იქნებ ქვეყანა სტაბილურობისკენ მიექანება

იქნებ ქვეყანა სტაბილურობისკენ მიექანება

             გუშინ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიის თითოეული წევრი ვალდებულია, მუდმივი კონტაქტი ჰქნდეს პარტიის რეგიონულ ორგანოებთან და ნებისმიერ დროს მზად იყოს მოქმედებისათვის. ედპ-ისთვის ამგვარი რეჟიმი უცნაური ან უჩვეულო არ არის, ვინაიდან ცხონებულმა გია ჭანტურიამ ეს პარტია მკაცრ ცენტრალიზაციას დაუქვემდებარა. ფაქტობრივად, პარტია ჩამოყალიბდა, როგორც იატაკქვეშეთში მოქმედი ორგანიზაცია და ეს «გასამხედროებული სტრუქტურები» პარტიას ლეგალიზაციის შემდეგაც გაჰყვა.
        მთავარი მიზეზი, რამაც საგანგებო გადაწყვეტილებები განაპირობა, თემურ ხაჩიშვილისა და გიგა გელაშვილის გათავისუფლება (შეწყალება) იყო.
      ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ ზოგიერთებს გაუკვირდათ ირინა სარიშვილის განცხადებები ამ ფიგურანტთა მონაწილეობის შესახებ 1994 წლის 3 დეკემბრის ტერაქტში – გია ჭანტურიას წინააღმდეგ.
        სინამდვილეში, თუ 1997-98 წლებში გამოქვეყნებულ საქმის მასალებს გავეცნობით, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ორივე გვარი ამ საქმეში აქტიურად ფიგურირებდა.
        უპირველეს ყოვლისა, ისმის კითხვა: რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება? არადა, 1997 წლიდან ედუარდ შევარდნაძე მიზანმიმართულად ათავისუფლებს ციხეებიდან სამოქალაქო ომის მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლებს, როგორც «ზვიადისტებს», ასევე, «მხედრიონელებს». ანუ თავისთავად, ხაჩიშვილ-გელაშვილის გათავისუფლება რაიმე «განსაკუთრებული» მოვლენა არ არის. სხვა საქმეა, რომ, გასაგები მიზეზის გამო, ამას განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა. მაგრამ პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ცდილობს შექმნას გარკვეული «წონასწორობა» საზოგადოებაში, რათა მორიგი დესტაბილიზაცია შეუძლებელი გახდეს: რაოდენ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, ათი წლის წინანდელ მოვლენათა გმირების გამოჩენა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე სხვაგვარადაც შეიძლება შეფასდეს, ანუ, დესტაბილიზაციას კი არ უწყობს ხელს, არამედ პირიქით: «შეკავება-შეწონასწორების» მექანიზმებს ქმნის, ვინაიდან პოლიტიკურ სოციუმში ჩნდება შიში: თუ ამოქმედდა დესტაბილიზაციის პოტენციური ენერგია, «ისინი ერთმანეთს დაჭამენ» და სტაბილურობის პირობებში «უწყინარი ძალები» დესტაბილიზაციის დროს ძველებურ ურჩხულებად იქცევიან.
        რა შეუძლია ედპ-ს, როგორი განრისხებულიც არ უნდა იყვნენ მისი ლიდერები? ბევრი არც არაფერი! მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილში ამ პარტიის ტრადიციული არაპოპულარობის გათვალისწინებით (თუმცა, მას მომხრეებიც ჰყავს, რასაკვირველია), ეროვნულ-დემოკრატთა მძვინვარება პრეზიდენტს ვერაფერს დააკლებს, თუ პირიქით - არ შემატებს. «ნაციონალურ მოძრაობასთან» ედპ-ის ალიანსი გამორიცხულია, ვინაიდან ირინა სარიშვილმა თავისი სტრატეგია ააგო «ფსევდონაციონალისტურ მოძრაობასთან» მწვავე დაპირისპირებაზე. გარდა ამისა, ისიც საკითხავია, რამდენად აძლევს ხელს თვით ირინა საროიშვილს ხისტ ოპოზიციაში გადასვლა.
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შემდეგი ნაბიჯი (ადრე თუ გვიან) იქნება ლოთი ქოლბალიას გათავისუფლება, რათა წონასწორობა არ დაირღვეს.
        უეჭველად იყო კიდევ ერთი მიზეზი თემურ ხაჩიშვილის გათავისუფლებისა: ბათუმში იმდენი იძახეს, «რაღაც იცისო», რომ, ბოლოს და ბოლოს, ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა _ ახლა, როგორც იტყვიან, «ჩიტივით თავისუფალია და თქვას, თუ რაიმე «იცის»-ო, პრეზიდენტი ვარადუობს, უმალ გამოჩნდება, რომ ბევრი არც არაფერი აქვს სათქმელი – ყოველ შემთხვევაში, სერიოზული შედეგის მომტანი.
        ასეთივე ტექნოლოგიით ვითარდებოდა მოვლენები სხვა მიმართულებითაც. ედუარდ შევარდნაძისათვის კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ვითარება, როდესაც არ ხდება პასუხისმგებლობის «გადანაწილება». მიაქციეთ ყურადღება: სასამართლო პროცესის დროს ედპ-ს ხაჩიშვილისა და გელაშვილის საწინააღმდეგოდ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია.
        უფრო პირიქით – მაშინ ხელისუფლების «რეპრესიულ» იმიჯს აძლიერებდნენ. ჰოდა, თუ ასეა, პრეზიდენტმა ორივე შეიწყალა! ნიშანდობლივია, რომ ყოფილი «დიდი ედპ-ს» მეორე ფრთა (გიორგაძე-ხუხუნაიშვილი) ნაკლებ ემციურად ირჯება, ვინაიდან ესმით ემოციის დესტრუქციულობა პოლიტიკური ტაქტიკის შემუშავებისას.

დილის გაზეთი, 10 ივლისი, 2002 წელი