ურთიერთობა თენგიზ კიტოვანთან (ჯაბა იოსელიანისაგან განსხვავებით). სიმბოლურია, რომ კიტოვანისთვის აღმოჩენილ ნივთმტკიცებებში გიორგაძის ნაჩუქარი ავტომატური იარაღიც ფიგურირებს (ზვიად გამსახურდიას ნაჩუქარ კალაშნიკოვთან ერთად). «მოლაშქრეებს» წინააღმდეგობა ფაქტობრივად არ გაუწევიათ - რამდენიმე ასეული ადამიანი იმ დღესვე (იმ ღამესვე) მოათავსეს საქართველოს სხვადასხვა ციხეებში, მაგრამ ორიოდე კვირის შემდეგ მათი აბსოლუტური უმრავლესობა (კიტოვანის პირადი დაცვის წევრთა ჩათვლით) გაათავისუფლეს, ხოლო თენგიზ კიტოვანს დიდუბის რაიონის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
    კიტოვანის უახლოესი თანამებრძოლი და თანამოაზრე, თენგიზ სიგუა, ჯერ კიდევ «ლაშქრობამდე» გრძნობდა, რომ მისი მეგობარი საბედისწერო შეცდომას უშვებდა. ამიტომ ყოველნაირად ცდილობდა მის შეჩერებას, მაგრამ უშედეგოდ - თენგიზ კიტოვანს «რევანში» სწყუროდა და თუ დასჭირდებოდა, ახალი შეიარაღებული გამოსვლის წინაშეც არ დაიხევდა უკან. თენგიზ სიგუა თავად არ გაჰყვა «მოლაშქრეებს». წინააღმდეგ შემთხვევაში (როგორც ერთხელ პირდაპირ უთხრა გენერალურმა პროკურორმა), ის დღეს «თავისი მეგობრის გვერდით იჯდებოდა ორთაჭალის ციხეში». ექსპრემიერ-მინისტრს შესანიშნავად ესმოდა, რომ 1995 წლის იანვარი 1992 წლის დეკემბერი არ იყო არცერთი თვალსაზრისით და ის, რაც მაშინ დასაშვები იყო, სამოქალაქო ომის დამთავრებამ და სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლების განმტკიცებამ შეუძლებელად აქცია.
    ახლოვდებოდა ნოემბრის არჩევნები და მოსახლეობის დამოკიდებულება გადამწყვეტი ფაქტორის მნიშვნელობას იძენდა. თენგიზ კიტოვანიც და ჯაბა იოსელიანიც სწორედ ამას შეეწირნენ. გარდა ამისა, არც ერთ ხელისუფალს არ სჭირდება სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი. თენგიზ კიტოვანი ხომ «ცოცხალი პრეცედენტი» იყო და ეს პრეცედენტი თავისთავად მოითხოვდა კორექტივს.
    ყველაზე დიდი ილუზია ის იქნება, თენგიზ კიტოვანი თავის ბედს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობას რომ უკავშირებდეს. ვინც არ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, «ცოცხალი პრეცედენტი» არავის სჭირდება; ამდენად, აფხაზეთის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ბედი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდა.

მერიდიანი, 14 იანვარი, 1997 წელი