სააკაშვილმა პუტინს ჩეჩნეთი შეახსენა

        გაეროში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა. მათგან ყველაზე მთავარი ჩეჩნეთი იყო, რაც ვლადიმერ პუტინს, რასაკვირველია, ბევრად მეტად გააღიზიანებდა, ვიდრე ჭორები «ლილიპუტინად» მოხსენიების შესახებ.
        საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ მედვედევის პრეზიდენტად არჩევამდე, რუსეთში დიდი სჯა-ბაასი გაიმართა – ხომ არ სჯობს პუტინი საერთოდ ჩამოშორდეს პოლიტიკას და სრულიად ახალი სახე მოვიდეს მის ნაცვლად, რაკი ადრე თუ გვიან პუტინს ჩეჩნეთის გენოციდს მაინც წამოაძახებენ ისევე, როგორც სტალინს წამოაძახესო? ხოლო პუტინის ხელისუფლებაში დაბრუნება იგივეა, ხალხთა გასახლების თემის გამწვავებისას სტალინი რომ ცოცხალი ყოფილიყო და თან – სახელმწიფოს მეთაური.
        ასეთი გენოციდი რომ არასდროს იქნება დავიწყებული, რუსებმა ძალიან კარგად იციან, მაგრამ პუტინს რასაკვირველია ძალაუფლება არ ეთმობოდა და 2012 წლისათვის ისევ პრეზიდენტობას აპირებს. თანაც კიდევ 8 წლით – 2020 წლამდე. პროგრამაც აქვს შედგენილი, რომელსაც ასე ქვია: «2020 წელი».
        ამ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ (ვისი სხეულის ნაწილებზეც ოცნებობს პუტინი) ჩეჩნეთის ხსენება «ყელში დანის გამოსმა» იქნებოდა. თანაც გაეროს ტრიბუნიდან, რაკი გაეროში არსებობს ტრიბუნალი, რომლის ძალმოსილება დროით არ არის შეზღუდული.
        ამ ფონზე მართლა გამაოგნებელია რუსული პროკურატურის საუბარი რაღაც «ოსების გენოციდზე» მაშინ, როდესაც აგვისტოს ომის დროს 160 დაღუპული ოსიდან აბსოლუტური უმრავლესობა არა მშვიდობიანი მოსახლე, არამედ «ბოევიკი» იყო, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ. მეორეს მხრივ, ჯარისკაცებისა და პოლიციელების გარდა ომში ასეულობით მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა.
        შევადაროთ იმას, რაც ხდებოდა ჩეჩნეთში, რომლის განადგურების დროსაც რუსულმა არმიამ ჯერ ელცინის (1994-1996წწ), შემდეგ კი პუტინის მმართველობისას (2000 წლიდან) ასეულობით ათასი მშვიდობიანი ადამიანი, - ქალები, ბავშვები, მოხუცები დახოცა, გროზნო საერთოდ მიწასთან გაასწორა და ამ გენოციდისას ატომური იარაღის გარდა ყველაფერს იყენებდა.
        ამის პატრონი ქვეყანა და ამის ჩამდენი «საერთონაციონალური ლიდერი» კი «ნიანგის ცრემლებს» აღვარღვარებს «ოსი ხალხის უბედურების გამო». სააკაშვილმა მსოფლიოს ყველაზე ყურებადი და სმენადი ტრიბუნიდან შეახსენა რუსეთსაც, პუტინსაც და მის «პროქსი» მედვედევს, რომ საქართველოს კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის იმედი ჩეჩნეთის საკითხში არ უნდა ჰქონდეთ. უფრო მეტიც – საკმარისია ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავ განახლდეს სეპარატისტული მოძრაობა (არადა, ეს ადრე თუ გვიან გარდაუვალია, თანაც არა მხოლოდ ჩეჩენთში), რომ საქართველო ყველაფერს იღონებს, რათა ჩრდილოკავკასიელთა სატკივარი მსოფლიო საზოგადოებამდე მიიტანოს.
        ყოველ შემთხვევაში, ეს თემა აღარ იყოს დავიწყებული.

რუსული კედელი საქართველოში

        მიხეილ სააკაშვილის მეორე მესიჯი, ზოგადად, რუსეთის «მემკვიდრეობას» უკავშირდება. თანამედროვე რუსეთი არის რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა მონსტრის მემკვიდრე. უბრალოდ დღევანდელ პირობებში იგი სხვა იდეოლოგიით მოქმედებს.
        სწორედ ამას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ამბები დაუკავშირა ფინეთის წინააღმდეგ აგრესიას, პოლონეთის გაყოფას ჰიტლერთან ერთად, პრაღის «გაზაფხულის» ჩახშობას, ავღანეთში შეჭრას და, რაც მთავარია, ბერლინის კედლის აგებას.
        «ბერლინის კედელი» ევროპელებისა და ამერიკელებისთვის (განსხვავებით რუსებისგან, რომელთა უმრავლესობას იმ კედლის დანგრევა დღემდე ტკივა და სწორედ მათ ტკივილს გამოხატავს პუტინი) მოსკოვური იმპერიის ყველაზე ზუსტი სიმბოლოა. არ არის შემთხვევითი, რომ სააკაშვილმა ამჯერად ვაცლავ ჰაველის განსაზღვრება გამოიყენა – საქართველოს შესახებ «გარდიანში» დაბეჭდილი სტატიიდან.
        მაგრამ ის, რომ ასეთი სტატია გამოქვეყნდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემაში (შემდეგ კი სხვებმაც გადაბეჭდეს) უდავოდ პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურება და მისი სერიოზული «პი-არ» წარმატებაა, რაკი ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის სტუმრობისას, სააკაშვილმა სიმბოლური ბერლინის კედელი ააგებინა თბილისში და ამ არგუმენტს ყველა გამოსვლაში იმეორებდა.
        ევროპელებმა ეს გაიგეს, სწორად აღიქვეს და უკვე ოფიციალურად დაადასტურეს: რუსეთი აშენებს ახალ «ბერლინის კედელს» საქართველოს შუაგულში და მისი მიზანი იგივეა., რაც ბერლინის გაყოფისას. შესაბამისად, ევროპამ მიზნად უნდა დაისახოს ამ კედლის დანგრევა.
        ის, რომ ასეთი საშიშროება (რუსეთისათვის) რეალურია, იოლად მტკიცდება თუნდაც პუტინ-მედვედევის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით, რომელთა არსი დასავლეთისთვის ირანის «ჩაბარებაში» მდგომარეობს. მოსკოვი მზადაა, თავისი უერთგულესი მოკავშირე «გაყიდოს», ოღონდ კი დასავლეთში საქართველო და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაივიწყონ.
        არადა, ცხადია, რომ არ და ვერ დაივიწყებენ, რაკი ირანის პრობლემა ასე თუ ისე გადაიჭრება – ირანელები მე-9 საუკუნეში მცხოვრებ თავის ტირანებს ბოლოს და ბოლოს თავად დაამხობენ, ხოლო ის ღირებულებები, რომელსაც «ბერლინის კედელი» განასახიერებს – არსად არ გაქრება: დარჩება უკრაინის პრობლემა, ბალტიის პრობლემა, პოლონეთის პრობლემა . . . .რაც მთავარია დარჩება რუსეთის პრობლემა ესე იგი რუსული ნაციონალიზმისა, რომელიც პუტინმა გამოაღვიძა.
        საბოლოოდ კი, ეს «დათვი» დასავლეთს ბევრად უფრო აშინებს, ვიდრე პრეზიდენტი აჰმადინეჯადი და მისი «ისლამური რევოლუციის მცველთა გვარდია».
        ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი და, მით უმეტეს, მისი ხელმძღვანელობა. ესეც საკმაოდ ჭკვიანური გათვლა იყო – ისედაც ყველა მიხვდებოდა, რომ რუსეთი იგულისხმება, ხოლო რუსეთი თვითონ იქცევა აგრესიულად და აგრესიაზე ნებისმიერი ქარაგმითაც კი ყველა უმალვე მასზე ფიქრობს. ესე იგი იმდენად ცუდი რეპუტაცია აქვს – პირდაპირი ბრალდებები საჭიროც აღარ არის.
        მაგრამ მეორეს მხრივ, მიხეილ სააკაშვილს დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლი არ დაურღვევია – მას ხომ რუსეთი არც ერთხელ არ უხსენებია? აბა ვისი ბრალია, თუ სიტყვა «აგრესია» ყველას სწორედ რუსეთს ახსენებს?

რუსული პატივისცემა

        პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყნის დანაწევრების და ბერლინის კედლის აღმართვისა, საქართველოს სახელმწიფო ვითარდება და არ დაინგრა.
        მივაქციოთ ყურადღება, რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოსვლისას, მედვედევმა ვითომ «სხვათა შორის» შენიშნა, რომ არათუ ქართველ ხალხთან, არამედ ქართულ სახელმწიფოსთანაც არა აქვს პრეტენზია და რომ რუსეთს მეზობლად ქართული სახელმწიფოს არსებობაც არ აღიზიანებს.
        ვენდოთ მედვედევს? რატომაც არა? – სულაც არ აღიზიანებთ, მაგალითად, «აფხაზური სახელმწიფოს» არსებობა, რომლის საზღვრებს თვითონ აკონტროლებენ, ან «სამხრეთ ოსეთის» სახელმწიფო, რომლის პრემიერ-მინისტრს თვითონ ნიშნავენ.
        თუ საქართველო ასეთივე «სახელმწიფო» (ბრჭყალებში რასაკვირველია) იქნება, მისი არსებობაც არ გააღიზიანებთ.
        თუმცა, სააკაშვილმა ნიუ-იორკში ნათლად თქვა, რომ ამგვარ «სახელმწიფოებრიობაზე» ქართველი ხალხი არ დათანხმდება რუსეთს, - მიუხედავად «პატივისცემის» დაპირებისა პრეზიდენტ მედვედევის თუ მისი «პატრონის» მხრიდან.

მთელ გვერდზე