საერთონაციონალური პროექტი
       

           ედუარდ შევარდნაძეც, ლეონიდ კუჩმაც და ასკარ აკაევიც, მიუხედავად პროფესიულ «ბეგრაუნდთა» სხვაობისა, საბჭოთა ელიტათა წარმომადგენლები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს არის იგივე «კომუნისტური ნომენკლატურა» - მისი განუყოფელი შემადგენელით, რომელსაც (დიდი პირობითობით) «ელიტარულ ინტელიგენციას» უწოდებენ.
           აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ელიტის (საბჭოთა ელიტის) ერთმნიშვნელოვნად შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან განსხვავებულია მისი როლი და წვლილი სხვადასხვა «საბჭოთა» ერის უახლეს ისტორიაში. თუ, მაგალითად, ქართულმა ელიტამ 1988-1993 წლებში სრული უნიათობა გამოამჟღავნა, ქვეყანას ვერც ერთი საფრთხე თავიდან ვერ ააცილა, ხელისუფლებაში არაკომპეტენტურ და უპასუხისმგებლო ძალთა მოსვლა დაუშვა, საბოლოოდ სამოქალაქო ომისა და ორი ეთნოკონფლიქტის ჭაობში ჩაგვფლა, - უკრაინულმა და ყირგიზმა ელიტებმა იმ ეპოქაში თავიანთი ისტორიული მისიის შესრულება შეძლეს.
        სწორედ უკრაინული (საბჭოთა!) ელიტის დამსახურებაა, რომ ურთულეს ვითარებაში, უამრავი გამოწვევისა და საფრთხის პირობებში, უკრაინამ შეძლო სახელმწიფოებრივი მდგრადობის შენარჩუნება, რუსულენოვანი ყირიმის შემომტკიცება და იქ უკრაინის სუვერენიტეტის რეალურად გავრცელება, რუსეთთან მიზანშეწონილი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის აწყობა, მოსკოვის მიერ უკრაინის საზღვრების აღიარების უზრუნველყოფა (მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინის რუსული რეგიონების კუთვნილებისა), ეთნიკური მშვიდობის შენარჩუნება, შავი ზღვის ფლოტის ნახევრის დასაკუთრება (იმ ვითარებაში, როდესაც ამ ფლოტს 1992 წლისათვის ასი პროცენტით მოსკოვი აკონტროლებდა) და სხვა მრავალი. ლეონიდ კრავჩუკიცა და ლეონიდ კუჩმაც, ამ აზრით, უკრაინის საბჭოთა ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. ისევე, როგორც ასლან აბაშიძე, - აჭარის რეგიონული ელიტისა.
        შემდგომ: ყველა საბჭოთა ელიტის საკვანძო ცნება, საბჭოთა კავშირის დაშლიდან – დღემდე, «სტაბილურობა» იყო. შემთხვევითი როდია, რომ სწორედ «სტაბილურობა» იქცა აგრეთვე შევარდნაძის უმთავრეს არგუმენტად მას შემდეგ, რაც მან მოახერხა (ამის უგულებელყოფა შეუძლებელია)  სამოქალაქო ომისა და კრიმინალური ანარქიის ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევა.
        სწორედ აქ მივადექით საკვანძო საკითხს: დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ «სტაბილურობა» არ შეიძლება იყოს ნაციონალური პროექტი, რომელიც ელიტისა და ხელისუფლების ლეგიტიმურობას განაპირობებს. თანაც, არ შეიძლება იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრვალესობას სწორედ სტაბილურობა სურს და სხვა არც არაფერი აინტერესებს. ეს საკმაოდ რთული პარადოქსია, რომელიც შესწავლას საჭიროებს.
        მივაქციოთ ყურადღება, რომ ბალტიის ქვეყნების ელიტებმა (იმავე საბჭოთა ელიტებმა – ადგილობრივი ინტელიგენციის სახით) თავიანთ ხალხებს უმალვე შესთავაზეს მკაფიო საერთონაციონალური პროექტი – არა «სტაბილურობა», არამედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება, რაც გეგმაზომიერად განახორციელეს კიდეც და სწორედ ამ პროექტმა (ჯერ მისმა არსებობამ და შემდეგ, წარმატებით განხორციელებამ) უზრუნველყო სტაბილურობა და სახელმწიფოებრივი მდგრადობა ამ ქვეყნებში.
      უკრაინულმა, ქართულმა და იმავე ყირგიზულმა ელიტებმა (და მათ მიერ «კურთხეულმა» ხელისუფლებებმა) კი, ერთის მხრივ, «ლაითდიქტატურათა დაფუძნება» განიზრახეს (ანუ, «სანახევროდ ორსულობა» მოინდომეს) და, იმავე დროს, თავიანთ ხალხებს ვერაფერი შესთავაზეს ნაციონალური პროექტის სახით – ყბადაღებული «სტაბილურობის» გარდა.
        სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა, რომ დაიწყო საბჭოთა ელიტათა და მისი წარმომადგენელი მმართველი დაჯგუფების თანდათანობითი (მაგრამ განუხრელი და შეუქცევადი) დევალვაციის, დესაკრალიზაციის, დელეგიტიმაციის პროცესი. თანაც, პროცესი (რაც ხაზგასასმელია) ეხებოდა არა მხოლოდ კონკრეტულ ხელისუფლებას, არამედ ელიტა-ხელისუფლების მიმართებას, რასაც პოლიტოლოგები «რეჟიმს» უწოდებენ. ამიტომაც, საქართველოში დაემხო არა უბრალოდ შევარდნაძის ხელისუფლება, არამედ «შევარდნაძის რეჟიმი», «კუჩმას რეჟიმი» – უკრაინაში, «აკაევის რეჟიმი» და ასე შემდეგ. თვით ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, ხანგრძლივი მმართველობა, რომელიც, ამასთანავე, საზოგადოებას ვერანაირ პროექტს ვერ სთავაზობს სტაბილურობის (მაშასადამე, ფსევდოპროექტის) გარდა, - დროთა განმავლობაში დევალვირდება, სუსტდება, იოლად «დასაჩაგრი» და დასაბრიყვებელი ხდება.
        ხანგრძლივი და «უაზრო» მმართველობა სულ უფრო აძლიერებს ანტისახელისუფლებო სტერეოტიპებს; დამაჯერებლობას მატებს ნებისმიერ ანიტსახელისუფლებო არგუმენტს, ნებისმიერი უკმაყოფილო სოციალური სეგმენტის თუ კონკრეტული დაჯგუფების ძალისხმევას; თანადათან ადამბლავებს და აძაბუნებს ბიუროკრატიას, - იმავე «ძალისმიერ ნომენკლატურას», რომელსაც ისღა აღელვებს, როგორ და როდის მოახერხოს ჩაძირვადი გემიდან გადახტომა ან «მომავალ» გემზე გადასვლა («ეს ხომ მაინც წამსვლელია – აბა ცას ხომ არ გამოეკერება?»). დროთა განმავლობაში, საზოგადოებაში აუცილებლად გროვდება ნეგატიური სოციალური მუხტი – თანაც განურჩევლად იმისა, იგი უმცირესობის მახასიათებელია თუ უმრავლესობისა – სოციალურად უკმაყოფილო უმცირესობა ასეთ დროს აქტიურია, ხოლო კმაყოფილი (თუნდაც) უმრავლესობა – პასიური.
        (აქვე: გია ნოდიამ ძალიან ზუსტად შენიშნა, რომ შევარდნაძის ეპოქაში «კორუფცია» დაერქვა(!) ხელისუფლების ინსტიტუციურ სისუსტეს. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ «კორუფცია» დაერქვა აგრეთვე ქონებრივ უთანასწორობას და კორუფცია დაერქვა თვით უძრაობას, ანუ, იმავე სტაბილურობას)
        დროთა განმავლობაში, ამგვარი რეჟიმი სულ უფრო იხრწნება, სულ ნაკლებ ქმედუნარიანი ხდება; თანდათან ნებისმიერი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღების ეშინია და არ შეუძლია ადეკვატურად უპასუხოს თუნდაც ძალზე არამართლზომიერ ქმედებას; დროთა განმავლობაში «აჩვევენ ენას» და «კარგავენ რიდს», - მისი დაცინვა, აბუჩად აგდება, «დაჩმორება» ჩვეულებრივი ამბავი ხდება; საბოლოოდ იკვრება «ჩაკეტილი წრე» - ხელისუფლების არაქმედუნარიანობასა და მდგომარეობის განუხრელ გაუარესებას შორის. სწორედ ამიტომ და ასე «დალპა», «გაუცხოვდა» თანდათანობით შევარდნაძის რეჟიმი, ასლან აბაშიძის რეჟიმი აჭარაში, კუჩმასა და აკაევის რეჟიმები.
        თავისი მმართველობის ბოლოს ეს რეჟიმები სრულიად არალეგიტიმურნი იყვნენ. ოღონდ, როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების «დელეგიტიმაციაზე», უნდა ვიგულისხმოთ არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმურობა. იურიდიული თვალსაზრისით, ასეთი რეჟიმი რაოდენ ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს, პოლიტიკური დელეგიტიმაცია თავისთავად ქმნის რევოლუციური პროცესის წარმოშობის წინაპირობას. ამგვარი პროცესის დაწყების შემდეგ კი, საკითხს წყვეტს არა «უმრავლესობა-უმცირესობა», არამედ ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგის ხელთ არსებული რესურსების ხარისხი და ოდენობა.
        რევოლუციის წარმატებისათვის ნამდვილად არ არის აუცილებელი, მას მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდეს მხარს. მაგალითად, 2002-2003 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება შევარდნაძის მიმართ შეიძლება დახასიათდეს, როგორც «გულგრილი ზიზღი». თუმცა, ეს უმრავლესობა სულაც არ იყო მზად, «თავი შეეწუხებინა», წვიმასა და სიცივეში მდგარიყო რუსთაველის გამზირზე. გარდა ამისა, მას აშკარად ეშინოდა ცვლილებების, რადგან ისევ «შეჩვეული ჭირი» ერჩია და არც ალეტრნატივა მოსდიოდა თვალში მაინცდამაინც – იმავე მიზეზის გამო: რაკი ცვლილებების ეშინოდა.


        მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ «სულ რაღაც 50 ათასმა ადამიანმა, ვინც რუსთაველზე 22-23 ნოემბერს შეიკრიბა – გადაწყვიტა ერის ბედი» - დიახაც ორმოცდაათი ან ასი ათასი ადამიანი, ხელისუფლების დელეგიტიმაციის პირობებში, უფლებამოსილი ხდება, რევოლუციური ძალისხმევით შეცვალოს ხელისუფლება და თვით რეჟიმიც.
        ერის ისტორიას მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის და არა ობივატელური უმრავლესობა.
   ხელისუფლების დელეგიტიმაცია (რაც ვიმეორებ, უაზრო მმართველობის ხანგრძლივობითაა განპირობებული) აყალიბებს ვითარებას, როდესაც აღარავის რჩება არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება თუნდაც არაკონსტიტუციური მეთოდებით.
        დავაკვირდეთ: ასლან აბაშიძის რეჟიმის რეალური დელეგიტიმაცია მაშინ დაიწყო, როდესაც მან მამუკა გიორგაძე და ვახტანგ რჩეულიშვილი, მუხრან მაჭავარიანი და ჯუმბერ პატიაშვილი ერთ საარჩევნო ბლოკში გაიერთიანა. შემდეგ, თანაბლოკელი პატიაშვილის ნაცვლად, 2000 წლის არჩევნებში ისევ ედუარდ შევარდნაძეს დაუჭირა მხარი. ამით აღიარა, რომ თავად კონკრეტული «პროექტი» არ გააჩნდა. უფრო სწორედ პროექტი (აჭარის სეპარატიზება) როგორ არ ჰქონდა, მაგრამ ამ პროექტის ღიად განცხადება, გამოქვეყნება (და ამ გზით თავისი ხელისუფლების ლეგიტიმიზება), ბუნებრივია, ჯერ არ სურდა.
        მაშინ ასლან აბაშიძეს ჯერ კიდევ ყოვლისშემძლედ მიაჩნდა თავი, რაკი ნამდვილად არ ეყოფოდა ინტელექტი მიმხვდარიყო, რომ კონკრეტული «პროექტისა» და პოზიციის არარსებობა საბოლოოდ გააკოტრებდა მომხრეთა თვალშიც კი. ალბათ თვითონ უკვირდა მოგვიანებით – რატომ არ გამოვიდა ასეულობით ათასი აჭარელი მის დასახმარებლად და რატომ მისცა საშუალება 20-30 ათას აჭარელ (და თბილისელ) ახალგაზრდას, იგი ლუი-14 სტილში გაწყობილი რეზიდენციიდან გაეძევებინათ.
        ალბათ დღემდე უკვირს, რაკი დარწმუნებულია (ამაში არ ცდება), რომ აჭარის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სახლში, ტელევიზორთან, სევდიანად ადევნებდა თვალს «მცირე ბაბუს» გაპანღურებას. არადა, ხელისუფლების დელეგიტიმაციის პირობებში, მთავარი ფაქტორი პასიურ («უკვე ხელჩაქნეულ») მომხრეთა ოდენობა კი არ არის, არამედ ის, თუ რამდენადაა მზად ეს (თუნდაც) უმრავლესობა – რეალურად იმოქმედოს(!) რევოლუციური უმცირესობის ძალისხმევის პასუხად.
        ზვიად გამსახურდიას დასაცავად, 1991-1992 წლებში ათასობით უიარაღო ზვიადისტი «ტყვიაზე მიდიოდა». იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, რომელსაც მკაფიო ნაციონალური პროექტი (საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება) ჰქონდა და სულ რამდენიმე თვე თუ გააჩნდა ამ პროექტის განხორციელების უნარის დასადასტურებლად – რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ლეგიტიმური იყო პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე 2003 წლის შევარდნაძე და 2004 წლის ასლან აბაშიძე.
        ამიტომაც მოჰყვა ხელისუფლების დამხობას 1991 წელს საზარელი სისხლისღვრა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია ამას 2003-2004 წლებში, როდესაც ხელისუფლება უკვე «გაკოტრებული» (ანუ საბოლოოდ დელეგიტიმიზებული) აღმოჩნდა.
        ხელისუფლების დელეგიტიმაცია აუცილებლად წარმოშობს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დაიწყებს პოზიციონირებას, როგორც არსებული რეჟიმის თვისებრივი ალტერნატივა. თვისებრივი ალტერნატივეს განხორციელება კი მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური გზითაა შეასძლებელი. ამიტომ არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა უკრაინელებისათვის, «მიდიოდა» თუ არა ლეონიდ კუჩმა - «მეიდანზე» შეკრებილი ადამიანები ებრძოდნენ არა პირადად კუჩმას, არამედ მთლიანად, მის რეჟიმს, ანუ დელეგიტიმიზებულ ელიტას, რომელსაც იგი ისევე განასახიერებდა, როგორც ვიქტორ იანუკოვიჩი.
        მაგრამ დელეგიტიმაცია ჯერ კიდევ მექანიკურად არ განაპირობებს ხელისუფლების  დამხობას ანუ რევოლუციის წარმატებას. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ოღონდ აუცილებელია უამრავი სხვა ფაქტორის ურთიერთქმედება – დაწყებული ისეთი ვითომდაც «სულელური წვრილმანებით», როგორიცაა ვთქვათ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ფიზიკურად ფეხის მოკიდების შესაძლებლობა ან ოპოზიციურ (თუ ხელისუფლების მხარდამჭერ) მიტინგზე გამოსულ საესტრადო ვარსვლავთა პოპულარობა, - დამთავრებული ქარიზმატული ლიდერის არსებობა-არარსებობით, საზოგადოების ახალგაზრდული ნაწილის ზოგადი პასიონარულობის დონით, ხელისუფლების დამცვლი ძალისმიერი სტრუქტურის ხელმძღვანელთა პროფესიონალიზმით, მეზობელი ქვეყნების პოზიციით, ხელისუფლების მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე ინტელიგენციის ავტორიტეტით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        სწორედ სხვადასხვა «წონადობის» ამ «პრო» და «კონტრა» ფაქტორთა შეჯერებით გვრჩება «მშრალი ანგარიშით» უმთავრესი – რევოლუციური პროცესის შედეგი.

 

მთელ გვერდზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა