განათლების ჩრდილი საქართველოში
       

        «განათლების თემის» გააქტიურება საქართველოში სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია იმის მიუხედავად, რომ საეჭვოა ამ დისკუსიამ რეალური შედეგი გამოიღოს ან ვითარება შეცვალოს თვისებრივად.
        ოღონდ უსამართლობა იქნება არსებული ვითარების სირთულე (მეტს თუ არ ვიტყვით) დაბრალდეს დღევანდელ ან წინამორბედ განათლების მინისტრს, ხელისუფლებას, პრეზიდენტს და ასე შემდეგ.
        სინამდვილეში, თავი და თავი პრობლემიისა უდავოდ ის არის, რომ თვით საზოგადოება უარყოფს, ვერ ეგუება ამ ძალზე სათუთ სფეროში რადიკალური რეფორმის გატარებას. ამის გარეშე კი არაფერი გამოვა.
        მეორე მხრივ, განათლების სისტემა არათუ მნიშვნელოვანია ნორმალური საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაფუძნებისთვის, არამედ კრიტიკულად გადამწყვეტი ფაქტორია: ანგლოსაქსები დღეს იმიტომაც მართავენ პლანეტას, რომ საუკუნეთა განმავლობაში საუკეთესო განათლების სისტემა ჰქონდათ.
        «პლანეტის მართვისა» რა მოგახსენოთ, მაგრამ სრულყოფილი განათლების სისტემა რომ არსებულიყო საქართველოში, ის მარაზმი არ განვითარდებოდა, რომლის მომსწრე 1988-93 წლებში გავხდით. თითქოს დღეს რაღა უშლის ხელს რეფორმას? მაგრამ საზოგადოებრივი მიმართებები არა და არ იცვლება, რაც თავის მხრივ, ამუხრუჭებს ყოველგვარ გარდაქმნას.
        ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, «ნოვატორული იდეების» არსი განათლების სფეროში შემოიფარგლებოდა გაკვეთილის წაყვანის მეთოდოლოგიით, გაკვეთილის შინაარსით, ემპირიული მასალის მოცულობით და ასე შემდეგ. ეს ყოველივე ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია არა პედაგოგიკური მეთოდოლოგია, არამედ სისტემის ადგილი სახელმწიფო-საზოგადოებრივ სტრუქტურაში და შესაბამისი მიმართებების ხარისხი.
        იმ ვითარებაშიც რუსებმა, უკრაინელებმა, ბალტიელებმა და სომხებმა ქართულზე გაცილებით სრულყოფილი და ქმედითი განათლების სისტემა შექმნეს.
        საქართველოში კი ნამდვილი ჭაობი წარმოიქმნა - საზიზღარი კორუფციით (ჯერ კიდევ სკოლაში) პროტექციით (რაც სხვა არაფერია თუ არა კორუფციის ფორმა) და ფსევდო-განათლებით, როდესაც «სამედიცინოს» კურსდამთავრებულმა ასპირინი რისი წამალია, არ იცოდა.
        დიპლომების რაოდენობით საქართველო (ერთ სულ მოსახლეზე პროცენტული მაჩვენებელით) არათუ საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში პირველ ადგიზე იყო. რეალურად ამ ციფრებს მიღმა არ იდგა არაფერი - საუკეთესო ქართველ მეცნიერთა ასბოლუტურ უმრავლესობას «გვიან საბჭოთა» პერიოდში უმაღლესი განათლება თბილისში არ ჰქონდათ მიღებული.
        ისედაც მოფამფალებული სისტემა პირწმინდად მოირღვა, როდესაც მოისპო ის მცირე სოციალური მოტივაციებიც რაც ადრე არსებობდა. საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ დაგვრჩა აბსოლუტური ნული. ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით, მე-9 კლასელ მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ წერა-კითხვას ფლობს სრულყოფილად. ამის მიუხედავად, «დიპლომი» კვლავინდებურად დიდ გასავალშია - 10 ათას დოლარად ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის «წითელ დიპლომს» იყიდით. სოკოებივით მომრავლებული «აკადემიები» - მრავალრიცხოვან უნივერსიტეტთა ადეკვატურია. სინამდვილეში ეს არის იგივე აბსოლუტური ნოლი. დიპლომების რაოდენობა არაფრით უკავშირდება არსებულ სოციალ-ეკონომიკურ გარემოს, როდესაც დიპლომი სულაც არ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილს.
        მთლიანობაში ვითარება ამ თვალსაზრისით «სულ უფრო ბინდდება» და ამ საქმეს საერთოდ აღარაფერი ეშველება. თუ არ შეიქმნება სოციალურ მოტივაციათა ახალი სისტემა.
        რაოდენ სასტიკიც არ უნდა იყოს ეს სოციალური თვალსაზრისით - სხვა გამოსავალი არ არის.
        წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული მარაზმი კიდევ უფრო გაღრმავდება.
        სახელმწიფო ვალდებულია ასწავლოს უფასოდ მოქალაქეს მხოლო წერა-კითხვა. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს «პოსტინდუსტრიულ ეპოქამდე», რომელსაც კიდევ დიდი გზა გვაშორებს. მხოლოდ უმოწყალო, უსასტიკესი კონკურენციითაა შესაძლებელი ქმედითი განათლების სისტემის შექმნა და «დაბნელების» პროცესის შეჩერება.

დილის გაზეთი, 17 ივლისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე