არძინბა ამერიკაში ლექციების წასაკითხად მიიწვიეს    

არძინბა ამერიკაში ლექციების წასაკითხად მიიწვიეს    

 

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაეროს გენერალური მდივნის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს მზადება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდის გასამართავად. ამჯერად ათენში.
    ეს ინიციატივა თვით ბერძნულ მხარეს ეკუთვნის, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა ოფიციალურად შესაბამისი წინადადებები; ვლადისლავ არძინბას, როგორც ჩანს, ძალიან სურდა საბერძნეთის დედაქალაქში უშუალოდ შევარდნაძეს შეხვედროდა, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი შეხვედრა არარეალურია, ამიტომ გაეროს შუამავლები «მეგობარ ქვეყნებთან» ერთად უფრო ვაჟა ლორთქიფანიძის ვარიანტზე მუშაობენ.
    თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, დათანხმდება თუ არა სეპარატისტთა ლიდერი «ასეთ დონეზე დიალოგის გამართვას».
    სხვა საკითხია, როდესაც ლორთქიფანიძეს სოხუმში ან გუდაუთაში ხვდება. თუმცა, მეორე მხრივ, ათენში გამგზავრებით და საბერძნეთის შუამავლობით მოლაპარაკებათა გამართვით არძინბა კიდევ უფრო განამტკიცებს თავისი «რესპუბლიკის» იურიდიულ სამართალსუბიექტურობას.
    აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებამდე, რა თქმა უნდა, შორს არის, მაგრამ სეპარატისტული აფხაზეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. მაგალითად, სოხუმი მოითხოვს (ეს საკითხი ათენშიც უეჭველად წამოიჭრება) ჩატარდეს იურიდიული ექსპერტიზა იმ დოკუმენტებისა, რომელთაც 1994-95 წლებში მოეწერა ხელი.
    ერთ-ერთ მათგანში აღნიშნულია, რომ საქართველო და აფხაზეთი შეეცდებიან აღადგინონ სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობები.
    აქედან კეთდება დასკვნა: მაშასადამე, ამჟამად ასეთი ურთიერთობა არ არსებობს და აფხაზეთი არ არის საქართველოს ნაწილი!
    ჯერჯერობით, ვერც ერთმა შუამავალმა არძინბა რამე დათმობაზე ვერ დაითანხმა. იგი კვლავინდებურად უკომპრომისოა და მრავალი საერთაშორისო ექსპერტი არც თუ უსაფუძვლოდ აღნიშნავს უმთავრეს მომენტს: არძინბა შეიძლება კიდეც წავიდეს გარკვეულ კომპრომისზე აფხაზეთის სტატუსის საკითხში, მაგრამ არასდროს დასთანხმდება ლტოლვილთა დაბრუნებას.
    ეს სავსებით სწორი დაკვირვებაა. მართლაც, აფხაზური სეპარატიზმის უმთავრესი მიზანი ქართველების აფხაზეთიდან გაძევება იყო. სხვა დანარჩენი (სტატუსის საკითხი) მხოლოდ ფორმალობაა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
    არძინბა ნებისმიერ ქაღალდს მოაწერს ხელს, თუ მასში ჩაიდება გარანტია (თუნდაც ფარული, ქვეტექსტში მოცემული, მაგრამ რეალური გარანტია) იმისა, რომ ქართველები აფხაზეთში ვერასდროს დაბრუნდებიან და არასდროს აღდგება 1991 წელს არსებული დემოგრაფიული ვითარება.
    საბედნიეროდ, ეს საქართველოს ხელისუფლებასაც ესმის, ამიტომ «თანასწორუფლებიანობის პრინციპზე» არ თანხმდება. არძინბა ბოლო დროს საგონებელშია ჩავარდნილი, - ამერიკის ელჩმა გაეროში, ქალბატონმა სოდერბერგმა მას პირდაპირ განუცხადა, რომ იგი სამხედრო დამნაშავეა და პასუხს აგებს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე.
    ამით განრისხებულმა არძინბამ სოდერბერგს მაშინვე ვერაფერი შეჰკადრა, სამაგიეროდ ახალ ელჩ იალოვიცზე იყარა ჯავრი.
    ამერიკელთა პოზიცია სოხუმში დიდად მაინც არ აღელვებთ. მათთვის მთავარია რუსეთის დამოკიდებულება. ამ საკითხშიც ერთობ ნიშანდობლივი ტენდენციები შეინიშნება: არძინბა რამდენიმე თვის წინ კატეგორიულად წინააღმდეგი იყო უკრაინის ჩართვისა სამშვიდობო პროცესში, ახლა კი აცხადებს, რომ შესაძლოა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კიევშიც გაიმართოს.
    აქ ორი ძირითადი ფაქტორი ასრულებს გადამწყვეტ როლს: ერთი მხრივ, უკრაინელები სერიოზულად დაინტერესდნენ აფხაზეთში ყოფილი უკრაინის სსრ კუთვნილი ქონებით და ამ სიმდიდრის «ხელში მოგდება სურთ».
    მეორეს მხრივ კი, არძინბამ ვერა და ვერ მოახერხა ფსოუზე შეზღუდვის მთლიანი მოხსნა. ამიტომ რუსეთის გაღიზიანებას ცდილობს კიევთან ფლირტით. საეჭვოა, ამ ტაქტიკამ გაამართლოს, ვინაიდან სანამ ენგურის აუზში რუსი «ცისფერჩაფხუტიანები» იმყოფებიან, ვითარებას რეალურად ისინი აკონტროლებენ.
    რუსეთის გარეშე და რუსეთთან დაპირისპირებით კი უკრაინა აფხაზეთში ვერაფერს გახდება. მით უმეტეს, თუ კიევის გააქტიურება ოფიციალურ თბილისს არ ეპიტნავა.
    ამასობაში, გაეროს გენერალური მდივნის აპარატმა მოამზადა ახალი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველ ლტოლვილთა დაბრუნებას გალის რაიონის ძველ საზღვრებში; წინააღმდეგ შემთხვევაში უშიშროების საბჭო განიხილავს აფხაზეთის იზოლაციის საკითხს. ამჟამად აფხაზეთში ტვირთების უდიდესი რაოდენობა თურქეთიდან შედის. სოხუმის პორტში ყოველდღიურად იცლება სურსათ-სანოვაგით დატვირთული გემები.
    სანაცვლოდ, აფხაზეთიდან თურქებს (თურქეთში აფხაზურ დიასპორას) ხე-ტყე გააქვთ, რაც ამ რეგიონს ეკოლოგიურ კატასტროფას უქადის. რუსეთში ფინანსურმა კრიზისმა კიდევ უფრო დაამძიმა ეკონომიკური მდგომარეობა აფხაზეთში. სოფლის მეურნეობა იქ ტრადიციულად განვითარებულია, ამიტომ შიმშილის საშიშროება არ არის, მაგრამ გაჭირვება (სარწმუნო წყაროს ცნობით) იმდენად დიდია, რომ იგი უკვე საერთო ატმოსფეროზე, სეპარატისტთა განწყობაზე ახდენს ზეგავლენას.
    ამას დაერთო გვალვა, რამაც საქართველოს (მათ შორის აფხაზეთის) ტერიტორია მთლიანად გადახრუკა. არძინბა გრძნობს, რომ ვითარება გაუარესდა, ამიტომ სულ უფრო მეტი ისტერიულობით ცდილობს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს.
    იგი უეჭველად შეეცდება გამოიყენოს აგრეთვე შევარდნაძის საარჩევნო ინტერესები, მაგრამ ჯერჯერობით საწადელს ვერ მიაღწია, ვინაიდან შევარდნაძე შეხვედრაზე არ თანხმდება. იგი მზად არის სეპარატისტთა ლიდერს შეხვდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ ხელი მოეწერება დოკუმენტს გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნისა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ, რაც კატეგორიულად მიუღებელია სეპარატისტებისთვის; ისინი ამას აღიქვამენ, როგორც «ქართული რევანშის» დასაწყისს.
    თბილისის პოზიციათა გარკვეულ გამკაცრებაზე მეტყველებს ედუარდ შევარდნაძის მოთხოვნა მოლაპარაკებებში თამაზ ნადარეიშვილის ჩართვის შესახებ.
    ადრე საქართველოს ხელისუფლება ამას არც კი ცდილობდა, მაგრამ ბოლო დროს ეს საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ნადარეიშვილი კი არძინბასთვის «ნომერ პირველი» მტერია, რომელთან ერთად იგი მოლაპარაკების მაგიდას არასდროს მიუჯდება.
    შევარდნაძის აზრით, «მეგობარმა ქვეყნებმა» - გაერომ, რუსეთმა და თურქეთმა - თუ გეოპოლიტიკური კომპრომისის მიღწევა სურთ, სწორედ ამ საკითხში უნდა მოახდინონ ზეწოლა სეპარატისტთა ლიდერზე.
    ამასობაში კი, არძინბა, თურმე ნუ იტყვით, ამერიკაშია მიწვეული რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. შესაძლოა, ამ ვიზიტმა ისეთივე «ნახევრადპოლიტიკური ელფერი» შეიძინოს, როგორც მასხადოვის მოგზაურობამ ოკეანის გაღმა.
    არძინბა მიწვეულია ისტორიკოსის რანგში; მაგრამ იგი უეჭველად შეეცდება ოფიციალური შეხვედრების გამართვას ანტიქართული ფონის შესაქმნელად;
    საქართველოს ხელისუფლება ასეთ ვიზიტზე ჯერჯერობით თანხმობას არ აცხადებს, მაგრამ ამერიკელები ამაში საძრახისს ვერაფერს ხედავენ.
    მაშინ შევარდნაძე სთავაზობს მათ, მოაწყონ დისკუსია ამერიკულ უნივერსიტეტებში (აქვე შევნიშნავთ, რომ ინიციატივა შესაძლოა უნივერსიტეტიდან მოდიოდეს და არა სახელმწიფო დეპარტამენტიდან) თამაზ ნადარეიშვილსა და ვლადისლავ არძინბას შორის. მაშასადამე, ისინი შეიძლება ოკეანის გაღმა შეხვდნენ ერთმანეთს - პირველად 1992 წლის შემდეგ.

7 დღე, 9 ოქტომბერი, 1998 წ.