სომხეთის იარაღის გამო აზერბაიჯანი შუქს გამოგვირთავს

სომხეთის იარაღის გამო აზერბაიჯანი შუქს გამოგვირთავს

 

    შეუთავსებელი ინტერესების შეთავსებით საქართველო სარისკო პოლიტიკას ეწევა
    დსთ-ს სივრცეში. ელცინის გამოჯანმრთელების შემდეგ შექმნილი მყიფე და დაძაბული წონასწორობა ორიოდე ფრაზით «ააფეთქა» რუსეთის დსთ-ს საქმეთა მინისტრმა, ეროვნებით თათარმა ამან ტულეევმა, რომელმაც განაცხადა, რომ წლების განმავლობაში რუსეთის თავდაცვითი უწყება იარაღს აწვდიდა სომხეთს. რუსეთისთვის ამ ფაქტის გამომზეურება ძალზე მძიმე პოლიტიკური დარტყმა იყო, ვინაიდან სწორედ ამ «მხილებით» დაიწყო ე.წ. «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» იდეის საბოლოო დისკრედიტაცია.

    რა «თანამეგობრობაზე» შეიძლება საუბარი, როდესაც რუსეთი ამ «თანამეგობრობის» ერთ წევრს თურმე იარაღს აწვდიდა - მეორის წინააღმდეგ? ეს, რასაკვირველია, ისედაც ყველამ იცოდა, მაგრამ თვით რუსეთის სახელმწიფო მოღვაწის მიერ ფაქტის აღიარებამ საბოლოოდ ნათელყო ამ ქვეყნის დამოკიდებულება «პოსტსაბჭოური სივრცის» მიმართ.
    ამ სივრცეს კრემლში განიხილავენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიგონად ერთიანი სახელმწიფოს აღდგენისთვის - სხვადასხვა ფართომასშტაბური პროვოკაციისა და კონფლიქტების ინსპირირებით.
    იარაღის გადაცემის ფაქტი რუსეთის თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა, - გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: თათარმა ტულეევმა (მისი მოტივაცია საკმაოდ «გამჭვირვალეა») - ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს დაუდო სათავე 1993 წლის ოქტომბრიდან (მოსკოვის ქუჩებში ტანკების გამოყვანიდან - დღემდე). ტულეევის განცხადებამ დაადასტურა რუსეთის პერმანენტული აგრესია მეზობელი ქვეყნების მიმართ, მოსპო ყოველგვარი (თუნდაც ზერელედ დეკლარირებული) ნდობა, კიდევ უფრო გააძლიერა ნატო-ს გაფართოებისა და ამ სამხედრო ალიანსში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიღების შესაძლებლობა. ამაზე დიდ ზიანს ამანგელდი ტულეევი რუსეთს ვერ მიაყენებდა - შეიძლება ითქვას, მან შეასრულა თავისი ისტორიული მისია.
    თუმცა, საქართველოსთვის მთავარი ალბათ უფრო ის არის, რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ამ სკანდალმა ჩვენი ქვეყნისთვის. არადა, აშკარა მოგებასთან ერთად («ირიბად» დადასტურდა აფხაზი სეპარატისტებისთვის რუსული შეიარაღების მიწოდების ფაქტი) ტულეევის განცხადებამ შეიძლება კავკასიაში საქართველოს პოლიტიკური ბალანსი დაურღვიოს და შეუმციროს «მანევრის სივრცე».
    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევმა, უკვე განაცხადა (საკმაოდ მკვახე ტონით - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას), რომ საქართველო ვალდებულია მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს თავისი პოზიცია სომხეთისათვის რუსული იარაღის მიწოდების გამო. ამგვარი ვალდებულება საქართველოს, მართლაც, აქვს, - გამომდინარე ორმხრივი ხელშეკრულებიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ამ დოკუმენტში, სხვა ცნებებთან ერთად, ფიგურირებს «უშიშროებაც»; ხოლო ერთ-ერთი კავკასიური ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება ეწინააღმდეგება «მშვიდობიანი კავკასიის» თაობაზე ალიევისა და შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის პრინციპებს.
    მეორე მხრივ, ედუარდ შევარდნაძეს სომხეთთან ურთიერთობათა გამწვავება სულაც არ ეპიტნავება, - მისთვის ეს მიუღებელია როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით. ჯერ ერთი, უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში. თუ ედუარდ შევარდნაძე აშკარად დაუჭერდა მხარს ალიევის აზერბაიჯანს, ამგვარი დემარში ცუდ ფონს შეუქმნიდა ვიზიტს. ვიზიტის გადადება კი (თუნდაც «ავადმყოფობის» მომიზეზებით) ამ პირობებში «ომის გამოცხადების» ტოლფასი იქნებოდა.
    გარდა ამისა, სტრატეგიული თვალსაზრისით, სომხეთთან ურთიერთობის საბოლოო «მოკვეთა» ნამდვილად არ შედის საქართველოს ინტერესებში (მიუხედავად აზერბაიჯანთან სტრატეგიული კავშირის დეკლარირებისა). სომხეთი ქრისტიანული ქვეყანაა, მას ძალზე ძლიერი და გავლენიანი დიასპორა ჰყავს ევროპასა და ამერიკაში; საქართველოში ნახევარ მილიონამდე სომეხი ცხოვრობს, რომელსაც გულისყური ერევნისკენ აქვს მიპყრობილი; სომხეთის გავლით საქართველომ შეიძლება ივაჭროს ირანთან და, საერთოდ, თუ რუსეთთან (აფხაზეთის საკითხში) კონსენსუსი მოხერხდა, მოსკოვი-ერევანი-თეირანის გეოპოლიტიკური ღერძი ჩვენი ქვეყნისთვის არანაკლებ მომგებიანი შეიძლება იყოს, ვიდრე ბაქო-სტამბული-ვაშინგტონი.
    ორივე ღერძი საქართველოზე გაივლის და გადაიკვეთება. რაც შეეხება კასპიის ნავთობს, სპეციალისტებმა კარგად უწყიან, რომ როგორც «დიდი», ასევე «მცირე» ნავთობის ტრანსპორტირება «დასავლური» მარშრუტით ანუ საქართველოს ტერიტორიის გავლით, პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია.
    ჩეჩნეთის პრობლემამ რუსეთი «კავკასიური მიმართულებით» ჩიხში მიამწყვდია. გროზნო მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება გაატაროს ნავთობი თავის ტერიტორიაზე თუ რუსეთი ცნობს იჩქერიის დამოუკიდებლობას - ეს კი სრულიად არარეალურია, ვინაიდან ამის შედეგად რუსეთი ხუხულასავით დაიშლება.
    ზემოთქმულის გათვალისწინებით, სავსებით ბუნებრივია, რომ ედუარდ შევარდნაძემ ამ საკითხში «ბეწვის ხიდზე» გავლა არჩია და საკმაოდ ორჭოფული პასუხი გასცა კითხვას სომხეთისთვის იარაღის გადაცემის თაობაზე, - მისი პროტესტი აფხაზეთს შეეხებოდა და არა სომხეთს. შევარდნაძემ პირდაპირ დაასახელა აფხაზეთში სასაკლაოს ორგანიზატორი რუსი გენერლები - კოლესნიკოვი და სემიონოვი. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი: კოლესნიკოვიცა და სემიონოვიც უკვე გადადგნენ თანამდებობიდან და ელცინ-როდიონოვის დუეტის მიერ არიან შერისხულნი (რა თქმა უნდა არა აფხაზეთისთვის იარაღის მიწოდების გამო). შინაარსობრივად, შევარდნაძის განცხადება იმას კი ნამდვილად ნიშნავს, რომ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, საქართველო აგრძელებს რუსეთზე ზეწოლას. . . . . თუნდაც გალის რაიონის დაბრუნების მიზნით.
    ჰეიდარ ალიევს მისი ქართველი კოლეგის ამგვარი «სიფრთხილე» ნამდვილად არ დააკმაყოფილებს, ამდენად, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ «სანქციებს», რაც ძირითადად, ალბათ, ენერგეტიკის სფეროს შეეხება. ენგურჰესის გაჩერების შემდეგ ქართველი ენერგეტიკოსები აზერბაიჯანიდან აპირებენ ელექტროენერგიის მიღებას, - 350 მეგავატის დანაკლისის ასანაზღაურებლად. მაგრამ თითქმის სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: აზერბაიჯან-საქართველოს დამაკავშირებელ ელექტროხაზზე მოულოდნელი «მცირე ავარია» მოხდება.

7 დღე, 18 აპრილი, 1997 წ.