სააკაშვილი ორ ფრონტზე იბრძვის
   
დააპატიმრებენ თუ არა უკრაინელი პროკურორები «საქართველოს ნაციონალური მოძრაობის» ლიდერს?

    რამდენიმე დღის წინ, უკრაინიდან დაბრუნდნენ გიორგი ბარამიძე და გიორგი ვაშაძე. ისინი ერთი თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ, მაგრამ ცალ–ცალკე გამოვიდნენ მოსაცდელ დარბაზში.
    ერთ–ერთი მგზავრის თქმით, რომელიც იმავე თვითმფრინავით ჩამოვიდა, «ორი გიორგი» ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა, თუმცა ახლოს ისხდნენ. უკრაინული წყაროები კი ირწმუნებიან, რომ ორივე, ასევე ცალ–ცალკე, მართავდა მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილთან. თუმცა, ერთ–ერთი მათგანი კიევში გავლით იმყოფებოდა.
    ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს: სააკაშვილი საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული იმ შიდა კონფლიქტში, რაც გიორგი ვაშაძის «ნაციონალური მოძრაობიდან» გასვლით დასრულდა. მიშა ჯერ–ჯერობით ერთ მხარესთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას და მეორესთანაც: გიორგი ვაშაძის გასვლა სიტყვიერად კი დაგმო, ოღონდ გამარჯვებულ გუნდსაც უთრა, რომ მთელი პასუხისმგებლობა მომავალ არჩევნებში «ნაციონალთა» წარმატება–წარმუმატებლობისათვის უკვე მათ ეკისრებათ.
    თავის მხრივ, ვაშაძეც ბოლომდე არ წყვეტს ურთიერთობას ოდესის გუბერნატორთან და იმ გუნდთან, რომელიც მიშასთან ერთად დარჩა უკრაინაში. ხსენებულ გუნდს (დეკანოიძე, ზღულაძე, საყვარელიძე და ა.შ.) უკან დასახევი გზაც აღარ აქვს, რადგან ბევრმა მათგანმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
    მაგრამ ამ ხალხის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათი (და მიშას) მომავალი უკვე მხოლოდ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგზე კი არაა დამოკიდებული, არამედ სააკაშვილის ბედზე თვით უკრაინაში: რუსმა ჟურნალისტმა იულია ლატინინამ, რომელიც სააკაშვილის რეფორმების დიდ გულშემატკივრად ითვლება, ამას წინათ დაწერა: «სააკაშვილი ორ ფრონტზე ერთად იბრძვის, ერთდროულად ცდილობს უკრაინაშიც მოიპოვის წამყვანი პოზიციები, პარტია შექმნას, რეფორმატორები გააერთიანოს და ა.შ. იმავდროულად კი, «ნაციონალური მოძრაობა» დააბრუნოს საქართველოს ხელისუფლებაში და ამით თვითონაც დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე. შეიძლება ისე მოხედეს, რომ მიშამ საქართველოშიც წააგოს და უკრაიანშიც» – წერს ლატინინა.
    ოდესაში განვითარებული ბოლო მოვლენები ამ პესიმისტურ პროგნოზს ნაწილობრივ ადასტურებს: სააკაშვილი ჩაება ძალიან სახიფათო ბრძოლაში ყოვლისშემძლე უკრაინელ ოლიგარქებთან, რომლებიც ბევრად ძლიერნი არიან ვიდრე ჩხაიძეები, სარალიძეები, ჯოხთაბერიძეები და სხვანი ედუარდ შევარდანძის დროს – 2003 წელს.
    უკრაინულმა კლანებმა, ქართველი კოლეგებისგან განსხვავებით, ან სწორედ მათი მწარე ბედის გათვალისწინებით, დროულად იგრძნეს საფრთხე, ამიტომ «მიშასა და გუნდის» წინააღმდეგ უკრაინაში ფრონტია გახსნილი: ამ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ყოფილი კონსულის, «სააკაშვილის მოლარედ» მიჩნეული თეიმურაზ ნიშნიანიძის წინააღმდეგ. მას კაბინეტში უპოვეს მილიონი დოლარი ქეშად, ესე იგი ნაღდი ფულის სახით. ყველა ქვეყნის საგადასახადო კანონდებლობით, ეს დანაშაულია. მით უმეტეს, პროკურატურის მტკიცებით, ნიშნიანიძე, სააკაშვილის დავალებით, ამ თანხებს ოდესის საბაჟოზე «ახევდა» ბიზნესმენებს – ოდესის «იუსტიციის სახლის» დასაფინანსებლად და ოდესა–რენის გზატკეცილის ასაშენებლად
    არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას თვით სააკაშვილის წინააღმდეგაც. ამას პირდაპირ მოითხოვენ უკრაინელი ოლიგარქის, კოლომოისკის სიით უმაღლეს რადაში გასული დეპუტატები, ანუ, შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, როდესაც უკრაინა მიშას საქართველოს არ გადმოსცემს, თუმცა თვითონ ჩასვამს ციხეში და ეს უკვე ტრაგიკომედია იქნება!
    თუმცა სააკაშვილი ორ ფრონტზე ბრძოლას არ წყვეტს: შეხვდა პრეზიდენტ პოროშენკოს და მისგან მხარდაჭერა მოითხოვა, როგორც «ძველი მეგობრისგან». პოროშენკომ «ძველ მეგობარს» დახმარება სიტყვიერად აღუთქვა და თანამდებობიდან მოხსნაც უარყო, «ჩემი გუნდის მტკიცე წევრიც» უწოდა, თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ ეს უბრალოდ პოლიტტექნოლოგიური ხრიკია, რათა შემდეგ, თუკი სააკაშვილს დააპატიმრებენ, პოროშენკომ ხელები გაშალოს: «რა ვქნა ძველო მეგობარო, მე კი არ გაგწირე, მაგრამ კანონმა გაგწირაო».
    თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ 8 ოქტომბერს «ნაციონალური მოძრაობა» აუცილებლად დამარცხდება, რადგან მომხრეებიც კი, მიშას დაპატიმრებას გაიგებენ, როგორც მისი პარტიის საბოლოო დასასრულს

    მთელ გვერდზე