სისუსტის შედეგი

    საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს და რეალურ მნიშვნელობას იძენს სოციოლოგიურ კვლევათა შედეგები.
    ბოლო დროს რამდენიმე ასეთი მასალა გამოქვეყნდა. მათგან ყველაზე რეპრეზენტატიულად სპეციალისტები თვლიან კომპანია BCG-Research-ის მონაცემებს, რომელთა თანახმად, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი 54 პროცენტია.
    შემდგომში «კვირის პალიტრისა» და «Georgian Times»-ის გამოქვეყნებული მონაცემებით კი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ხმათა ბევრად ნაკლებ (სულ უფრო და უფრო ნაკლებ) ოდენობას აგროვებს.
    თუმცა, დავუბრუნდეთ BCG-ს კვლევას. მათ გამოქვეყნებას ე.წ. «ლეიბორისტთა» და სხვა ოპოზიციურ პარტიათა გამძვინვარება მოჰყვა. აქაოდა, «ხელისუფლებამ დაუკვეთა», «ხელისუფლების მაამებლობაა» და ასე შემდეგ.
    არადა, ეს შედეგი (54 პროცენტი) არის არა უბრალო არასასურველი, არამედ კატასტროფული ხელისუფლებისათვის!
    არცერთ პრეზიდენტს, საქართველოს ისტორიაში, (ედუარდ შევარდნაძის ჩათვლით), ყველაზე ობიექტური და გაუყალბებელი გამოკითხვებითაც კი, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასეთი დაბალი რეიტინგი არ ჰქონია.
    ამასთან, დიდი უპასუხისმგებლობაა, თითქოს «არაუშავს, თუკი პრეზიდენტი 54 პროცენტით გაიმარჯვებს».
    54 პროცენტით არჩეული პრეზიდენტი მხოლოდ შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოებშია ლეგიტიმურობის ისეთივე ხარისხის მატარებელი, როგორც 80 პროცენტით არჩეული. საქართველოში კი, ამის შედეგად, უეჭველად ჩამოყალიბდება სტერეოტიპი «ყოველი მეორე ქართველი ამ პრეზიდენტს მხარს არ უჭერს!», რაც ახლო მომავალში კიდევ უფრო სერიოზული პრობლემების, რყევების და კატაკლიზმების შედეგი შეიძლება გახდეს.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    ერთი შეხედვით თითქოს დაბალი რეიტინგის მიზეზი 7 ნოემბრის მოვლენები გახდა, მაგრამ დავაკვირდეთ კიდევ ერთ უცნაურობას: ყველა გამოკითხვით, პრეზიდენტის «წარუმატებლობათა და შეცდომათა» ჩამონათვალში, მასა (რომლის ჭრილი და ანარეკლია რესპონდენტთა კატეგორია) მიტინგის დარბევას, ცრემლსადენი გაზის გამოყენებასა და მთლიანობაში ამ მოვლენებს, ჩამონათვალში მხოლოდ მეშვიდე-მერვე ადგილას ასახელებს. თანაც, უმცირესი პროცენტით.
    მაშასადამე, როგორც ჩანს, ნამდვილი მიზეზი უფრო სხვაა.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -- - -
    სტატიაში «გამარჯვებულებს ვერ ასამართლებენ» ვწერდი, რომ ქართველი ამომრჩეველი (მასაში) გადაწყვეტილებას იღებს არა სოციალური მოტივაციებით, არამედ (ჯერ კიდევ) ყველაზე მარტივი ინსტინქტით: იგი ხმას აძლევს გამარჯვებულს, წარმატებულსა და ძლიერს – დამარცხებულის, გაუბედავისა და სუსტის საწინააღმდეგოდ. იმ სტატიას, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა კრიტიკოსებმა უფრო ვერბალური უტრირება-დემაგოგია ამჯობინეს წერილობით ოპონირებას.
    ბუნებრივია, ჩემი ტექსტი ძალზე «არაპოლიტკორექტული» იყო, თუმცა სიმართლე ყოველთვის კორექტული როდია.
    რეალურად, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნები დანიშნა (ანუ შინაარსობრივად, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა შეასრულა) არა 7 ნოემბრამდე, არამედ სულ სხვა პოლიტიკურ და ცნობიერ რეალობაში, სულ სხვა საზოგადოებრივ ატმოსფეროში, რომელიც 7 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა – მასის მიერ ეს მართლაც აღიქმებოდა არა დათმობის, არა სისუსტის, არა შიშის, არამედ ძლიერის(!) მიერ დაშვებული კომპრომისის, კეთილი ნების გამოვლინებად.
    მაგრამ ამის შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. პრეზიდენტი სააკაშვილი აქ კი არ შეჩერდა, არამედ დაიწყო ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთაც მასა უკვე არა «კომპრომისად» და «კეთილი ნების გამოვლინებად», არამედ დათმობად, გაუბედაობად და შიშნეულობადაც კი აღიქვავს:
    გაუქმდა სავსებით სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება სალარო აპარატების აუცილებელი გამოყენების შესახებ ანუ (შინაარსობრივად ეს ამას ნიშნავს) კვლავ ნებადართულია კონტრაბანდით და აღურიცხავი საქონლით ვაჭრობა, რაც ბევრად უფრო პრინციპული საკითხია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და მხოლოდ ეკონომიკური კატეგორიებით არ აღიწერება.
    თავი რომც დავანებოთ იმ უეჭველ დებულებას, რომ ბოლო წლების საბიუჯეტო ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო სწორედ კონტრაბანდის აღკვეთა გახდა, ყველას ახსოვს პრეზიდენტის განცხადებები (ჟურნალისტების თანხლებით რომის ბაზარში სტუმრობისას თუნდაც), რომ «ცივილიზებული ქვეყანა წარმოუდგენელია მკაცრი აღრიცხვის გარეშე» და ასე შემდეგ;
    გარდა ამისა, ციხიდან გათავისუფლებულია ის კატეგორია, რომლის მიმართაც პრეზიდენტი «ნულოვან ტოლერანტობას» მოითხოვდა და ამით საზოგადოების იმ უმრავლესობას ეხმაურებოდა, რომელიც ღიად, საჯაროდ ჩვენს პირობებში ამას არასდროს აღიარებს, მაგრამ შინაგანად და ფარულად ქურდბაცაცებისა და ჯიბგირების მიმართ ყოველთვის უკომპრომისო სიმკაცრის მომხრეა;
    პრეზიდენტი «დაუტკბა» იმ სოციალურ ფენას (უნდა თუ არა, სწორია თუ არა, მასაში ეს ასე აღიქმება), რომელსაც ადრე თავად უწოდებდა «ჩასარეცხებს»;

ხალხის მიერ ასევე უპატიებელი სისუსტის გამოვლინებად აღიქმება, რომ ის ოპოზიციონერები, ვინც ხელისუფლებამ მტრის აგენტებად, მსტოვრებად გამოაცხადა და რუსეთის სპეცსამსახურთა წარმომადგენლებთან მათი შეხვედრის ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებდა ამის მიუხედავად არათუ არ დაუპატიმრებიათ, არამედ ბუზიც არ აუფრინეს.

        ხალხი ამ შემთხვევაში იძულებული გახდა დაახლოებით ასე ემსჯელა: რაღაცას გვატყუებს ეს ხელისუფლება ან ის ოპოზიციონერები სინამდვილეში მტრის აგენტები და შეთქმულები არ არიან ანუ ხელისუფლება ცილს სწამებს, ან ხელისუფლებაა მშიშარა, სუსტი და მთხლე, რაკი ვერ აპატიმრებს მათ და არ ასრულებს თავის პირდაპირ მოვალეობას დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება მსტოვართა და შეთქმულთაგან.

    ორივე შემთხვევაში ხელისუფლება გამოდიოდა წაგებული და დისკრედიტირებული. ანუ სჯობდა ის ჩანაწერები 7 ნოემბრის შემდეგ საერთოდ არ გაევრცელებინათ ან მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ამას მარტივი, თუმცა შეუვალი  «ხალხური» ლოგიკა მოითხოვდა.


    გაიზარდა ხელფასები და პენსიები. ძალიან კარგია, მაგრამ შედეგად მასას უეჭველად გაუჩნდა განცდა, რომ ეს «ბოროტ და მშიშარა» ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგია, თორემ (საკითხი ასე ისმება) «თუ შესაძლებელი იყო, თუ ფული ჰქონდათ ადრე რატომ არ აკეთებდნენ? მაშასადამე, უნდა მივაწვეთ, შეშინდებიან და კიდევ მოგვიმატებენ».
    ძალიან საშიში პრეცედენტია იმ ქვეყნისთვის, რომელიც მხოლოდ ახლა აფუძნებს ნორმალურ ეკონომიკურ სისტემას, რისი მთავარი პირობაც ხარჯებში მომჭირნეობა, არადეფიციტური ბიუჯეტი, მყარი ეროვნული ვალუტა, სუვერენული ვალის მომსახურების პრიორიტეტულობა, მაკროეკონომიკური ზრდა, ინფლაციის დაბალი დონე და, შესაბამისად, ქვეყნის მაღალი საერთაშორისო რეიტინგი, ანუ საინვესტიციო მიმზიდველობაა.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    როგორც ჩანს, 7 ნოემბრის მოვლენებიდან ხელისუფლებამ გამოიტანა აბსოლუტურად მცდარი დასკვნა, რომ იმ «აფეთქების» მიზეზი და წინაპირობა სოციალური სიდუხჭირე იყო.
    სინამდვილეში, კონფლიქტი, რომლის კულმინაცია შედგა 7 ნოემბერს, გახლდათ უმეტესწილად ღირებულებითი, მენტალური კონფლიქტის გამოვლინება საზოგადოებაში, რომელიც ღირებულებითი ტრანსფორმაციის მტკივნეულ სტადიაში იმყოფება. ეს იყო და არის კონფლიქტი ტრადიციულ და ახალ მენტალობას, უფრო მეტიც – ტრადიციულ და ახლადშობილ იდენტობებს შორის.
    ამდენად, პრეზიდენტი სააკაშვილი, სოციალური დათმობებით, საბიუჯეტო ხარჯების გაზრდით, მშიერთა დაპურებით (რომელთა უმეტესობას ჯერ კიდევ ვერ შეუგნია, რომ დასაპურებლად ინიციატივიანობა, შრომა, ძიება ანუ «ხელის განძრევაა» საჭირო და არა ღარიბი ქვეყნის მთავრობისაგან დახმარების ლოდინი) ამ პრობლემას ვერ გადაჭრის – მენტალურ და ღირებულებით კონფლიქტს ვერ შეწყვეტს, მოძულეთ ვერ შემოირიგებს, საზოგადოებაში დაძაბულობას ვერ განმუხტავს, სამაგიეროდ, ერთის მხრივ ქვეყნის სოციალური და ღირებულებითი რეფორმირების თავისსავე პროექტს დააყენებს ეჭვქვეშ (ანუ საკუთარი ლეგიტიმურობის საფუძველთა-საფუძველს შეუყენებს წყალს), ხოლო მეორეს მხრივ, ისევ და ისევ, მასას განუმტკიცებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ეს დათმობები უკვე სისუსტის, გაუბედაობის გამოვლინებაა და არა კეთილი ნებისა.
    - - - - - - - - - - - - - - -- - -- -- - - - - - - - - - - - -- -
    დავაკვირდეთ: რა ცნობიერი სტერეოტიპი, რა ევფემიზმი ჟღერს ყველაზე ხშირად ქართულ მასაში პოლიტიკოსის შეფასებისას? - «მაგარია!». «მიშა მაგარია!», «გრეჩიხა მაგარია!», «ირაკლი ოქრუაშვილი მაგარია!».
    აი ეს «მაგარია», განაპირობებს სწორედ (და არა საპრეზიდენტო პროგრამები და ცრემლმორევამდე გულუბრყვილო სლოგანები) საქართველოში პოლიტიკოსის წარმატებას.
    მათ შორის სარჩევნო წარმატებასაც, რაკი (ვიმეორებ) ქართველი ამომრჩეველი მასაში აბსოლუტურად არავითარ ყურადღებას არ აქცევს პროგრამას, ან იმას, თუ რას ლაპარაკობს(!) კანდიდატი. მთავარია როგორ იქცევა(!) იგი, რამდენად მტკიცედ და შეუვალად გამოიყურება(!), რამდენად თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანს(!), რამდენად «არ ეშინია მტრების» და ასე შემდეგ.

- - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - -
    არის ერთი გამაოგნებელი ქართული ანდაზა: «შენდებოდეს შეეწიე - ირბეოდეს შეესიეო». საოცარი ექსტრაპოლირების საშუალებას ქმნის ჩვენს ელექტორალურ სინამდვილეზე.
    - - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - -- - - -- -
    ნამდვილად არ ვიცი ვინ ურჩია პრეზიდენტს, რომ დათმობებითა და პრინციპულ საკითხებში უკან დახევით უფრო მიაღწევს წარმატებას მომავალ არჩევნებში, ვიდრე სიმტკიცითა და პრინციპულობით. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნებოდა არც გიგა ბოკერია, არც კახა ლომაია და არც კახა ბენდუქიძე.
    ისიც ურყევად მწამს, რომ თუ ხსენებულმა ვითომ კეთილგანწყობილმა და ვითომ ხალხისადმი გულჩვილმა «მრჩევლებმა», 54 პროცენტის - 80 პროცენტამდე ხელოვნურად გასაზრდელად «ადმინისტრაციული რესურსისა» და «ქვემო ქართლში ხმების ჩაყრის უმჯობესობა» ურჩიეს, - ეს ყველაზე უარესი გამოსავალია დღესაც და ახლო სამომავლოდაც.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    პოლიტიკას მრისხანე, ფიზიკასა და მათემატიკაზე არანაკლებ ურყევი კანონები აქვს. ერთ - ერთი მათგანის შესაბამისად კი, ჯერ არასდროს კაცობრიობის ისტორიაში, არსად არავის მოუპოვებია გამარჯვება დათმობებით.
    გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ სიმტკიცისა და შეუვალობის ჯილდოა.

8 დეკემბერი 2007 წელი
   
    მთელ გვერდზე