ემზადება თუ არა რუსეთი დიდი ომისთვის?

    რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტისა და უმაღლესი მხედართმთავრის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანეს.
    თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განმარტა, რომ 31 აგვისტომდე ქვეყანაში ტარდება „არმიის საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმება“. „უეცარი“ იმ აზრით, რომ ქვეყნის ხელისუფლებას აინტერესებს, რამდენად სწრაფად მოახერხებენ შეიარაღებულ ძალთა ნაირსახეობანი და ქვედანაყოფები სრულ სამხედრო მობილიზებას და სავარაუდო საომარ მოქმედებათა თეატრთან საბრძოლო მზადყოფნაში გაშლას.
    სად არის ეს „თეატრი?“ შოიგუს განმარტებით, იგულისხმება რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის სტრატეგიული მიმართულება, ანუ უკრაინა და კავკასია.
    მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ „ბრძოლისუნარიანობის უეცარი შემოწმება“ ტარდება, როგორც მოსამზადებელი ეტაპი კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებისთვის: სექტემბერში, იმავე “თეატრზე“, იწყება უპრეცედენტო სამხედრო მანევრები „კავკასია - 2016“, რომელშიც 100 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ბოლოს ასეთი მანევრები 2008 წელს ჩატარდა 80 000 მეომრის მონაწილეობით და მათ რაც მოჰყვა, ყველას „კარგად“ გვახსოვს.
    „საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაში“ მონაწილეობენ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა სამხრეთის, ცენტრალური და დასავლეთის დაჯგუფებები, ესე იგი, რუსული არმის „დამრტყმელი კონტინგენტი“, ვინაიდან სწორედ ეს რეგიონებია „პრობლემატური“ მოსკოვისთვის სტრატეგიული თვალსაზრისით. ამოქმედებულია საჰერო-კოსმოსური ძალები (ისინი კოსმოსურ თანამგზავრებს იყენებენ მიზანდებისთვის და ამიტომ ეწოდებათ ასე), საჰაერო სადესანტო დივიზიები და, ზოგიერთი ცნობით, სტრატეგიული სარაკეტო დაჯგუფებებიც კი.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ „საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება“ ესოდენ მასშტაბურია, რა მასშტაბის იქნება თვით სამხედრო სწავლებები „კავკასია - 2016“. მაგრამ სანამ ამ თემაზე მსჯელობას განვაგრძობდეთ, უნდა ითქვას, რომ ზოგადი სამხედრო თეორიის შესაბამისად, სახელმწიფო ძალიან იშვიათად ატარებს ასეთ მანევრებს, თუ რეალურად არ ემზადება რაღაც მნიშვნელოვანი ქმედებებისთვის.
    სწავლებები და მანევრები, რასაკვირველია, მუდამ ტარდება, მაგრამ ესოდენ გრანდიოზული ღონისძიება (ასეულობთ ათასი სამხედროს მონაწილეობით) შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს: არსებობს გეგმა, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს, შეიძლება არა (ამაზე ქვემოთ), თუმცა „პროექტი“ უკვე ნამდვილად დაწერილია და „წკიპზეა“ მიყვანილი: არმია ელის მხოლოდ უმაღლესი მხედართმთავრის ბრძანებას, ხოლო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ აანალიზებს, რამდენად მიზანშეწონილია არმიის ამოქმედება.
    იმავე ლოგიკით მოქმედებდა NATO რამდენიმე თვის წინ, როდესაც პოლონეთში ჩატარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის უმაგალითო სამხედრო წვრთნები „ანაკონდა - 2016.
    ამ სწავლებებზე ქართული ასეული, სრულიად გაუგებარი მიზეზით, უკანასკნელ მომენტში აღარ დაუშვეს, თუმცა ეს სხვა თემაა. თვით სწავლება კი მიზნად ისახავდა იმის შემოწმებას, რამდენად სწრაფად მოახერხებდნენ მოკავშირეები, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში მნიშვნელოვანი ძალების გადასროლას - რუსეთის შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად.
    და ისევე, როგორც ეს მანევრები ნიშნავდა ამგვარი სცენარის რეალობას, რუსული წვრთნებიც ადასტურებს მხოლოდ ერთს: უკვე ნამდვილად აღარ არის გამორიცხული, რომ რუსული არმია ამოქმედდება უკრაინის ან საქართველოს სრული ოკუპაციისა და ანექსიის მიზნით.
    თუმცა, „არ არის გამორიცხული“, არ ნიშნავს „გარდაუვალია“. ეს ბევრ პოლიტიკურ ნიუანსზეა დამოკიდებული. უბრალოდ, მოსკოვი მანიფესტირებს, რომ თუ შესაძლებლად ჩათვლის (!), ის ამას გააკეთებს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ „კავკასია 2016“ ტარდება საქართველოში მოახლოებული საპარლამემნტო არჩევნების წინ. მოსკოვს სულაც არ ეპიტნავება ამ არჩევნების იმგვარი შედეგი, რომელიც 2008 და 2012 წლების მოვლენათა შედეგად დამდგარი რეალობის რევიზიას გულისხმობს. თუმცა, „საქართველოს მიმართულება“ მაინც არ არის ძირითადი. გავითვალისწინოთ, რომ მანევრები ტარდება აგრეთვე კასპიის ზღვაში და ყირიმში, თუმცა სახელწოდება („კავკასია - 2016“) ფორმალურად ავიწროვებს ლოკაციას.
    ეს ხრიკიც გასაგებია: მოსკოვს, ჯერ-ჯერობით, არ აწყობს იმის ღიად თქმა, რომ მისი სამიზნე შესაძლოა აზერბაიჯანიც გახდეს (ყარაბაღში ომის განახლების შემთხვევაში) და/ან მოსკოვმა სცადოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის სრული მოსპობა. როგორც მინიმუმ, კიევში მარიონეტული რეჟიმის დასმა.
    დემაგოგიური და პოლიტკორექტული ინტერპრეტაციაა, თითქოს „პუტინი ემზადება ამ ომისთვის“. სინამდვილეში არა პუტინი, არამედ რუსეთის სახელმწიფო, ვინაიდან ამჟამად იქმნება ისეთი საერთაშორისო ვითარება, როდესაც მოსკოვურ სახელმწიფოს აქვს შანსი (არა გარანტია, მაგრამ შანსი) გადაჭრას რამდენიმე გეოპოლიტიკური პრობლემა: საქართველოს ან აზერბაიჯანის ბლოკირებით თუ ანექსიით ჩაკეტოს გზა ცენტრალური აზიიდან - დასავლეთისკენ, მოსპოს უკრაინის სუვერენული სახელმწიფოებრიობა, საბოლოოდ აღკვეთოს უკრაინის ქცევა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მისი გასვლა რუსეთის ცივილიზაციური სივრციდან.
    ამგვარი „ცდუნების“ წარმოშობას ხელს უწყობს ის დომხალი და ქაოსი, რაც სუფევს დასავლეთში. პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია ამერიკული არჩევნების უმძიმესი გეოპოლიტიკური შედეგები: გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგრესია მოსკოვმა სწორედ მაშინ განახორციელა, როდესაც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში „კოჭლი ბატი“ იყო, ანუ მისი ვადა იწურებოდა, ხოლო დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდა თეთრი სახლისთვის.
    ზუსტად ასეთი ვითარებაა დღესაც: დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი (მათი სახით კი ამერიკული ისტებლიშმენტის ორი უძლიერესი დაჯგუფება) გააფთრებით ებრძვიან ერთმანეთს, და ამ ბრძოლის შედეგზე იმდენად ბევრი რამაა დამოკიდებული, რომ არც ამ ისტებლიშმენტს, არც ამერიკელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სხვა საერთოდ აღარაფერი ახსოვთ და აინტერესებთ. მით უმეტეს ამერიკის მიღმა - სადღაც გადასაკარგში მიმდინარე პროცესები.
    გამორიცხულია, ამ გარემოებამ ამერიკას სექტემბერ-ოქტომბერში მისცეს საშუალება იმოქმედოს სწრაფად და „კონცენტრირებულად“ თუ მოსკოვმა განახორციელა აგრესია. ბევრად მეტად სავარაუდოა, რომ ამერიკული დაჯგუფებები და საპრეზიდენტო კანდიდატები „ერთმანეთზე გადაბრალებას“ გადაჰყვებიან, როგორც 2008 წელს, ხოლო ბარაქ ჰუსეინ ობამა ვერ გაბედავს აქტიურ მოქმედებებს ვადის ამოწურვამდე რამდენიმე კვირით ადრე. მით უმეტეს შემდგომ - „კოჭლობის პერიოდში“, ესე იგი არჩევნებიდან - ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    არანაკლები გაურკვევლობა, დაბნეულობა და ქაოსი სუფევს ევროპაშიც: დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმა, ესე იგი ევროკავშირის დაშლის პრეცედენტმა, ევროპა, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური თვალსაზრისით, XX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დააბრუნა. თუ არა, საერთოდ XIX საუკუნეში. ევროპის ბუნებრივი ლიდერი - გერმანია - დაუძლურებულია წარსული ფანტომებითა და მიგრაციული კრიზისით. ანგელა მერკელი ყველაზე არაპოპულარული კანცლერია ბოლო 25 წლის განმავლობაში სწორედ იმიტომ, რომ წინ ვერ აღუდგა მიგრანტთა ტალღას, რომლებიც რუსულ ავიაციას გამოექცნენ სირიიდან.
    NATO, როგორი შემძლეც არ უნდა იყოს სამხედრო თვალსაზრისით (ამ მხრივ რუსეთზე ათჯერ ძლიერია!) მაინც უძლური გამოდის, ვინაიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ხომ მისი შესანიშნავი გენერლები არ იღებენ? ამგვარ გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკური ლიდერები, თანაც კონსენსუსით, რაც შექმნილ ვითარებაში თითქმის გამორიცხულია; ანუ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ მოსკოვი საბოლოოდ მაინც გადაწყვეტს (ყველა რისკის, pro და contra-ს გათვალისწინებით) „გადალახოს რუბიკონი“, მას უკანდასახევი გზა აღარ ექნება, სამაგიეროდ, ასეთი გზა ექნება დასავლეთს, რომელიც შეიძლება შემოიფარგლოს მორიგი ფეიკური ფსევდო სანქციებით, ნაცვლად რეალური ქმედებებისა. ეს სანქციები რუსეთს სასაცილოდ არ ეყოფა - იმდენად მნიშვნელოვანია ისტორიული ამოცანა, რომელსაც იგი წყვეტს: პოსტსაბჭოური სივრცის საბოლოო „შემომტკიცება“, ამ სივრცეზე ერთიანი იმპერიული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პერსპექტივით!
    ამ დისკურსში ქართველი პოლიტიკოსებისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის შეხსენებას აზრი არა აქვს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი პოლიტიკური ელიტა სულ ბრძენი მოღვაწეებითაც რომ იყოს დაკომპლექტებული, გლობალურ თამაშში მათზე მაინც ძალიან ცოტაა დამოკიდებული. ხოლო ის მოთამაშეები დასავლეთში, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალუძთ ამ კატასტროფული სცენარის შეჩერება, რაუნდს- რაუნდზე აგებენ პუტინთან და გაიძვერა ლავროვთან სირიაში; ანუ მოსკოვი ახერხებს ამ ფეიკური პრობლემით (სირიის ბედი, სინამდვილეში, სულაც არ არის სასიცოცხლო ევროპის მომავლისთვის - ავტ. ) „გადაფაროს“, ნამდვილი, ეგზისტენციური პრობლემა: ერთიანი „მოსკოვური სახელმწიფოს“ აღდგენის ავბედითი შანსი 1945 წლის საზღვრებში!
    სამწუხაროდ, დასავლეთის დღევანდელი, უბადრუკი ლიდერშიპი არ ამჟღავნებს უნარს, ადექვატურად უპასუხოს ამ ისტორიულ გამოწვევას.

            მთელ გვერდზე