სომხეთის ელჩი აფხაზეთში მიემგზავრება

სომხეთის ელჩი აფხაზეთში მიემგზავრება

    საქართველოში სომხეთის ელჩი, ლევონ ხაჩატრიანი უახლოეს მომავალში გაემგზავრება აფხაზეთში, რათა შეხვდეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებს.
    სულ ახლახანს, სომხეთის ელჩი ცხინვალში იმყოფებოდა (იმავე მიზნით) და მის ვიზიტს დიდი აურზაურიც მოჰყვა თბილისში. ხაჩატრიანის ვიზიტი სოხუმში, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია საქართველოს ხელისუფლებასთან და ადვილად «გასაშიფრ» მიზანს ისახავს: ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ეს ბერკეტი აფხაზეთის სომხურ მოსახლეობაზე ზემოქმედებისათვის.
    უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის სომხური დიასპორა ყოველთვის იყო აფხაზეთში მოქმედ სხვადასხვა დაპირისპირებულ ძალთა ყურადღების ცენტრში. ჯერ კიდევ 1990-91 წლებში, საქართველოს პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას სურდა ეს ბერკეტი გამოეყენებინა აფხაზებზე     გარკვეული ზეწოლის მოსახდენად. დემოგრაფიული ვითარება ამ რეგიონში მაშინ სრულ შესაძლებლობას ქმნიდა, რათა ქართველებსა და სომხებს შორის ალიანსის შედეგად აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში უმრავლესობა თბილისზე ორიენტირებულ ძალებს მოეპოვებინათ; მაგრამ ამგვარი ბერკეტის ამოქმედება არც ისე იოლი აღმოჩნდა: აფხაზეთის სომხებს საკუთარი ინტერესები გააჩნდათ და ქართულ-აფხაზურ წინააღმდეგობაზეც ოსტატურად ბალანსირებდნენ. ამავე დროს, მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდნენ ერევანთან და «საერთო-სომხურ ინტერესებსაც» არ ივიწყებდნენ.
    ზვიად გამსახურდიამ რამდენიმეჯერ «გამოიძახა» თბილისში სომხეთის ხელმძღვანელები და ლაზათიანად გალანძღა, დაემუქრა კიდეც: «თუ აფხაზეთის სომხობა გონს არ მოეგება, რკინიგზას გადაგიკეტავთ და სრულ იზოლაციაში მოგაქცევთო».
    მაგრამ სომხებმა მათთვის იმთავითვე ჩვეული დიპლომატიური ოსტატობით შეარბილეს წინააღმდეგობა თბილისთან. თანაც ისე, რომ აფხაზეთში არაფერი შეუცვლიათ. ერევანი უბრალოდ გაემიჯნა აფხაზეთის სომხობას და მის მოქმედებას ისევე, როგორც გაემიჯნა მას 1992-93 წლებში, როდესაც «ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი» გააფთრებით იბრძოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.
    1991 წელს სომეხმა მოსახლეობამ აფხაზეთში ჯერ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას მისცა ხმა (მარტის რეფერენდუმზე), შემდეგ კი «აიდგილარასთან» ერთად გამოვიდა უზენაესი საბჭოს არჩევნებზე და ხმათა გარკვეული რაოდენობაც მოიპოვა. ძალთა რეალური განლაგება აფხაზეთის სომხებს უფრო გუდაუთისკენ უბიძგებდა, ვიდრე თბილისისაკენ. ეს განლაგება დღესაც არ არის შეცვლილი.
    ამდენად, ხაჩატრიანის მისია (თუ, რასაკვირველია, მისია ამით ამოიწურება და ხაჩატრიანს სხვა «დავალებებიც» არა აქვს მიღებული ერევნიდან) უეჭველად სრული კრახით დასრულდება. ოღონდ აქ შეიძლება სხვა ფაქტორიც ამოქმედდეს. საქმე ის გახლავთ, რომ აფხაზეთში «სომხური ბერკეტის» ხელში ჩაგდებას აქტიურად ცდილობს მოსკოვიც. რუსეთში შესანიშნავად ხედავენ იმას, რაც ვერა და ვერ დაინახეს თბილისში. კერძოდ: არძინბას რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სულაც არ ეპიტნავება და სურს მიაღწიოს აფხაზეთის სრულ დამოუკიდებლობას (თურქეთზე ორიენტაციით).
    მოსკოვში უნდათ, აფხაზეთის სომხები არძინბას ამ გეგმის წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს უკვე იგრძნობა ზოგიერთ განცხადებასა და პუბლიკაციაში.
    რუსული და სომხური მოსახლეობა ერთად, რასაკვირველია, უფრო მრავალრიცხოვნია, ვიდრე აფხაზობა. არძინბამ შეიძლება სცადოს ამ ზეწოლის განეიტრალება ზემოხსენებული ბერკეტის «ორ ხელში» გადაცემით, ვინაიდან თუ «სომხურ ბერკეტს» მოსკოვი და თბილისი ერთდროულად ჩაეჭიდება, იგი აბსოლუტურად უმაქნისი და უსარგებლო გახდება.

«მერიდიანი», 28 ივნისი, 1996 წელი.