მორიგი კოლექტიური წყლის ნაყვა - ამჯერად სტამბულში

მორიგი კოლექტიური წყლის ნაყვა - ამჯერად სტამბულში

        6 ივნისს, სტამბულში დაიწყო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაეროს ეგიდით, რუსეთის შუამავლობითა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით.
        ამ უკანასკნელთ (საფრანგეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და რა თქმა უნდა, იმავე რუსეთს) სეპარატისტთა დაჟინებული მოთხოვნით სახელი გადაერქვათ და ეწოდათ «გაეროს გენერალური მდივნის მეგობრები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში».
        ცვლილებებს, რასაკვირველია, არა მხოლოდ ფორმალური, არამედ შინაარსობრივი მნიშვნელობა აქვს. არძინბამ კიდევ ერთხელ გვაჯობა ჭკუითა და ეშმაკობით – საქართველოსათვის გაცილებით ხელსაყრელი იქნეოდა «მეგობრები» დარჩენილიყვნენ «საქართველოს მეგობრებად» ან თუნდაც «გენერალური მდივნის მეგობრებად საქართველოს (და არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის) საკითხში.
        ამჟამად კი დასავლური სახელმწიფოები (ახალი ფორმატიდან გამომდინარე) იძულებულნი იქნებიან, როგორც შუამავლებმა «ორივე მხარის პოზიცია» გაითვალისწინონ, ანუ ისეთივე ამორფული პოზიცია დაიკავონ, როგორც წლების განმავლობაში ეკავათ და უკავია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
        არძინბამ «საქართველოს მეგობრების» მასთანაც დამეგობრება (ამჟამად ისინი ორივე მხარის მეგობრები არიან) შესანიშნავად გამოიყენა - თუ რუსეთი და საქართველო მიაღწევენ რაიმე გარიგებას (ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე) სეპარატისტული აფხაზეთის საწინააღმდეგოდ – არძინბა და შამბა უმალვე «იჩივლებენ» იმავე დასავლურ სახელმწიფოებთან, რომლებიც უბრალოდ იძულებულები იქნებიან გაკიცხონ საქართველო («თქვე დალოცვილებო, თუ რუსეთთან გინდოდათ და შეგეძლოთ გარიგება, ჩვენ რაღას გვრევდით მოლაპარაკებათა პროცესში ანუ ამ «შარში»?), საქართველოსთან დასავლეთის სახელმწიფოთა «მეგობრობის» გამოვლინება იქნებოდა მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უპირობო აღიარება და აფხაზეთის მიჩნევა «საქართველოს განუყოფელ ნაწილად».
        მოლაპარაკებათა არსებულ ფორმატში (სადაც რუსეთი «მთავარი შუამავალია», ხოლო კონფლიქტის ზონას რუსეთის ე.წ. «მშვიდობისმყოფელები აკონტროლებენ) «მეგობარი ქვეყნების» ჩართვამ მხოლოდ გაგვიფუჭა საქმე და შეგვიზღუდა პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელი სივრცე, ისევე, როგორც (რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა ჟღერდეს) გამოიწვია დასავლეთისა და აფხაზეთის დაახლოება.
        აბა, «შუამავალი» რის შუამავალია, თუ მოლაპარაკება ორივე მხარესთან არ აწარმოა? სრულებით სხვა საქმე იქნებოდა, თუ შეიცვლებოდა თვით ფორმატი და საქართველოს ხელისუფლება «დასავლურ ფორმატში» დაიწყებდა რეალური კომპრომისის ძიებას აფხაზეთის პრობლემის ასე თუ ისე გადასაწყვეტად.
        ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ დასავლეთი (ნატო) იომებდა ჩვენს მაგივრად (ჩვენი ინტერესებისათვის), მაგრამ რეალური პერსპექტივა მაინც იარსებებდა ნაცვლად იმ ჩიხისა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით.
        რუსეთის ხელმძღვანელობით შემუშავებულმა ფორმატმა თავისი შესაძლებლობები სრულიად ამოწურა. მიუხედავად ამისა, კვლავ გრძელდება უაზრო მოლაპარაკებები არანაკლებ უაზრო «საკოორდინაციო საბჭოს» ფარგლებში – იმავე სტრუქტურით უნიათო და უმაქნისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, რუსეთის შუამავლობითა და დასავლეთის მხოლოდ «დამკვირვებლობით».
        ასეთი ფორმატით მნიშვნელობა არა აქვს სად გაიმართება მოლაპარაკება: თბილისში, სოხუმში, სტამბულში, ათენში, მოსკოვში, ნიუ-იორკსა თუ ჟენევაში - ნებისმიერ შემთხვევაში დაფიქსირდება საქართველოსა და აფხაზეთის თანასწორსუბიექტურობა.
        თუ «სხვა გზა არა გვაქვს» და «აფხაზეთს ომით მაინც ვერ დავიბრუნებთ», - მაშინ გაუგებარია, რატომ ვაკეთებთ ამას რუსეთისათვის სასურველ პირობებში და ვაფიქსირებთ მოსკოვის პრიორიტეტს სამხრეთ კავკასიაში, როცა ამ პრიორიტეტის დაფიქსირება რეალურად არაფერს გვაძლევს, ანუ სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებთ?
        სტამბულის მოლაპარაკებებში სეპარატისტთა მხრიდან კვლავ მონაწილეობს ე.წ. «საგარეო საქმეთა მინისტრი» სერგეი შამბა. დღემდე გაუგებარია: თუ საქართველო აფხაზეთს თავის «განუყოფელ ნაწილად» თვლის, მაშინ რატომ თანხმდება მოლაპარაკებებში შამბას მონაწილეობას? რატომ არ შეიძლება განაცხადოს პროტესტი: მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, თუ მათში ასეთი «პროვოკაციული თანამდებობის» მქონე პირიც მიიღებს მონაწილეობას?»
        როგორც ჩანს, აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს და მხოლოდ ერთი გარემოებით შეიძლება აიხსნას ეს ქვეყნისათვის საზიანო უცნაურობა: ხელისუფლებას თვით მოლაპარაკებათა ფაქტი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე მათი ფორმატი და თქვენ წარმოიდგინეთ, რეალური შედეგიც კი;
        რატომ? ამ უცნაურობის ასახსნელადაც საკმაო ხანს ვიმტვრიე თავი. ბოლოს მივხვდი: ხელისუფლებას ძალიან ეშინია, რომ თუ იგი საერთოდ შეწყვეტს მოლაპარაკებას ქვეყნისათვის საზიანო ფორმატით (სეპარატისტები, რა თქმა უნდა, მხოლოდ ისეთი ფორმით დათანხმდებიან მოლაპარაკებას, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება), - მაშინ ჩვენი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ინტელიგენცია, ისევე, როგორც ჩვენი კეთილშობილი «პოლიტოკრატია» (ანუ პოლიტიკური ელიტა) უეჭველად იტყვის: აფხაზებს ამ ხელისუფლებასთან არ სურთ მოლაპარაკების გამართვა, თორემ რომ იყოს სხვა ხელისუფლება (გვარს და სახელს არ დავასახელებ), მაშინ, რას ბრძანებთ, აფხაზები სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ჩამოვლენ თბილისში და საქართველოს იურისდიქციასაც «ლექსად» აღიარებენ – თან ქართველების სადღეგრძელოს დააყოლებენ!
        პირადად მე მშურს აზერბაიჯანის. ამ ერს ქართველებზე გაცილებით მაღალი ეროვნული შეგნებაც აღმოაჩნდა და განუზომელად მაღალი სახელმწიფოებრივი კულტურაც, ვინაიდან აზერბაიჯანში არავის მოუვა აზრად და ვერც ერთი გაიძვერა პოლიტიკანი ვერ გაბედავს ამტკიცოს, თითქოს ყარაბაღელი სომხები ჰეიდარ ალიევთან არ მიდიან კომპრომისზე, თორემ რომ იყოს პრეზიდენტი სხვა (გვარს და სახელს არა აქვს მნიშვნელობა) რას ბრძანებთ, - ოკუპირებულ ტერიტორიებსაც უმალვე გაგვითავისუფლებენ, ლტოლვილებს დააბრუნებენ, და აზერბაიჯანის მთლიანობასაც უმალვე აღიარებენ.
        სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ვერავინ (თვით რუსეთის დიპლომატიაც კი) ვერ აიძულებს აწარმოოს მოლაპარაკება სეპარატისტებთან და დააფიქსიროს მათი «თანასწორსუბიექტურობა».
        ჩვენ კი (ქართული ტავტოლოგიით) ასეთები ვართ - ამიტომაც ვართ ამ დღეში.

მერიდიანი, 7 ივნისი, 1999 წელი