ოპოზიცია პრეზიდენტის დაშინებას ცდილობს

ოპოზიცია პრეზიდენტის დაშინებას ცდილობს

     

        გუშინ ოპოზიციურმა კოალიციამ მტკიცედ განაცხადა, რომ არ აპირებს შეურიგდეს პოლიტიკურ მარცხს, რაც, დიდწილად, გაუფრთხილებლობით იწვნია და აგრძელებს ბრძოლას პარლამენტში მიღებული ორი ფუნდამენტური კანონის გასაუქმებლად.
        საქმე ეხება კანონს «თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ», აგრეთვე, საარჩევნო კოდექსს. ამ ორი კანონიდან განსაკუთრებით მტკივნეული მაინც საარჩევნო კანონმდებლობაა.
        «მოქალაქეთა კავშირმა» დაამტკიცა ვარიანტი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის დეპოლიტიზებას ითვალისწინებს.
        ნორმალურ სახელმწიფოში ამის საწინააღმდეგო არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არაფერი შეიძლება ჰქონოდა, რადგან ეს ძალზე უარყოფითი ტონია: პირიქით, ყველა სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკურმა პროცესმა, დაახლოებით, ჩვენი დარი ევოლუცია განვლო - სწორედ პოლიტიკური უმცირესობა (ოპოზიცია) ითხოვდა საარჩევნო აპარატის დეპოლიტიზებას და მის დაკომპლექტებას არასამთავროო ორგანიზაციებით ან ჩვეულებრივი იურისტი-პროფესიონალებით.
        ოპოზიცია არსად არასდროს არ ითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიზების შენარჩუნებას, რადგან ეს ყოველთვის მმართველ პარტიას აძლევს ხელს - იგი უეჭველად შეეცდება, ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ძალთა რეალური განლაგების შესაბამისად დააკომპლექტოს.
        გუშინ საპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც საკმოად მსუყე ლუკმა დაკარგა, «პროპორციული რაიონული საკრებულოების არჩევის» სახით, საერთაშორისო გაერთიანებისადმი აპელირებას ცდილობდა და უცხოეთის სახელმწიფოთა ელჩები მოიწვია.
        რასაკვირველია, ეს ძლიერი სვლა იქნებოდა, კანონმდებლობა რაიმე ფორმალურ ეჭვს რომ იწვევდეს, მაგრამ საგულისხმოა სწორედ ის, რომ არც პირველი, არც მეორე კანონი არათუ რაიმე წინააღმდეგობას ქმნის საერთაშორისო სამართალთან ან «მოდელურ კანონებთან», არამედ, პირიქით, წინა კანონმდებლობასთან შედარებით, მნიშვნელოვნად განვითარებულია - იმავე «მოდელურ კანონმდებლობასთან» მიმართებაში.
        ანუ რჩება ერთადერთი ვარიანტი: პრეზიდენტმა შევარდნაძემ ვეტო დაადოს კანონებს და არ აამოქმედოს ისინი იურიდიულად. შეიძლება ითქვას, ეს ოპოზიციის უკანასკნელი შანსია, ვინაიდან საკუთარი შეუთანხმებლობით (ვიმეორებ) ხელიდან გაუშვეს მეტ-ნაკლებად მისაღები «თვითმმართვლეობის კანონი».
        ამ მიზნის მისაღწევად ხორციელდება მძლავრი ფსიქოლოგიური პრესინგი - იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე მართლაც ყველაფერს დათმობს, ოღონდ არ დაუშვას ქვეყანაში ახალი არეულობა, დესტაბილიზაცია და სამოქალაქო ომი. თუმცა, ედუარდ შევარდნაძეს არც რეალური საშიშროების შეფასება ეშლება ოდესმე. მან შესანიშნავად იცის, რა არის ნამდვილი საშიშროება და რა - ფუჭი ბაქი-ბუქი.
        გამორიცხულია, ამ ოპოზიციამ შეძლოს, დაახლოებით ისეთივე პროცესების «აგორება», როგორსაც საუბედუროდ, 1991 წლის შემოდგომიდან ვადევნებდით თვალს.
        არავინ ამას საქართველოში არ აჰყვება, თუ, რასაკვირველია, ახალი «გვარდია» არ გამოჩნდა, რაც შესაძლებელია, მაგრამ არა გარადუვალი და აუცილებელი.
        გარდა ამისა, ნიშანდობლივია «ტრადიციონალისტთა» დემარში, რომლებიც, ფაქტობრივად, გაემიჯნენ «ბოიკოტის» მომხრეებს. მათი განცხადებით, «მაჟორიტარული» არჩევნებისათვის პარტიული ბოიკოტის გამოცხადება ელემენტარული სისულელეა.
        ყველაზე მთავარი საკითხი კი ის არის, რამდენად იმოქმედებს პრეზიდენტზე ოპოზიციის ფსიქოლოგიური პრესინგი.
        როგორც ჩანს, «თვითმმართველობის» საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია, რადგან არჩევნების დღის დაუნიშნაობა კონსტიტუციის დაძლევა იქნება.
        რაც შეეხება «საარჩევნო კოდექსს» - აქაც მცირე დროა საკმარისი ვითარების გასარკვევად.

დილის გაზეთი, 4 აგვისტო, 2001 წელი