კონკორდატი მაინც შედგა

        დღეს სვეტიცხოველში საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ხელს მოაწერენ კონსტიტუციურ შეთანხმებას მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ამით წერტილი დაესმება მრავალწლიან დისკუსიას, რომელიც სხვა ფორმით და მიზანდასახულობით, შეიძლება, კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ იგი, ალბათ, უკვე ვეღარაფერს შეცვლის – დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს, რომ სახელმწიფომ აღიარა მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი, ხოლო პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს მას.

        კონკორდატმა კი თავად მიაკუთვნა პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება, გაეფორმებინა საგანგებო ხელშეკრულება ეკლესიასთან. თანაც, ეს დოკუმენტი, კონსტიტუციის შემდეგ, მნიშვნელობით მეორეა (ფაქტობრივად, უტოლდება კიდეც მას) და აღემატება საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ქართულმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ (მისი სახით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ) იკისრა გარკვეული ვალდებულებები მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ეს ეხება როგორც სამართლებრივ, ასევე ქონებრივ საკითხებს, ეკლესიის მიმართებას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა. კონკორდატით იზღუდება სახელმწიფოს სუვერენიტეტი გარკვეულ ეკლესიურ სეგმენტსა და მისთვის ჩვეულებრივ პრეროგატივებში. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ყველა მოქალაქე ვალდებულია, აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის მომზადების ან მისი (უკვე) ჩადენის თაობაზე. სასულიერო პირი ამ ვალდებულებებისგან თავისუფლდება, თუ დანაშაულის შესახებ მას გაანდეს აღსარების ფორმით, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, ვინაიდან აღსარების გათქმა სასულიერო პირის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სასულიერო დანაშაულია.
        კათალიკოს-პატრიარქი ცხადდება აბსოლუტურად ხელშეუხებელ პირად, ანუ მის წინააღმდეგ რაიმე სამართლებრივი ღონისძიება გამორიცხულია ნებისმიერი საერო დაწესებულების თუ ინსტიტუტის მხრიდან. ესეც ნორმალური მოვლენაა, კათალიკოს-პატრიარქის ფიგურის სულიერი და სიმბოლური მნიშვნელობის გათვალისწინებით.
        მართლმადიდებლობის სწავლება სკოლებში არ იქნება სავალდებულო, მაგრამ იმ კლასებში, სადაც იგი ისწავლება, მასწავლებელს (მოძღვარს) თვით ეკლესია ნიშნავს.
        ასევე, ნაწილობრივ კომპრომისულად გადაწყდა მუზეუმებში დაცულ ხატთა კუთვნილების პრობლემა. ისინი ცხადდება ეკლესიის საკუთრებად, მაგრამ რჩება ერთობლივ მფლობელობაში, ანუ იგულისხმება, რომ რეალურად ხატები დარჩება მუზეუმთა საცავებში, ვინაიდან, მხოლოდ იქ არის სათანადო პირობები მათ შესანახად.
        ერთ-ერთ კომპრომისულ ვარიანტად შეიძლებოდა განხილულიყო პერიოდულად (ვთქვათ, წელიწადში ერთხელ) ხატების გადასვენება ეკლესიაში, რათა მათ სასწაულმოქმედი ძალა არ დაეკარგათ (მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ხატის სიძველეს, მის მატერიალურ ან მხატვრულ ღირებულებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს) წირვა-ლოცვის შესრულება და შემდეგ უკან, მუზეუმში დაბრუნება.
        თუმცა, ერთის მხრივ, ეკლესიის წარმომადგენლები, მეორე მხრივ (რაც კიდევ უფრო უცნაურია) მუზეუმის ზოგიერთი მუშაკი ამ კომპრომისულ წინადადებასაც უარყოფს, აქაოდა, გადატანისას ხატი შეიძლება დაიშალოსო. კი მაგრამ, თუკი 200 მეტრით გადატანისას შეიძლება დაიშალოს ხატი, მაშინ ოკეანის გაღმა 10 ათასი მეტრის სიშორეზე გადატანისას არ შეიძლებოდა დაშლილიყო?
        ზოგადად, ამ ხელშეკრულების შინაარსს გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თვით მისი არსებობის ფაქტს. სახელმწიფომ კონკორდატით აღიარა, რომ ვალდებულია, ცნოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციათა გარკვეული რანგირება და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულობა (არ აგერიოთ უპირატესობაში). ახლა კი მთავარია, ამ კონკორდატის საფუძველზე როგორ კანონმდებლობას შეიმუშავებს პარლამენტი რელიგიურ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად, კანონი «რელიგიის შესახებ» შეიძლება იყოს (კონკორდატი ამას ხელს არ უშლის) დემოკრატიულიც, შემწყნარებლურიც და (ან) რეაქციული და შავბნელი რელიგიური ვნებების გამღვივებელიც.

დილის გაზეთი, 14 ოქტომბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე