აფხაზმა სეპარატისტებმა სამეგრელოში ტერორი გააჩაღეს    

აფხაზმა სეპარატისტებმა სამეგრელოში ტერორი გააჩაღეს    

    27 სექტემბერს, როდესაც საქართველოს მოსახლეობა სოხუმის დაცემის მორიგ წლისთავს აღნიშნავდა, ზუგდიდში თითქმის ერთდროულად ორი მძლავრი აფეთქება მოხდა. ჯერ ბაზრის ტერიტორიაზე შეყოვნებული მოქმედების (საათის მექანიზმიანი) ნაღმი აფეთქდა, მცირე ხნის შემდეგ კი - «თბილისი-ზუგდიდის» მატარებლის ქვეშ დამონტაჟებული ასეთივე ასაფეთქებელი მოწყობილობა. ტერორისტული აქტების შედეგად მძიმედ დაშავდა ლტოლვილი ქალი, რომელსაც ორშაბათს ზუგდიდის საავადმყოფოში ფეხი მოკვეთეს. სეპარატისტთა აზრით, ორივე შემთხვევაში პროფესიონალები «მუშაობდნენ».
    სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ზუგდიდში ტერორისტული აქტები აფხაზური დივერსიული ჯგუფების მოწყობილია. ჯერ კიდევ სამი თვის წინ, როდესაც «თეთრი ლეგიონი» აფხაზეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით გააქტიურდა და სოხუმამდეც კი ჩააღწია, სეპარატისტთა «უშიშროების მინისტრმა» ასტამურ თარბამ განაცხადა, რომ «აფხაზური მხარე უფლებას იტოვებს, განახორციელოს საპასუხო ზომები საქართველოს ტერიტორიაზე». უკლებლივ ყველა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაზე - იქნებოდა ეს მოსკოვში, თბილისში, გუდაუთაში თუ სოხუმში - აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები «ანალოგიური ტერაქტებით» იმუქრებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ვლადისლავ არძინბას ცნობილი ტელეინტერვიუს დროს არც დაუმალავს. «თეთრი ლეგიონის» მსგავსად, შეიძლება სხვა ლეგიონებიც შეიქმნასო». იგი, რა თქმა უნდა, აფხაზ ტერორისტთა ლეგიონებს გულისხმობდა. სეპარატისტთა მოთმინების ფიალა რამდენიმე დღის წინ აივსო, როდესაც სოხუმში ერთმა დივერსიულმა ჯგუფმა წყალსაქაჩი სადგურის აფეთქება შეძლო, რის შედეგადაც ქალაქს თითქმის მთლიანად შეუწყდა წყლის მიწოდება. ამის შემდეგ ვლადისლავ არძინბამ (მის გარეშე აფხაზეთში არაფერი ხდება) ბრძანება გასცა საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ აღსანიშნავია, რომ თუ პირველი ტერაქტი თვით ზუგდიდში დაიგეგმა, მეორე თბილისში უნდა მომხდარიყო, მაგრამ ნაღმი ნაადრევად აფეთქდა. ამრიგად, აფხაზეთის ომის (ეს ომი 1993 წლის 27 სექტემბერს არ შეწყვეტილა) ახალი ეტაპი დაიწყო. სეპარატისტები არც ორი ტერაქტით შემოიფარგლებიან და უეჭველად გააფართოებენ მოქმედების არეალს, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ «ბომბისტთა» ომში საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს. ქართული დივერსიული ჯგუფების წევრები აფხაზეთის მკვიდრნი (ლტოლვილნი) არიან, ისინი საკუთარ მიწა-წყალზე მოქმედებენ, კარგად იცნობენ ტერიტორიას და მძლავრი მოტივაციაც აქვთ. რაც შეეხება აფხაზ «ბომბისტებს», მათთვის ზუგდიდის, წალენჯიხისა თუ სხვა რაიონები «უცხო ქვეყნის» ტერიტორიაა. ქართველი დივერსანტები გალის რაიონში ადვილად ამყარებენ კონტაქტს ადგილობრივ მოსახლეობასთან, ბუნებრივია, მათ აფსუა «კოლეგებს» სამეგრელოში ამის გაკეთება უჭირთ, თუმცა ფანატიზმი და შეუპოვრობა არც მათ აკლიათ. ზუგდიდის რაიონში მომხდარი ტერაქტები იმაზეც მეტყველებს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები (უპირველეს ყოვლისა, უშიშროების სამსახური) მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებენ ვითარებას დასავლეთ საქართველოს ამ რეგიონში. მათ ამოცანას მნიშვნელოვანწილად ართულებს განუწყვეტელი მიგრაცია ზუგდიდიდან გალში და პირიქით. ლტოლვილი მოსახლეობა, რომელსაც უშიშროების არანაირი გარანტია არ გააჩნია, იძულებულია, დროდადრო ადგილსამყოფელი შეიცვალოს. ყოველთვიურად ენგურის ხიდზე ათასობით ადამიანი გადადის ორივე მიმართულებით. აფხაზური სპეცსამსახური კი კარგა ხანია, ლტოლვილთა შორის აგიტაციას ეწევა. ბუნებრივია, აფხაზი დივერსანტები უმრავლეს შემთხვევაში «ლტოლვილებად» ინიღბებიან. მათ ხომ მეგრულიც შესანიშნავად იციან და ქართულიც. აფსუებმა ამაშიც გვაჯობეს - «შტირლიცის» საქმიანობა ჩვენზე უკეთ შეითვისეს. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ აფხაზები «კლასიკური ტიპის» დივერსანტები არიან მაშინ, როდესაც «თეთრი ლეგიონი» პარტიზანული ომის კლასიკური პრინციპებით ხელმძღვანელობს.
    მერიდიანი, 1 ოქტომბერი, 1997 წელი